ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jonatan livingstoni
ჟანრი: პროზა
9 მარტი, 2013


უხიაგი ბერიკაც(ებ)ის ამბავი

მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეა, „საკურთხობას“ ეძახიან ჩვენში.
ნინა ბებია მახსენდება, რამდენიმე წლის წინ იმერეთის ერთ სოფელში რომ გავიცანი.
სოფლის უხუცესებს ვეძებდით.
-ვაშაკიძეების ნინაზე უფროსი ჩვენს სოფელში არავინა, ოთხმოცდამეცამეტე წელიწადშიაო- გვითხრეს და შალიკო ვაშაკიძის სახლისკენ გზა მიგვასწავლეს. იმ დღესაც „საკურთხობა“ იყო.
ვაშაკიძეებთან ზუსტად იმ დროს მივედით, საკურთხის სუფრას რომ აწყობდნენ. ოთხი თაობა ერთად ცხოვრობდა იმ ოჯახში და ყველას თავისი წილი შეჰქონდა საკურთხის მომზადებაში. სუფრაც გაიწყო.  მაგიდის თავში მაღალი, კაფანდარა, შავებიანი მოხუცი ქალბატონი იდგა  და თვალს ადევნებდა ნაშიერის ფუსფუსს.
-ჰე, ხო  არაფერი დაგვიწყებიათ, ბოვშებო? კორკოტი ხო დადევით? მაგია მთავარი. პურისკვერები ხო დათვალეთ? ლუწი არ იყოს! დადექით, აბა, ყველა ახლა და ავანთოთ სანთლები. ნინიკო, ბებო, მეორე კარიც გააღე, ხო იცი, ორპირი უნდა იყოს ამ დროს!
ჩვენც იქვე ვდგავართ და უხმოდ ვადევნებთ თვალს ამ მაგიურ, ქრისტიანულ-წარმართულ რიტუალს.
ნინა ბებია ნელი ნაბიჯით სამჯერ გარს უვლის მაგიდას, ყველა კერძზე დანით ჯვარს სახავს და ჩუმად ბუტბუტებს . მერე სამი თითით თეფშიდან საკმეველს იღებს, იმასაც სამჯერ შემოატარებს სუფრის თავზე და ამჯერად  ხმამაღალა , გარკვევით ამბობს:
_ ღმერთო, შენ მიგვარე პირნათლად, ვის სახელზეცაა გაკეთებული ეს საკურთხი- შალიკოს, ჩემს დედამთილს, ჩემ მულებს, დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს ძმებს, ჩვენგან წასულ ყოველ კაცს, უპატრონო მკვდრებს. ნათელში გვიმყოფე, ღმერთო,  ჩვენი მიცვალებულები...
საკმეველს მაგიდის ფეხთან, კეცზე მოღუდღუდე ნაკვერცხლებზე ყრის და ფიჭვის სურნელი დგება ოთახში.
ოჯახის დანარჩენი წევრები, უფროს-უმცროსობის მიხედვით, იმეორებენ იგივე რიტუალს, იგივე ტექსტს. ნაბოლარა შაკოს ჯერიც დგება.
-ბე, გრიგოლ ბაბუა არ ვთქვა, ხო?-კითხულობს პატარა.
-არ თქვა  ბები, არა!
-გრიგოლ ბაბუა რატომ არ უნდა თქვას? ვინ არის?- ჩუმად ვეკითხები ოჯახის უფროს რძალს.
-დედა, აგერ გოგოებს აინტერსებთ, გრიგოლი ვინაა და რატო არ ჩავუთქვით საკურთხში-ეუბნება დედამთილს თინა.
-მამამთილი იყო ჩემი.
-რატომ არ მოიხსენიეთ? ალბათ ბოლშევიკი და ურწმუნო იყო, ხო?
-არა, ბატონო, რავა გეკადრებათ. ურწმუნო კი არა, გრიგოლზე ღვთისმოსავი  ბარე ორი არ დეიარებოდა ჩვენს სოფელში. დიაკვანადაც კი იყო ნამსახური. მოგიყობით მის ამბავს, თუ ასე გაინტერესებთ, სანამ სანთლები ჩაიწვება.
-თვრამეტი წლის ვიყავი, ვაშაკიძეების რძალი რომ გავხდი.  ოთხი უფროსი მული კაი ხნის გათხოვილები დამხვდნენ. ჩემი დედამთილი ჩემს ქმარზე მშობიარობას გადაყოლია.  მარა, მამამთილი მყავდა იმისთანა, უქალობას არ ამჩნევდა ოჯახს. არაფერი დაუკლია შვილებისთვის და განსაკუთრებით ერთადერთი ვაჟისთვის. კაი ხანს არ დავრჩი ფეხმძიმედ და მეოთხე წლისთავზე ქე გავხდი ორსულად. შალიკო ხო , მარა გრიგოლი მე პატივს მცემდა, ახლაც ვერ დეიკვეხნის ბევრი მამამთილი იმას. მორწმუნე კაცი იყო- თქვა, კი გითხარით. ჩვენს სოფელში, რაცხა სასწაულის ძალით, დანგრევას გადარჩენილი ეკლესიაში, მაშინაც კი დადიოდა, ხალხი იქით გახედვასაც  რო ვერ ბედავდა. შობის და აღდგომის წინ, სახლში ჩამომაქნევიებდა თაფლის სანთლებს, ღამით მარტო მიდიოდა ეკლესიაში, იმ სანთლებით  ისე აჩირაღდნებდა იქაურობას, იფიქრებდი , მთელი სოფელი მისულა სალოცავადო.
მაშინაც აღდგომა იყო მოახლოებული.
სოფლის განაპირას, ჭალაში, ღელეზე, ბუჭულა-ბუჭულა წისქვილები გვქონდა ჩადგმული  სამ-ოთხ ოჯახს ერთად. მორიგეობით ვფქვავდით. იმ დღე ჩვენი მორიგეობა იყო.  ხარ-ურემი ადრიანად გაამზადა შალიკომ. მეც ბევრჯერ წავყოლილვარ ქმარს წისქვილში. რა ჯობდა იქაურობას-ღელის დუდუნი, სარეკელას რაკუნი, ჩამოფქული სიმინდის ჩუმი შრიალი, ბუხრიდან გამოსული სითბო და...ეეეჰ...მარა, თვეში ვიყავი უკვე ჩამდგარი და აღარ გავყევი. არ ქონდა ბევრი საფქვავი და შებინდებამდე კი უნდა დაბრუნებულიყო. მე სააღდგომო სამზადისში ვიყავი და კი დაბინდდა ამასობაში.
-მამა, შალიკოს აგვიანდება, მგონია.
-ღელეში წყალი არ ყოფილა და ალბათ მაგიტო, მოვა სადაცააო- დამამშვიდა მამამთილმა.
დაღამდა, მაგრამ შალიკო არჩანდა. ფეხმძიმე ქალის ღამე გარეთ გასვლა არაა კაი. სამზადის კარი გამოვაღე და იქვე ჩამოვჯექი. გრიგოლი არ იმჩნევდა, მარა, ვხვდებოდი,ისიც დარდობდა უკვე.
-მამა, ძაღლის ყმული მომესმა-შეშფოთებულმა შევხედე.
დააყურა თვითონაც.
-არა, ნინა, ტურები არიენ ეგენი, ამინდი იცვლება ალბათ. დაწექი შენ, მოვა აწი შალიკო, თვარა, მეც გოვუდგები გზაზე ჭრაქითო.
ჭრაქი აანთო, ბროლია გაიყოლია და წავიდა.
რა დამაწვენდა. გაფაციცებული ვუსმენდი, სოფლის სიჩუმეში ურმის ჭრიალი ხო არ ისმის თქვა.
ის-ის იყო ინათა, ურმის ხმა რომ გავიგონე. რიბი-რაბოშიც შორიდანვე დავინახე, მამამთილი რო მოუძღოდა ხარებს და ჩუმად ჩამოვიხოკე ლოყა.
წისქვილის ქვა დახვედრია შალიკოს მოცვეთილი-გლახათ ფქვავდა თურმე. მარტოს ჩამოუღია,მოვკოდავო. დაუგია მერე ისევ და გაოფლილ-გამტვერიანებულს ღელის წყალში დაუბანია. შუა აპრილი იყო, მარა სიცივეები დეიჭირა იმ წელს გვიანობამდე. სანამ სიმინდი ჩამოიფქვებოდა, იქვე, ჩალაზე მიწოლილა საცოდავი ჩემი ქმარი და ქეც დააწყებინა თურმე კანკალი. ქონდა ალბათ მანამდეც ტანში რამე, თვარა ისე უცებ მთასავით კაცს რა წააქცევდა.
-რო მივედი, სიცხისგან ბაბანებდაო -მამამთილმა.
რაც შემეძელო, მაშინვე ყველაფერი გავუკეთე -შუბლზე კეჟერა ფხალის ფოთლები დავაფარე, გულ-მკერდი ძმრიანი ტილოთი დავუზილე, ცოტა კი განელდა, მარა ვერ მოვახედე მაინც.
-ჩემ თავისახლობას გააგებიე მამა, თალიკო ექიმბაშის წამალი მომწვდინეთ-თქვა.
მაშინვე აფრინა მეზობლის ბიჭი ცხენით ჩემს სოფელში. მეორე, რაიონულ ცენტრში გაუშვა, ექიმის ჩამოსაყვანად.
-ნუ გეშინია ნინა შენ, არ გაგვწირავს ღმერთი. იმას რავა იზამს, მომავალი წეიყვანოს და წამავლი დამტოვოსო. არ ეშლება იმას არაფერი, დეილოცოს მისი სახელიო.
სააღდგმოდ ჩამოქნილი სანთლები გამომატანინა. ბოსლიდან  სახარედ გამზადებული მოზვერი გამოიყვანა, სანთლებით შუბლზე ჯვარი გაუკეთე, პატარა რქებზე თითო -თითო სანთელი აუნთო და ეკლესიისკენ წაიყვანა. დაჩოქილს შემოუვლია ტაძრისთვის სამჯერ, მერე შიგნით შესულა. ყველა სანთელი აუნთია და შვილის სიცოცხლე შეუვედრებია ღმერთისთვის. ის მოზვერიც იქვე შეუწირავს.
ვერც თალიკოს წამლებმა მოგვისწრო და ვერც  ექიმმა.
იმ ღამეს გაჩნდა ჩემი ბიჭიც. მე და ჩემ ქმარს, გრიგოლი გვინდოდა დაგვერქმია, თუ ბიჭი იქნებოდა, მარა, შალიკო დავარქვი.
მიცვალებულისთვის წესის ასაგებად მღვდელი რო მევიყვანეთ, გრიგოლი ახლოს არ მოგვეკარა - შალიკოსთან ერთად მოკვდა ღმერთი ჩემთვისო.
მას შემდეგ ეკლესიაში აღარ წასულა. არც საკურთხის სუფრას ეკარებოდა ახლოს. პატარა შალიკოს გაზრდაში მეხმარებოდა და მივათრევდით ასე  ცხოვრებას. თერთმეტი წლის იყო შალიკო, ერთ დილას ლოგინიდან წელი რო ვერ წამოწია ჩემმა მამამთილმა. დამიძახა და მითხრა:
-ნინა, ჩემ შალიკოსთან მივდივარ მე და ამ ერთ კაკალა ბოვშს გაფიცებ, თუ როდესმე საკურთხში მომიხსენიოო. არც  სანთელი აანთო ჩემ სახელზეო.
გავშრი ქალი.
-დეიფიცე ნინა, ნუ ჩამატან ამ ჯავრს საფლავშიო. მკვდარია მა ღმერთი ჩემთვის და სხვა მკვდრებს ვერაფერს ვერ მიგვრის მაგი პირნათლადო.
რაღა უნდა მექნა, დევიფიცე შალიკო, რომ არასდროს საკურთხში გრიგოლს არ მევიხსენიებდი.
ა, ასე იყო ეს  ამბავი. გული მეწვის სულ, რო ვერ ვიხსენიებ, მარა, რას ვფიქრობ შვილო, თუ იცი?  ღმერთიც გრიგოლივით უხიაგი ბერიკაცი რავა იქნება, გულმოუბრუნებლად რო შემოწყრეს ვინმეს? ხოდა, არ დოუკარგავს არც ჩემს მამამთილს მის წილ ლუკმას და სანთელ- საკმეველს.დეილოცოს მისი დიდება!-დაასრულა თხრობა ნინა ბებიამ და გამომშრალი თვალის უპეები შავი თავსაფრის კუთხეებით ამოიწმინდა.
სანთლები ჩანავლულიყო ამასობაში. ორპირ ქარს ზეცისკენ მიჰქონდა  მსუბუქი კვამლი და საკმევლის სუნი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები