ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
23 აგვისტო, 2013


უშენოდ , ალბათ, მოვკვდები ( III ნაწილი)

        (გაგრძელება)


მესიჯმა დამაფიქრა:
თამთა, ანუ გოგონა, რომელიც  გიოს სახლში  დამხვდა ,  მისი და ყოფილა...
ბორდიურზე ჩამოვჯექი და რომ არ წავქცეულიყავი,ხეს მივეყრდნე,ტვინი ისევ გამალებით  ამუშავდა, გამახარა ამ
გზავნილმა  და იმის წარმოდგენამ,  რომ  გიოს არავინ ყავდა .

  მიუხედავად ამისა, დიდი  ნებისყოფა გამოვიჩინე ,  პასუხი არ მივწერე  და სახლში ავედი. ჩემ საზრუნავს ბოლო არ უჩანდა , ამიტომ რამდენიმე დღით გადამავიწყდა კიდევაც ჩემი თვითმკვლელობაც  და გიორგიც,  ტკივილიც და ჩემი ქალური სისუსტეებიც.  თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, სამსახური-- სახლი,  მხოლოდ ამ გზას ვტკეპნიდი და არავინ მახსოვდა.
ალბათ არც გამახსენდებოდა,  რომ  ერთ დღეს ჩემს ემაილზე  უცნაური წერილი არ მენახა. გზავნილი  სტამბოლის  კლინიკიდან იყო,სადაც  გარკვევით ეწერა, რომ  ჩემი  მკურნალობა შესაძლებელი იყო და  მკურნალობის დაწყების დრო და თერაპიის მსვლელობის განრიგი შეგვეძლო კიდევ შეგვეთანხმებინა. გაკვირვებულმა ჩემს ადვოკატს მივმართე,მან კი დამიდასტურა,რომ მკურნალობისათვის  საჭირო თანხა გადახდილი იყო და მე  მომავალ კვირის უკვე დანიშნულ დროს  ,  კლინიკაში უნდა ვყოფილიყავი.


    არ მოიძებნებოდა დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელმაც ჩემი ავადმყოფობა იცოდა , გარდა ჩემი ექიმისა, რომელმაც დიაგნოზი დამისვა და იმ ბიჭისა, რომელმაც სიცოცხლეს გადამარჩინა . მე კი  მისი გვარიც  არ ვიცოდი...
სასწრაფოდ ამოვქექე ძველი მესიჯები და გიორგის  მივწერე,  მგონი გარკვევით უნდა ამიხსნა  რაღაც მეთქი, მან კი მიპასუხა:

---უნდა წახვიდე მარი...

  ჯერ კიდევ ვეჭვობდი ამ საქმეში მის მონაწილეობას, მაგრამ როცა დამიდასტურა , საშინლად  გავხდი. ის ახალგაზრდა
იყო და არც იმდენი საშუალება უნდა ჰქონოდა,  რამდენიმე ათასი სხვისთვის გადაეხადა.
  სასტიკად გავნერვიულდი და ბევრი , ბევრი ვიტირე...მერე თვალები ამოვიმშრალე, ლაბადა შემოვიცვი და მასთან წავედი.
სამი საათი ვარკვევდი, როგორ მოახერხა, რომ ყველაფერი ჩემ მაგივრად მოაგვარა და ჩემი ნებართვის გარეშე  გააკეთა.ხან ვტიროდი, ხან ვუბრაზდებოდი, ხან ვემუდარებოდი,მაგრამ ის  ჯიუტად ერთსა და იგივეს იმეორებდა.
----უნდა წახვიდე, მარი----
----მე ეს არ მჭირდებოდა, გიო.
----მე მჭირდებოდა---  მიპასუხა ჩემი უმადურობით  იმედგაცრუებულმა
მისგან მხოლოდ ის აზრი გამოვიტანე,რომ  ჩემი ექიმისგან მოტყუებით დიაგნოზი წამოუღია და კლინიკაში გაუგზავნია.
პასუხის მერე კი თავისი  დანაზოგით  მკურნალობის თანხა გადაუხდია.

    მე ემოციებით დაღლილი სავარძელში ჩავჯექი და საკუთარი უსუსურობისგან ცრემლები წამსკდა. ის კი ფრთხილად მოვიდა, წამომაყენა, ლაბადა გამხადა , პირისპირ დამიდგა და  თვალებში შემომხედა. მის თვალებში ისეთი გრძნობა დავინახე, მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თავს ვერ მოვერიე და ვაკოცე.  მერე გიომ ხელში ამიტაცა და  საწოლისკენ წამიყვანა. თან თავდავიწყებით მკოცნიდა და მეფერებოდა, მე კი ვნებისგან ვიწვოდი... იმ ღამეს მეორედ დავრჩი მასთან . ცოტა დავლიეთ და უკვე გახსნილად ვისაუბრეთ.  გიო  გვერდით პატარა ბავშვივით მეკროდა და მთელი ღამე საკუთარ  ცხოვრებაზე  მიყვებოდა, ობოლი ბიჭი  როგორ ცდილობდა ცხოვრების აწყობას  და  დისთვის დახმარებას, თუმცა  ამდენი მარტოობის და სამსახურში წინააღმდეგობის  გამო  საშინელი დეპრესია დაემართა  და  ხუთი თვის წინ  თვითონაც სცადა თავის მოკვლა. სიკვდილს  სასწაულად გადარჩენილს ყველაზე კარგად ესმოდა, რა ბედნიერებაა
ცხოვრება " მეორედ  დაბადების" შემდეგ...
ამიტომ გამოგყევი საავადმყოფოდან, შენ  ისეთი სახე გქონდაო...

  ----ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,მარი--მეჩურჩულებოდა მთელი ღამე . მისი სიტყვები ვნებას მიძლიერებდა და თავს ნამდვილ ქალად მაგრძნობინებდა, ის იმ    სითბოს მაძლევდა, რისი დეფიციტიც მთრგუნავდა ამდენი  წელი...

  რადგან წასვლის საჭიროებაში  დამარწმუნდა, სამსახურიდან უფასო შვებულება ავიღე და  წასვლა
დავგეგმე. შვილები უკვე სტუდენტები, სხვა ქალაქში სწავლობდნენ,  ამიტომ მათთვის არაფერი შემიტყობინებია, ისედაც უამრავი სამეცადინო აქვთ, ჯობია ხელი არ შეეშალოთ-მეთქი.  წინა საღამოს კიდევ მოვინახულე გიო, ზღვასთან გავისეირნეთ, მყუდრო სანაპირო მოვძებნეთ და ცხელ ქვებზე ერთმანეთის გვერდით დავსხედით.
ის ძალიან ღელავდა, მე რომ თანმხლები არავინ მიმყვებოდა . მე ვანუგეშებდი და არ ვიმჩნევდი, რომ ცოტათი მეშინოდა.

  დილით, ტაქსი დავიქირავე და უზარმაზარი ჩანთის სარფს მივადექი.ვიგრძენი, მოულოდნელად გვერდით ვიღაც ამომიდგა, ჩანთა შემიმსუბუქა, გეგონა მარტო გაგიშვებდიო, ყურთან ჩუმად  მითხრა  და  თან მაკოცა.ეს ისეთი მოულოდნელი სიხარული იყო, ჩავეხუტე და ხელიც  აღარ გავუშვი, თითქოს მართლა ვალდებული იყო, წამომყოლოდა.
 
  პირველი ქიმიოთერაპიის დროს გიო  გვერდიდან არ მომცილებია.  ჩემ გარდა არავინ იცის, რა ბედნიერებაა, როცა საშინელი  წამლების  გადასხმის მერე ,  როცა ტკივილს და წვას სიკვდილი გირჩევნია და ამის გადატანას უდიდესი ნებისყოფა ჭირდება, შენი ხელი საყვარელ ადამიანს უჭირავს  და თითებზე გკოცნის,  ან  სასტუმროში გელოდება და ყვავილების თაიგულთან ერთად მილიონ  სითბოს გჩუქნის.
  ექიმების ვარაუდი გამართლდა, პირველმა მკურნალობამ კარგი შედეგი მომცა. რამდენიმე კვირაში მკერდზე და იღლიაში ტკივილებმა მიკლო  და სიმსივნემ რეგრესირება დაიწყო. 

    მე    გიოსთან ბინაში სიარულს მოვუხშირე.    ის გასაოცარი და მგრძნობიარე ადამიანი აღმოჩნდა და მე თავიდან ვისწავლე ცხოვრება,  როგორც ახალფეხადგულმა ბავშვმა.  ბავშვური სიყვარული და ძლიერი ვნება ერთმანეთში ისე იყო შერწყმული,
ყველანაირ  თერაპიას  და მკურნალობას  ჯობდა.

ერთ დილით ,  როცა  სახლში  დავბრუნდი, დედაჩემი კოხივით დამხვდა:

---სად ხარ , გოგო, დაგავიწყდა, დღეს მამაშენის დაბადების დღე რომაა, არ გავიდეთ საფლავზე?
----მეტი ყურადღება გარდაცვლილებს, ვიდრე ცოცხლებს---დედაჩემის დევიზია, გავიფიქრე გულში, მამაჩემი უკვე 18 წელია
რაც გარდაიცვალა, დედაჩემი კი ვერა და ვერ შეეშვა მის დაბადების დღეზე  ხონჩით საფლავზე  გასვლას.გიო რომ არა, ახლა ჩემთვისაც მოგიწევდა საკურთხის კვერების  გამოცხობა, შე საბრალო-მეთქი, გავიფიქრე . თქმით კი მხოლოდ ეს ვთქვი:
---არა, რა დამავიწყებს, წავიდეთ, ტაქსს გამოვიძახებ.
---ისე არაფერი გიჭირდა, ერთი მანქანა შენც გეყიდა და ტარება გესწავლა...რამდენი ქალი ატარებს უკვე.
---მხოლოდ ეგ პრობლემა მაქვს, დედა....
-----ხო მართლა, "იმან" დარეკა  ჩამოვდივარ და შვილებთან შეხვედრა მინდაო---ამ ნაცვალსახელით დედა მხოლოდ ჩემ ქმარყოფილს მოიხსენებდა ხოლმე.
---ჩემთან რატომ არ დარეკა?--- გამახსენდა, წუხელ ტელეფონი გამორთული რომ მქონდა.---შეხვდეს მერე, ვინ უშლის.
ერთბაშად საჩუქრები არ ჩამოკიდოს გულზე.

      ახლაც გიო გამახსენდა. ..
არ ვიცი, ეს ბიჭი მიყვარს თუ მისი სითბო და მზრუნველობა უფრო მხიბლავს.ანდა როგორ შეიძლება ის არ გიყვარდეს.  ცოტა დაბნეული, ცოტა საყვარელი, ბევრი მამაკაცური  და რაც მთავარია, გულწრფელი  ემოცია აქვს.
როცა წვერს გაიპარსავს ხოლმე, მისი სუფთა  სახე და კანქვეშ ლურჯი ვენები ისე მიმზიდველად ჩანს ,მხოლოდ შეხება და მოფერება მინდება.ისეთი მგრნობიარეა, ისეთი,  რამდენჯერ სამსახურის მერე სადმე მყუდრო ნაპირას , ცხელ  ქვებზე დავსხდებით ხოლმე , ერთმანეთს მხრებით მივეყრდნობოდით და თვალებით ვსაუბრობთ. ერთხელ ექიმმა უთხრა ჩემზე, მთავარია სიცხე არ ჰქონდესო, ამიტომ ჩვევად ექცა, წამდაუწუმ სიცხეს ტუჩებით მიზომავს და ჩუმად მკოცნის,მე ვითომ ვერ ვხვდები, ხელს ან შუბლს გავუწოდებ და  ვანიშნებ, რომ ტუჩებით სიცხე გამიზომოს ...მერე კი დიდხანს ვიცინით . 
    ეს მზრუნველობა იმდენად მსიამოვნებს, ხანდახან  თვალებს დავხუჭავ და გახელის მეშინია, ყველაფერი სიზმარი არ
იყოს...

    როცა  ჩვენი გაცნობიდან ერთი წელი გავიდა,  მე და გიომ რესტორანში გადავწყვიტეთ აღნიშვნა. გული ცუდს მიგრძნობდა...თუმცა თამთამ ისეთი " სიურპრიზი" მოგვიწყო, ჩემ ფანტაზიას მისი წინასწარ განჭვრეტა  რომ არ შეეძლო....
      სამსახურში ფრთებშესხმული წავედი, საღამოს ლამაზი ვახშამი მელოდება. ზოგი ამას რომანტიკულ ვახშამს ეძახის.რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია, მე მიხარია და მთავარი ეგ მგონია.როგორც კი დამთავრდება სამუშაო საათები, გიო მელოდება
და გაცნობის ერთი წლისთავი  სანთლების ფონზე უნდა აღვნიშნოთ.
შესვენების დაწყებამდე  მოულოდნელად თამთა მოვიდა და ჩემთან საუბარი მოითხოვა...გოგონებს ვთხოვე, მარტო დაგვტოვეთ თქო ,  ვატყობ პირი მიშრება ნერვიულობისგან, ალბათ შაქარმა ამიწია, თორემ ასე არასდროს დამმართნია.
---გისმენთ--გამოვიჩინე უპირატესობა
---რა თარიღს აღნიშნავთ, ერთი მითხარით, შენ და ჩემი ძმა?---ირონიული და თავდასხმის ტაქტიკა აირჩია მან.
---უბრალოდ ერთად გვინდოდა გვევახშმა---ჯერ კიდევ ვინარჩუნებ სიმშვიდეს მე
---რას გეტყვი იცი? უნამუსო ქალი ხარ და შენგან სხვა არაფერია მოსალოდნელი.რა გინდა , რას გადაეკიდე, თავს რატომ არ ანებებ გიოს? მოგინდა ახალგაზრდა საყვარელი?ცხოვრებას უნგრევ და მომავალზე ფიქრის დროს არ უტოვებ ადამიანს.
არ გრცხვენია მართლა?
მაშინ პირველად დავფიქრდი ამ თემაზე-თქო, ტყუილი იქნებოდა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ვიგრძენი, რომ თამთა მართალი იყო ,  ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.
---თავი დაანებე, აუცილებლად დაანებე თავი.
---ეგ გიოს გადასაწყვეტია და არა შენი---ვეუბნები  ცრემლმორეული .
----შენ თუ შეეშვები, ისიც მიხვდება და აუცილებლად დაავიწყდები, რამდენ გოგოს უყვარს, თუ იცი შენ?
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მართალი იქნებოდა...
----შენ  შვილს რომ გადაეკიდოს მასე ვინმე, მაშინ ხომ გამოაჩენ კლანჭებს?
----რა კლანჭები მაქვს, თამთა, ცალი ფეხი სამარეში მაქვს---გულახდილად ვეუბნები მე
----მაგით სპეკულირებ ალბათ გიოსთანაც---საბოლოოდ გამანადგურა.
---არ მიხვიდე დღეს მასთან და თავი გაანებე, გესმის--უკვე ყვირილში  გადადიოდა თამთას ხმა.
----ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია---დიდი მადლობა , რომ მნახე.
თამთა არ გამიცილებია, გარეთ გავარდა და თანამშრომლებიც დამიფრთხო.მე კი ვტიროდი და შესვენებამდე თავი მაღლა არ ამიწევია.
  საღამომდე თურმე ,კიდევ მელოდა ერთი ინცინდენტი ,  ჩემი ყოფილი ქმარი სახლში მომივარდა და გახელებული რაღაცას მეჩხუბებოდა.თამთას მისთვისაც შეუტყობინებია ყველაფერი...დედაჩემი სოფელში იყო წასული და რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა, პატრული გამოვიძახე და გარეთ მივაბრძანე.


ამდენმა ემოციამ ისე დამღალა, ტვინმა მუშაობა შეწყვიტა.სასწრაფოდ ტელეფონები გამოვრთე და ორი ტაბლეტი
ძილის წამალი დავლიე, მივწექი და დავიძინე, შესაძლო შედეგებზე დაუფიქრებლად...


  როცა გამაღვიძეს, თავზე თეთრხალათიანები მადგნენ და ირგვლივ  ყველაფერი ტრიალებდა. გიოს ,ტელეფონზე რომ ვერ დამკავშირებია, სასწრაფო გამოუძახებია და კარი გაუტეხიათ.მე კი ისეთი "საღათას " ძილით მეძინა, თვითმკვლელობის
მცდელობა ჰგონებიათ.  პალატაში თავზე  უამრავი  ადამიანი მეხვია , სუნთქვა შემეკრა და ვიყვირე, ცოტა ჰაერი მასუნთქეთ, ხალხო, რას მერჩით-თქო.
სამლოცველო კუთხეში კი გიოს სანთელი ჰქონდა დანთებული და მხურვალედ ლოცულობდა ჩემი გადარჩენისთვის.
---გთხოვ, ეს მეტად არ გააკეთო, მარი, ჩემო ცხოვრებავ---გიომ  პირველად მითხრა, რომ ვუყვარდი.
---მაპატიე--მოვიხადე ბოდიში არჩადენილ დანაშაულზე მე.


  მეც მიყვარდა და მასაც ვიყვარდი, მეტი არც არაფერი მჭირდებოდა.ჩვენ მომავალზე არასდროს გვილაპარაკია, ერთმანეთი გვიყვარდა და მეტი არაფერი გვინდოდა.


    წელიწადში ერთხელ, მე ჩემ ქიმიოთერაპიულ მკურნალობას ვაგრძელებდი, თანხას ვაკოწიწებდი და თვითონ ვიხდიდი...სამჯერ ჩავიტარე პროცედურა და მკურნალობამ სიმსივნის პროგრესირება შეანელა...
როცა წასვლის დრო დადგებოდა, მე  ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, გიო  სტამბოლში ჩემთან ერთად  წამოსულიყო,
თუმცა მასთან არაფერი გამომდიოდა და უკვე თავდაჯერებული მეტყოდა:
----უჩემოდ  ტყუილად ცდილობ, ახლაც  შენ გვერდით ვიქნები,მარი.

მისი დიდი მონდომებით და სიყვარულით  ერთმანეთს  ხუთი    წელი ვაჩუქეთ, უფრო სწორად მან  მაჩუქა და მე საჩუქარი ისე ავიღე,მისთვის სამაგიეროდ არაფერი შემითავაზებია.
ჩვენ სიკვდილს  უკვე ხუთი წელი გამოვტაცეთ.


    მხოლოდ  ერთხელ ვუთხარი, უსინდისო ვარ ,  დაგტანჯე და გამოგიყენე მეთქი,ის კი ისე გამიბრაზდა, რამდენიმე დღე ხმასაც არ მცემდა.მე მივხვდი,  რომ ამით უფრო ვაფუჭებდი ჩვენ ურთიერთობას და ცხოვრებისგან ტკბობა ვისწავლე.


    გიომ იცის , ჩანაწერებს რომ ვაკეთებ, მასზე და ჩემზე . ისიც იცის,  მაშინ უნდა წაიკითხოს, როცა აღარ ვიქნები.  ამაზე
ხშირად  ვლაპარაკობთ, თუმცა უემოციოდ მაინც არ შეგვიძლია.ისიც კი იცის, ჩემ შვილებს დაკრძალვაზე რომელი მხრიდან უნდა დაუდგეს ან რამდენი ყვავილი უნდა მომიტანოს....

  ერთი წამითაც არ ვნანობ,  რომ ყველაფერი მალე დამთავრდება.რადგან ეს  თუნდაც  ახლავე დადგეს, მე ვიცხოვრე ისეთი ხუთი წელი, ორმოცდაათ წელსაც რომ ეყოფა  ადამიანს    სიყვარულად და ემოციად.

    ბოლო დღეებია ძალიან დავსუსტდი  და  ადგომაც მიჭირს.გუშინ დილით, სამსახურში წასვლამდე ვთხოვე გიოს,ლეპტოპი არ გამორთო და ახლოს მომიტანე, რაღაც უნდა დავწერო მეთქი.მას  ლეპტოპის ეკრანზე მოძრავი    ფონი დაუყენებია  და როცა თვალი გავახილე, ეკრანზე ბრუნავდა სიტყვები

            უ  შ  ე  ნ  ო  დ            მ  ო  ვ  კ  ვ  დ  ე  ბ ი...

  თვალები ამიწყლიანდა.  ღმერთო, თუ უნდა შემყვარებოდა, ცხოვრების დასაწყისში უნდა შემხვედროდა და არა ასე გვიან,
როცა მე ცხოვრებით დაღლილი ქალი ვარ და ის სრულიად ახალგაზრდა...მისთვის ეს პირველი სასოწარკვეთა  იქნება და                      შეიძლება ცხოვრებამ დააბნიოს.  მას დაბადება დააგვიანდა, მე კი მისი არსებობა გვიან გავიგე, მაშინ როცა სიყვარულისა
და  სიცოცხლისათვის ცოტა დრო დამრჩა  და  გული მწყდება,  რომ  მისთვის შვიდფერი და მზის დისკოზე დაკიდებული
ცისარტყელა ვერ დავხატე, რომელშიც მე იისფერი ვიქნებოდი და ის წითელი...
იისფერი ყველაზე მცხუნვარე ფერია, წითელი კი ყველაზე თბილი.
თუმცა  არ ვნანობ, რომ ყინული ვიყავი, რომელიც მისმა  ცეცხლმა გაალღო და ააორთქლა.

                      დამიხატე მზე......................

20 ივლისი, 2013 წელი.


მინაწერი:    დედის დღიურს ( თუ რა დავარქვა ამ ჩანაწერებს) შეულამაზებლად ,  სიტყვასიტყვით ვაქვეყნებ.სამწუხაროდ , შვილებმა არ ვიცოდით  მისი ავადმყოფობის შესახებ, არც მისი უკანასკნელი სიყვარულის შესახებ ვიცოდით რაიმე.  საკვირველია, როგორ ახერხებდა, რომ ჩვენთვის ერთი წუთითაც არ მოუდუნებია ყურადღება.
    დედამ მხოლოდ ერთი კვირა იავადმყოფა , ისე რომ გონება არ დაუკარგავს.მას  ანდერძი არ დაუტოვებია.  მისი სიკვდილიდან რამდენიმე საათის შემდეგ  კი გიორგის თავი მოუკლავს . თამთასთვის მიწერილ მესიჯში მხოლოდ 
ორი სიტყვა ეწერა:        მივდივარ მარისთან...

დედა და გიორგი ერთმანეთის გვერდით დავკრძალეთ.დედაჩემის  საფლავის  ქვაზე კი, რამდენადაც შესაძლებელი იყო,  უზარმაზარი მზის დისკო დავხატეთ.

დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები