ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2015


ვალი


მარიამს ლილის პატარა ხელი ჩაუბღუჯავს და "ბავშვთა სამყარო"-ში ტანსაცმელს  ათვალიერებს.
მისი წილი ცა ჩამოქცეულია, მაგრამ  ცხოვრება თავისას ითხოვს. ბავშვს ზამთრის ტანსაცმელი ესაჭიროება, შარშანდელები აღარ არგია.
ლილი ბუთხუზა და საყვარელია. მაღლა შეკრულ თმაზე შავი ბაფთა უკეთია. კისერი სათამაშოების დახლისკენ მიუღრეცია და აღტაცებისგან თვალები უჟუჟუნებს. ერთი თოჯინა განსაკუთრებით იზიდავს. იქით ექაჩება მარიამს. ხელს მაგრად უჭერს, ისაა,  ყიდვა უნდა ითხოვოს და უცნობი ქალი უახლოვდებათ. ბავშვს თავზე ხელს უსვამს და მარიამს თანაგრძნობით, რბილად მიმართავს:

-რად უნდა, ქალბატონო, ბავშვს შავი ბაფთა. ისიც ეყოფა, თქვენ რომ ჩაძაძულს გხედავთ... რა ლამაზი ბავშვია... ქმარი დაგეღუპათ?
რა უხეშია ზოგი, ოღონდ ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოს და არ ერიდება ჭრილობა გაგიხსნას. ან მას რა რჯიდა, ყველაფერი რომ ჩაუკაკლა, ბავშვის გასაგონად, მაგრამ მაშინ, ეგოისტურად, საკუთარი მწუხარების იქეთ ვერაფერს ხედავდა.
- არა, მე გათხოვილი არ ვარ, დისშვილია ჩემი, მშობლები აღარ ჰყავს.

-ორთავე? უიმე საწყალი. -  ლოყაზე ხელს მსუბუქად იტყაპუნებს უცნობი. - ბებია-ბაბუა ხომ ყავს?
- არა.
ზუსტად აღარ ახსოვს, კიდევ რაზე ელაპარაკებოდა. ახსენდება, (აქ  გულში უსიამოვნო ხჩვლეტა იგრძნო) უეცრად, როგორ  აღგზნებულად აუელვარდა თვალები. მღელვარებისგან სახე აუჭრელდა და საკუთარი, უზრუნველყოფილი  ცხოვრების დეტალებზე დაიწყო საუბარი ..
მარიამი უგულისყუროდ უსმენს, ვერ ახალისებს სხვისი ბედნიერი ხცოვრების წვრილმანები. ერთი სული აქვს გაეცალოს.
ლილი კვლავ დახლებს შეჰყურებს.
უცებ ქალი თავს უყრის აბდა-უბდად დაწყებულ სათქმელს, მარიამს ყურთან მიუტანს პირს, ლილიმ რომ არ გაიგონოს და უჩურჩულებს:
- მე და ჩემი ქმარი ოცი წელია ერთადა ვართ. შვილი არა გვყავს. გვაშვილე ეს ბავშვი. ძალიან მომეწონა. პრინცესასავით ვაცხოვრებთ... - ხმაში მუდარა ერევა. -შენ გათხოვდები და შენი გეყოლება.
მარიამს სიბრაზის და ცრემლების გუნდა აწვება ყელში. ლილის მახვილ სმენასაც წვდება ეს“მაშვილე”. მარიამს ეკრობა. შიშისგან თვალებგაფართოებული აჰყურებს. ხელს მაგრად უჭერს. პაწია გული ამოვარდნაზე აქვს.  პასუხს ელოდება.
-რას კადრულობთ, ქალბატონო! - მკვახედ ისვრის და სწრაფად შორდება აჭარხლებულ ქალს. ლილის თოჯინა აღარ ახსოვს. ბედნიერი სახით მისდევს დეიდას და ცდილობს ნაბიჯი მის ნაბიჯს აუწყოს.


                                        ***
ტუჩები ლიმნის წვენით დაუსველეს.. ესიამოვნა. წამით მოწყდა გაცოცხლებულ წარსულს და თვალი გადაავლო ოთახში შეკრებილ მეზობლებს.
დღეს მოიყვანეს სახლში, საავადმყოფოდან და უკვე ბევრმა ინახულა. მოდიან და თანაგრძნობას “უბრუნებენ”.  ცხოვრება ხომ სესხი და ვალია. ვინც დღეს ვერ მოახერხა, ხვალ მოვა. კუთხეში არავის მსუბუქ თუ მძიმე ავადობას ჩაუვლია ისე, მას რომ არ მოენახულებინა, თავისი მოსაკითხით.
რადგან ხელ-ფეხი და ენა წაერთვა, ამათ ჰგონიათ არაფერი ესმის. გონება ისევ ძველებურად უჭრის. ესმის ერთერთი მნახველის უხეშად დასმული შეკითხვა: “ რაო, რა თქვა ექიმმა, იცოცხლებსო?”
ეს კი მარიამის გასაგონად იყო ნაპასუხევი:
-რას ქვია იცოცხლებს! ლოგინიდნაც ადგება და ცოტა საოჯახო საქმესაც შეიძლებსო.
ჰმ, მტერი ადგეს ისე. მას, - მარიამს ექიმის თქმა რაში სჭირდება, ან ახლობლების მოწადინება შეიყვანს შეცდომაში?! იმდენი სიკვდილი განუცდია, თითქოს ცხოვრებაში სხვა არც არაფერი უნახავს.
საკუთარ სიკვდილთან შეხვედრა სხვა ყოფილა, ათასგვარი ბნელი განცდების მომტანი, ოღონდ არა – შიშისა. საშიში რა არის. დაიკრებ ხელებს გულზე და არაფერს გრძნობ, არაფერი გტკივა და გადარდებს. სადაც სხვები, შენაც – იქ.
როცა თვალს ხუჭავს, წარსულშია. თვალს ახელს და ოთახში მისი გარდაცლილები დადიან. ნეტა მართლა აკითხავენ მომაკვდავს, თუ გონებაში ჩაბეჭდილი ისხამს ხორცს. ყველა, ვის სასიკვდილო აგონიასაც მის თვალწინ ჩაუვლია და ამ დროს ლაპარაკი შეეძლო, მიცვალებულთა აჩრდილებს ესაუბრებოდა. არა, სულაც არ არის სიკვდილი საშიში. როგორ ენატრებოდა, ყველანი, როგორ.
ხმას არა სცემენ. მოდიან, საწოლის შორიახლოს დგებიან და უღიმიან. უხარია მათი დანახვა,  მხოლოდ დედის ნახვა უქმნის უხერხულობას. ის ისევ ახალგაზრდაა, მასზე ოცდათხუტმეტი წლით უმცროსი. როცა იქნება ახლოსაც ხომ მოვა?! ნეტავი როგორ მოეფერება ორმოცდაორი წლის დედა სამოცდათვრამეტი წლის შვილს?
ნოდარიკოც აქ არის, მისი პატარა ძმა, ისევ ცხრა თვისაა, კარებთან ზის, იატაკზე და არაბავშვური, მწარე ღიმილით შესცქერის. აღარც ახსოვდა მისი სახე, საუკუნის წინ დაივიწყა. ის დაენახვა და მაშინვე განქარდა, სხვა, ცოცხალი კადრის ფონზე:

ზაფხულია, შუადღე. რა კოტხა სამზადია. სახლის გვერდით მდგარი პატარა “კუხნა”. როგორ უყვარდა მარიამს იგი. (კარგი ყოფილა სიკვდილი, თუკი იქ ყველას და ყველაფერს, იხილავს, მონატრებულს.)
თვითონ ათი წლისაა. სადილი აქვს გასაკეთებელი. ხუთი წლის ნაზის  ახალფეხადგმული გოგისთვის ყურის გდება ავალია. მარიამს - ორთავესი. ბუხარში, სამფეხზე შემოდგმულ ქვაბს ურევს, თან თვალყურს ადევნებს ეზოში მოთამაშე და-ძმას.
გარეთ ნიავი ქრის. ”კუხნაში” ჯოჯოხეთური სიცხეა. ერთი სული აქვს მარიამს და-ძმას შეუერთდეს, მაგრამ სადილი უნდა დაამთავროს. საღამოს დედა და ბებია დაღლილები და მშივრები დაბრუნდებიან ჩაიდან. ეამაყება, რომ დედას ეხიდება საოჯახო საქმეებში. გართობას აღარ დაეძებს, ოღონდ მამა მშვიდობით დაბრუნდეს. ღმერთო დაიფარე მამა! თუმცა, ყველა გაიძახის, ღმერთი არ არსებობსო, მაგრამ შეუძლებელია, ვიღაცას, მაღალს და ძლიერს, არ ესმოდეს მისი ფიქრები. ბუნების ძალები ხომ არსებობენ?! ბუნების ძალებო, დაიფარეთ მარიამის მამა!
შუკაში კაკო ფოსტალიონი შემოდის, გაუბედავად იძახის ოჯახის ყველაზე პატარა წევრის სახელს და შეპატიჟებას არც ელოდება. ეზოში შედის, სამზადის წინ, ჯორკოზე ჯდება.
მარიამი გახარებული გადის.
- მამას წერილი მოიტანე?
კაკო ფოსტალიონი პასუხს არ აძლევს. პატარა ქაღალდს ჩაჰყურებს.
დაბღვერილი და ბრაზიანი სახე აქვს. (ასე ეჩვენება მარიამს.) ადრე ასე არ იქცეოდა. წერილს უფროს დას მიაწვდიდა, პატარებს მიეალერსებოდა და ჩვეული სისწარაფით მიდიოდა...
ამ ადგილას, კადრი გაშეშდა და ნაწილი სადღაც ჩაიკარგა. მხოლოდ ერთი სურათიღა გამოიკვეთა: ცარიელ კუბოში ჩაწყობილი მამას ტანსაცმელი და თმაგაშლილი, მოზარე ქალები.

                    ***
ისევ ოთახშია.
-    რა იყო მაინც, ორთავე, ასე მიყოლებით, ახლა ესეც... – ესმის ელისოს ხმა. გაღმა კუთხიდან გამოსულა მისი გულისთვის.
-    იმათმა დარდმა მოინელა ესეც. თითქოს წლისთავის სახით ბოლო სამსახური გაუწია მათ და ლოგინად ჩავარდა.
-    აბა, ადვილი საქმე ხომ არაა ორი მიცვალებული ოჯახიდან. ორი წიწილა რომ მოგიკვდება ერთად, იმის გადატანა გიჭირს, ადამიანს, არათუ... 
მართალს ამბობენ, ჯერ თვითონ რომ წასულიყო, სიცოცხლეზე უფრო კარგ მოგონებას წაიყოლებდა. რა უსამართლო ყოფილა სიკვდილი, რიგითობა მაგან არ იცის და ასაკი.
გულს ის უმშვიდებს, რომ წლისთავი წესისამებრ გადაიხადა, როგორც პურმარილიან ოჯახს შეეფერება. ძალიან კი გაუჭირდა, მაგრამ ეზო და სახლიც დაკრიალებული დაახვედრა მეზობლებს. ახლა აღარაფერს დაეძებს. გადაიღალა. თუმცა, მარტოდ დარჩენილი ლუკას დარდი მიყვება.სხვას, ყველას თავისი ოჯახები აქვთ. წლების მანძილზე ნალოლიავები საქონელიც ენანება. იცის, მასთან ერთად ჩაიფერფლება ოჯახის ბარაქა.
ახლა აპრილია. კრუხის დასაჯენად შენახული კვერცხი გაცივდება. მწვანილს და ბოსტნეულის ჩითილებს მანამ უნდა ჩათესვა, სანამ მთვარე მიილევა. მარიამივით ამ საქმეებს ვერავინ გააკეთებს.
  “სიცოცხლეზე მოგონება” საიდან მოუვიდა თავში. ეს იქაური მომავლის უტყუარობის საბუთია. აბა სხვა რა უნდა იყოს?! მას, ვისაც ცხოვრებაში ბევრჯერ შეპარვია ეჭვი ღმერთის არსებობაში,უცებ ასეთი დაჯერებულობა დაეუფლა. თუმცა, ღმერთის არსებობა სწამდა, მაგრამ უსამართლოდ თვლიდა მას. აბა, ნაზის რა ცოდვა ჰქონდა ისეთი, რომ სამი წელი ეწამა, ლოგინს მიჯაჭვული... ოღონდ მისი მოთქმა აღარ გაცოცხლდეს ამ წარსულით სავსე ოთახში. ავადმყოფობამდელი ნაზის კისკისის მოსმენა ურჩევნია... რატომ, ნეტა რატომ ეწამა. ბოლო თვეები მორფინიც ვეღარ უყუჩებდა. როგორ მოთქვამდა და წინდაწინ დასტიროდა ობლად დარჩენილ შვილებს.

                      ***

ფიქრის თავი აღარა აქვს, ისევ გაცოცხლებულ წარსულში ეშვება.

დამთავრდა უმამოდ, მძიმე შრომაში გატარებული ბავშვობა და სიდუხჭირე. ახალგაზრდა დედის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილიც მინაელა დრომ. საკმარისად იტანჯნენ!
უკვე მიაგეს უბედურებას მისაგებელი, ახლა სიხარულის დროა!
მარიამი ხარობს ნაზის ბედნიერებით. მზე და მთვარე ამოსდის პატარებზე, - ლილისა და თათიაზე.
გოგისაც მალე დააქორწინებს და მერე... უკვე შესაძლებელი იქნება საკუთარ თავზეც იფიქროს.
მაგრამ კაცთაგან  განსხვავებულად სჯის, თურმე  უფალი.

  მესამე ოპერაცია გაუკეთეს ნაზის. მარიამი სიხარულით მეცხრე ცას ავლებს ხელს. უკვე მესამე დღეა ავადმყოფი ტკივილს აღარ შეუწუხებია. სიმართლე უთქვამთ ექიმებს: ათი წლით გაუხანგრძლივებთო სიცოცხლეს.
“სხვებსაც გადმოხედე, უფალო!”
ერთი სული აქვთ, როდის გაწერენ. ძალიან მძიმეა ონკოლოგიურში ცხოვრება. აქ თამამად გაუშლია უბედურებას თავისი დაუცხრომელი ფანტაზია.
მარიამს ერთი ცუდი ჩვევა აქვს: საავადმყოფოში ჭამა არ შეუძლია,  ყელში არ გადასდის.
მეოთხე დღეს ერთმანეთზე მიდგმულ სკამებზე მთვლემარე მარიამს ნაზის კვნესა ჩაესმის. თავზარდაცემული დგება.
-რა იყო, რა მოგივიდა ?
ნაზის  სახეზე სასოწარკვეთა ზეიმობს.
- გველივით, წელში შეიკლაკნა ტკივილი. მთელი ხერხემალი დაიკავა.
             
                        ***
მარტო სიკვდილი და გლოვა არ ყოფილა, სიხარულიც იყო, და-ძმის, იმათი შვილების სიხარულები.
                    ***

-წაიყვანე, მარიამ ეს ბავშვები, მათ სახლში წაიყვანე. ყველასთვის უკეთესი იქნება.- ეუბნება ელენე ბიცოლა. - მარტო ყოფნის ნუ შეგეშინდება. გოგისთან ერთად მთელი კუთხე გადმოვა მოსახმარებლად. წადით მარიამ, უკეთესი იქნება. დიდი შეცდომა იყო, მაჭანკალი რომ უარით გაისტუმრე. თუ აქ დარჩებით, უარეს შეცდომას ჩაიდენ.- როგორი შემოჩენა იცოდა, ცხონებულმა.
მარიამს არ შეუძლია წასვლა, თავის სახლიდან ასე მოშორებით. გოგის სამ შვილსაც სჭირდებათ მისი თავი. რძალი მუშაობს. გარდა ამისა, გოგის ისეთი სამსახური აქვს, ხშირად უწევს დალევა და სახლში გვიან დაბრუნება. როგორ უნდა დაიძინოს თუ ვერ გაიგო, მშვიდობით მოვიდა თუ არა?! არა! ვერ წავა! იმიტომ კი არ გაზარდა, რომ მიატოვოს. მისი ხვედრი და-ძმის სამსახურია.
იცის, ხვდება, რომ ოჯახში დანამატი წევრია. მნიშვნელოვნ საკითხებს მას არავინ უთანხმებს. მაინც აქ ურჩევნია.

ეს კი იქამდე  ორი, თუ სამი წლის წინ იყო:
მარიამი თავისი ახალშობილი ძმისშვილის ტანსაცმელს ფენს ეზოში. უცებ მის სმენას აკვნის გახშირებული რწევის ხმა წვდება. ლილი იქნება შესული. როგორი ძნელი მოსათოკი გახდა, მშობლების სიკვდილის შემდეგ. თითქოს მთელ სამყაროზე ცდილობს შურისძიებას. აღარც ოჯახში ახალშემოსული ბიცოლას რიდი აქვს. უნდა დაუძახოს, სანამ აკვანი არ გადაუბრუნებია. ეძახის-კიდეც, მაგრამ უკვე გვიანია. ბრაგვანის ხმა და ბავშვის ჩხავილი ისმის.ბავშვი კარგადაა, აკვანმა დაიცვა, მაგრამ მარიამი მაინც შიშით შესცქერის რძალს – გულოს.
-არა უშავს,  მთავარია ბავშვს არაფერი მოსვლია. – განაჩენივით ისმენს მის სიტყვებს.
     
                      ***

გოგის და გულოს სამი თვე უვლიდა, მხოლოდ. ათი დღის ინტერვალით მიაბარა მიწას ისინი, 78 წლის მარიამმა. ერთი ათი წლით მასზე უმცროსი იყო. მეორე – ოცით. რატომ არ იცის სიკვდილმა რიგითობა?!
  ახლა მასზე ზრუნავენ, მაგრამ ადვილი არაა ენაწართმეულის სურვილების ამოიცნობა. ლაპარაკი რომ შეეძლოს ეტყოდა ლილის, რომ მაწონი შაქრით ურჩევნია; რომ ბევრად უფრო მოირახათებს, თუ მარცხენა ხელს მუცელზე დაადებინებს, რომ ერთი ყლუპი ღვინო, ერთი ყლუპი, დარჩენილ საათებს ურჩევნია. 
მძიმეა მომვლელის ტვირთი. (მასზე უკეთ ვინ იცის ეს?!) მთელი სამყარო მწუხარებით მოცული ეჩვენება. სამყარო მომაკვდავის საწოლს იქეთ არ ვრცელდება. გარედან სიცილი მოისმის და უკვირს: ნუთუ კიდევ შერჩათ ადამიანებს მხიარულების ძალა. მექორწილების გნიასს გაიგონებს და გაოცებულია, ნუთუ არსებობს სადმე ბედნიერება? ნუთუ არსებობს რამე სიკვდილის გარდა? სიკვდილი და მისი შიშია ერთადერთი რეალობა.
არ უნდა მისმა საფიცარმა გაზრდილებმაც განიცადონ ეს. მალე დამთავრდეს, უფალო, მალე!                     
ისევ მნახველთა ხმადაბალი საუბარი ესმის.   
სამზარეულოში ყავა აქვს შენახული.ნეტა მოიფიქროს ლილიმ მეზობლების გამასპინძლება... თუმცა, ყავის სუნს გრძნობს. უკვე შემოუდგამს. კარადის ზემო თაროზე კანფეტიცა აქვს გადამალული. იპოვის?

ჰო, ცხოვრება სესხი და ვალია,ზოგისთვის - მსუბუქი. ზოგს ვალი წლების მანძილზე ნელ-ნელა სრესს. ზოგიც ცხოვრებას ავალებს თავს.
გარეთ კი თბილი და მშვენიერი აპრილია. აღდგომის მოლოდინშია სამყაროს ყოველი მოლეკულა.

                                       
                                      ***
ასეთი წესი აქვს კუთხის სამეზობლოს: სიცოცხლეშივე შეიგულვებენ დასაფლავების წინ განმბანელებს. მარიამიც მათ გაამზადეს სამიწედ, ვისთანაც ყველაზე ახლოს იყო, ვისი ოჯახის საქორწილო, თუ სხვა საზეიმო წვეულებებს და ქელეხის სუფრებს მისი მადლიანი ხელით მომზადებული კერძები აკეთილშობილებდა.
ლამაზად გამოაწყვეს, მისი ერთადერთი წვეულებისთვის. ახლა ეზოში შეკრებილან და ჩურჩულებენ. 
-რა მადლიანიც იყო, ისე წავიდა. ხუთ დღეში გათავდა. არც თვითონ ეწამა და არც სხვა აწამა. - ამბობს ერთი.
-ესაა საქმე? სამი გოგო გაზარდა, მთელი ცხოვრება  მათ შეალია  და დამტირებელი არა ჰყავს. ერთი ხმა არ მიყვება საწყალს. - გულდაწყვეტით ამატებს მეორე.
-ნუ იტყვი.  ყველას თავისი შვილი უნდა მისცეს ღმერთმა. რასაც ეგ ემსახურა ძმისშვილ-დისშვილებს, ერთი დატირება აღარ ეკუთვნოდა?!
- აბა, აბა, ქალს რომ ბოლო გზაზე დედის დამძახებელი არ გეყოლება!

                                      ***
ღამით, როცა მეზოლები სახლებში გაიკრიფნენ, ლილი ფეხაკრებით შევიდა ოთახში და კარი მიიხურა.
მოხუცს სახეზე ტკივილი შეყინვოდა. ჭაღარა შეუსწორა ლილიმ. შუბლზე გადაუსვა ხელი. მერე ლოყებზე მიმოატარა თითები, ნაოჭებს მიეფერა.
"ეს წყვილი ნაოჭი მაშინ დაიწყებდა მოკიდებას, როცა დედასავით დამიპირე მოალერსება, მე კი გიუცხოვე და უხეშად მოგიშორე.
ეს კი მაშინდელი იქნება, ტელევიზორით მომიტინგე ბავშვების ნიჩბებით ჩაჩეხვის ამბავი რომ გადმოსცეს და მე დარეკვა დამიგვიანდა.
ეს მაშინდელი იქნება, დროის, სიღარიბის წრეზე დაბრუნებისა - ოთხმოცდაათიანებში. კიდევ ბევრია, ბევრი გყავდით სადარდებელი. ჩვენ კი შენი ვალი ხელუხლებლად უნდა ვატაროთ."
ეს ბოლო ღამეა, ბოლო!
კოცნა არ შეიძლება. მარიამი ამბობდა ასე. მას კი სიკვდილისა დაეჯერება. თუ აკოცებს, მერე სიზმრად ვეღარ ნახავს. ეს დაუშვებელია. სიზმარი შვებაა, მონატრებულებთან შესახვედრი ნეტარი ადგილია.
ამიერიდან ვეღარ შესჩივლებს მას, როცა რამე ეტკინება, ვეღარც წარმატებებს გაუზიარებს.
კოცნა არ შეიძლება!
და თითქოს ცოცხალს უხმობსო, ჩასძახა, ხმამაღლა, უცრემლოდ:
"დედა! დედა!" - ცხოვრებაში პირველად უწოდა ის, რასაც თავისი არსით წარმოადგენდა მისთვის მარიამი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები