ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
22 ივლისი, 2013


ბედუინი (ნაწილი XIX სტუმარი)

                                                                                                                                "ხანჯრისკე ხელი მიუდის,
                                                                                                                                ჩუმად სინჯავდა დანასა,
                                                                                                                                მაგრამ სტუმარი სხვის სახლში
                                                                                                                                ვერ გაჰშლის ხათაბალასა."
                                                                                                                                                 
                                                                                                                                                      ვაჟა-ფშაველა

            ხმაურზე და  ხალისიან შეძახილებზე  კარვის კალთა აიშალა და ჰილალემ მზესავით გამოანათა.
ბედუინი  მოჭიმული მშვილდივით  მოიდრიკა,  ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და თავი დახარა. მან    მარჯვენა ხელი, ჯერ მკერდზე მერე პირზე და შუბლზე დიდი მოწიწებით მიიდო,  შემდეგ უბისკენ  წაიღო, რაღაც თეთრში შეხვეული  ამოიღო და  ხელში გაშალა.
ამომავალმა მზის სხივებმა  თეთრ აბრეშუმზე გაშლილ ქვებში სისხლისფრად გაიელვა და  ციმციმა ანარეკლი ჰილალეს სახეს მიეფინა.  კაშკაშა წითელი  ლალების  დიდი და გამჭირვალე კრისტალები  მზის სხივებზე ლიცლიცით ციალებდნენ და თეთრ ქსოვილზე ცოცხლებივით  სუნთქავდნენ.

      - ასალამ ალეიჰქუმ ამენოკალია.ჭეშმარიტად ბრწყინავს შენი სილამაზე მზესავით მანათობელი. - გაისმა ბედუინის დაბალი და ალერსიანი ხმა.
        - მეტულემ ალ კაბირ, მეტულემ!  შენი თვალები ლამაზად ხედავენ სამყაროს ! - ჩაიწკრიალეს ვერცხლის ზარებმა.
        - ეს ძვირფასი ქვები ჰამადში ვიპოვე და  მაშინვე ვიფიქრე რომ  უმშვენიერესი ულამაზესს ეკუთვნის. მათი სახელია იაჰხუუკ*,  ისინი ალმასზე ძვირფასია. ეს ქვები ხუთჯერ უფრო დიდია და სუფთა ვიდრე  ბრიტანეთის დედოფლის  გვირგვინის თვლები. ინებე ჩემგან  საჩუქრად.  - შემპარავად თქვა ბედუინმა.
      -  ოჰ, ალ კაბირ, ყოველთვის ახერხებ გამაკვირვო და გამახარო. ისეთივე მაცოცხლებელი ხარ როგორც წვიმა.
      -  მიხარია რომ ბედნიერს გხედავ ამენოკალია.  - წელში გაიმართა ალ კაბირი და მასპინძელს პირისპირ შეაჩერდა.
      -  ისევ მზის ქარივით ძლიერი ხარ, აქამდე მკვდარი მეგონე.
      - მკვდარი?! 
      - ჯადარი  მოვიდა უნაგირზე შენი ტანსაცმლით და საგზლით. ვიფიქრე რომ რაღაც მოხდა და კაცი გავგზავნე მოსაძებნად, მაგრამ  შენს ნაცვლად უდაბნოში  ვიღაც ქალი იპოვა, საშინელი შესახედი, ჭუჭყიანი და  სისხლით მოსვრილი. ვიფიქრე რომ ქალმა  ოქროს და ფირუზების  გამო მოგკლა და შენი ცხენით გაიქცა, ჯადარმა კი გადმოაგდო და უდაბნოში მიატოვა. 
      -  ნილნა აქ არის ?- ისეთი  გაკვირვება ჩაისხა ხმაში ბედუინმა რომ ეჭვი  შემეპარა პირველად ხომ არ ვხედავდი.
      - ასე ეძახის თავის თავს. 
      -  გულმოწყალე და სამართლიანი ხარ საჰარას მზეო, ამიტომ  უყვარხარ შენს ხალხს. შენნაირი დიდი მეგობარი  ნამდვილად  დიადი ალლაჰის წყალობაა.   
      - სანამ კარავს დაგიდგამენ, ჩემს ჰხაიმში დაბრძანდი, წყალი  და ხილი მიირთვი, ამასობაში საუზმე მომზადდება და გიმასპინძლებ როგორც შეჰფერის იმოჰაგების დიდ მეგობარს.
      - სიამოვნებით ამენოკალია, მაგრამ მანამდე ნება მომეცი ჯადარი ვნახო.   
      - როგორც ინებებ ალ კაბირ, როგორც ისურვებ...

          მთელი საუბრის მანძილზე ჰილალე დაკვირვებით აცქერდებოდა ბედუინს, ცდილობდა გამოეცნო რა იმალებოდა ამ თავაზიანობის და მოწიწების უკან, მაგრამ ალ კაბირი დაუძაბავად და  მშვიდად იდგა.
მხრებში გაშლილ ბედუინს ქვიშისფერი აბრეშუმის შარვალი ეცვა და იგივე ფერის ჰალაბეა მუხლამდე სწვდებოდა.  სხეულზე აბრეშუმის მაღალი ქამარი მოეხვია.  მსუბუქი ხალათი  ხაზს უსვამდა  მისი სხეულის უნაკლო აგებულებას.  წელში გამართულს მარჯვენა ხელი მკერდზე ედო,  თავი ამაყად აეწია და  სახეზე სიმშვიდე ეფინა.  მუხლში ოდნავ მოხრილი მარჯვენა ფეხი წინ ქონდა წამოდგმული, რაც პატივისცემას უფრო გამოხატავდა ვიდრე მოკრძალებას.  ფეხზე ისევ აქლემის ტყავის ქალამნები ემოსა, მშვენიერ თავზე ქვიშისფერი აბრეშუმის იჰრამი  მწვანე  რკალით ქონდა დამაგრებული. იჰრამის კალთები გაშლილ მხრებზე ქონდა დაფენილი და სახე მთლიანად უჩანდა.  თხელი, მოვარდისფრო ტუჩები,  ვიწრო ყბები და სწორ ცხვირი სიმეტრიულ კონტრასტს ქმნიდნენ  გაშლილ შუბლთან და  მუქ წარბებთან.  პალმის ფოთლებივით სწორი, მარაოსავით გაშლილი წამწამები მწვანე თვალებში შეფარულად გამკრთალ რისხვას  ფარავდნენ. 

მის სახეზე გარკვევით  იკითხებოდა,  რომ  - ის არასოდეს გადავიდოდა  პატივისცემისა და მოწიწების ზღვარს და არც არავის მისცემდა ნებას  რომ ეს  ზღვარი გადმოელახა.
ორივეს  მზერაში უსიტყვო  გაფრთხილება იკითხებოდა.  სრულყოფილი ქალი და  მამაკაცი ერთმანეთს შესცქეროდა. 

        ჰილალეს  ლამაზი სახე  ქალური სინაზით  ბრწყინავდა,  მისი სხეული ჰარმონიულად შეკრულ მუსიკას მოჰგავდა, მხოლოდ შეხებას ელოდა რომ  ჰანგებად დაღვრილიყო.  გარინდული ანტილოპასავით  მთლიანად დაჭიმული იდგა, თითქოს მოულოდნელად უნდა მოწყვეტოდა მიწას და ცაში გაფრენილიყო. მისი მთელი არსება გამოხატავდა თავშეუკავებელ მისწრაფებას -  ნებისმიერ ფასად  მიეღო რაც სურდა. ბედუინის  კი პირიქით,  -  საკუთარი სურვილები, ღირებულებების  მიხედვით  მოექცია კალაპოტში. 

        ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს უსიტყვო ომი,  ქარაფის მხრიდან ადრარი  რომ არ გამოჩენილიყო. აღვირით  ჯადარი მოჰყავდა.  კუდაპრეხდილმა  და ნესტოებდაბერილმა  ბედაურმა პატრონის დანახვაზე დაიფრუტუნა, ლაგამს არ შეეპუა,  ტუარეგს თავი წაართვა, მკვეთრად უგანა,  უკანა ფეხებზე შედგა, ჰაერში აიწია  და მძლავრად დაიჭიხვინა.  წინა ფეხებზე დაეშვა მიწა დატორა და მხარზე თავი ჩამოადო პატრონს.

        ჯადარი პატრონს  ყნოსავდა,  ჩუმად ხვიხვინებდა, მხარზე თავს უსვამდა და ცხვირს ხელებში ჩრიდა. ალ კაბირი  უხმოდ ეფერებოდა, შუბლზე ხელს უსვამდა,  მის ყველა კუნთს აკვირდებოდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა.  ცხენი  აცეკვდა, ფეხები ერთმანეთს რიტმულად  მოუნაცვლა,  წრეებზე დატრიალდა  და  წინა ფეხებზე ჩაიჩოქა. ბედუინი დაიხარა, კისერზე მოეფერა.  ქოჩორი აუწეწა და ვარსკვლავიან შუბლზე აკოცა.

          გაგონილი მქონდა, რომ ბედუინების ოჯახში, - მამის შემდეგ,  მთავარი ადგილი ცხენს ეკავა. ახლა ვიგრძენი, მართლა რა განუზომელი მსხვერპლი  გაიღო ალ კაბირმა, დაუნანებლად  როცა გაწირა ჯადარი გავარვარებულ უდაბნოში დღე და ღამე სასიარულოდ - ჩემისთანა გამოუცდელი მხედრით.  ბედუინი დარწმუნდა, რომ ჯადარს  საჰარაში გადატანილი  ცხელი დღეების,  ცივი ღამეების, უწყლობის და შიმშილის მიუხედავად არაფერი უჭირდა და სიხარულით გაიცინა.  ბედნიერებისგან  გაცისკროვნებულ  ნათელ სახეზე მოჭუტული  თვალები სიხარულით  აუციმციმდა,  ონავრული და ოდნავ ბიჭური გამომეტყველებით სიყვარულით შეაცქერდა  ერთგულ მეგობარს.

          ჰილალეს  ალ კაბირის საჩუქარი ხელში შერჩენოდა,  სისხლისფერი ლალების მოციმციმე ანარეკლი ისევ სახეზე ეფინა და  აშკარა  შურით შეჩერებოდა  უსაზღვროდ გახარებულ არაბულ რაშს, რომელსაც პატრონი მორკალულ კისერზე ეფერებოდა.

        ყველა გახალისდა, ხალხს  უხაროდა რომ უდაბნოდან ყველა უკლებლივ დაბრუნდა, მათი დიდი მეგობარიც გამოჩნდა და ბედნიერი ცხოვრება  მშვიდ კალაპოტს უბრუნდებოდა.
        ალ კაბირი ჰილალეს მიუბრუნდა და თავდახრით მადლობა ანიშნა ცხენის პატრონობისათვის.  ქალის  სახეზე ბედნიერი ღიმილი ვარდივით გაიშალა,  ბედუინი  მოთამაშე ცხენთან დატოვა  და ხალხისკენ  მიბრუნდა. 

      -ტყვე სად არის ?  - იკითხა ალ კაბირმა.
      -სამსხვერპლოსთან,  ჰხაიმის უკან.- უპასუხა ადრარმა. 

ალ კაბირი ჩემსკენ  სწრაფად წამოვიდა, სალმად თავი დახარა და მითხრა:
      - დასრულდა შენი წვალება ნილნა! დღესვე წავალთ აქედან, ახლავე გაგათავისუფლებენ და წყალს  მოგიტანენ!
მე თავი გავაქნიე და ჩავიჩურჩულე: 
      - ღამე  იმოჰაგი  დამესხა თავს! მგუდავდა... ლისამი შემოვახიე, სახე გამოვუჩინე და დანით დავჭერი… ახლა აღარაფერი მეშველება!  არ მინდოდა გენახა როგორ მომკლავენ...  მაგრამ გთხოვ, კიდევ ერთხელ გაისარჯე ჩემთვის,  ქრისტიანულად  დამასაფლავე და ჩემებს  საელჩოში გააგებინე...  ჩემს ქვეყანას ჟეორჟია ქვია, არაბულად გორგისტანს ეძახიან... -  ჩემი ხმა სადღაც ძალიან შორიდან მესმოდა, თითქოს ჩემგან შორს მყოფი მეორე "მე" ამბობდა ამ სიტყვებს. ცდილობდი  რომ ჩემთან დამებრუნებინა ჩემივე თავი, მაგრამ არ გამომდიოდა. მე და "მე" ერთად აღარ ვიყავით.

        ბედუინს  სახე შეეცვალა. მისი თვალების ნაცვლად,ორი მწვანე შუშის ნატეხი  გაციებული მზერით მომჩერებოდა.მან  ხელში შერჩენილი დანა  ფრთხილად  გამომართვა და წაიჩურჩულა:
      - მაშალაჰ სიკვდილს გადარჩი! თუნდაც იმოჰაგის სიცოცხლის სანაცვლოდ! მაგრამ ეს ძალიან ცუდი ამბავია!..  ვნანობ...
      - გუშინაც რომ გამოჩენილიყავი ეს არაფერს შეცვლიდა, რამე მაინც მოხდებოდა!  მას ჩემი მოკვლა უნდა!
      - სოფელი უნდა მოვიმხროთ ან  მარტო უნდა გაიქცე. ცხენი ახლოს იქნება.  პალმის კორომით უნდა გახვიდე. დასავლეთით,  სამი საათის სავალზე ორი აქლემი იცდის. ზედ საგზალი და წყალია. როგორც კი იქამდე მიხვალ, ჯადარი გაუშვი და გზა აქლემებით გააგრძელე.  დღე და ღამე შეუჩერებლად იარე.  ათ დღეში თეთრ  სოკოსთან უნდა მიხვიდე.  იჩქარე, ჰამსინს უნდა გაასწრო, მერე ორმოცდაათი დღე შეუძლებელი იქნება საჰარადან გაღწევა.  გფარავდეს შენი ღმერთი და  ალლაჰი იყოს ჩემი შემწე,  რადგან მეტად მძიმე დღე გვიდგას.  ნიშანს ელოდე...  - ბედუინმა  დანა  ქამარში დამალა  და ცხენს რაღაც ანიშნა.  ჯადარი დაიძრა  და  სოფლის განაპირას ქანდაკებასავით გაიყინა. 
 
      პალმის კორომიდან  წამოსულმა ტირილის ხმამ ხალისიანად აფუსფუსებულ სოფელს თავზარი დასცა. 
ახალგაზრდებს მხრებით,  ლურჯ ლისამში გახვეული უსიცოცხლო სხეული მოჰქონდათ. 

ჰილალეს კარავთან სასწრაფოდ შეგროვილი ხალხი  ორად გაიყო.  მილოში და მისი მხლებელი არაბებიც იქვე ახლოს  შეჯგუფებულიყვნენ. 
        -ალ დარ, ოჰი  ალ დაააარ! - კივილით  გამოვარდა ხალხიდან  ქალი,  ფეხდაფეხ მამაკაცი გამოეკიდა. ქალი უსიცოცხლო სხეულს  ზედ გადაემხო... მამაკაცმა  ხელები თავში წაიშინა და უმწეოდ ჩაიმუხლა. 
   
        ხალხი ავისმომასწავებლად  დადუმდა.

        ჰილალე  მობრუნდა. ცოცხალი რომ დამინახა, - ჯერ გაკვირვებული დამაცქერდა,  შემდეგ გაავებამ თვალებში ბოროტ ნაპერწკლად  გაუელვა და  სახეზე ისეთი ბრაზი შემოენთო რომ მისმა თვალებმა ელვასავით გაიბრკიალეს.

        -  საჰარა ძალიან, ძალიან დიდია ნილნა !  მაგრამ ხომ ხედავ მაინც გიპოვე და ისევ ჩემს ხელში ხარ! - ნიშნისმოგებით დამაცქერდა მილოში. 
        - ეს კაცი  შენმა ტყვემ  დაჭრა ამენოკალია!  ეგ ქალი მკვლელია !  წუხელ არ მეძინა, ან რა დამაძინებდა ასეთ ღამეს. გარემოს ვაკვირდებოდი  და ჩემი ყურადღება  ლითონის ციალმა მიიქცია,  დავინახე როგორ ალაპლაპდა  დანის პირი,  ალბათ  ახჰალის ღამეს  გადაცმულს უნდოდა გაპარვა და  იმგადს სამოსის გამო დაესხა თავს!  რაკი იმოჰაგი თავისი ფეხით გაეცალა იმ ადგილს,  ჩავთვალე რომ ვერაფერი დააკლო, მაგრამ  როგორც  ჩანს შევცდი!  -  ყველას გასაგონად, ხმამაღლა თქვა პოლონელმა და  ჰილალეს მიუბრუნდა:   
        - მე ექიმი ვარ,  ნება მომეცით გავსინჯო, იქნებ დახმარება შევძლო! -  მილოშმა მუხლებზე ჩაიჩოქა დაჭრილის გასასინჯად. 
        - შეგიძლია გადაარჩინო ის? - დააცქერდა მილოშს ჰილალე.
        - ძნელი იქნება...  - თავაუღებლად თქვა მილოშმა.
        - დღეიდან ჩემი სტუმარი ხარ,  დარჩი  მხლებლებთან ერთად, ჩემს  იმგადს მოუარე! იმოჰაგები სტუმარს უკმაყოფილოს  არ უშვებენ!  - თქვა ჰილალემ და უკან დაიწია.
        - უიმედოა, მაგრამ შევეცდები!- მილოშმა აქლემიდან ჩამოხსნილი  ჩანთის შიგთავსი პირდაპირ  მიწაზე გადმოყარა. იარაღები  იქვე მდგარ მოხუც სილის მიაჩეჩა და უთხრა: 
        - მდუღარე წყალში ჩაყარეთ, დამეხმარეთ...
     
ჰაერში სპირტის და ქლოროფორმის სუნი დატრიალდა. სილიმ და ადრარმა დაჭრილს სამოსი გახადეს და მუხლზე დაჩოქილი  ქირურგის  გამოცდილი ხელები  სწრაფად ამუშავდნენ.  სილი  ჩუმად და გულმოდგინედ  ეხმარებოდა.  ავადმყოფმა მოულოდნელად ამოიხროტინა.  ექიმი მაჯას ეცა და გულზე დაადო ყური,  ოფლი მაჯით მოიწმინდა შუბლიდან და ოპერაციას დაუბრუნდა.  სიჩუმეს მხოლოდ ლითონის წკრიალიღა  არღვევდა. 

გარინდული ხალხი ფეხმოუცვლელად იდგა. 
      - რაც შემეძლო  გავაკეთე.  ჩარდახი აქვე მოუმზადეთ, შუბლზე ცივი ტილო მუდმივად ედოს, მაღალი სიცხე აქვს.- როგორც იქნა ფეხზე წამოდგა  მილოში და ჰილალესკენ მიბრუნდა.
        სილიმ ადრარი იხმო და ჩარდახის ხელდახელ გამართვა დაიწყეს. სილიმ მხრებქვეშ ხელი ამოუდო დაჭრილს,  თავქვეშ დახვეული ლისამი ამოუდო,  შუბლზე ცივი ტილო დააფინა,  ხელი გამოაცალა ავადმყოფს და შეკრთა. მისი ხელს სისხლის წვრილი ზოლი ემჩენოდა. ამის დანახვაზე, ადრარმა ოდნავ აწია დაჭრილის სხეული და მის ზურგს დააცქერდა. სილიმ მას უსიტყვოდ მიუთითა  მარცხენა ბეჭზე და  ექიმის გაშლილ იარაღებზე. ადრარმა მდუმარედ დაუქნია  თავი, დაფიქრდა  და ბედუინს რაღაც ანიშნა. ალ კაბირმა თანხმობა  - ხელის შერხევით დაუდასტურა. მის ნიშანზე სილიმ, ექიმის იარაღებიდან წვრილი, ბასრი ქირურგიული დანა აიღო და  კაბის ნაოჭში დამალა.

        ჰილალე მილოშს მიუახლოვდა.
      - იცი ეს ქალი ვინ არის? - კითხა ჰილალემ მილოშს.
      - რა თქმა უნდა, ვიცი! სწორედ მის ძებნაში გამოვიარე მთელი ჰამადი და აქამდე მოვედი.  ოცდაათ დღეზე მეტი იქნება  რაც ვეძებ.  ევროპელია,  ეგვიპტეში სტუმრად ჩამოვიდა და საჰარაში დაიკარგა.
      - მადლობელი ვარ რომ მოუარე ჩემს იმაგდს.  წაიყვანე ეს ქალი!  ამითი სტუმარი ბედნიერი და კმაყოფილი იქნება? 
      - ჩემი მიზანი შესრულდება. - გაიცინა მილოშმა.
      - ეს არ მოხდება!  -  ხმალივით გაკვეთა ჰაერი ალ კაბირის ხმამ.
      - რაც ამდენი ხანი ვერ შეძელი,  იმოჰაგების ხელით გინდა გააკეთო?! რომელი გონიერი დაიჯერებს, რომ გათოკილმა,  ძაღლივით დაბმულმა,  წყურვილით და შიმშილით დაუძლურებულმა  გოგომ, - ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე ვაჟკაცი  დანით სასიკვდილოდ დაჭრა?!  - შუბლშეკრულ  ბედუინს მარჯვენა ხელი ხანჯლის ტარზე ედო  და მკაცრად მისჩერებოდა  პოლონელს.   
     
ბედუინის ხმის გაგონებაზე მილოში შეკრთა,  მხრებში აიწურა და ადგილზე დალურსმულივით გაშეშდა. 
ისედაც თავზარდაცემული ხალხი უარესის მოლოდინში გაირინდა.

      ჰილალე გააფთრებული მიუტრიალდა ალ კაბირს, სახეზე უსაზღვრო შეურაცხყოფა ეხატა:
      - როგორ  ბედავ?!
      - ეს კაცი თუ  შენი სტუმარია.- მაშინ აქ არაფერი მესაქმება.  ქალს წავიყვან და ახლავე წავალთ, როგორც დარწმუნდი ცოცხალი ვარ და მისი დატყვევების მიზეზი აღარ გაქვს!  -  ბედუინი მკაცრად შესცქეროდა ჰილალეს. 
      - შენ თავისუფალი ხარ, მაგრამ ქალს ვერ წაიყვან!  ჩემი იმგადი მოკლა! მას მხოლოდ ეს კაცი წაიყვანს! თუ უარს იტყვის - ჩვენ დავსჯით! 
      - შენი სტუმარი ურჩხულია! იბლისის მოციქული... ცოცხალი ადამიანების გულ-ღვიძლით მოვაჭრე  და უღირსი კაცი!  საჰარაში ქვიშის მარცვალს უფრო მეტი ფასი აქვს ვიდრე უღირსი კაცის სიტყვას! 
    - თუნდაც სისხლის ზღვა ემართოს!...დღეს ჩემი სტუმარია და ხელს ვერავინ ახლებს! 
    - მას ჩემი ღირსება და სიცოცხლეც მართებს ! - ფოლადი ჩაისხა ხმაში  ბედუინმა.
    - ის ჩვენი ადათის მფარველობის ქვეშაა და ვერავინ შეეხება! 
    - მან ამხელა გზა ამ ქალის მოსაკლავად გამოიარა!  -  რისხვას აღარ მალავდა ალ კაბირი.
    - შენ რისთვის გამოიარე ?! - გაისმა ჰილალეს  არანაკლებ მრისხანე კითხვა.
    - ამ ქალის გადასარჩენად, - ამ კაცის ხელით სიკვდილისგან !
    - რით დაიმსახურა ?
    - მისი  ხელით სიკვდილს გადამარჩინა!   

      მოქუფრული ჰილალე  ბედუინს დააცქერდა. სოფელში დუმილი დამძიმდა.  პირგამეხებული ჰილალე  დუმდა. შიშით ფერდაკარგული არაბები შეშინებული შესცქეროდნენ  ხან  ბედუინის  და ხან იარღშემართული ტუარეგების მკაცრად მომზირალ თვალებს. 

        დაძაბულობისგან ყველა კუნთი მეწვოდა, კრიჭა ისე მქონდა შეკრული, რომ  ყბები მტკიოდა.  ჰილალეს ვერაგობას საზღვარი არ მართლაც არ ჰქონდა. იმოჰაგების  სტუმარ-მასპინძლობის ხელშეუვალი და უძველესი  ადათი ძლიერი იარაღი იყო. სტუმრის შეურაცხმყოფელს  ტუარეგები დაუღალავად სდევნიდნენ სანამ არ მოკლავდნენ და მათთვის მანძილს, მიტოვებულ ოჯახს, საჰარას აუტანელ ჰავას და უწყლობას - არავითარი მნიშვნელობა  აღარ ქონდა. ახლა კი იმოჰაგების სტუმარს კი შეურაცხყოფა მიაყენეს, თანაც იმოჰაგების დიდი ხნის მეგობარმა ალ კაბირმა, რომელმაც კარგად იცოდა ტუარეგების უძველესი ადათი და საკუთარი საქციელის განაჩენი.
იმაგდებმა იარაღი იმარჯვეს და ალ კაბირსა და  ამენოკალიას შორის ჩადგნენ.

ხალხს მოხუცი კაცი გამოეყო და ჰილალეს თავი დაუკრა:

      - ამ საქმეს მშვიდი განსჯა და სიბრძნე ჭირდება ამენოკალია. აქ უცხო ხალხია და არაბულად ვილაპარაკებ. ალ კაბირი ჩვენი დიდი ხნის მეგობარია.  მისი სახელი ცნობილია მთელ საჰარაში.  მას პატივს სცემს იმოჰაგების ყველა ტომი, ბედუინები და ბერბერები. ის მოსმენას და ყურადღებას იმსახურებს.  ამ კაცს კი არავინ იცნობს, მაგრამ  რაკი სტუმრად  მიიღე,  უნდა დავიცვათ  სტუმარი - როგორც ადათი გვასწავლის.  მაგრამ სოფელში  ახჰალის ღამეს იმგადი მოკლეს.  აქ უცხო არავინ ყოფილა  ამ ექიმის,  მისი მხლებელი არაბების და ტყვე ქალის გარდა. რაკი სტუმარი ტყვეს აქამდე მოჰყვა, საამისო მიზეზიც ექნება. საჰარას გამოვლა ძალიან ძნელი საქმეა და როგორც ჩანს მისი მიზანი ამად ნამდვილად ღირდა. 
 
      - პატიოსანო ინესლემენ*,  ჭეშმარიტებას მხოლოდ თქვენი  სიბრძნე  გაუხსნის გზას. ჩემსა და სტუმარს შორის ძველი მტრობაა,  მაგრამ ტყვე ამ საქმეში არ ურევია. ქალმა უდაბნოში  დაჭრილი  მიპოვა,  ჩემთან ცხენმა მოიყვანა. თვითონ  წყურვილით დაუძლურებულმა,  წყალი მე დამალევინა და სიკვდილისგან მიხსნა!  ის მხოლოდ იმას ცდილობს,  ცოცხალი გადარჩეს და თავის ქვეყანაში დაბრუნდეს.  მე, მისი სიცოცხლე მმართებს და  ვალდებული ვარ კაიროში  მის ნათესავებთან დავაბრუნო.  - მოწიწებით დაუკრა თავი ბედუინმა მოხუცს. 

    - ალ კაბირ,  შვილო,  ჩვენ შენი გვჯერა, მაგრამ ეს ამბავი  არ უნდა დარჩეს საჰარას ქვიშით დაფარული.  ჩვენი ტომი თხუთმეტჯერ ასი წელია საჰარაში ცხოვრობს,  ბევრი რამ გვინახავს და გადაგვიტანია, ახლაც გვეყოფა სიბრძნე და გამოცდილება რომ  სიმართლემ  მზეს შეხედოს!

          -  ინესლემენ, სიკვდილი ზურგის პატარა ჭრილობიდან დაიბადა. ის მარცხენა ბეჭთან ზუსტად იმ ადგილას არის, სადაც გულია. ვიღაცამ ზუსტად იცოდა სად უნდა დაერტყა დანა! ეს დანა ვიწროპირიანი და ძალიან ბასრია, რომ მისი ჭრილობა გველის ნაკბენივითაა. ექიმის იარაღებს რომ ვალაგებდი სწორედ ასეთი დანა დავინახე. მუცლის ჭრილობები სხვანაირია, ზურგის ჭრილობა კი მამბას ნაკბენს ჰგავს და შეუმჩნეველია.  ალ დარი მამბა-დანით მოკლეს! სოფელში ასეთი დანა მხოლოდ ამ ექიმს აქვს. - მშვიდად თქვა მოხუცმა სილიმ. 
 
        - რამე დაინახე სილი?! - ეჭვიანად მოუბრუნდა სილის მოხუცი.

        - არ მეძინა,  მაგრამ სამსხვერპლო ქვასთან რა მოხდა - არ დამინახავს. ჩემი ჰხაიმის წინ ვიჯექი და ამენოკალიას კარავი მეფარებოდა, მაგრამ  შევნიშნე როგორ შევიდა  იმგადი პალმების კორომში იმ მხარეს საითაც არაბებს ეძინათ. ეგ უცხოელი ექიმი ჯერ თავის ბარგში ეძებდა რაღაცას, იპოვა და ჯიბეში ჩაიდო, მერე ყარაულს ანიშნა რომ გავლა უნდოდა. ყარაულმა ნება დართო და ისიც პალმებს შეერია. უკან მალევე მობრუნდა და ისევ დაჩოქილ აქლემთან დაწვა. ის ალბათ ზურგიდან შეუმჩნევლად მიეპარა დაჭრილ ალ დარს და ბეჭთან დასცა დანა.
     
        დაჭრილი  მოულოდნელად ხმამაღლა  აკვნესდა. ინესელმენმა მასთან ჩაიჩოქა და რაღაც ჩურჩულით კითხა, ისიც კარგა ხანს პასუხობდა მოხუცს, მაგრამ მე მხოლოდ ორი სიტყვა გავიგე  "ამენოკალია, ...მამბა." შემდეგ აკანკალდა, ღრმად ამოისუნთქა  და თავი გვერდზე გადაუვარდა.  ინესელმენმა ღიად დარჩენილი თვალები მდუმარედ დაუხუჭა. 

დაჩოქილმა ქალმა სახეში ხელები წაიშინა და ხმამაღლა ატირდა. 

      -მას თქვენთვის არაფრის თქმა აღარ შეუძლია,  მაგრამ მე რაც მითხრა  საკმარისია და ყველაფერი ნათელია, ალლაჰმა მიიბაროს მისი სული. დედამისი დაამშვიდეთ და ყველამ თავი შეიყაროს ! - ხმამაღლა დაიძახა მოხუცმა ინესლემენმა. 
       
        -  ამ ტომის კეთილშობილებმა, იმგადებმა, იკლანებმა და ინდენმენებმა, შეფარებულმა არაბებმა და ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე! ალ დარმა  მითხრა, რომ პალმასთან მჯდომარეს მარცხენა ბეჭზე მამბამ  უკბინა !  მაგრამ ეს არ იყო ასპიტის კბილები.  ალ დარს  მიეპარნენ  და ზურგიდან დანა გულში ჩაასეს!  ეს ვიწროპირიანი და ბასრი დანაა, რომელსაც ექიმები ოპერაციის გასაკეთებლად იყენებენ!

      -  ვინ დაჭრა ალ დარი?! - გაისმა უკმაყოფილო შეძახილი.
      -  იმგადს  ამენოკალიამ დაავალა ახჰალის ღამეს ტყვე თოკით დაეხრჩო!  ქალმა თავი დაიცვა და  ალ დარი დანით მოიგერია, მაგრამ ეს ჭრილობები სასიკვდილო არ იყო, უფრო მძიმედ დაჭრილებიც მოგვირჩენია ჩვენს ტომში! 
      -  გაუსინჯეთ ზურგი  ალ დარს, ის ამ დანით მოკლეს! ეს ამ ექიმის დანაა! ის არის მკვლელი ! - დაიყვირა მოხუცმა სილიმ, დანიანი ხელი მაღლა აწია და  ჰილალესკენ გაიშვირა.
      -  მე მაბრალებთ ამ იმოჰაგის სიკვდილს?! მე ხომ მის გადარჩენას ვცდილობდი! რატომ უნდა მომეკლა?!
      - იმიტომ რომ მკვლელობა ნილნასთვის დაგებრალებინა!  ამ თვალუწვდენელ უდაბნოში სოფელმა შეგიფარა, წყალი გაგიყო, ღამის გასათევი მოგცა, შენ კი თანატომელი მოუკალი!  შენი ბოროტების დასაფარავად  ერთი თვეა ამ ქალის მოკვლას ცდილობ! ახლა გინდოდა ტუარეგების ხელით გაგეწირა,  ექიმმა  - ურცხვად დამალე რომ იმგადი გულში იყო დაჭრილი და ვითომ მის გადარჩენასაც ეცადე! ხალხის ნდობა გჭირდებოდა, მაგრამ ტუარეგები ადვილად არ ტყუვდებიან, არაფერი გამოგივიდა პოლონელო! - ზიზღით მიაჩერდა  ალ კაბირი მილოშს.

        - მე არ დამივალებია ქალის დახრჩობა ! თუ მენდომებოდა ვინ დამიშლიდა მის მოკვლას?! - დაიყვირა ჰილალემ.
        - ადათი და წესი დაგიშლიდა ამენოკალია,  ტუარეგები ქალებს არ კლავენ !  შენი იმგადი მკვლელად აქციე და უსამართლოდ მოექეცი ტყვეს! თავი იმართლე, თორემ ამიერიდან ვეღარ გენდობით!  - მძიმე ხმით უპასუხა ინესლემენმა.
        ეჭვით შეპყრობილი ხალხი ისევ დუმდა...
 
        - სიმართლე მხოლოდ ალ დარმა იცის! რომ შეეძლოს იტყოდა რომ ის, ამ ქალმა მოკლა! - ჩაილაპარაკა შეშინებულმა ჰილალემ.
        - შეუძლია, როგორ არ შეუძლია! ახალვე, სულ რამოდენიმე წუთი  და თავად იტყვის ყველაფერს!  ამენოკალია მართალია,ამ უცხოელმა ქალმა მოკლა!  მე თავად დავინახე როგორ მოიქნია რამოდენიმეჯერ დანა! მე არაფერ შუაში ვარ!- წამოიყვირა არანაკლებ შეშინებულმა მილოშმა და მტრულად მომზირალ ხალხს  დააცქერდა. მიმოიხედა, მაგრამ არაბები განზე გამდგარიყვნენ.  პოლონელმა სწრაფად დაიჩოქა,  უბიდან რაღაც დახვეული ამოიღო,  ხელით გაასწორა და  დააცქერდა.
   
        ისე ვუცქერდი მომხდარს, თითქოს არაფერი მეხებოდა. მხოლოდ იმ ადგილს მივჩერებოდი, სადაც დაჭრილი იწვა.  მის მკერდზე  უხილავმა და ნელმა ნიავმა გადაიარა, გულმკერდიდან ნისლის პაწია, ოდნავ მანათობელი ფთილა  ამოვიდა  და მის თავთან დაეკიდა.   

დაჩოქილმა პოლონელმა რწევა დაიწყო და ხმადაბლა, ჩუმად და  გაუგებრად აჩურჩულდა.
ჩურჩულიდან ხორხისმიერი მკვეთრი ბგერების ჟღერადობა გამოიკვეთა. ჟღერადობამ  ნელნელა თანდათან იმატა...
ის ძველ ეგვიპტურ ენაზე ლაპარაკობდა.  ხელში მთლიანად გაყვითლებული ნაპირებშემოცრეცილი პაპირუსი ეჭირა  და საკრალურ სიტყვებს ზედიზედ  მკაფიოდ, გაბმულად და მიყოლებით კითხულობდა.

        ჟღერადობა უფრო გაძლიერდა.  ბგერები ერთმანეთში არივნენ და ისე აიზილნენ, თითქოს ადამიანი კი არ ლაპარაკობდა, არამედ უხილავი სიმი ირხეოდა და ათასობით საოცარ ბგერას  ერთდროული ხმიერებით  გამოსცემდა.  ჰაერმა ცოცხალივით დაიწყო რხევა, თითოეულ ახალ ბგერაზე  უფრო და უფრო იკუმშებოდა  და ტყვიასავით მძიმდებოდა.
სუნთქვა თითქმის შეუძლებელი გახდა. 

      გვამის გარშემო  ჰაერი ხელშესახებად დამკვრივდა, ელიფსზე გაიწელა, სხეულს გადაეკრა  და  ცისკენ მიმავალი  გზა გადაუკეტა მოცისფრო ნათებას.  ფთილამ  ნელნელა  დაბლა დაწევა დაიწყო და  ისევ გულმკერდზე  დაეშვა.  ბგერები უფრო ახმიანდნენ და უცნაური სიხშირე შეიძინეს.  აუტანელმა ტკივილმა ტვინში  ელვასავით დამიარა,  ყურებიდან  თბილი, ბლანტი სითხე  წანწკარით ჩამომეღვარა ყელზე. ხალხიც, ზოგი ყურებზე იჭერდა ხელს, ზოგი მიწაზე  თავზე ხელებშემოჭდობილი დამხობილიყო.  ყურებიდან ყველას სისხლი სდიოდა. 

მილოშმა  მუშტი მოიქნია და გულზე მძლავრად დაარტყა დაჭრილს. ფთილა მიცვალებულის მკერდში გაქრა. პოლონელი  ხორხისმიერი ბგერებით ლაპარაკს აგრძელებდა,  ჰაერის უცნაური რხევა ისევ  გრძელდებოდა, მაგრამ ბეგრები ნელნელა მშვიდდებოდნენ. ჰაერი, სიმკვრივით შეძენილ სხეულს კარგავდა და ცოცხალივით ლიცლიცებდა.  მილოშმა ჯერ ხმას დაუწია, შემდეგ ჩურჩულზე გადავიდა და ბოლოს ლაპარაკი  საერთოდ შეწყვიტა.  არეული ბგერები დამუნჯდნენ, მაგრამ გარემო  ისე უცნაურად გაქვავდა, თითქოს  მთლიანად მოკვდა.

          გვამმა თვალი გაახილა და უცნაურად აყვირდა. ის წყვეტილად,  ყვირილ-ყვირილით ისროდა ჩემთვის სრულიად გაუგებარ ფრაზებს, რომლებიც ძალიან ჰგავდა მილოშის წაკითხულ სიტყვებს. შემდეგ თავის ენაზე ალაპარკდა.  ქალების სახეებზე ნელნელა შეძრწუნება და შიში იხატებოდა, მამაკაცების თვალებიდან რისხვა იღვრებოდა. მისი ყვირილიდან მე მხოლოდ ისევ ის ორი სიტყვა გავიგე " ამენოკალია... მამბა"... გვამი დადუმდა თვალები დახუჭა და გაქვავდა. მოცისფრო ნათებამ ისევ იელვა მისი მკერდიდან და ციურ გზას დაადგა.

        გვამთან ჩაჩოქილი კაცი წამოხტა, იქვე მდგომ ტუარეგს ეცა, თოფი ხელიდან გამოგლიჯა და  ჰილალეს დაუმიზნებლად ესროლა. თოფმა მეხივით იჭექა და ამენოკალიას მხრიდან  სისხლმა იფეთქა. ალ კაბირმა გულშეღონებულ ქალს ხელი შეაშველა და მიწაზე ფრთხილად დაწვინა.

          ტუარეგები გონს მოეგნენ,  მკვლელს თოფი ხელიდან გამოგლიჯეს, მიწაზე დააგდეს და კონდახებით დაუწყეს ცემა.  დაჭრილის დედა  წამოფრინდა  და  ვეფხვივით ეცა იმ თანასოფლელს, დასისხლიანებულ თავში  რომ უმიზნებდა იარაღს  მიწაზე წაქცეულ კაცს,  თოფი ხელიდან გამოგლიჯა და კონდახი პირდაპირ სახეში ახალა.  ტუარეგი მიწაზე გაიშხლართა, მაგრამ წამში ფეხზე წამოხტა და ქალი თმებით აითრია. მობრუნებულმა ალ კაბირმა  გაშლილი ხელი პირდაპირ ყბაში დაარტყა ტუარეგს, მსხვერპლი ხელიდან გამოგლიჯა, იქვე მდგომ  ქალებს ხელში შეატოვა,  დავარდნილი თოფი აიტაცა და პირდაპირ იმ ჯგუფის თავზე გაისროლა, ფეხით რომ თელავდნენ  სისხლიან ქვიშაში აზელილ სხეულს.  გაგიჟებული ქალი თანასოფლელებს  ხელიდან გაუსხლტა  და  მოღერებული ხანჯლით პირდაპირ ჰილალესკენ გაექანა მაგრამ ადრარმა ხელი სტაცა და დანა დააგდებინა. ქალი უმწეოდ დავარდა მუხლებზე და აქვითინდა.
       
      სოფელში საშინელი არეულობა დაიწყო.

        ჩემი გონებაში მხოლოდ ერთი აზრიღა ტრიალებდა:
- მკვლელი არ ვარ, მე არ მომიკლავს!.. -  ჩემი გონებამ  რეალობაში დაიწყო დაბრუნება. იმ უცნაური გარინდებიდან სწრაფად გამოვდიოდი. ლოდის ქვეშ დამალული დანა გამახსენდა, ძლივს გამოვაძრე, თოკები გადავჭერი და  რაც ძალი და ღონე მქონდა პალმის კორომისკენ გავიქეცი. ამდენი ხნის ნაშიმშილარს, უძილოს და წუხანდელი უბედურებით გათანგულს, - ძლივს მეყო სული რომ პალმებამდე მიმეღწია.  ქარაფიდან სროლა მოისმა,  მაგრამ ტყვიები  ამცდა და პალმების თმიან ტანებში ჩაიჭედა.  ხეებს ვეფარებოდი და  ხალხის აზელილ ბრბოში თვალით ამაოდ ვეძებდი ბედუინს.  წამით რაღაცამ  თვალისმომჭრელად მკვეთრად გაიბრწყინა.  უნებლიედ მივაჩერდი მბრწყინავ წერტილს. მილოშს ხელში თავისი  ვერცხლისფერი მაყუჩიანი პისტოლეტი ეჭირა და  მიზანში ვიღაცის ამოღებას ცდილობდა.  მის მოძრაობას მზერა გავაყოლე და დავინახე როგორ ცდილობდა ბედუინი  სისხლიან-ქვიშიანი  უფრომო მორგვის  გადარეული ბრბოსთვის გამოგლეჯას.

        დანას ანგარიშმიუცემლად ვტაცე  ხელი.
      „შორ მანძილზე სროლისათვის ზედგამოჭრილია!“ - გამახსენდა ბედუნის სიტყვები.

    - რომ ვერ მოვარტყა მოკლავს, ნამდვილად მოკლავს! მაგრამ მე ხომ დანა არასოდეს მისვრია?! უნდა მოვარტყა,  უნდა დავჭრა მაინც... მაგრამ როგორ?! - უმწეოდ  დავაცქერდი ჩემს ხელისგულზე მოლაპლაპე რკინის ნაჭერს.
        იმისი შიში რომ ამას ვერ მოვახერხებდი ზაფრიანი ელვასავით მივლიდა. 

    - არა, ეს არ უნდა დავუშვა! თორემ ორივეს მოგვკლავენ!
      დანა ხელში მოვსინჯე,  წარმოვიდგინე  გასროლილი დანის დაახლოებითი ტრაექტორია, ჩავიჩოქე და მანძილი თვალით გავზომე...

      - დანამ ათიოდე მეტრი უნდა იფრინოს... არანაკლებ ათგრადუსიანი კუთხით უნდა დაეშვას.  ესე იგი, მას მაქსიმალური  ენერგია  უნდა მივანიჭო და ორმოცდახუთგრადუსიანი კუთხით უნდა ვისროლო... როგორ,  როგორ მოვახერხო?!... 

      -  ეს ხომ მეშვიდე კლასის ფიზიკაა! ნიუტონის კანონები! - - კინეტიკური ენერგია და  მბრუნავი მყარი სხეულის დინამიკა!    ეინშტეინის ფორმულა, როგორ იყო ? ჰო... მასის წარმოებულის ნახევარი  - სიჩქარის კვადრატზე!  ნახევარი იმიტომ რომ ძალის ქმედება ტოლია უკუძალის...  ენერგია რომელსაც დანას გადავცემ -  მიზანთან შეხებისას  განახევრდება.  გამოდის, - დანას  გასროლისას  მინიჭებული სიჩქარის შესანარჩუნებლად, - ორმაგი სიჩქარე უნდა შევძინო...ერთი ჩემს მიერ მინიჭებული, მეორე კი ბრუნვის ცენტრისკენული... გაფრენილმა დანამ  საკუთარი სიმძიმის ცენტრის გარშემო ორი ბრუნი მაინც  უნდა გააკეთოს სანამ მიზნამდე მივა.  ორივე სიჩქარის ვექტორის ერთმანეთზე დამთხვევა  და დანის წარმოსახვითი ღერძი - მიზნის პერპენდიკულარული იქნება,  - ეს უკვე მაქსიმალური კინეტიკური ენერგიაა!  -  ჩემი გონება ელვის სისწრაფით ამუშავდა.დანა სამასი გრამი იქნება, ჩემი წონა კი ახლა ათი კილოთი ნაკლები! დანის  სიმძიმის ცენტრი უნდა ვიპოვო,  მძიმე ნაწილით  წინ  უნდა ვისროლო!  იმპულსს უკან გადადგმული მარჯვენა ფეხის ბიძგი მომცემს.  მეტი აჩქარებისთვის ნახევარბრუნი უნდა მოვხაზო სხეულით.  ანუ თითქმის ისეთივე მოძრაობა უნდა გავაკეთო,  ბეისბოლის ბურთს რომ ისვრიან, ოღონდ მაჯა არ უნდა შევარხიო რომ დანამ სწორი მიმართულება შეინარჩუნოს! 

      - უნდა გამომივიდეს, პირველივე ცდაზე უნდა გამომივიდეს! თუ არა და მოკლავს!  მონადირეები ?!  ახალნაყარი პალმები უნდა ვიფარო და  მიზანში ვერ ამომიღებენ! 

        მილოშმა მხარი იცვალა, პისტოლეტი მარცხენა ხელში მოიქცია და მკლავი გაშალა მისკენ ზურგშექცეული ბედუინის მიზანში ამოსაღებად. დაყოვნებაზე აღარც მიფიქირია,  მილოშს თვალს არ ვაცილებდი, დანის სიმძიმის ცენტრი სწრაფად ვიპოვე, საჩვენებელი თითი  ბასრი პირის მხარეზე გრძივად დავადე და ბოლო ორი თითით მსუბუქად დავიკავე,  მაჯა გავამაგრე,  მარჯვენა ფეხით უკან გავაბიჯე, ხელი  თავს უკან გადავწიე,  ფეხით მიწას ვუბიძგე, ნახევარბრუნზე მკლავი მოწყვეტით მოვიქნიე და როგორც კი დანა პოლონელს  გაუსწორდა - ხელი გავშალე... 

        დანა გაფრინდა,  ჰაერში ორი სრული ბრუნი გააკეთა  და  მარცხენა მხარში ტარამდე ჩაესო მილოშს.  პოლონელმა ტკივილისგან დაიყვირა,  ხელიდან პისტოლეტი გაუვარდა და მეორე ხელი მხარზე იტაცა.  ცხენს ზურგზე მოვექეცი და ფაფარში ჩავეჭიდე.

        ბედუინმა წამით პოლონელს გახედა, ბრბოსგან გამოგლეჯილი დასისხლიანებული სხეული,  დაჭრილის მახლობლად დააწვინა,  მადლობა და გაქცევა ერთად მანიშნა და  ცხენს  უხმო.

      თავგამეტებით გაქანებულ რაშს შეშინებულმა ხალხმა ინსტიქტურად უგანა და გზა მისცა.  ცხენი ალ კაბირსა და ტუარეგებს შორის ყალყზე შედგა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ უბელო ცხენზე თავი ვერ შევიმაგრე და მთელი სიმძიმით დავასკდი მიწას. 
      ბედუინი  უკანა ფეხებზე შემდგარ ცხენს ზურგიდან მოექცა,  ორიოდე  ნახტომით ზედ აიფრინა და შეუძახა. წამში ჯადარის  ფლოქვები პირდაპირ ცხვირწინ დავინახე და ვიგრძენი ვიღაცამ როგორ ამიტაცა მიწიდან.   

      ქარაფიდან გაბმული სროლა გაისმა და  ტყვიებმა  ცხენის ფლოქვებით  ამტვერილი ქვიშა  ჩვენს გარშემო მოქექეს... 

ცხენი გრიგალივით გაფრინდა ჩრდილოეთისკენ.  მისი ჭენებით აყრილი მტვერი სვეტებად აიშალა და მთლიანად დაგვფარა.

    - არ გაუშვათ, ცოცხლები დაიჭირეთ! - ძალიან შორიდან  მომესმა ჰილალეს ხმა.

სოფლის გასასვლელში ტუარეგებმა ალყა შეკვრა დაიწყეს,  ჯადარმა სისწრაფეს უმატა, მოალყე იმოჰაგებმა ხალხს  უხმეს.  ორი კაცი გადმოხტა,  გაქანებულ ბედაურს არ შეეპუენ და წინ გადადგომა სცადეს. ცხენმა ორივე შეუჩერებლად გადათქერა, თვალი შევასწარი რომ მესამემ თოფი იმარჯვა და ცხენის მიზანში ამოსაღებად  ჩაიჩოქა. ალ კაბირმა ხელი  მიშვა და მხოლოდ ის  დავინახე როგორ დაესო არაბული ხანჯალი მომხდურს მკლავზე. ცხენმა  ხმამაღლა დაიჭიხვინა და  მოგებებულ ხალხს თავზე ერთი ნახტომით გადაევლო.
   
ცხენის წინ გადადგომა ვეღარავინ გაბედა. ალყა გაირღვა და გზა გაიხსნა. 

ტუარეგებმა გამოდევნება გადაწყვიტეს და აქლემებისკენ გაქანდნენ.   
კუდაპრეხილი ჯადარი საოცარი სისწრაფით მიქროდა. სროლის ხმა კვალდაკვალ მოგვდევდა,  მაგრამ ცხენი თითქოს ერთი ნაბიჯით უსწრებდა ტყვიას,  ცოტაც და ტყვიაც კი ვეღარ დაგვეწეოდა...

        მოულოდნელად არემარე ისე  მძლავრად შეაზანზარდა, რომ სამხრეთის ქარაფი მთლიანად ჩამოიქცა  და საშინელი ხმაურით დაენარცხა მიწას. მტვერი, ბუქის კვამლი და ხმაური ვეებერთელა ტალღად დაიძრა და თავის გზაზე ყველაფერი წალეკა. მიწა ზედიზედ რამოდენიმეჯერ იძრა და  გრიალით გასკდა.  წამში, ჩვენს მარცხნივ  ეებერთელა  სიღრმის ხრამმა დააღო უშველებელი ხახა.  მთელი სოფელი და ჩვენ  ხრამის მარჯვნივ აღმოვჩნდით. მარცხნივ მხოლოდ პალმის კორომიღა დარჩა.  გუგუნი უფრო და უფრო მატულობდა და  სწრაფად გვიახლოვდებოდა.

        ალ კაბირმა ცხენი მოაბრუნა  და  დიდ  წრეზე ჯირითით მიუშვა.  მივხვდი რომ ხრამზე გადახტომისთვის ემზადებოდა და  თვალები დავხუჭე.  ჯადარმა სისწრაფეს უმატა.

    - ხელი მომეცი და მაგრად ჩამეჭიდე, სწრაფად ! - ყურში ჩამძახა ბედუინმა და მაჯაზე მარწუხივით შემომეჭდო ღონიერი ხელი.  მეც ორივე ხელით  მთელი ძალით მოვეჭიდე მის მაჯას. ბედუინმა  ცხენის კისერს მომგლიჯა  და  ჰაერში მთელი ძალით გამიქნია.  მაჯას ჩაჭიდებულმა ჰაერში სხეულით მთელი წრე მოვხაზე და  ის იყო მის თვალებს დავუბრუნდი, რომ ხელი მიშვა, მისი მაჯა  ხელებიდან გამისხლტა და ყოველგვარი საყრდენის გარეშე ჰაერში აღმოვჩნდი, თვალი ვკიდე როგორ უბიძგა ჯადარმა  უკანა ფეხებით ხრამის კიდეს და როგორ აიწია ჰაერში... ჩემს ქვეშ საზარელ უფსკრულს ვკიდე თვალი,  მას ფსკერი არ უჩანდა... უკან შეშინებული ტუარეგების ყვირილი მესმოდა, თვალდახუჭული ვგრძნობდი როგორ მივაპობდი    ჰაერს, ვარდნა დავიწყე თუ არა  კივილი  აღმომხდა და  გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი  რომ  ჰაერში ამოვბრუნდი, მიწას დავენარცხე, რამოდენიმეჯერ გადავგორდი და აბზინდას ბუჩქებში გავიხლართე. 
 
      - ნილნა, ნილნა! - ჩამესმა ბედუინის ხმა. თვალი გავახილე.
      - ხრამში მაგდებდი ?!
      - გაბუტვის დრო არ არის !... -  ალ კაბირმა წელზე ხელი მომხვია და ცხენზე შემაგდო. 

ტირილი მომინდა, ამ ორ დღეში თავსდატეხილი უბედურება მინდოდა გულიანად გამომეტირებინა. ჩუმად ვყლაპავდი ცრემლებს. ბედუინს რა თქმა უნდა ესმოდა ჩემი სლუკუნი, მაგრამ უკან ერთხელაც არ მოუხედავს.  ის ისევ ძველი ალ კაბირი იყო.  ჩუმი, მკაცრი, უთქმელი,  მეფესავით ზვიადი და დიდებული. იმ წუთას დავიჯერე, რომ ლოდის ჩრდილში გაგონილი, - მხოლოდ სიზმარი იყო და სინამდვილეში არც მომხდარა.

არსაიდან მოვარდნილი  ქარი თავაწყვეტილად ათარეშდა. ცაზე წამში მოიყარეს თავი ტყვიისფერმა ღრუბლებმა და  ღამესავით ჩამობნელდა. თეთრი ელვა ქვიშასთან ახლოს გაიკლაკნა და წამით დამაბრმავა, ისე მძლავრად იჭექა, თითქოს  დიდმა ანუბისმა თავისი კვერთხი ახალა მიწას.  თავსხმა წვიმამ ღონივრად  დაუშინა და  უკან მოტოვებული ნაპრალი  ისე უშნოდ აბოლდა, თითქოს ჯოჯოხეთის მთელი ცეცხლი ერთბაშად ჩააქრეს. წვიმდა და მტვრის სვეტები  მაინც ცას სწვდებოდა... 

ბედუინმა  ცხენი პალმის კორომისკენ მიაბრუნა.
    - უკან ვბრუნდებით ? აქედან არ მივდივართ? - ვიკითხე შეშინებულმა.
    - იქ წყლის მცირე მარაგი დავტოვე, დაგვჭირდება!

        ბედუინმა სწრფად იპოვა თავისი  აბგა. ორიოდე მუჭა მწიფე, წვნიანი, ცერისხელა  შავი ფინიკი აბგაში ჩაყარა. მეც  ხარბად შევაჩერდი პალმის კენწეროზე მწიფე ფინიკებს. ქარი ისე ხრიდა პალმებს რომ ხელითაც ადვილად შევწვდებოდი, მაგრამ  სიბნელეშიც კი შევნიშნე როგორ მოსრიალებდა პალმიდან  მამბა.  ალ კაბირს  ასპიტზე ვანიშნე.  მან კი ხელით მიწისკენ მანიშნა. უამრავი მცურავი და მცოცავი მოფენოდა ქვიშას, ყველას ჩრდილოეთისკენ ჰქონდა გეზი. ბედუინმა აბგა ჯადარს კისერზე ჩამოკიდა,  სახეზე იჰრამი მოიხვია და  ცხენზე  შესაჯდომად მოემზადა. მე ჯადარის კისერს მივეკარი და ფაფარზე მოვეჭიდე. 
 
        მოულოდნელად დაწყებული წვიმა მოულოდნელადვე შეწყდა. გუგუნმა იმატა. სამხრეთის ქარი გაძლიერდა. წყლის წვეთებით გაჯერებულ,  ჰაერში თვალუწვდენელ სიმაღლეზე ავარდნილ მტვრის სვეტს მზე  მთლიანად დაეფარა.  სოფელში  საშინელი ქაოსი გამეფდა.  წივილ-კივილს ბავშვების ტირილი ერთვოდა. ხალხის ნაწილი  კარვებს შლიდა,  ზოგი აქლემებზე სხდებოდა,  ნაწილს თხის ჯოგი  უკვე  ჩრდილოეთისკენ  გაერეკა. არაბები აქლემებზე ამხედრებულიყვნენ. მხარდასისხლიანებული ჰილალე მილოშთან ერთად იდგა და მოკლე ბრძანებებს იძლეოდა.
მხოლოდ ერთი ადამიანს არ ეჩქარებოდა არსად.  მოხუც სილის სახეზე ბედნიერი ღიმილი ეფინა და შორეთს ნათელი მზერით გასცქეროდა.

      ბედუინმა ცხენი შემოაბრუნა და ნაბიჯით დაძრა. ის ყურადღებით აკვირდებოდა მიწას. ცხენი ფრთხილად მოძრაობდა, ცდილობდა  მცურავისთვის ფეხი არ დაედგა, მაგრამ გველები ყურადღებას არ გვაქცევდნენ, სწრაფად მისრიალებდნენ  და ამ ადგილის დატოვებას ჩქარობდნენ. 
   
      როგორც კი პალმის კორომიდან გავედით, ალ კაბირმა ცხენი გააჩერა და რაღაცას ყური მიუგდო. ქარი ზურგში გვიბერავდა. რატომღაც გარდაუვალი უბედურების მოლოდინმა შემიპყრო.  უკან მოვიხედე, ბედუინს თვალები მოეჭუტა და უსასრულობას ისე შესცქეროდა, თითქოს რაღაცას უსმენდა. რატომღაც ადამიანად ვეღარ აღვიქვი და ძალიან, ძალიან შევშინდი.

      - ალ კაბირ ! - ჩემმა სიტყვებმა ის „საიდანღაც“ დააბრუნა, თვალი გამისწორა და თქვა:
    - საჩქაროდ უნდა გავეცალოთ აქაურობას!  - მან სასწრაფოდ გაიძრო ხალათი და შუაზე გახია.
    - თავს და სახეს შეგიხვევ, მეორე ნახევარი სხეულზე მოგახვევ მზემ რომ არ დაგწვას.. 

ბედუინმა ყურადღებით შეამოწმა  ჩემი ბურნუსის კვანძი, დარწმუნდა რომ ქარი თავიდან ვერ მომგლეჯდა და  ცხენი დაძრა. ერთხელ კიდევ მოვიხედე სოფლისკენ და  რატომღაც სოდომი და გომორა გამახსენდა ... 
 
ცხენი თანაბრი ჭენებით დაუღალავად მიქროდა. თითქოს ისიც გრძნოდა რომ რაღაცისთვის თავი უნდა გაერიდებინა.
      ცოტა ხანში  უკვე საჰარაში ვიყავით,  ერთ საათში მიწისქვეშა მდინარის ფონი მსუბუქი ნახტომით უკან მოვიტოვეთ.
ალ კაბირმა ცხენი დასავლეთისკენ შეაბრუნა და აღვირი მიუშვა. უკვე სამშვიდობოს გასულებს ტუარეგების შიში ჯერჯერობით მაინც, - აღარ უნდა გვქონოდა. მათ ახლა ჩვენთვის არ ეცალათ, მაგრამ მოუსვენრობა შემომენთო.  ვერ ვხვდებოდი რატომ მქონდა რაღაც საშინელის მოლოდინი, რას უსმენდა ბედუინი ასე ყურადღებით ან რატომ  ვერ აღვიქვი ადამიანად,  -  როცა მომეჩვენა  რომ „სადღაც“ იყო. 

      ისევ ამეკვიატა აზრი რომ  ეს კაცი, ჩემი გონებისთვის სრულიად მიუწვდომელი იდუმალებით იყო სავსე.

      ქარი ჯერ კიდევ მძლავრად უბერავდა, მაგრამ  ქვიშის მტვერი მზის სინათლეს ვეღარ ფარავდა.  უდაბნოსფერი ყვითლით დაფერილი ქვიშის დიუნები ისევ უცვლელად, უწყვეტ მარადიულ ჯაჭვად მისდევდნენ ჰორიზონტს.

      უკან მოვიხედე. მინდოდა ბედუინისთვის შემეხედა და დავრწმუნებულიყავი რომ ნამდვილად ადამიანი იყო.
   
      სითბოთი სავსე მწვანე თვალები მშვიდად მიცქერდნენ. 
   
      ჩვენს ისევ ერთად ვადექით გზას, ისევ უკან გვქონდა მოტოვებული ხიფათი და ისევ ვიბრძოდით გადარჩენისთვის.
   
      მე ისევ მქონდა  წყალი და იმედი... და  კიდევ რაღაც, ცოტა უფრო მეტი. 

                                                                                            (იხილე როგორ გაგრძელდა)
-------------------------------------------------------------------------------------------------------
*იაჰხუუკ - წითელი კორუნდი. ქართულად -ლალის კრისტალი.
** ინესლემენ - ტუარეგების სასულიერო პირი.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები