ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
22 ივნისი, 2013


  ჩამოტვირთვა

როცა შენ ტირი...

  დილიდანვე  უჟმური ამინდია....წუხელაც  წვიმდა,მაგრამ ასე არ მაწუხებდა, თავზე საბანი დავიფარე ,რომ ხმა არ გამეგო...ჩამძინებია და  დილამდე წვიმის ხმა არც გამიგონია.
  ახლა კი ,  დილიდანვე წვიმა მაღიზიანებს.ხასიათს მიფუჭებს და მძაბავს.უგემურად ვსაუზმობ...საჭმელს  ისე ვჭამ ,თითქოს რეზინს ვღეჭავ,  უგემურია და გადაყლაპვა მეზარება.ყავით სავსე  ფინჯანი  გვერდით მოვიდგი,სარწეველაში  ჩავჯექი და კითხვა  გავაგრძელე.ეს წიგნიც ისეთი უსიამოვნო და მოსაწყენია, როგორც ჩემი ცხოვრება,მაგრამ მაინც ვკითხულობ:
„შენი ტკივილი მტკიოდა ძლიერ,როცა თვალებზე ცრემლისგან ჩამორეცხილ უპეებს ვხედავდი,ვგრძნობდი,როგორ გტკიოდა და არ ამხელდი...მაგრამ ხშირად მინახავს  ჩაშავებული თვალის უპეები  და მე ვიცოდი,რომ შენ ღამით ტიროდი.
შენც გტკიოდა ...მეც მტკიოდა და ამ ტკივილით,სულიერად ვიტანჯებოდი მეც,თუმცა არ გაგრძნობინებდი.არც კი მესმის,
ამას როგორ ვახერხებდი.მაგრამ  ისეთ ტკივილს ვგრძნობდი,როგორსაცი გრძნობ,როცა გულში ხელს  მოგიჭერენ და გაგიწურავენ სისხლს...“
  ფეხებთან ჩემი კატა მომედო,  ყველაზე ერთგული  მეგობარი,აკრუსუნებული მეხახუნებოდა და რაღაცას მთხოვდა....ფუმფულა კუდი ჩემ ფლოსტში ჩაედო...მიხვდი რასაც მთხოვდა,ავდექი,წინ გამხმარი თევზი დავუდე . ვანიშნე, ეჭამა...
პირი მოკიდა და ზანტად გააგრძელა გზა.
---შენც გშიებია,  რა...---გავიფიქრე.
  ამ ბოლო დროს ლაპარაკს გადავეჩვიე,იმ ამბის მერე საერთოდ არ ვლაპარაკობ და მხოლოდ ვფიქრობ.(მაშინაც
ასე წვიმდა და ყველაფერი უჟმური ამინდის ბრალი იყო).ფიქრი  კი  უფრო მეტად ტევადია,ვიდრე თუნდაც ორასი  სიტყვა.
  „სიყვარულის დაჯერება მიჭირდა. ამ გრძნობისთვის რა სახელი მწოდებინა,ესეც არ ვიცოდი.მიყვარდი ჩემებურად,მაგრამ იმასაც ვგრძნობდი,რომ მალე უჰაერობისგან მოვკვდებოდი...თავი  უსარგებლო ნივთი მეგონა, სარდაფში რომ  გვიყრია
ბლომად. იმ ოთახში , სადაც მტვერი და ობის სუნი ერთმანეთში ირევა და სულს მიხუთავს“
....ვკითხულობ და ამ  წიგნს დასასრული არ აქვს.მესამე დღეა,ჭამაც არ მახსენდება,გაუნძრევლად ვზივარ და ვკითხულობ...
კარზე კაკუნი გაისმა.ადგომა დამეზარა,მაგრამ კაკუნი არ წყდება და იძულებული ვარ,გავაღო.ზღურბლზე მეზობლის ბიჭი დგას,ხელში წამალი  უჭირავს.გამოვართვი და თავი დავუქნიე...ახლა მგონი უნდა დავლიო.
    ოჰ,ეს მომაბეზრებელი ყოველდღიურობა....
ისევ მივლასლასდი სავარძელთან,  ერთხელ კიდევ დავარწიე და თვალები დავხუჭე.
„როცა შენი უკანასკნელი წერილი წავიკითხე,მივხვდი,აღარ მიყვარდი.შენდამი ლტოლვა გამქრალიყო და სიბრალულს შეეცვალა.შენც შემეცოდე...ჩემი თავიც. ჩვენი  თავდავიწყება და სიყვარული დამენანა ასეთი გამოფიტვისთვის,ის ვნება დამენანა,რომლითაც ერთმანეთს ვავსებდით და ვაცოცხლებდით“
  ყავა გაციებულა,უგემურად მოვსვი და დავდგი.ჩამთვლიმა.ფეხებზე თხელი საბანი მოვიხვიე და ჩაძინება ვცადე...დიდხანს ვეღარ ვკითხულობ,უსათვალოთ,  თვალები მტკივდება,თავიც,მაგრამ მაინც ვეძალები.გარეთ  გასვლას ამ საღამოს არ ვაპირებ,მომბეზრდა მარტო სეირნობა....მერე ცუდად მძინავს ხოლმე...
„ვის ჭირდება ისეთი სიყვარული,რომელიც სავსე არაა გზნებით და ვნებით.  მე  ჩემი გზა უკვე გადაწყვეტილი მაქვს.იქ სადაც მე მივდივარ,შენ ვერ მომაგნებ და ვერც მიპოვი...“
  ჩემი ცოლი გამახსენდა...ნუთუ ასე ფიქრობდა ისიც ბოლო წუთებში?!  ჩვენც ხომ აღარ გვქონდა ის,რამაც დიდი ხნის წინ
შეგვაერთა და რამაც გვასულდგმულა ეს წლები...
            ნუთუ?
    ვეკითხები ჩემ თავს ,მაგრამ  პასუხს ვერასოდეს გავიგებ....ეს საიდუმლო მან თან წაიღო....
თვალებში ცრემლი ჩამიდგა და კითხვა ვეღარ შევძელი,ცხვირსახოცი ჯიბიდან ამოვიღე და საგულდაგულოდ შევიმშრალე.

  ...უსარგებლო,როგორც სარდაფში მიყრილი ნივთი....

  დილით,როცა მზემ ფანჯარაში შეიხედა,მისი ფანჯრიდან ანარეკლმა სხივმა დაინახა სარწეველაში გადაწოლილი უსულო სხეული,თხელი საბანი ძირს ჩამოვარდნოდა და ზედ  მოკალათებული კატა ნებივრობდა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები