ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯავშანიძე
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2013


ასობით მილი და შორს (თავი I)

აგათა, ბრაუნვილი.

დიმიტრი? ჰმჰ...  მასზე მორცხვი არავინ მინახავს. თანაც ჩუმი. აი, ხომ არიან ეგეთები, ზედმეტად წყნარები, ორ სიტყვას ძლივს რომ დააგდებინებ - ზუსტად ეგეთი იყო. ხანდახან თუ იტყოდა რამეს. სახეზე თმა ჰქონდა ჩამოშლილი… არა მგონია რაიმენაირი ხალხი არსებობდეს, რაიმე სახის ბრბო, სადაც დიმიტრი შეუმჩნეველი დარჩებოდა. უცხო იყო.

მესამე ქმარს რომ გავშორდი მაშინ გადმოვედი აქ. ადრე ნებრასკაში ვცხოვრობდი, მაგრამ დედა ცუდად გახდა, ბრაუნვილში მის მოსავლელად ჩამოვედი და მისი გარდაცვალების შემდეგ ვეღარ წავედი აქედან. სწორედ მაშინ გავხსენი ეს ბარიც. ფულით მცირე ბიზნესის წამოწყება მინდოდა, ამ ერთი ბეწო სოფელში მხოლოდ ერთი დამპალი ბარი იყო. ჰოდა მეც ვიფიქრე, აქაური ხალხი უფრო მეტს იმსახურებს-მეთქი. უკვე ხუთი წელი გავიდა დედაჩემის გარდაცვალებიდან. ჰო, დიმიტრი... მახსოვს, მახსოვს. აქ იშვიათად თუ მოვა ვინმე უცხო... კი არადა, სულაც არავინ არ მოდის, ვის რა ჯანდაბა უნდა ამ ღვთისგან დავიწყებულ მხარეში. რაც ოცდაათი წლის წინ გზატკეცილი გაიყვანეს, მას მერე აქაურობას უცხო არავინ უნახავს. ბრაუნვილმაც დაპატარავება დაიწყო და ახლა ოცდაათამდე ოჯახი თუ ცხოვრობს - ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ. ამიტომაც დიმიტრის მიღება ადვილი არ იყო. ახალ სახეებს კი ვეჩვევით, მაგრამ ეს ახალი სახეები თავიანთ მშობლებთან ჩამოსული უკვე წამოზრდილი ბიჭები და გოგოები არიან ხოლმე. დიმიტრი კი რა ქარმა გადმოისროლა არავინ ვიცოდით. სახელიც უცნაური აქვს, დიმიტრი. კაცები ამბობდნენ დამნაშავე ხომ არაა და კანონს აქ ემალებაო. მეც ვეჭვობდი.

ბრაუნვილის ხიდიდან ორმოც იარდზეა ჩემი ბარი. დიმიტრი შავი მოტოციკლეტით მოვიდა. მამულებიდან დაბრუნებული ფერმერები ყოველთვის ჩემს ბარში იყრიან თავს ლუდის დასალევად. ერთი წყნარი საღამო იყო, დაღლილი კაცებიც გასუსული ისხდნენ. დიმიტრის მოტოციკლის ხმა კარგად გავიგეთ, არადა შუა ხიდზეც არ იყო ალბათ. ყველანი გამოფხიზლდნენ, ფანჯარაში გავიხედე. ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა და ბოლოს ბაიკერიც გამოჩნდა. ეზოში ნელა შემოგორდა, მოტორი ჩააქრო, ხომ გეუბნებით, თმა თითქმის მთელს სახეს უფარავდა, მაგრამ მის გამჭოლ მზერას აუცილებლად იგრძნობდით. ბარს თვალს არ აშორებდა. ჩააქრო მოტორი, კისერი გადაწი-გადმოსწია, ადგა და ჩვენკენ წამოვიდა. ყველანი გაოცებული შეჰყურებდნენ. დიმიტრი  მაღალი იყო, ტანადი და მოქნილი. ტანსაცმელი? შავ მაისურზე ყავისფერი ჟილეტი, გულზე ეკიდა ვერცხლისფერი, ხელნაკეთი ტყვიის ჯვარი. ეცვა შავი ჯინსის შარვალი და ძველი ყავისფერი ჩექმები. იქნებოდა ოცდაოთხი-ოცდახუთი წლისა. მე ფანჯარასთან ვდგავარ, ის კი ბართან მივიდა და ჩამოჯდა. მეც ფეხაკრეფით მივედი და ვკითხე:- რას ინებებთ-მეთქი. სამუშაო უნდოდა. ბრაუნვილიდან რვა მილის მოშორებით პატარა ქალაქია, როკპორტი. იქ თურმე ყველაფერი მოუვლია და ვიღაცას უთქვამს, ბრაუნვილის ბარში სჭირდებათ მუშახელიო. ეგ კი ვერაფრით დავადგინე, ვინ უთხრა, მაგრამ მუშა მართლაც გამომადგებოდა. მეც ხომ პატარა გოგო აღარ ვარ, ხედავთ, ორმოცდაათს გადავცდი. ბოთლების თრევა, ბარის დაგვა და ეს საქმეები ძალიან მღლის. მაგრამ უარი ვუთხარი. სრულიად უცხოს როგორ შემოვუშვებდი ჩემს ბარში ასე ცამოწმენდილზე? თანაც ძალიან უცნაური აქცენტი ჰქონდა. ხან ვიფიქრე, ავსტრალიელი ხომ არ არის- მეთქი, ხან კანადელი მეგონა... სწორად და გამართულად კი მეტყველებდა, მაგრამ  დამახასიათებელი აქცენტით. რა თქმა უნდა, ეგეც ვერ დავადგინეთ, რადგან... როგორც ვთქვი, მაგ ბიჭს ორ სიტყვას ვერ დააგდებინებდი. თავისაზე იდგა, უნდა დამაწყებინოთ თქვენთან მუშაობაო, ძალიან მჭირდებაო. კი, მეტად პირქუში და უკმეხი ჩანდა, მაგრამ ... რა ვიცი. რომ ამბობენ, აურა ჰქონდა კარგი. არ კი მჯერა ამეების, მაგრამ აქაური ცხოვრება მეტად მოსაწყენი იყო, ჯანდაბასაც წაუღია... დღეში ხუთ დოლარზე დავაწყებინე. მადლობა გადამიხადა. მაგრამ ჩემი პირობა წავუყენე, მოტოციკლის გასაღები მე უნდა მქონოდა. ვფიქრობდი, რომ გაიქცეს..? და ამ დროს გასაღები მაგიდაზე დააგდო. მიმახვედრა, რომ ამ ბარის სალარო აპარატიდან ბევრს ვერაფერს წაიღებდა, მაგრამ ამ ჟესტით ჩემი ნდობაც მოიპოვა. კაცებმა ალმაცერად კი ახედ-დახედეს დიმიტრის, მერე მე გადმომხედეს, ალბათ იფიქრეს ბებერს კაცი მოუნდაო... ჰეჰ, ბინძური ფერმერები, რასაც უნდა იმას მოილანდებენ. კაცების ამბავი არ იცი? ძალით შეთხზავენ ჭორებს, რომ მერე იცინონ და იოხუნჯონ. ბარში სათავსოს გვერდით ერთი პატარა ოთახია და დიმიტრის იქ მივუჩინე  ადგილი, მოტოციკლი კი ფარდულში შევაყვანინე. ჩემი სახლი აქედან ორ ნაბიჯზეა. ბარის უკან ორღობეა და მის გადასწვრივ ატლანტის ქუჩა, მაგ ქუჩაზე ვცხოვრობ. იმ საღამოს სალაროდან ფული ამოვიღე, დიმიტრი იქ დავტოვე, ბარი დავკეტე და წამოვედი. მეორე დილით რომ მივედი, დიმიტრის იქაურობა უკვე დაგვილ-დალაგებული ჰქონდა. არა, დიდი წარჩინებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ რაც ევალებოდა, ყველაფერს აკეთებდა. ყველაფერში მეხმარებოდა. თავაზიანი და კარგი ბიჭი იყო. არ უყვარდა თუ ვინმე ჰკითხავდა, ვინა ხარ და საიდან მოხვედიო. ჩუმად იყო და თავის საქმეს აკეთებდა. ჩხუბი კი მოუვიდა რამდენჯერმე კაცებთან. მე მოგვიანებით გავიგე, პატარა ჯეიმსმა მითხრა, ჩვენი სოფლის გიჟია, ხანდახან ვაჭმევ ხოლმე, ჩემს ბართან რომ ჩამოჯდება. პირველად ორღობეში უჩხუბია დიმიტრის. დაადგნენ კაცები და გინება დაუწყეს, ვინ უჯიშო ხარ და საიდან მოთრეულხარო. როგორც ჯეიმსმა მომიყვა, მაიკლმა, ადგილობრივი მექანიკოსია, ბოთლი მოუქნია - დიმიტრიმ თავი დახარა, ხელი მაჯაში სტაცა, გადაუტრიალა, ბოთლი გააგდებინა, შემდეგ შეანჯღრია და ერთი მუშტის დარტყმით ბალახებში გადააგდო. დანარჩენები დამფრთხალან, მაიკლი წამოაყენეს და წავიდნენ. გავიდა რამდენიმე თვე და დიმიტრიზე კიდევ არაფერი ვიცოდი. სულ რამდენიმე სიტყვას ხმარობდა: „კი,“ „ახლავე გავაკეთებ,“ „მადლობთ,“ „ღამე მშვიდობის.“ ჩემი მუდმივი კლიენტები კი მიეჩვივნენ ახალ ბიჭს, მაგრამ ზოგი მაინც უკმაყოფილო იყო. საბოლოო ჩხუბი ჩემი ბარის ეზოში გაიმართა. აპარატში ფული გადავთვალე და გარეთ გავედი დიმიტრის მოსაძებნად, უკვე ვკეტავდი. გავედი და რას ვხედავ, კაცებს წრე შეუკრავთ და ისმის შეძახილები „დაარტყი! მიდი!“ „მიდი დიმიტრი!“ „მიდი ანდრე!“ ანდრე მაიკლის შვილია და, როგორც ჩანს, მამის გამო  შურისძიებას აპირებდა. გავწი-გამოვწიე კაცების გროვა. გული გამიშეშდა, ანდრეს უზარმაზარი ხანჯალი თუ რაღაც დანა უკავია და გახელებული იქნევს აქეთ-იქით. დიმიტრი კი ყოველ მოქნევას ადვილად უსხლტება. კი გავიფიქრე, ამ სიბნელეში და თანაც თავის თმებში ნეტავ როგორ ხედავს მეთქი, მაგრამ საბოლოო დასკვნა ის გამომაქვს, რომ მაგ ბიჭს თვალები სულ რომ დასთხარონ, ჩვენზე ბევრად მეტს დაინახავს ყოველთვის. ამ ხანჯლის ქნევა დაახლოებით ოცი წუთი გრძელდებოდა, ბოლოს ანდრე დაიღალა, დიმიტრიმ ადვილად გამოგლიჯა ხელიდან იარაღი და მასაც მუშტი უთავაზა - ანდრე უგონოდ დაეცა მიწაზე. მერე ჩემთან მოვიდა, ბოდიში მომიხადა, გასაღები გამომართვა და ბარში წავიდა. მაგით მორჩა, მას მერე დიმიტრის აღარავინ გადამტერებია. ერთხელ მისი ნივთებიც კი გავჩხრიკე, მაგრამ რა ნივთები... ჩანთა ცარიელი იყო. ამ ბიჭის გვარიც კი არ ვიცოდი, ანდა სახელი ნამდვილი იყო? მისი ჯან-ღონე არაერთხელ გამოგვადგა, მთვრალი ფერმერები ერთმანეთს რომ დაუშენდნენ, დიმიტრი ხელად გააშველებდა ხოლმე, და თუ ვინმე არ ნებდებოდა, ცხვირ-პირში მუშტს მიიღებდა და სახლში გათიშულს მიიტანდნენ. უკვე მეშვიდე თვე გადიოდა, რაც დიმიტრი ჩემთან მუშაობდა. ანუ... აპრილში მოვიდა, ოქტომბერი თავდებოდა და ნოემბრის სიცივეები დაიწყო. არ ვიცი ზამთრის მოახლოვებამ შეაშინა თუ რა იყო, მაგრამ წასვლა გადაწყვიტა. ჩემი მიცემული ხელფასი საერთოდ არ დაუხარჯავს, ათას დოლარამდე ექნებოდა ალბათ. ბარში უფასოდ ჭამდა და სვამდა.  გოგო არ გაუცვნია, არც მეგობრები შეუძენია, არანაირი ჰობი არ ჰქონია. რამდენჯერმე წავიყვანე ნავსადგურში, აქ დიდი მდინარე გვაქვს, მისურიდან გამოედინება, ჩვენმა წინაპრებმა ბრაუნვილის სული დაარქვეს. ...მაგრამ რა ხეირი? ვერც კატერებით დავაინტერესეთ და ვერც თევზაობით. თითქოს ამ ქვეყნად არ იყო. კი, ყველაფერს ყურადღებას აქცევდა, ყველაფერს ხედავდა, მაგრამ გონება სულ სხვაგან უქროდა. მეც შევეშვი, ვფიქრობდი, რაღაც  დიდი ტრაგედია აქვს გადატანილი და გახსენებას გაურბის-მეთქი. ამდენი ხანი აქ იცხოვრა, არავისთვის მიუწერია, არავისთვის დაურეკავს, ტელეფონი არც კი ჰქონდა. ფერმერებმა რამდენიც უნდათ იმდენი ილაპარაკონ, მე არა მჯერა რომ დიმიტრი ან ეჭვმიტანილი, ანდაც ბოროტმოქმედი ყოფილიყო. რომ გამოაცხადა, მივდივარო, ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი. განა სად წაესვლებოდა? რა თქმა უნდა, არ მიპასუხა. თავისი მოტოციკლის გასაღები მომთხოვა, მადლობა გადამიხადა და ფარდულში შევიდა. დაქოქა მოტოციკლი, გამოვიდა ეზოში, ჩემ გვერდით გაჩერდა, მოტორი ჩააქრო და თავი ჩაღუნა. ცოტა ხანი ასე ვიდექით, შემდეგ ასეთი რამ ვუთხარი: „ტყუილად გარბიხარ დიმიტრი, წარსული უფსკრულია, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდება, სანამ არ დაგეწევა და არ ჩაგითრევს.“ მიპასუხა: „მშვიდობით, აგათე!“ მოტოციკლი დაქოქა და წავიდა.

ასეთი ბიჭი იყო დიმიტრი. და თქვენ, მარშალო, რისთვის ეძებთ მას? მართლა ეჭვმიტანილია? დააშავა რაიმე?

-სამწუხაროდ მაგ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ. მას შემდეგ დიმიტრი თქვენთან კონტაქტში არ შემოსულა?

-არა, ერთი წელი გავიდა უკვე, რაც არ მინახავს და არც არაფერი გამიგია მისგან. ...ისევ ახლოვდება ზამთარი. ალბათ დიმიტრი ისევ გარბის თავისი ამჟამინდელი სამყოფლიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები