ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2013


ტრიოლეტები (ჩინურ მოტივებზე)

***

ქინდაოს ტბასთან გელოდები, ვიცი, არ მოხვალ,
სამხრეთის მზეზე გახუნდება ჭრელი ხალათი.
ჩამოვყრი მკლავებს, ლოდინისგან დაღლილს, გამომხმარს.
ქინდაოს ტბასთან გელოდები, ვიცი, არ მოხვალ.
ჭაღარა ნისლი ამომივსებს თვალებს. საოხრავს, _
შევჩივლებ ღამეს, _ ამდენ ხანს რომ გულში ვმალავდი.
ქინდაოს ტბასთან გელოდები, ვიცი, არ მოხვალ,
სამხრეთის მზეზე გახუნდება ჭრელი ხალათი.


***

სახურავებზე შემოწნული ჭკნება ლელქაში,
ფაგუს ხეები შემოდგომას ისევ ტირიან...
_ ლინ-ჰაო, _ ჩუმად ჩასჩურჩულებს ქარის ღელვაში
(სახურავებზე შემოწნული ჭკნება ლელქაში)
და ყვავილთვალებს დაუკოცნის, მძინარს, ვერგაშლილს,
მას კი მზე უდგას იმ თვალებში, _ ვიწრო ჭრილიან.
სახურავებზე შემოწნული, ჭკნება ლელქაში,
ფაგუს ხეები შემოდგომას ისევ ტირიან...


***

ვანლის ხიდს მიღმა, საგუბართან, ძველი სახლია,
სარკმლიდან მასში ჩახშირებულ ღამეს ვუცქერი.
ტალღები ნავებს დაუნდობლად ნაპირს ახლიან.
ვანლის ხიდს მიღმა, საგუბართან, ძველი სახლია.
ვიღაცა კვდება... შორით ვისმენ ბგერებს ნაღვლიანს.
ამოდის მთვარე, _ შეცდენილი ქალის მუცელი...
ვანლის ხიდს მიღმა, საგუბართან, ძველი სახლია,
სარკმლიდან მასში ჩახშირებულ ღამეს ვუცქერი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები