ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2013


კიბოს სადგური


წითელი ჩრდილი ჩვენს ფანჯრებზე  _ მზის საფლავია.
ჩვენი სუნთქვაა სეზონური ცივი ქარები.
იგრძნობს შეხებას ნისლიანი, სველი თითებით -
დაორთქლილი ჩვენი ფანჯარა.
სანამ თვალები ნებდებიან _ მშვიდი ხელების სეზონამდე,
როცა თვალები ფეთქდებიან _ ცხელი სხეულების რეზონანსით
და სუნთქვა ეკვრით სილურჯენარევ, გაოფლილ ფანჯრებს
და გაზაფხულის მინდვრებია, გადაყვლეფილი ჩემი მუხლები _
ყაყაჩოებით და წითელი მწერებით სავსე...
როცა კისერი სათავეა ცხელი მდინარის
და ბეჭებს შუა ჩვილი ბავშვების ცხედრები მოაქვს...
ხელისგულები როცა მოჰგავს სპარსულ ხალიჩას _
მძიმდება ღამე...
და როცა ღამე, მენოპაუზურ ფაზაში შედის,
შავი პეპლები რიტუალურ ცეკვას იწყებენ,
ფრთების ფართხალით ეხებიან შიშველ სხეულს და
მათთვის ამოთხრილ თბილ საფლავში ესვენებიან.
და მერე, როცა სეზონია მშვიდი ხელების...
ღამემშვიდობის! - გისურვებ და
დანახშირებულ მზისკენ გაბრუნებ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები