ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
13 მაისი, 2013


მ ე და ა ნ ა

 

                    დედა

        მე და ანა ხელჩაკიდებული ვტრიალებთ,დიდი მინდვრის გვირილებით და ყოჩივარდებით მოჩითულ მინდორში,ვტრიალებთ მანამ,სანამ თავბრუ არ დაგვეხვევა.მერე უეცრად ჩნდება ქალი,მთლად თეთრებში ჩაცმული.ჯერ ანას ჩაისვამს კალთაში და დიდხანს ეფერება,შემდეგ მე გადამისვამს თავზე ხელს,მომეფერება,გულში ჩამიკრავს  და ისევ მიდის,შორს,თვალს მიეფარება და უსასრულობაში ქრება.მას იმ ქალის  სახე აქვს,  ჩვენთან კედელზე რომ სურათია და ტკბილი,ძალიან ტკბილი სუნი....

ბავშვობაში ამ შინაარსის სიზმარმა საშინლად გამაწამა.გამეღვიძებოდა და მთლად ოფლში ვცურავდი.მერე ხელს გადავყოფი იმ მხარეს,სადაც დედას ეძინა ხოლმე და სიცარიელეში მოვაფათურებდი.მერე მეორე მხარეს  გავაფათურებდი ხელს,მამისკენ,ისიც ხან ბორგავდა და ხანაც ,როცა არ ეძინა,დამამშვიდებდა,ნიკაო,მომეფერებოდა ...მე კი ბურანში მყოფს და სიზმრისგან დაღლილს,ისევ მალე დამეძინებოდა ხოლმე.                                                   



              ნიკა

მე და დედა ერთად ვარჩევდით სახელს.მას უნდოდა ანა დაგვერქმია,მე კიდევ ნინიკოს ვიჩემებდი...მერე,როცა ამაზე ლაპარაკი მოგვბეზრდებოდა,თმაზე ლამაზ ბაბთას გამიკეთებდა და მეფერებოდა.მანებივრებდა.გოგოსა და ბიჭი შვილის სიყვარულს ჩემზე ისრულებდა.სურათიც მაქვს გოგოსავით გრძელ  თმაში და ბანტით თავზე.მეორე სურათზე კი თავსაფარი მიკეთია...არადა ნანატრ გოგოს ველოდებოდით,მე დას,  ის კი შვილს.მას ანა უნდოდა დაერქმია.....                                                       


                  ანა

ჩემი და ანა ,  ახლა ჩვიდმეტი წლისაა.მე და ანა ერთად ვცხოვრობთ  ჩვენ სახლში,მარტოები.მე ვმუშაობ და თან ვსწავლობ.ანა სკოლას ამთავრებს და  ექიმი  უნდა გამოვიდეს...
ბინაში  გვაქვს სამი სკამი,ერთი მაგიდა და ერთი კარადა.კიდევ დედის სურათი გვაქვს....სამაგიეროდ გვაქვს სულ ნატვრის
ფიქრში გახვეული  გულები და ბედნიერები ვართ, რომ ისევ ერთად ვართ.
ხშირად დავდივართ ხოლმე ქუჩაში  ერთად და მე მიხარია,რომ ანა ჩემთანაა.                                                       


            ნიტა

იმ ღამით დედასთან მეძინა.დილით როცა გავიღვიძე,დედა აღარ დამხვდა,თუმცა საბანი და ბალიში ისევ თბილი იყო....სანამ ავტირდებოდი,ბებია შემოვიდა და მითხრა,დედა პატარა დაიკოს მოსაყვანად წავიდაო.გახარებულმა სათამაშოები მოვაგროვე და ოთახებში სირბილი დავიწყე ,თან გავყვიროდი,როცა მოვა ერთად ვითამაშებთ მეთქი.
დედის საბანი და ბალიში მეტად აღარ გამთბარა....ჩემი დაიკოც სახლში მხოლოდ ორი წლის მერე მოვიდა,ახალფეხადგმული. დედას ანა უნდოდა დაერქმია და მართლაც ანა დავარქვით.ნინო რომ მინდოდა დამერქმია ,მეტად არც გამხსენებია.

ანა ისეთი საყვარელი ბავშვი იყო...კულულა თმა და ლამაზი ცხვირი...სუნიც დედასნაირი ქონდა,მოტკბო.
მაშინვე ცხვირი აბზიკა და ნიტაო დამიძახა...მას მერე ნიტას მეძახის.                           

                                                     
            მამა

დედა ჩემს დაზე  მშობიარობას გადაყვა. ანა მამიდამ გაზარდა,მე კი მარიამ ბიცოლამ.მამამ ერთ დღეს ბებიასთან საუბარში რომ თქვა,ბევრი ვალი მაქვსო,მის მერე წავიდა და აღარ მინახავს.მე კარების უკან ვიდექი და ყველაფერი მესმოდა.მაშინ ვალი არ ვიცოდი რას ნიშნავდა,მაგრამ მივხვდი,რომ ის  როცა გაქვს,მაშინაა ცუდი.მანამდე კი მეგონა,თუ რაიმე გქონდა,კარგი იყო....
მარიამ ბიცოლას მოტკბო სუნი არ ქონდა,მაგრამ კარგი ქალი იყო.ყველაფერს მისრულებდა და მყიდულობდა,მაგრამ მე მაინც დედა,მამა და და მენატრებოდა და სულ ვტიროდი.თვალები მისივდებოდა და მერე ვერაფერს ვხედავდი...
ბებია დედაჩემის დარდმა გადაიტანა.  სიბერე გაუმწარდა და ჩვენთან დიდხანს ვეღარ დარჩა...შვილთან წავიდა...           


                  ბებია

ბებიას ერთადერთი შვილი ყავდა,  დედაჩემი.    მისი გარდაცვალება ძალიან განიცადა .ყოველთვის,როცა  დედას  ახსენებდა,თვალცრემლიანი იტყოდა:    მისთვის არ შეიძლებოდა ბავშვის გაჩენა,მაგრამ  გოგონა იმდენად უნდოდა, არ შეისმინაო....მეც გულუბრყვილოდ დავიჯერე,რომ რადგან ანას დაბადებას დედის გარდაცვალება მოყვა,ამაში ის იყო დამნაშავე...ერთხელ ბიცოლამ ანას სანახავად წამიყვანა,მე კი მას თმაში ვწვდი და მოვქაჩე,თან ვუყვიროდი,შენი ბრალია დედა რომ აღარ მყავს მეთქი...ანამ იტირა და ისლუკუნა...მე კი ვქაჩავდი და ვქაჩავდი....ამ საქციელს დღემდე ვნანობ და ბოდიში უკვე მერამდენედ  მოვუხადე ,აღარ მახსოვს. ბოლოს  გუშინ  მოვუხადე,თუმცა ეს ინცინდენტი ათი წლის წინ მოხდა.გუშინაც ისევე დიდსულოვნად მაპატია ,როგორც მაშინ.      ჩემი ნიტა ხარო, გადამეხვია    და    ცხვირზე  მაკოცა.
                         

      მარიამ ბიცოლა


“ მშობლიური“    მარიამი  ახლაც ძალიან მიყვარს.  მას  გრძნობების გამოხატვა არ ეხერხებოდა,ჩახუტებაც სხვანაირი იცოდა,  მაგრამ თბილი ქალი იყო...
ჩემზე    უფროსი ორი ვაჟი ყავდა...
როცა საყიდლებზე წაგვიყვანდა,  ყველაფერს ერთნაირებს გვყიდულობდა,რომ ტანსაცმელზე არ გვეჩხუბა.არა, ჩვენ მაინც
სულ ვჩხუბობდით,  თუმცა “დამნაშავე“  მუდამ ისინი გამოდიოდნენ  და დატუქსვითაც მხოლოდ მათ ტუქსავდა.  ხანდახან ლაშა-გიოს ჩუმად რომ ელაპაკებოდა  ,ობოლია,  არ დაიჩაგროსო,მე  ვბრაზობდი,რადგან  მნიშვნელობა არ მესმოდა და გულში ვამბობდი, ობლები    თუ კაია ეგენი არიან მეთქი.
ერთხელაც ,  ჩემი ზომის ფეხსაცმელი ვერ იშოვა...ადგა და  არც ლაშა-გიოს უყიდა. ნიკას ახლები არ ექნება და
არაფერი გიჭირთ,თქვენც ძველებით წადითო...

  ავად ვარ

    მაღალი სიცხე მაქვს....ფარდები და საწოლის გადასაფარებლები ყველაფერი ხორკლიანია....საჭმელს მაწოდებენ და  მლაშეა
ან მწარე....სიცხისგან ვიწვი. უცებ თეთრებში  ჩაცმული ქალი  სურათიდან გადმოდის და მეფერება,საწოლთან მიჯდება...შუბლზე ტილოს მადებს.მსიამოვნებს და ვიტრუნები...ტკბილი სუნი მახსენდება და ბორგვას ვიწყებ...
ბებია და მარიამი ორივე თავზე მადგას.  მდგომარეობიდან გამოვდივარ და გაფითრებული  მიყურებენ,ახლახანს დედას ვახსენებდი...               
           
             

                სვეტა

    სკოლას ვამთავრებდი,როცა გავიგე მამა „სხვა დედიკოსთან“ ცხოვრობდა,მას სვეტა ერქვა...მერე    მამამ  თავისთან წამიყვანა საცხოვრებლად.  ივლისი იდგა.მე უნივერსიტეტში გამოცდებს ვაბარებდი.დედინაცვალი კი  სოფელში წავიდა....ყოველ მესამე დღეს დამირეკავდა ხოლმე.  ოდნავ  სიხარულით გული ამიჩქარდებოდა,ვიფიქრებდი,ალბათ აინტერესებს რა მივიღე და იმიტომ რეკავს-თქო...ის კი მკითხავდა:
----ნიკა,ჩემი ყვავილები ხომ მორწყეო?!
ყვავილებს წყალს მართლაც ვუსხამდი,მაგრამ არა იმიტომ,რომ მას გავახარებდი...უზომოდ მიყვარს ყვავილები და მათ სილამაზეს ჩემ ცხოვრების მთავარ  ქალებს ვადარებ...  დედა--ენძელა ,  ანა--ია,  ბებია--მიხაკი,    მარიამი--ტიტა,   
სვეტა-კაქტუსი  ...             

  მათთან მხოლოდ სამი თვე გავძელი.             



        ანა და ნიკა

    სწორედ ამის მერე ვთქვი,უკვე სრულწლოვანი ვარ და ჩემი და ჩემთან ერთად  უნდა ცხოვრობდეს -მეთქი.მამიდა
დავითანხმე, ცოტა სახლი მოვაწესრიგე და გადმოვიყვანე.დილით სკოლაში წასვლისას საუზმეს ვუმზადებ და ბედნიერი
ვარ,მასზე რომ ვზრუნავ.
    ერთ დილას ანა აბაზანიდან გამოვიდა,დივანზე დამწუხრებული სახით დაჯდა და პირველად მითხრა, არა ნიტა,არამედ ნიკა. აი ასე მითხრა:
----ნიკა მე მგონი ვკვდებიო...
        გამაცია...
----რატომ რა ხდება მეთქი? ---გამიკვირდა...არაფერს უჩიოდა.
  ჩაძევით ბევრი ვერაფერი გავიგე,თუმცა ინტუიციით რაღაცას მივხვდი....
ამ ამბისთვის სრულიად მოუმზადებელი ვიყავით.არ ვიცოდი  გოგონას ამ დროს რა დახმარება დასჭირდებოდა...მერე დავფიქრდი და აფთიაქში გაიქეცი...ის უკვე გოგონა კი  არა,ნამდვილი ქალიშვილი იყო  ....
ჩემი ანა,რომლის დაბადებას ჩემთვის უსაყვარლესი  ადამიანი შეეწირა, იმდენად მიყვარს,თუ დაჭირდება,ჩემ სიცოცხლესაც
ვანაცვალებ....

ახლა მე და ანა ერთად ვცხოვრობთ,მე სტუდენტი ვარ და თან ვმუშაობ...ანა სკოლას ამთავრებს და უნდა ექიმი გამოვიდეს...გინეკოლოგი.

ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ქალია,მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ და ანას არაფერს ვეუბნები. არა,დასამალი კი არ მაქვს მასთან რამე...უბრალოდ,დარწმუნებული მინდა ვიყო,  რომ ის "ერთადერთია".....









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები