ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
25 ივნისი, 2013


ხანძარი (თავისუფალი თარგმანი საიდანღაც მოწოლილი სევდისა)

                                                                                              რაც არის, არის, რაც არ არის...
                                                                                              იქნება.
                                                                                              (უცნობი ფილოსოფოსი)





ტყე წითლად ენთო, იწვოდა, მიწა თუჯის ტაფასავით იყო გახურებული, ჰაერში შემწვარი მაჩვები ეკიდა....იქვე, ნახევრად შემწვარ ტოტზე ეული ჩაქუჩი ჩამომჯდარიყო, არ აღელვებდა ხანძარი, რადგან ფოლადისა იყო და ხმამაღლა გალობდა, მას ისიც არ ანაღვლებდა, რომ იქვე, გვერდზე, ცოტა ქვემოთ, მეორე ხარისხის დამწვრობა მიღებული, უდროოდ გარდაცვლილი ტარაკანის გასვენება მიმდინარეობდა...ანუ პანაშვიდი....ეგოისტ ჩაქუჩს კი დროის ამ კონკრეტულ მომენტში, ასევე მუდამ, მხოლოდ თავისი შეყვარებული ახსოვდა ....წელში გამოყვანილი ქლიბი. მას უმღერდა, მას უგალობდა..ელოდა....საამოდ ჟღრიალებდა....
    ქვემოთ, ნახანძრალ მიწაზე , ხმამაღლა ტიროდნენ კვერნები, იხვნისკარტები და ერთი ფურნის ჭია, პეპლები კი ნაზად მოსთქვამდნენ.... თითქოს დაკარგულ ქალიშვილობას მისტირიანო...და ამ ყველაფერს ჟირაფთა ხმამაღალი, იმედიანი ყროყინი უერთდებოდა და იმედით აღავსებდა გულებს....რომ სიცოცხლე ამ დიდი დანაკლისის მიუხედავად, მაინც გრძელდება, გრძელდება ...გრძელდება...ვითარცა შეწუხებული, შრომისაგან გადაღლილი ძროხის კუილი, (ეკვალაიზერის და ბასების  გარეშე)

ჰო და....მგზნებარე სიტყვები ისმოდა ტარაკანის ახლად მიწამიყრილ საფლავთან....ყველას უნდოდა სიტყვით გამოსვლა,ჩოჩქოლებდნენ, წინ მოიწევდნენ,  ამასობაში გარდაცვლილი ტარაკანი ნელ-ნელა მარადისობას უერთდებოდა და შეუქცევადად ემსგავსებოდა მიწას.....უბედური, შავით მოსილი ქვრივი ტარაკანი კი  , (1465 შვილის დედა, აქედან 765 ქალი და დანარჩენი ვაჟი) ხუთნახევარ ფეხს გულისდამდუღვრელად ასავსავებდა...ნახევარი ფეხი ხანძარს მოეშთო...ეს ისეთი საშინელი სანახაობა იყო ,თან  ისე ხმამაღლა ყროყინებდნენ ჟირაფები, რომ ცა მოიღრუბლა, წვიმა წამოვიდა და ტირილი არააქტუალური გახდა....ხოლო ჩაქუჩმა, არ დავიჟანგოო და გული წაუვიდა, თავდაყირა გადმოეკიდა , აქ ის კოდალას დაეჯახა და ძირს ჩამოვარდა....გაურკვეველია, ნახა თუ არა მან შეყვარებული ქლიბი, მაგრამ ეს ხომ მთავარი თემაა  არაა  და ამიტომ დავიკიდოთ.

შემდეგ დაგვიანებული მამონტების ფეხის ხმამ შესძრა გარემო, ტარაკანის დაღუპვის ამბავი ხომ "ვაი-ფაის" სისწრაფით ვრცელდებოდა სამყაროში! მამონტებმა მოირბინეს, მაჩვებმა და კვერნებმა მსხვილი, კაკლისოდენა ცრემლები ბუთქუნა კუდებით მოიწმინდეს, გზა დაუთმეს მათ(რომ არ გადაეთელათ) და ახლა ისინი მიუშვეს სატირალზე.....

დიდხანს ბღაოდნენ მამონტები..ისე ღმამაღლა რომ ჟირაფებმა ოქროს ალბომის ჩაწერა შეტყვიტეს, რის გამოც მათი პროდიუსერი განაწყენდა და სულ ხმამაღლა იგინებოდა, თან ზარალს ითვლიდა, ბუტბუტებდა, მერე ისევ ზეცისკენ აღაპყრობდა თვალებს და ისევ და ისევ საძაგლად ბილწსიტყვაობდა!....თან სულაც არ ერიდებოდა ახლახანს , ტრაგიკულად დაღუპული ტარაკნის დიდი ოჯახისა.

და ბოლოს გაისმა უცნაური გუგუნი..ეს ხმა ზეციდან ისმოდა, ხმა ახლოვდებოდა, ძლიერდებოდა....ყველა გაჩუმდა და ელოდნენ რა მოხდებოდა! მერე ყველა შეშინდა და გაიქცნენ! (ჰო, ზოგი გაფრინდა..)

მაგრამ ვერ მოგართვით.მეტი საინტერესო  არაფერი მომხდარა იმ დღეს.მხოლოდ ვადაგასული საშლელი ჭრაჭუნობდა სამარისებურ სიჩუმეში.

ტარაკანი იწვა მიწაში და მიწად აპირებდა ქცევას.

წვიმამ გადაიღო.მე პიცის კიდევ ერთი ნაჭერი გადმოვიღე თეფშზე და ფანჯრიდან სიგარეტი გადავაგდე. მერე სიგარეტის კოლოფი, ბოლოს ხელსახოცი

დიახ. მე მიყვარს თბილისი. თბილისი ხომ სისუფთავის ქალაქია.







ს.ნ. 2013.

...............................................................................................................................................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები