ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2013


  ჩამოტვირთვა

სველია ქუჩა

    კითხულობს: ბაჩო ზაქაიძე

სველია ქუჩა...
თითქოს ზეცაც ახლოა რადგან
წვიმის დერეფნებს ავუყვები ფანჯრიდან მზერით.
ნუ ხუჭავ თვალებს,
ნუ მოითხოვ სიბრმავეს მათგან,
რა ამოიყვანს მერე ნეტავ
– ამოვა მზე რით?!

ახლოა ზეცა...
თითქოს თავზე მეხურება და
იქნება მორჩეს
ეს წვიმებიც ადრე თუ გვიან.
ახლა კი ვსხედვართ ჩამწკრივებულ ბეღურებივით
და ველოდებით ვის მოხვდება პირველი ტყვია...

შენ არ იყავი ახლოს ჩემთან
–  ალბათ მეც არა.
მაინც ვეძებდით ერთმანეთში მართალს და მტყუანს.
ღმერთს ნეკნის ნაცვლად სულაც გული ამოეცალა
რა სათქმელია –
– არც მაგაზე ვიტყოდი უარს.

სველია ქუჩა...
გაზაფხულიც თითქოს მიტოპავს...
ახლოა ზეცა...
არ გამიშვა... მომეცი ხელი....
მე ავაშენებ იასამნის ხისგან კიდობანს
თუ წამომყვები...
მერე რა რომ ქუჩაა სველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები