ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2013


მოდი, ვითამაშოთ (თქვენ გიძღვნით, დიდებს)

აქედან დავიწყოთ:
"ენკი ბენკი სიკლისა,
ენკი ბენკი და"...
ან კიდევ:
"აინები, მაინები,
ჭიქები, საინები,
ნარმა, მიტკალი,
რა გინდა, მითხარი"...
და ესეც:
"ჰოპა, ჰოპა, ჰოპა,
ამერიკა, ევროპა,
ანგლია, კიტაი,
შტო ტი ხოჩეშ, ვიბირაი"...
და ირჩევ:
ნარმის ნაცვლად
მიტკალს,
ინგლისს ამჯობინებ ჩინეთს
და მიტკლის ფერი კაბით
გადადიხარ
ჭრელი მარაოებისა და
მამაცი სამურაების სამყაროში,
სადაც ცხოვრება იეროგლიფებს ჰგავს...
შენ ირჩევ...
და ესაა მთავარი,
რადგან საზღვარი უკვე წაშალე
და ხარ იქ, სადაც გინდა, რომ იყო
და გაცვია მიტკლის ფერი კაბა...
ეს იყო...
ეს უკვე აღარ იქნება, რადგან
შენ გქვია დიდი
და დიდები ვერასოდეს აკეთებენ არჩევანს ისე,
რომ იყვნენ იქ, სადაც სურთ, რომ იყვნენ
და ისე, როგორც სურთ, რომ იყვნენ...
მე ახლა
მაცვია ჭრელი კაბა – ნარმის და
ვარ აზია–ევროპის გზაგასაყარზე...
არადა, მინდა გავითვალო ისევ:
"რა გინდა მითხარი"
ან:
"შტო ტი ხოჩეშ, ვიბირაი"
და იმედია, არ დამწამებს ვინმე,
ბედოვლათი,
თითქოს რუსეთთან პატრონ–ყმური დამოკიდებულება მომენატრა
ან რამე ამდაგვარი სისულელე,
რადგან თუ მონატრებაა,
მხოლოდ ის უჩვეულო დრო მენატრება,
როცა ყველაფერს მარტივად აკეთებ:
მიდიხარ უცნობთან და უწვდი მარჯვენას...
მიდიხარ უცნობთან და ეფერები...
სთავაზობ სათამაშოს,
შენს წილ ხაჭაპურს,
მოკბეჩილ ვაშლსაც და
მერე თამაშობ მასთან ერთად დაღამებამდე
და თქვენ უკვე მეგობრები ხართ,
ძალიან ახლო მეგობრები,
რომლებიც ხვალაც ერთმანეთის ნახვის იმედით
მიჰყვებიან დედებს სახლისკენ...
ეს მაშინ იყო...
და ახლა, როცა
ასე რთულია მიხვიდე და გაუწოდო მარჯვენა უცნობს,
ან მიესალმო,
გაუღიმო,
ან...
რის სათამაშოს შეთავაზება,
ან ხაჭაპურის,
მოკბეჩილ ვაშლსაც ჩაუძახებ ნაგვის ურნაში...
ეს მაშინ იყო...
ახლა დგახარ და
თავს იმართლებ არაფრისმთქმელი სიტყვებით მუდამ:
რომ სირცხვილია,
არ შეიძლება,
უკადრისია...
და ვეღარ ხვდები, რომ აღარა აქვს ფასი ამ სიტყვებს,
რადგან საკუთარ სულს დაუდე საზღვარი ამით,
რადგან დაკარგე მისასვლელი სხვებისკენ გზები...
და აღარ გინდა გერქვას დიდი...
ხელის აქნევით იშორებ წლებსაც,
თითქოს კალთიდან მტვრის უამრავი ნაწილაკი
ჩამოიფერთხე
და ისე ამბობ,
ეს–ესაა ვითომ დაიწყე:
მე ავირჩიე მიტკლის კაბა
და ჭრელი მარაოების ქვეყანა ვამჯობინე ნისლების მხარეს,
წავშალე ყველა საზღვარი დროში,
ყველა ჩვენს შორის არსებული სიტყვების წყებაც,
როგორიცაა:
არ შეიძლება,
სირცხვილია,
უკადრისია
და გიწილადე ჩემი წილი ხაჭაპურიც
და მოკბეჩილი ვაშლიც – გულღიად
და გეუბნები,
შენ, რომელიც მერე რა, რომ უკვე დიდი ხარ:
მოდი, ვითამაშოთ...
და მე გავითვლი
და ავირჩევ:
მიტკალს და ჩინეთს
და გადაგიყვან ჭრელი მარაოებისა და
მამაცი სამურაების სამყაროში,
სადაც ცხოვრება იეროგლიფებს ჰგავს...
მოდი, ვითამაშოთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს