ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2013


მსხვერპლშეწირვა

დგას თმა-ჭაღარა პოლკოვნიკი, თვალებ დახრილი,
სახეს მრავალი შეტაკების კვალი ატყვია,
ბევრჯერ ყოფილა სასიკვდილოდ ნაცემ-დაჭრილი,
არ მოკლებია მის ბრგე სხეულს დანა და ტყვია.

ომის სიმძიმე განუცდია მთელი შეგნებით,
ბევრი უნახავს თავგანწირვაც, დარჩენაც ვალში,
მხოლოდ პირადი მაგალითის, იცის ჩვენებით
ფასდება ნაღდი მეთაური - რიგითის თვალში.

არ დაუზოგავს არასოდეს ოფიცერს თავი,
ამას მრავალი ჩინ-მედალიც უმოწმებს მკერდზე,
ეჰ, ახალგაზრდა იყოს ახლაც წუთით ნეტავი
და აღარ ჰქონდეს საფიქრალი სხვის სიცოცხლეზე...

მაგრამ რას იზამს, სულ სხვა უდგას დღეს რეალობა,
მტერი საცაა გადაბუგავს მთელს მის შენაერთს
და არ ჭირდება იმას დიდი გენერალობა,
რომ ვითარება გამოსავალს ითხოვს ერთადერთს.

უნდა გაიცეს რთული, თუმცა სწორი ბრძანება,
გასაწირია ერთი კაცი, ნაცვლად ორმოცის
და რომ შეეძლოს, საკუთარი რომ იყოს ნება,
არც დღეს არ არის დამზოგავი სულის და ხორცის.

თუმც ახლა არა, ახლა სხვა აქვს თავად მისია,
შენაერთიდან მოახდინოს უნდა არჩევა,
იმ ორმოციდან, ერთი ბიჭი ღვიძლი მისია
და სწორედ შვილზე შეაჩერებს მამა არჩევანს...

...მე მიჭირს ავხსნა და მოგიყვეთ განცდები მისი,
გითხრათ რას გრძნობდა, არ ეყოფა სიტყვები ენას,
ალბათ იგივეს, რასაც ღმერთი, როცა ძე თვისი
მოსცა სამყაროს, სულთა ჩვენთა გადასარჩენად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები