ნაწარმოებები



ავტორი: ქარდა ქარდუხი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 თებერვალი, 2013


კრწანისის ველი და თებერვალი

კრწანისის ველი და თებერვალი

არალეგარულად გავრცელდა საქართველოში კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი, წინასწარმეტყველის გოდებასავით რომ მოედო თბილისს: ” თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი”... თითქოსდა პირუთვნელად შეეგრძნო პოეტს სიტუაციის ის სიმძაფრე, პოლიტიკოსებიც რომ ვერ აღიქვამდნენ ჯეროვნად;. 16 თებერვალს დაწყებულ რუსეთის ინტერვენციას 21-ში ძლივს რომ უწოდეს ნამდვილი სახელი: " ირკვევა რომ საბჭოთა მთავრობას დიდი ხნიდან ჰქონია განზრახვა საქართველოში გადატრიალება მოეხდინა და საბჭოთა ხელისუფლება გამოეცხადებინა.". აცხადებდა ნოე ჟორდანია 21-ში. ამ დროს კი უკვე ნამდვილად გვიანი იყო, შულავრის საოკუპაციო მთავრობა უკვე ჩასახულიყო, მე- 11 არმია თბილისს უახლოვდებოდა, აფხაზეთში რუსები დაქროდნენ, თურქებს ახალციხე დაეპყროთ და 23-ე დივიზია მამისონს მოსდგომოდა. თოვდა, ყინავდა, ბურუსი იდგა, მაგრამ რუსს რა გააჩერებდა თუ კი მცირედი შანსი მაინც იყო საქართველოს დაპყრობის? Gგთავაზობთ ნაწყვეტებს საქართველოს ოკუპაციის მონაწილე ორი ადამიანის მემუარებიდან. ერთი ასახავს რუსების თავდასხმას მამისონის მხრიდან მეორე კი აფხაზეთიდან, ადლერიდან დაწყებულ ოკუპაციას. :
“33 დივიზიის 98 მსროლელი ბრიგადის 292-ე
პოლკის მეთაურის ივანე ნიკიტას ძე ზოლოტოვის მოგონებები:

“... 1921 წლის თებერვალი... ქარაშოტიანი, თოვლიანი, ყინულიანი თებერვალი.
…წითელი არმია შეუკავებლად იჭრება წინ, აცამტვერებს რა ყველაფერს გზაზე, მტკიცედ ამაგრებს ოქტომბრის მონაპოვარს.
აჯანყებულებს უჭირდათ, საქართველოს მენშევიკური მთავრობა უკეთეს პირობებში იყო.
წითელ არმიის ერთ-ერთი პოლკი, რომელმაც პირველმა მიაშურა აჯანყებულებს დასახმარებლად იყო 292 წითელი პოლკი, რომელსაც მე ვმეთაურობდი.
თერგის წითელი არმიის 98 მსროლელი ბრიგადის 292 პოლკს, ბრძანებით, წილად ხვდა ურთულესი სამხედრო ამოცანა: გადაელახა მამისონის უღელტეხილი თებერვლის თვეში, ქარიშხლის, ზვავისა და ყინვის პერიოდში.
Aადგილობრივი მცხოვრებლების მიერ დიდი ხანია შესწავლილი და დამტკიცებულია, რომ მამისონის უღელტეხილი ამ პერიოდში გადაულახავია.
ჩვენთვის მაშინ, ადგილობრივთა მთელი გამოცდილება, მთელი მათი მტკიცება არაფერს არ წარმოადგენდა. ტვინის ცენტრში ჩვენ გვქონდა საომარი ბრძანება: დაუყოვნებლივ გაგვეწვდინა ხელი აჯანყებულ ქართველ მუშებისა და გლეხებისათვის.
1921 წლის 19 თებერვალს, 98-ე ბრიგადა ამ სამხედრო დავალების შესასრულებლად დაიძრა მინერალური წყლებისკენ.
მაშ, ასე ჩვენ მივდივართ.
20 თებერვალი. პოლკი უკვე სადგურ დარიკოხთანაა.
22-24 თებერვალი. პოლკი უკვე სადგურ ალაგირსკისთანაა.
25 თებერვალი. Pპოლკმა უკვე მიაღწია სოფელ ტიბისს, საიდანაც იწყება მზადება მამისონის უღელტეხილის გადასალახავად...
27 თებერვალს 3 საათზე პოლკმა გაიარა ლიპი, კამანჩხუ მამისონის მიმართულებით.
ამინდი იყო თოვლიანი.
ჩვენ გავიარეთ ვიწრო ხეობა მდინარე არდონის მიმართულებით, ჩრდილოეთ ოსეთის სოფლებსა და ხუტორებში, მივაღწიეთ წმინდა ნიკოლოზის ხუტორს. იქ დავბანაკდით ღამის გასათევად, ღია ცის ქვეშ. შენობები არ იყო, ხოლო კარვები არ გვქონდა. 400 –იან ყინულზე ჩაით ვთბებოდით. ასე მივაღწიეთ ტიბისს.
სამი დღე ვებრძოდით თოვლსა და ზვავს, ვწმენდით გზას და ასე მივიწევდით.
განსაკუთრებით ძნელი იყო ბუნებრივი მთების გარჩევა, თოვლისგან შექმნილი მთებისგან. თუ შეგეშლებოდა, დროებითი მთა ჩაინგრეოდა და ჩაგიტანდა უფრსკულში.
27 თებერვალს ჩვენ მივაღწიეთ საშიშ გოლიათს მამისონის უღელტეხილს, ოსეთისა და საქართველოს საზღვარს. Qქარბუქი არ წყდებოდა. Pპოლკს დაღუპვა ემუქრებოდა. Gგამოსავალი ერთი იყო: ან დაღუპვა აქ, ქედის მწვერვალზე ან, დაშვება ქვემოთ, უფრსკულსა და წკვარამში.
Dდა მაშინ მე გადავწყვიტე: თავქვე დაშვება სიბნელეში და უფრსკულში. Dდასახულ მიზანთან როგორღაც ახლოს ვიქნებოდით მაინც. საკითხი გადაწყვეტილია-ბრძანება გაცემული: ავიღოთ შაშხანები, გადავაჯდეთ და დავეშვათ ქვემოთ. პირველად შაშხანა მე ავიღე. ჩემმა მაგალითმა იმოქმედა მეომრებზე და კომშემადგენლობაზე. Dდა აი შაშხანებზე გადამჯდარი პოლკი მიექანება ქვემოთ: წკვარამსა და უფრსკულში."

ამ მემუარებიდან ირკვევა რომ ჰქონდა რაღაც გამართლება კვენეტაძის გეგმას რომელიც ფიქრობდა რომ თუ თბილისს არ დატოვებდნენ ალყაში მოექცეოდნენ, თუმცა მეორე მხრივ, ეტყობა ვებერთელა იმპერიის ყოფილმა გენერალმა ვერ გაითვალისწინა მაშტაბები: თუ როგორ იმოქმედებდა ქართველ მებრძოლზე თბილისის დაკარგვა, რომ ეს არ იქნებოდა ქართველებისთვის მხოლოდ ჯარის დისლოკაციის ადგილის შეცვლა, თუმცა ალბათ ამ გადასახედიდან ადვილია იმის კიჟინი რატომ ვერ შეინარჩუნე თბილისიო როცა რუსეთისა და თურქეთის სახელმწიფო ერთდროულად გვებრძოდა და მთელი მსოფლიოს დიპლომატიასა და ხელისუფლებას დე-ფაქტოცა და დე-იურეც საქართველო დათმობილი ჰქონდათ საბჭოთა ტირანიისთვის.
რაც შეეხება მეორე მოგონებებს ის ეკუთვნის პოლკოვნიკ ლევ ფიოდორის ძე დემინს. მემუარები დათარიღებულია 1966 წლით და ეწოდება “1921 წლის ომი საქართველოსთან. ”:
“1921 წლის ოქტომბერში 31-ე მსროლელი დივიზიის, 271-ე მსროლელი პოლკი განთავსებული იყო ადლერში, შავი ზღვის სიახლოვეს. სამოქალაქო ომი დამთავრებული იყო... ...მაგრამ ჩვენ მზადყოფნაში უნდა ვყოფილიყავით: აქვე იყო საზღვარი საქართველოსთან - რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მენშევიკები და მათი მხარდამჭერი ინტერვენტები საფრანგეთიდან და ინგლისიდან. შესაძლებელია ყოველნაირი მოულოდნელობანი.... მე და ჩემი მეგობრები ვიყავით ახალგაზრდები, ჩვენ არ გვაღელვებდა სიძნელეები, შიმშილობა, ცუდი აღჭურვილობა...
ულუფა მაშინ იყო ძალიან “თხელი” : დღეში ფუნტი პური, ცოტა ხორბალი ან ოსპი, იშვიათად ხორცი, უფრო იშვიათად შაქარი და წეკო. ჩვენ არასოდეს არ ვძღებოდით. გვეცვა საზაფხულო ფორმა, შინელის ნაცვლად ზოგს ჯუბა, ზოგს შინელის მაუდის ქურთუკი.
ჩექმები კი მიუღწეველ ოცნებას წარმოადგენდა.
იანვრის დასაწყისში, ჩვენი პოლკის მესამე ბატალიონი ადლერიდან სოფელ ველიამინოვკაში გადაიყვანეს, მდინარე ძიბადან აღმოსავლეთით, 30 კილომეტრში, რომელიც წარმოადგენდა საქართველოსთან საზღვარს. ასე გაიარა კიდევ ერთმა თვემ. და აი 12 თებერვალს, ყველა წითელარმიელს მიეცა ბრძანება დაბრუნებოდა მწყობრს.... 13 თბერვალს ველიამინოვკაში მთელმა პოლკმა მოიყარა თავი. ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ საქართველოში მდგომარეობა არ იყო მშვიდი, თუმცა თუ რა ხდებოდა იქ არავინ იცოდა.
ჩვენ ვიდექით საქართველოს საზღვართან რომლის ხელისუფლების სათავეშიც იდგნენ მენშევიკები ნოე ჟორდანიას მეთაურობით. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს ნოე ჟორდანია არის მუშების მტერი; რომ საქართველო თითქოსდა დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ ეს დამოუკიდებლობა არის სრული ფიქცია და რომ ქართველ ხალხს არ უნდა დამოუკიდებლობა და ჯიუტად მიიწევს მოძმე რუსი ხალხისკენ. თუმცა ჩვენს მთავრობას დიპლომატიური კავშირი ჰქონდა მასთან და ტიფლისში ჩვენ პოლიტიკურ წარმომადგენელი იყო კიროვი, რომ რუსი ხალხი ყოველთვის ეხმარებოდა ქართველ ხალხს.
მენშევიკ ჯალათებს ეხმარებოდნენ ინგლისელები და ფრანგები. ბათუმში ჩამოსხდა ფრანგული არმიის დესანტი ( ნეტა ყოფილიყო ფ.ქ.). ბათუმის, სოხუმის, ფოთის და გაგრის რეიდზე იდგა ფრანგული და ინგლისური ფლოტი. აჯანყებას მძიმე წუთები უდგა.
... ჩვენ ახლა გამოვალთ და წავალთ ქართულ მიწაზე. მტერი გაგვიწევს წინააღმდეგობას, მაგრამ ჩვენ მას დავამსხვრევთ და გავანადგურებთ... მოგვიწოდებდა მეთაური...
სოფელი ველიამინოვკა მდინარის გასწვრივ მდებარეობდა და ამიტომ მისი გადალახვა გვიწევდა რათა საქართველოს ტერიტორიაზე შევსულიყავით. ამ ადგილზე საზღვარი საქართველოს მხრიდან თითქმის არ იყო დაცული. ქართული არმიის ძირითადი ძალები თავმოყრილი იყო პილენკოვოს რაიონში, რომელიც წარმოადგენდა ბეტონის ნაგებობებით გამაგრებულ კვანძს, ძლიერი არტილერიით. ამ მიმართულებით ადლერის მხრიდან შავი ზღვის შოსეს გაყოლებაზე უნდა ემოქმედა 272-ე და 273-ე მსროლელთა პოლკს დამატებითი ნაწილებითურთ. მათ ამოცანას წარმოადგენდა გამაგრებული ხაზის გარღვევა პილენკოვოსთან და ჩქარი სვლა გაგრისკენ.
ჩვენი პოლკი მიემართებოდა მოწინააღმდეგის მთავარი ძალების შემოვლით გაგრის შესასვლელისკენ, დავალებით მოგვეჭრა მისთვის უკანდასახევი გზა, სხვა პოლკებთან და დივიზიებთან ერთად გაგვენადგურებინა პილენოვოს დაჯგუფება და შემდეგ ფორსირებული მარშით გვემოძრავა სოხუმისა და ფოთისკენ.
.... ჩვენ დავინახეთ ჩვენსკენ მომავალი ათი შეიარაღებულ ადამიანი.. როგორღაც ჩვენთვის უცნობი სამხედრო ფორმით. ესენი იყვნენ ქართველი ჯარისკაცები. რას იზამ, ვერ იტყვი რომ ეს ჯარისკაცები ცუდად გამოიყურებოდნენ. განსხვავებით ჩვენი ჭრელი ტანსაცმლისაგან ქართველი ჯარისკაცების ფორმა ერთნაირი იყო: აქლემის ტყავის ჟღალი ქურთუკები ბრწყინვალე ღილებითა და მიწისფერი სამხრეებით; ინგლისური მაუდის მიწისფერი შარვალი და ტოლაღები, ყვითელი წაღები, Yყვითელი ნაბდის მრგვალი კოკორდიანი ქუდი.
.... და აი, ჩვენს წინ იშლება სანაპიროს პანორამა. ჩვენგან მცირედით მარჯვნივ მთებიდან ჩანს ქალაქი, გაჭიმული სანაპიროს ვიწრო ზოლში. ყველაფერი ხელისგულივით ჩანს: სახლები, სასახლეები, ქუჩები, გამზირები. შორს რეიდზე ორთქმავლები იბოლქვებიან. მათი შემხედვარე მიხვდები, რომ ესენი სამხედრო ხომალდებია. შავ ზღვაში ჩვენი ფლოტი არაა. ქართველებს ფლოტი არ ყავთ, ესე იგი ეს გემები ინტერვენტების- ინგლისელებისა და ფრანგებისაა. ( კაცი სხვა ქვეყანას იპყრობს და ინტერვენტს სხვას უძახის?! არა მართლაც არაფერი შეცვლილა ასი წლის მანძილზე არც რუსეთის ხელისუფლების ცნობიერებაში და არც....)
დასახლების ცენტრში ჩვენ დავინახეთ ავტომობილი, რომელთანაც იდგა რომელიღაც მეთაური, თასმაზე მიმაგრებული ჭოგრიტით. ხელი ასწია, დასავლეთისკენ გაიშვირა და იყვირა:
--ჩქარა, ჩქარა ბიჭებო! გონს მოსვლა არ აცალოთ! წინ სოხუმისკენ!
ეს იყო ჩვენი დივიზიის მეთაური პასკევიჩი.”
ვერაფერს დაამატებ, მას შემდეგ მოდიან და მოდიან სოხუმისაკენ, ფოთისკენ, თბილისისკენ, “არც არაფერი უსწავლიათ და არც არაფერი დავიწყნიათ”
მოკლედ ასი წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა, ისევ ქართული ტანსაცმელი, აღჭურვილობა და პირობები უკვირთ რუსებს და ისევ ქართველ მებრძოლებს დასცინიან... თუმცა ეს სხვა თემაა. ახლა კი ისევ ძირითადს რომ დავუბრუნდეთ საოცრად სინქრონულად გვიტევდა რუსეთი: 23 თებერვალს ყუბანის არმიამ ჩერნიშევის მეთაურობით აიღო გაგრა, ლიხნი და გუდაუთა, ამავდროულად მოადგნენ მამისონს 23-მე დივიზიის, 98-ე ბრიგადის ჯარისკაცები. 28-ში აიღეს ონი და გაგრა ისევ თავიდან. (არის ერთი საინტერესო ინფორმავცია; თითქოს ფრანგულმა გემმა დაუშინა ჭურვები გაგრას რითაც ისარგებლეს ქართველებმა და აიღეს გაგრა, ამიტომაც დასჭირდათ რუსებს ხელახლა გაგრის აღება. თუ გავითვალისწინებთ მემუარებს ალბათ საყურადღებო მოვლენასთან გვაქვს საქმე.) 4 მარტს 31-ე მსროლელი ბრიგადის ნაწილებმა აიღეს სოხუმი და გამოაცხადეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. 28 მარტს რუსეთის კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ასე რომ მედვედევ-პუტინის მიერ აფხაზეთის აღიარება რუსეთისთვის არახალია, და თუ საქარველო არ დაუშვებს შეცდომებს ამ მეორე აღიარებასაც იგივე ბედი ეწევა რაც პირველს. იმავე წლის 16 დეკემბერს საინტერესო ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს სსრ- სა და აფხაზეთის სსრ- შორის, რომლითაც აფხაზეთის სსრ შევიდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში ავტონომიის უფლებით. საერთაშორისო გართულებების შეეშინდათ ოკუპანტებს და დაუბრუნეს აფხაზეთი საქართველოს, თუმცა მთელი საქართველო დაიპყრეს და ცალკე აფხაზეთზე არ უღირდათ ტვინის ჭყლეტა. მითუმეტეს რომ ორი თვით ადრე 13 ოქტომბერს უკვე ერთხელ გაძარცვეს საქართველო და ყარსის ხელშეკრულებით მთელი არდაგანი დაათმობინეს. როგორც რომაელები იტყოდნენ, თუ რომაელებს ეტყოდნენ დამპყრობლები : “ვაი დამარცხებულს!” ...
და რაოდენ საცნაურიც არ უნდა იყოს “დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,” კაცობრიობასაც დავიწყებოდა საქართველო თითქოს და ღმერთსაც.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები