ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2013


მონატრება

რა უჩვეულო სახეცვლილება
იცის ამ დროს ირგვლივ გარემომ:

ცა სისუფთავით სუფრას ბაძავს,
დედის ხელით მრგვალ მაგიდაზე გადატკეცილს,
მის შუაგულში მზე ყვითლად ღვივის,
კვერცხწასმული ხაჭაპურივით
სდის ოხშივარი.

ნიავი ზანტად, დაბნეულად დაეხეტება
მწვანე ფოთლებში და სინანულის
განცდით თრთის, თითქოს.
ალბათ იმ ამბებს უყვება ჭადარს,
ბევრი წლის წინ დედამ რომ მთხოვა:
ყველა წვრილმანი მომიყევი, რაც გადაგხდა
წინა ნახვიდან დღეის ჩათვლითო.
მე კი მოყოლა დამეზარა.

თეთრი ღრუბელი, ჩამავალი მზის
სხივებით ოქროსფრად მიმოქარგული,
სიმინდის მწიფე ყანას მიაგავს.
ქარი აღელვებს,
დროდადრო კი
მის წიაღში მამის ჭაღარა გამოკრთება,
ჯერ შეაგროვებს სხივებს-ტაროებს
და დასავლეთში - ბეღელში შეყრის.
მოგვიანებით ახალ მთვარეს - ნამგალს დაიჭერს
და ჩალის კონებს ვარსკვლავებად
მოაპნევს ცაზე, ზვინის შეკვრამდე.


ზაფხულის ღელე, უსუსური, გაუბედავი,
როგორც ბავშვობის მოგონებებს
ეყრდნობა კენჭებს, ნაირფერადებს
და დედაზღვისკენ ისე მიიწევს,
თითქოს ცოცხლთა გონების თვალი,
გარდაცვლილ სულთა სამყოფელს ეძებს.
ნეტა ოდესმე შეერთვის მშობელს,
ან აქ, ან ზემოთ, თეთრი ღრუბლების საუფლოში,
ორთქლად ქცეული?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები