ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2013


***

         


არც ბოლო იყო, არც-დასაწყისი.
ქალაქში წვიმდა.
ტყვიამფრქვევივით
ცა ცლიდა ვაზნებს შიშველ ქუჩებზე.
გულამოვარდნილ ჩიტებს შიში
და სველი ფრთები მიჰქონდათ მზისკენ
გამოსაშრობად.
განა რა იყო სიცოცხლე მაშინ?!
რა იყო წმინდა?!
ყველა თერძივით კერავდა, ჭრიდა
თავის ზომა ცრემლსა და ნუგეშს.
და მოპარული ხეხილივით ( ვიღაც )
დაატარებდა უბეში იმედს-
სულზე შერჩენილ უკანასკნელ
გატკბარუნებას.
ბავშვები ისევ თამაშობდნენ დაჭერობანას,
ხან ომობანას,
კოპებშეყრილი მშობლების დაძახებამდე,
ინარჩუნებდნენ შემორჩენილ
ერთ წვეთ ბავშვობას.
ციოდა ქალაქს...
პირდაღებულ უფსკრულთან იდგნენ:
მოხუცები,
ახალგაზრდები,
ორსულები,
ჟღალთმიანები და ზოგიც ჭაღარა.
ეხუთებოდათ სული სხეულში
და დაჟანგებულ ვაგონივით
უძრავი იყო მათი ცხოვრება,მანამდე
სანამ-
არ შემოჰკრა ვიღაცამ ბუკს და სხვამაც ნაღარას,
არ გაისროლა ვიღაცამ სიტყვა: "თავისუფლება"
ზარბაზანივით
და დააყრუა ერთნაირად
მტერიც, მოყვარეც,
ქალიც და კაციც,
ზოგიც მოხუცი და ახალგაზრდა,
ჟღალთმიანი და ზოგიც ჭაღარა.
და მსგავსად კლდისა ( კლდისა წმინდისა)
აღდგა ერი ღმერთის წიაღში!..
წვიმდა ქალაქში.
ქალაქში წვიმდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები