ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2013


ბალანსი


სატელეფონო გამოკითხვა  ხუთი საათისთვის დასრულდა.  თემა, საზოგადოებრივ ადგილებში ხვევნა-კოცნას და სათქმელად  კი უხერხულია, მაგრამ ბუსუსიანი პრეზერვატივების  აკრძალვას  ეხებოდა. 
რესპოდენტთა  შერჩევა რეპრეზენტატულობის სრული დაცვით მიმდინარეობდა, ანუ ქართულად თუ ვიტყვით -  ალალბედად ხდებოდა.  მათთან დაკავშირებას არასამთავრობო ორგანიზაციის სამი თანამშრომელი  ცდილობდა. ისინი პასუხებს  სპეციალურ ცხრილებში ანთავსებდნენ. დღის ბოლოს    უნდა მომხდარიყო ანალიზი.
კახამ ოფისში ხუთისთვის დავბრუნდებიო.  დღესვე აპირებდა დამკვეთისათვის გამოკითხვის შედეგების გადაგზავნას.  სწორედ რომ სულზე მოუსწრო ამ გრანტმა. თანამშრომლების  სახელფასო დავალიანებასაც გაისტუმრებდა, ბანკის ვალსაც მოიშორებდა, ეკასაც  დაუბრუნებდა მრავალომბარდნახულ ოქროულობას  და ზღვაზე ორკვირიანი შვებულებაც შეიძლებოდა გამოსვლოდა. 
ამ ფიქრში იყო, მეუღლემ დაურეკა, - სად ხარო. აღმოჩნდა,  რომ ორივენი მუშტაიდის ბაღთან იყვნენ ახლოს...  ცოტა ხნით ჩამოვსხდეთო, ეკამ. აი ის ხეც, პირველი კოცნა გაახსენდა და  ნაწვიმარი აკაციის სოროდან გამოფრენილი, დამფრთხალი შაშვივით ეკას დამორცხვებული და  ცრემლიანი თვალები. რა ახლოს იყო ეკას ტუჩები ისევ ისე გემრიელი და მარწყვივით ტკბილი...
- მოქალაქევ, უფრო სწორად მოქალაქეებო,  უნდა გამოგვყვეთ!
მანეკენივით გამოწკიპული და ირონიულღიმილაკრული პატრული შეუვალი ჩანდა.
- რაშია საქმე?! 
- თქვენ შემჩნეული ხართ  საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნაში.
- რა ზნეობის შეურაცმყოფელი ქმედება,  მეუღლეა ჩემი და უფლება არ აქვს მაკოცოს?!  - გაბრაზებული ეკა ლამის იყო მუშტიკრივზე გადასულიყო...
- დაწყნარდი,  ეკა! – თქვა კახამ და უნებურად ჯიბეში  ამ დილით ღვინის ოცლიტრიანი ბოცების გადასაკრავად იაფად ნაყიდ ბუსუსებიან  პრეზერვატივებს მიწვდა ფიქრით, იმაზე რამდენს დამიმატებენ ჯარიმასო...

14 ივლისი, 2013 წელი 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები