ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯავშანიძე
ჟანრი: პროზა
22 ივლისი, 2013


ასობით მილი და შორს (თავი IV)


ლუკასი, ქალაქი

- ეჰ, სიბერე რას უშვება ადამიანს, არა? დრო ყველას ერთნაირად გვექცევა! და არც შენ ხარ გამონაკლისი ბატონო სალიერი. ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული, ვეღარ ლაპარაკობ, ძლივს სუნთქავ... მაგრამ მემგონი თვითონვე დაიღუპე თავი. პრინციპები, ემოციები, შეხედულებები... ეს ყველაფერი არაბუნებრივია. დროისთვის სულერთია შენ ვინ ხარ და რას წარმოადგენ, ადრე თუ გვიან წარსულად გაქცევს. დროისთვის სულერთია შენი კანის ფერი, სქესი, სოციალური თუ ფინანსური სტატუსი. მის ქარიშხალში შენგან მხოლოდ აჩრდილი თუ დარჩება. მაგრამ, დონ სალიერი, მე მუხლჩაუხრელად ვშრომობდი მთელი წლის მანძილზე, რომ თქვენი ყველაზე მკრთალი ჩრდილიც კი გამექრო.

ხელცარიელი არ ვიკადრებდი მოსვლას. თქვენთვის განკუთვნილი ძღვენი გულის ჯიბით დამაქვს, ნება მიბოძეთ გადმოგცეთ ეს კონვერტი... სამწუხაროა თვითონ რომ მიწევს გახსნა. ეს გეცნობათ, სალიერი? დიახ, ეს ვერცხლისფერი, ფირუზით მოჭიქული ჯვარი, თქვენს ძმიშვილს ეკიდა გულზე. ეს ოქროს ბეჭედი ვისი იყო? აჰ, გამახსენდა! პოლი არ დაქორწინდა ერთი თვის წინ? თქვენი ერთგული ხელქვეითი. ამბობდნენ, რომ ქუჩიდან აიყვანეთ, ჯერ კიდევ ბავშვი და თვითონ ზრდიდით. ჯერ ნუ აღელდებით, აქ ტროფეები კიდევ ბევრია. ო, ეს საინტერესოა, მახსოვს როგორ აჩუქეთ სემს ეს ჯიბის დანა. ვზეიმობდით რომ პოლიტიკოსი, რომელიც ჩვენს გვერდით არ დადგა, „ჩვენს ქვეშ“ მოექცა. ეს სიკვდილის აღმნიშვნელი ახალი მეტაფორა, მგონი თვითონვე მოიგონეთ.

მოკლედ, რელიკვიები აქ კიდევ ბევრია, კალთაში ჩაგიყრით და სათითაოდ გაიხსენეთ ყველა. თქვენი ნათესავები, თქვენი მეგობრები, თქვენი კაპოები - ყველა მკვდარია.

არ ღირდა ჩემი გასტუმრება იმ ქვეყანად. რატომ, რისთვის? რადგან ოდნავ ზევით მომინდა წასვლა? რადგან რასაც შევეხე ოქროდ გადავაქციე? შენი ბინძური საქმეების კეთებით რომ დავიღალე? კარგად იცი, რომ ბევრჯერ კინაღამ მოგვკლეს ბიჭები, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ავტორიტეტი არ დაცემულიყო! და როგორ გადაგვიხადე? ბიჭები ვისთან ერთადაც მე ვმუშაობდი უკვე აღარ არიან ცოცხლები! და მათ სიას ჩემი სახელი აკლდა, არა?! მხოლოდ იმიტომ რომ „ჩვენ ბევრი ვიცოდით“. მართალია! ჩვენ დაგაყენეთ შენც და შენი ბინძური ოჯახიც იქ, სადაც გუშინდელ დღემდე იყავით! ჩვენ! დასისხლიანებული მუშტებით და სროლისგან დაგუბებული ყურებით!

არა! იცი რა! გეხერხება როგორ გაამწარო ხალხი! რა, მოკვდებოდი ერთხელ მაინც რომ გეთქვა - „ლუკას, შვილო... შეიძლება ასე დაგიძახო? ხომ იცი, შვილივით მიყვარხარ. მე მჯერა შენი, არასოდეს გაგიცრუებია იმედები...“

მაგრამ არა! მომბეზრდა უჟმური მოხუცის ოინები! უფრო მეტიც! უნდა ამაყობდე ჩემით! შენ ბევრი მასწავლე, ჩემი ცოდნა გასცდა კიდეც შენსას და ესეც შენი დამსახურებაა. და დღეს სწორედ ჩემი შესაძლებლობების დემონსტრირებაა ჩემი აქ მოსვლა.

შენ, რა თქმა უნდა, არ მოგკლავ. იცოცხლე სანამ შეგიძლია რომ ცოცხლობდე. აგერ შენი წვეთოვანი, აპარატი და მთელი კომპლექტი... მე კაპიკს არ დავიშურებ შენს მკურნალობაზე. მინდა რომ რაც შეიძლება დიდხანს იყო აქ, იმ აზრით, რომ შენგან აღარაფერი დარჩება, და რომ ეს შენივე ბრალია.

მტრები მეგობრებზე ახლოს უნდა გყავდესო, შენ არ მასწავლე? აი იმ ბიჭს ხედავ, კარიდორში რომ დგას? სახელად „დიმიტრი“. საქმე იმაშია, რომ მე აზრზეც არ ვარ ვინაა ეგ ტიპი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მოკვლა უნდა. არ ვიცი, ალბათ როდესღაც ბიძამისი მოვკალი, ან მამამისი, ან ძმა... ყველას სჯერა, რომ დიმიტრი ჩემზე მუშაობს, მე კი გუშინ ვნახე პირველად. ბიჭებმა შენი გარდაცვლილი ცოლის ძმა რომ დამარხეს, ამ ტიპით დაბრუნდნენ. იქ დაგვხვდა, საფლავი ჰქონდა გათხრილი და გველოდებოდაო.
შენ წარმოიდგინე, მჯერა კიდეც, რომ ის მომკლავს. უბრალოდ ვეცდები გავიხანგრძლივო სიცოცხლე. მირჩევნია ისევ ამ ტიპმა მომკლას რამდენიმე წელიწადში, ვიდრე შენსავით სავარძელში დავლპე! ბოლოს და ბოლოს, ჩემი ოცნება ამ ქალაქის მართვა სულაც არ ყოფილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ შენზე უკედ გამომივა.

და... ჰო, გილოცავ დაბადების დღეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები