ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თინა ჯაში
ჟანრი: პროზა
25 აპრილი, 2008


სულით არ დაცემულან (ნამდვილი ამბავი)

ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთის მკვიდრნი მარიკა და ვალენტი ქიქავები იმ ქართველ ახალგაზრდებს შორის იყვნენ, რომლებმაც 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა ერის უსასტიკეს ტრაგედიად აღიქვეს. რაიონის სხვა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობის ერთ ნაწილთან ერთად მათ კონტაქტი დაამყარეს ევროპაში ემიგრირებულ დამოუკიდებელი მთავრობის წარმომადგენლებთან. 1924 წელს ერთ-ერთი დავალების შესრულებისას ისინი ბათუმში დააპატიმრეს. მიუსაჯეს სამი წლის პატიმრობა რუსეთის მკაცრი რეჟიმის ციხეში (ქალაქ სუზდალში) და შვიდი წელიწადი ციმბირში თავისუფალი გადასახლება.
  დედა გვიამბობდა, რომ სამ წელიწადს გამოკეტილი იყო ერთ პატარა საკანში. დღისით ლოგინი იკეცებოდა. მხოლოდ ნახევარი საათით გაჰყავდათ სუფთა ჰაერზე. თითქოს, ლაპარაკიც კი გადაავიწყდა, თავისი ძმის შესახებ არაფერი იცოდა.
  სამი წლის შემდეგ ისინი გადაასახლეს აღმოსავლეთ ციმბირში - ქალაქ ენისეისკში, სადაც და-ძმა ერთმანეთს შეხვდა. აქვე შეხვდნენ 1924 წლის მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლების დროს დაპატიმრებულ ქართველ სტუდენტთა ჯგუფს. ქართველ პოლიტპატიმრებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. ისინი ერთად ოცნებობდნენ საქართველოს მომავალზე, დაკარგული თავისუფლების აღდგენაზე. როცა დედას ვეკითხებოდით: ათი წელი ციმბირში რამ გაგაძლებინათო, გვეუბნებოდა: ჩვენი ბიჭების ერთსულოვნებამ, მათმა გაუტეხელმა ნებისყოფამ და ქართულმა ომახიანმა სიმღერებმა, რომლის მოსმენას არაფერი სჯობდაო. ახალგაზრდობა ციმბირის “დაწყევლილ მიწაზე” (როგორც თვითონ ამბობდნენ) სულით არ დაცემულა.
  1933 წელს მარიკა ცოლად გაჰყვა გრიგოლ ჯაშს, რომელიც 1924 წელს თბილისში სტუდენტური გამოსვლებისას იყო დაპატიმრებული (იგი თბილისის უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტი იყო). მასაც 10 წელი ჰქონდა მისჯილი საქართველოს სიყვარულისათვის. მე და ჩემი ძმაც ენისეისკში დავიბადეთ.
  1935 წელს ენისეისკში მყოფი ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ჩვენი მშობლები და ბიძა გაათავისუფლეს. ისინი საქართველოში დაბრუნდნენ. ცხოვრება თითქოს თავიდან დაიწყო. მამა და ბიძა ქობულეთში მუშაობდნენ თავიანთი სპეციალობით, დედა ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს უვლიდა. ორი წელიწადი ბედნიერად გატარეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს წლები ჩვენ არ გვახსოვს.
  1937 წლის 14 აპრილს, ღამის სამ საათზე ჩვენს სახლთან გაჩერებულა მანქანა და სამეულს ჩვენებისათვის კარის გაღება უბრძანებია. ბრახუნი ცუდად გვენიშნა, - გვიამბობდა დედა, - სასწრაფოდ ჩავიცვით და კარი გავაღეთ. სამეულმა მაგიდაზე დაგვიწყო დაპატიმრების ორდერები და ბინის გაჩხრეკის ნებართვა. მე არ ვიცი იმ წუთებში რა გავიფიქრე, ან რა გადაწყვეტილება მივიღე, მამათქვენისკენ გავიხედე. იგი გაფითრებული იდგა და თქვენსკენ იყურებოდა. შემდეგ უფროსს მიუბრუნდა და ჰკითხა: ბავშვები? ბავშვებს რა ვუყოთ! პასუხი თითქოს გამზადებული ჰქონდათ: - მოამზადეთ ბავშვებიც, საბავშვო სახლში გადავიყვანთ! ამ სიტყვების გაგონებაზე მამათქვენი ლომს დაემსგავსა, მაგიდაზე მუშტი დაჰკრა და სასოწარკვეთილად, არაადამიანური ხმით დაიღრიალა: თქვენთან რა უნდათ ჩვენს შვილებს! თქვენს გაზრდილ ბავშვებს ხელახლა დასჭირდებათ აღზრდა! თითქოს ამ ყვირილმა გამოაფხიზლაო, სამეულიდან უფროსი ვინც იყო ჩემთან მოვიდა და მითხრა: - თქვენ ამაღამ დაგტოვებთ, თუ შეგიძლიათ ბავშვები ვინმეს მიაბარეთ, მხოლოდ ხელი მომიწერეთ, რომ ხვალ სამ საათზე თქვენი ფეხით მობრძანდებით განყოფილებაში. გაქცევა არ გაბედოთ, მიწიდან ამოგიღებთ. შვილებთან დარჩენის სიხარულმა ისე დამაბნია, რომ მამათქვენი და ვალენტი სახლიდან როგორ გაიყვანეს, არ მახსოვს. ალბათ, გონება დავკარგე.
  დედა მილიციაში მეორე დღეს არ გამოცხადებულა... სად იმალებოდა და ვისთან, არასდროს არ უთქვამს ჩვენთვის.
  ყველაფერი ჩამოგვართვეს - უამრავი წიგნი, წერილები და სხვა ნივთები წაიღეს. ჩვენს ბინაში სხვები მეორე დღესვე შეცვივდნენ. ასეთი დარბევის შემდეგ თუ რაიმე გადაგვირჩა, კიბის ქვემოთ სარდაფში შეყარეს. დავრჩით ბავშვები უმწეოდ, უბინაოდ... შემდეგ დეიდამ დედისეულ სოფელ შუხუთში ჩაგვიყვანა ბებიასთან და ბაბუასთან. როცა რეპრესიების ბუმი ჩაქრა, დედაც ჩვენთან ჩამოვიდა.
  ათ წელიწადს რეგულარულად, წელიწადში ხუთ-ექვსჯერ ბავშვები ვწერდით წერილებს სტალინს, ჟდანოვს, კალინინს, ვეკითხებოდით ჩვენი მამისა და ბიძის ამბავს. წელიწადში ერთხელ ვიღებდით პასუხს, რომ ცოცხლები არიან და სასჯელს იხდიანო. 1956 წელს კი გვაცნობეს, რომ რეაბილიტირებულნი არიან სიკვდილის შემდეგ.
    ჩვენ ბავშვობა არ გვქონია. უცბათ “დავბრძენდით”, მაგრამ ვერ ვერკვეოდით, თუ რა ხდებოდა ჩვენს გარშემო, არ შეგვეძლო მრავალი მოვლენის ახსნა და გაუთავებლად ვკითხულობდით: “რატომ?”
    რატომ იყო, რომ როცა ჩვენს თანატოლ მეზობელს ბაბუა გარდაეცვალა, დასაფლავებაზე უამრავი ხალხი იყო და მრავალი გვირგვინი მიიტანეს, ხოლო ჩვენი ბაბუა როცა გარდაიცვალა, შვილებისა და შვილიშვილების გარდა ეზოში არავინ შემოსულა. უყვავილებოდ, ურმით რატომ გაასვენეს ჩვენი ბაბუა?
რატომ იყო, რომ როცა რაიონის ალკკ კომიტეტის მეორე მდივანმა ქალმა ახლად მიღებულ კომკავშირლებს  მანდატი ხელის ჩამორთმევით მიულოცა, მე კი 2 მეტრის იქით მაგიდაზე მესროლა ჩემი ბილეთი სიტყვებით: გახსოვდეს! ამათგან 10 ნაბიჯით ყოველთვის უკან იქნებიო. ეს დღე მწარედ და შეურაცხმყოფელად მახსოვს.
  რატომ ვიყავით ყოველთვის შიშში და დაპატიმრების მოლოდინში?
  და კიდევ რამდენი ასეთი “რატომ?”
  დედა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ შვილები წესიერ მოქალაქეებად აღეზარდა. ჩვენ დედისათვის არასოდეს გვიღალატია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები