ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2013


თავისებურად

მაისი იყო...
არ უჩანდა მიწას ნაშრობი
ყინვის და თითქოს თავისთავად მორჩა ზამთარი.
ხეები იდგნენ...
ცად აწვდილი, ფესვებ გამთბარი
და იდგა ნაძვი ტანდაბალი, ახლად ნაშობი.

მიკვირდა სწორედ მის ტოტზე რომ იჯდა ბეღურა,
ჰგავდა ის ნაძვი ჩემს სამშობლოს თავისებურად...


ატმები თოვდა...
და მზის სხივი ჰაერს კვალავდა.
ჯებირს ანგრევდა აზვირთებულ ტალღად მდინარე.
ბორგავდა მუხა...
უწინ სუსხში უტყვად მძინარე
და პატარა ნაძვს თვალუწვდენელ ჩრდილში მალავდა.

სხვა ბევრი იდგა ხე მაღალი: მედგრად, მეფურად.
ნაძვი კი ჰგავდა ჩემს სამშობლოს თავისებურად.


მიჰქროდა დღენი...
და მიჰქონდა იასამანი.
გავიდა ასე გაზაფხული, ზაფხულიც მერე.
ჰგავდნენ ჭადრები,
შემოდგომით, განდეგილ ბერებს.
ნაძვი კი თითქოს მოკვეთილი იყო სამანით.

როს ნოემბრემა ყველაფერი შავით შებურა,
მოჰგავდა ნაძვი ჩემს სამშობლოს თავისებურად.


მერე კვლავ ყინვა...
ხან ცხოვრება დაუჯენს  რა ძვირს
დიდებას ვისაც ყოველივე ჰქონდა მდიდრული
იდგნენ ხეები...
გაძარცვული, თავჩაქინდრული
და იდგა ნაძვი, მარადმწვანე, უჭკნობი ნაძვი!

იანვრის ბაღებს თოვლისფერი ნისლი ებურა
და ჰგავდა ნაძვი საქართველოს თავისებურად!


                                                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები