ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეჟისორი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2013


სოხუმი


ჩვენ დავეჩვიეთ -
უკაცრიელ ნაპირზე ერთად
ქვიშაში ჩაშლილ ნაკვალევის
ჩუმად გადაშლას.
ჩვენ შევეჩვიეთ...
ვაღიარეთ კერპები ღმერთად
და როგორც ყველას,
მიგვაჩნია უკვე არაფრად -
გუშინდელი დღის
შერჩენილი ძველი სიტყვები,
ანდა დარაბა -
აჭედილი ისე თანაბრად,
რომ დანის წვერსაც
ვერ გაატევ ახლა ბზარებში.
რომ ამ ტკივილსაც
აღარ უჩანს ბოლო და დაღლაც
ისე უჩუმრად შეჰყოლია
ფიქრებს - ნერვები
ამ უკაცრიელ ნაპირებზე აღმა და დაღმა
დაგვატარებენ უცნაური
მიზანსცენებით.
იქ კი - ჩვენს მიღმა,
განთიადი თეთრად ენთება
და ყინულისფერ სიმარტოვეს
შხეფებად ისვრის,
ჩვენ დავივიწყეთ ყველაფერი
რაც არ გვეხება,
ვუყურებთ, ვდუმვართ, ვინანიებთ
თუმცა კი ვიცით,
რომ არაფერი აღარ არის ისე უბრალო
როგორც გატეხვა -
მიცემული სიტყვის და ფიცის...
რომ ყოველ დილით -
ველოდებით  ახალ ბრძანებას..
და ყოველ ღამით -
ვიძინებთ და ვიღვიძებთ შიშით..
ჩვენ მივუტევეთ შეცოდება,
ღალატი, წყევლა,
საფეხურებზე  გადავრეცხეთ
დაღვრილი სისხლი...
ვინც კი გვიყვარდა,
მდუმარებით გავწირეთ ყველა
გამოვიქეცით და დავტოვეთ
ქალაქი - რისხვით...
კრულვით და დარდით მომზირალი
ჩვენსკენ უმწეოდ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს