ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დომენიკო20
ჟანრი: პროზა
5 ოქტომბერი, 2013


  ჩამოტვირთვა

იეზიდი

მაგრამ, დანამდვილებით მაინც არ ვიცოდი, არ ვიყავი დარწმუნებული. მხოლოდ ვვარაუდობდი და ძალიან მინდოდა, რომ სწორედ ის ყოფილიყო. კარგახანს ვემზადებოდი. წინასწარი დაზვერვის გარეშე, პირველივე ჯერზე მსურდა ამ სასწაულის ახლოდან ხილვა და ჩემი ამ ვარაუდის დადასტურება. მისი ფოტოფირზე აღბეჭდვა მქონდა განზრახული, სხვა არაფერი და როცა მივუახლოვდი, რაღაცნაირად შეკრთა, შეცბასავით. მერე უცებ ხელები გაინთავისუფლა, ჩემსკენ გამოექანა, გადამეხვია და გულში ჩამიკრა. დიდხანს ვიდექით ასე. დიდხანს, ალბათ ათიოდე წამი. დროის უმცირესი მონაკვეთი, რომელიც თითქოს აღარ დასრულდა და ასე განსაჯეთ, უსაშველოდ ბევრი რამაც დაიტია ამ რამოდენიმე წამმა...

* *

არ დაგიმალავთ, ცოტა გამიჭირდა სიტყვის შერჩევა.
არ ვიცი იყო ეს სიყვარული, პატივისცემა, თანაგრძნობა თუ კიდევ სხვა რამ.
შესაძლოა  ყველაფერი ერთადაც იყო. მაგრამ ჟარგონი, რომელიც სულ ცოტა ხანში მოგხვდებათ თვალში, ყველაზე მართებულად აღწერს იმ გრძნობებისა თუ დამოკიდებულების არსს, რომელიც მე ამ ხალხის მიმართ გამაჩნდა.

იეზიდები ბავშვობიდანვე მიყვარდნენ, აი მევასებოდნენ რაღაცნაირად.
სხვანაირები იყვნენ.
უკვე მერამდენე თაობა დევნილობაში მყოფებს  და ფესვებდაკარგულთ, თითქოს ათასი უბედურებანანახი, შავი, სევდიანი თვალები, ოდნავ მკაცრი, მუქი პირსახე და რაღაცნაირი, არცთუ ტიპიური "ახლო აღმოსავლური" გამომეტყველება ჰქონდათ.
უფრო ინდოელებს ჩამოჰგავდნენ.
ძირითადად ქართულ სკოლებს ეტანებოდნენ. სწავლისადმი დიდი მონდომებით და სიბეჯითით არასდროს გამოირჩეოდნენ, სამაგიეროდ, ვისაც ვიცნობდი, ყველა კარგად მეტყველებდა ქართულად და იმავდროულად კაი ნარჩევ-ნარჩევი ქართული სახელებიც ერქვათ.
სამშობლოსთან საუკუნოვან განშორებასა და დანარჩენ სამყაროსაგან განკვეთას, თავისი ექნა. საბრალოთ, არც კავშირები შემორჩენოდათ წინაპრებთან და არც არაფერი. აი ეგრე, ცხოვრობდნენ უბრალოდ, ფესვებს, საკუთარი ერის  ისტორიულ ვინაობასა და ზოგადად, არსებობის მიზანს მოკლებულ-მოწყვეტილნი.

უნდა ვაღიარო, რომ ბოლომდე დღესაც არ მესმის, ლტოლვილებსა და დევნილებს შორის რა სხვაობაა. მითუმეტეს, ბავშვობაში ხომ საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა მსგავს საკითხებზე. ახლა კი ვიცი, ეს მრავალტანჯვაგამოვლილი ეთნოსი დევნილობაში ყოფილა იმხანებში და მანამდეც, უფრო დიდი დროის განმავლობაში. მაშინ კი, აბა ამეებისა მე რა გამეგებოდა. ის კი მსმენოდა, რომ ერაყიდან ყოფილან წამოსულნი.
არაფრისმთქმელ ასოთა წყობა იყო მაშინ ჩემთვის ეს ერაყი. ქვეცნობიერად თუ ვგრძნობდი, სადღაც იქით უნდა ყოფილიყო, იქით, უდაბნოთა მხარეს. აქლემთა ქარავანი წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ, როცა ამ სიტყვას მოვკრავდი ყურს. ბავშვები გულუბრყვილოდ რომ ვუმტკიცებდით ერთმანეთს, ყველაზე შორი ქვეყანა ამერიკააო, ხომ გახსოვთ, ლეგენდებს რომ ვთხზავდით, რომ ათასი დღე  უნდა გევლო, სანამ იქამდე მიაღწევდი. ჰოდა ერთხელაც, ჩემმა ბავშვობის ქურთმა ძმაკაცმა - რა ამერიკა და აფრიკა, ყველაზე შორი და მიუწვდომელი ქვეყანა ერაყი ყოფილაო. ამ ერაყში კიდევ სხვა ქვეყანაც არსებულა, სახელად ქურთისტანი. აი ეს ქურთისტანია ყველაზე შორიო.  მამაჩემმა მითხრა, ათასი დღე კი არა, მთელი ცხოვრება რომ იარო, მაინც ვერ მიაღწევ იქამდე. იქიდან ვართ ჩვენო. მერე ისიც დაამტა,  რომ გავიზრდებით, ყველას წაგვიყვანს იქ მამაჩემიო.
ამის მერე, კარგა ხანს  მეგონა, ერთხელაც იქნებოდა მართლა მოვინახულებდი იმ მხარეებს. ოდესმე, დრო რომ მოატანდა. ათასერთი ღამის ზღაპრებით ვიყავი მაშინ გატაცებული და რატომღაც წარმომედგინა, რომ მაინცდამაინც ერაყი უნდა ყოფილიყო ის საოცარი ქვეყანა, სადაც მსგავსი ამბები მართლა ხდებოდა და გული მწყდებოდა, რომ ვერასდროს, ვერასდროს, ერთი ცხოვრება არც გეყოფოდა თურმე კაცს ამ მიწამდე ჩასაღწევად...

ლტოლვილობაში ყოფნას თვითგადარჩენის ინსტიქტი განევითარებინა ამ ხალხში. ყოველთვის მოზიდულნი, ხიფათისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მუდმივად შემართული დაიარებოდნენ. თუმცა, აგრესიული გამოხდომანი არასდროს შემიმჩნევია მათთვის. უფრო სამართლიანობის პრეტენზია გააჩნდათ და მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ "სპრავედლივობას აწვებოდნენ“.

ბრემნ, (ძმაო) ასე მიმართავდნენ ქურთები ერთმანეთს.

მზის თაყვანისმცემლები იყვნენ. ჭირი იყო თუ ლხინი, უშველებელ კარავს დასცემდნენ  ეზოში და კაი მსუქან ძროხასაც მიაბამდნენ იქვე, რომელიმე ხეზე. შემდეგ რა ბედიც ეწეოდა ამ ძროხას, ალბათ თავად მიხვდებით.  თუ ქორწილი ჰქონდათ,  აეროპორტის გზას დაადგებოდა წითელ-ყვითელი „ნოლ-შესტების“ კოლონა. თეთრკაბიანი თოჯინის შემოსმა იცოდნენ მანქანის კაპოტზე.  ჩვენ ხომ ჯვარზე ავდივართ ლხინის სუფრამდე, ისინი სალოცავად და მზის კულტის  პატივისაცემად, სწორედ ამ გზას დაადგებოდნენ ხოლმე.
რატომ ამ გზას და, ჭორად დადიოდა, რომ ზურა წერეთელს, ვიღაც ქურთის ქალი ყოლია საყვარლად და მისთვის, ამ გზაზე, მზის ფორმის მონუმენტი რომაა აღმართული, სწორედ იმ მარინას სახელზე აუგიაო. აქედან მოყოლებული, აღმოსავლეთის მიმართულებით აგებული მზის ეს სვეტი დაუსახავთ თურმე თავის სალოცავად. მართლი იყო ეს ისტორია თუ მოგონილი, კაცმა არ იცის. ეგრე კი ამბობდნენ და ამ სახით იყო გავრცელებული ამ მონუმენტის ამბავი.
ასე იყო თუ ისე, მოკლედ მოვჭრი, მთელი თავისი ნაკლოვანებებითა თუ ღირსებებით, საბოლოო ჯამში ეს ჩვენი იეზდები, კაი ტიპები იყვნენ.

* * * *
მეც მყავდა ერთი ქურთი ძმაკაცი. ნოდარი ერქვა. დედეს ვეძახდით. აი ის, ზემოთ რომ გითხარით, ყველაზე შორი ქვეყნიდან ვარო, რომ გვიმტკიცებდა. მყავდა რა, ახლაც მყავს, ოღონდ, სხვაგან, შირს ცხოვრობს წლებია უკვე.
საბავშვო ბაღიდან მახსოვს დედე. ოთხი წლის ვიქნებოდით პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს. სასაცილოდ ტიპად ჩამრჩა მეხსიერებაში. ლურჯი ბაილონის თუ სეილონის შარვალი ეცვა, ჯიბეებთან თითო–თითო ამოქარგული  ყვითელკოპლებიანი ჟირაფებით. იმ დროიდან ჩემი ძმაკაცია. ბაღიც ერთად გამოვიარეთ, შემდეგი ათი წელიც ერთ კლასში ვიყავით და მოგვიანებით, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქითაც ერთად მოგვიწია წლობით ცხოვრებამ. სამშობლოდან ათასობით კილომეტრზე დაშორებულმა, უცხოეთში ყოფნისას წავკბინე ერთხელ, ჰა, აღიარე, რომელია-მეთქი ყველაზე შორი ქვეყანა.  იმან - „მე რაა, მამაჩემი ამბობდა ეგრეო...“

იმ პირველ დღესაც მამამისს ყავდა მოყვანილი ბაღში.
სპორტული აღნაგობის კაცად მაგონდება მიშა - მამამისი. შავი, გრუზა ულვაშებით და გრძელი ბანკენბარდებით. მოკასინები და გახეხილი „შლაქსი“ ჯინსები ეცვა სამოცდაათიანების  სტილზე. 70–იანების შუაწელი იდგა და ზედვე ეტყობოდა, იმდროინდელი მოდის არცერთი ნიუანსი რომ არ ჰქონდა დარღვეული... და ქამარი ეკეთა გასაოცარი. სქელ, ლითონის ფირფიტაზე, ვეფხვის თუ დრაკონის თავი იყო ამოტვიფრული. დღესაც კი, სადაც ქამრებზე ჩამოვარდება ლაპარაკი, იმწამსვე მისი ტყავის ქამრის ბალთა გამიკრთება თვალწინ. მასიური,  ვერცხლისფრად  მოელვარე.


მიშა!

საოცარი კაცი იყო მიშა.
ამას მერე და მერეც, რაც ასაკი მომემატება, უფრო გავაცნობიერებ და ეს აზრი დროის დინებასთან ერთად საბოლოოდ გამიმყარდება. საოცარი მეთქი როცა ვამბობ, იმის თქმას ვცდილობ, რომ რაც კი რამ გამოხატავდა ამ მრავალტანჯული, დევნილი ერის არსს, ულმობელ ჟამთასვლას ყოველივე გაეხუნებინა ან სულაც ჩაეკლა ამ ხალხის ერად ჩამომყალიბებელი  თვითოეული ამ ნიშან-თვისებათაგანი, მათი თვითმყოფადობის განმსაზღვრავი უმეტესი შტრიხი გაუფერულებულიყო დროთაგანმავლობაში. განგებას კი, ლმობიერება გამოეჩინა და თითიც არ ეხლო ამ კაცისთვის. რა ვიცი, როგორ ხდება ხოლმე, რომ ბუნება, ზოგჯერ თვალებსაც გამოისხამს და გეგონება ესმოდეს კიდეც ყველაფერი. თითქოს ისე მომხდარიყო, რომ უზენაესს, ამ ტომის ყველა ის მემკვიდრული ეროვნული ნიშანი, რაც ზემოთ ვახსენე, ამ ერთ ადამიანში ჩაედო  და ჩაეკეტა,  რათა ლტოლვილობაში მყოფ შთამომავლობისთვის, ავად თუ კარგად, მაგრამ მაინც შემოენახა.

საკუთარი ერი უყვარდა იეზიდს. ოღონდ არა იმ გაგებით, რომ რამე აკვიატებად გაეხადა ეს მომენტი. არა. უფრო ნათლად თუ ვიტყვი სათქმელს, იგი მეტადრე ქართველი გახლდათ და არა ქურთი  ნაციონალისტი, რომელსაც იდეაფიქსად ან თუნდაც მოდურ ახირებად გადაქცეოდა თავის ეროვნება თუ ეროვნულობა. პირიქით, სწორედაც რომ ქართველის გადმოსახედიდან  სჭვრეტდა იგი თავისსავე ნაციას. ქართული სკოლა ჰქონდა დამთავრებული, მშვენივრად საუბრობდა ჩვენს ენაზე. ქართულ წიგნებს კითხულობდა და იქიდან მიღებულ ცოდნასა, თავისსავე ხალხის კიდევ უფრო ღრმად გაცნობიერებას ახმარდა. რატომ, არც ვიცი, და არც ოდესმე მიკითხავს, სხვადასხვა კუთხის კილოზე მოუქცევდა ხოლმე ზოგჯერ. ასეთი მანერა ჰქონდა ხუმრობის. და წარმოიდგინეთ, ყოველთვის სვამდა შექმნილი ვითარების კონტექსტში. არასდროს უადგილო არ ყოფილა მისი ასეთი ფოლკლორული გადახვევები. არასდროს სიტუაციის შეუფერებლად არ მიუმართავს მსგავსი ხერხისთვის.
სანამ პატარა ვიყავი, მეგონა ბევრი ფული ქონდა. ჰალსტუხი ეკეთა ხშირად და სათვალეებსაც ნაირნაირს იცვლიდა. რეიბანებიო, ლენონებიო, სლიოზები თუ რას ეძახდნენ, აი სარკესავით რომ პრიალებდნენ, ისინი. მეშვიდე თუ მერვეკლასში ვიყავით, ტექნიკუმში დაუწყია სწავლა და მერე უმაღლესში აბარებსო ისტორიულზე, ესეც კი გავიგე ჩემი ძმაკაცისგან. გეუბნებით, ერთ ადგილზე გაჩერება უჭირდა, სულ რაღაცისკენ იწრაფოდა, დღენიადაგ საკუთარ თავზე მუშაობდა. თითქოს ერთი რამ მიზანი ჰქონდა დასახული და ამ მიზნისკენ მოძრაობდა გამუდმებით.
ეხლა რომ ვითვლი, სადღაც 35-40 წლის უნდა ყოფილიყო მაშინ.

ნაღდი იეზიდი იყო, მეთქი გითხარით.  ოღონდ ნაღდი ქართველი იეზიდი.

ოთხი შვილი ყავდა მიშას.
ოთხივეს ქართული სახელი ერქვა.
ოთხივე ქართულ საბავშვო ბაღში დადიოდა.
ოთხივემ ქართული სკოლა დაამთავრა.
ცოლად კი ზადე ჰყავდა. ჩვეულებრივი ქურთის ქალი ზადე. 


დაუდგრომელი იყო მიშა.

ხან აქ იყო, ხან იქ. ხან აღმა, ხან დაღმა. რუსეთიდან წესიერად  ჩამოსულიც არ იყო - ყაზახეთში თუ ყირგიზეთში გარბოდა. იქიდან ბალტიისპირეთში ამოყოფდა თავს. იქიდან ხან ქუთაისში, ხან სოხუმში გაჩნდებოდა. რას აკეთებდა, ან რა საქმეებით იყო დაკავებული, არავინ იცოდა. ზუსტად ვერც ვერასდროს დავადგინეთ. მოკლედ, რაღაც ბიზნესი ჰქონია საქართველოს ფარგლებს გარეთ. მხოლოდ იმ დროს ამას ბიზნესს არ ეძახდნენ,  კანონგარეშედ იყო ამგვარი საქმიანობა გამოცხადებული. იმასაც ამბობდნენ კავშირის მასშტაბით ქურდების წრეში მიღებული პერსონა არისო. ჩვენც მეტი რა გვინდოდა. იმჟმინდელ მოზარდთათვის ეს მომენტი კიდევ უფრო მეტ ხიბლს, რომატიულობას და იდუმალებას სძენდა მის პიროვნებას და მეტი კრძალვით და რიდით განგვაწყობდა მის მიმართ.
სიტყვაძუნწი იყო. სათქმელს ყოველთვის მოჭრით და ლაკონურად იტყოდა. არ იფიქროთ სიტყვას ზედმეტად დაასველებდა ოდესმე.
- ჰა, რა ხდება, ხდება რამე? – ჩამოსული ამას გვკითავდა ხოლმე პირველად.
მხრებს რომ ავიწურავდი და რავი, არაფერი–მეთქი, რომ ვუპასუხებდი - " კარგია თუ არაფერი არ ხდება, ან ყველაფერი უნდა მოხდეს ან არაფერი-ო" - დაამატებდა.
ვერ ვხვდებოდი რისი თქმა სურდა ამით. მაგრამ ის გვიხაროდა, უსაჩუქროდ რომ არასდროს დაბრუნებულა უკან. ხელცარიელი არასდროს ჩამოსულა. ყოველთვის მცირე რამ  საჩუქარს გამოიყოლებდა ხოლმე ჩვენთვის, შვილის ძმაკაცებისთვის. ბევრნი არ ვყოფილვართ. ოთხი თუ ხუთი ბიჭი. ეგ იყოდა ეგ.
რა არ ჩამოუტანია. რას არ გამოაყოლებდა ხოლმე ხელს. ერთხელ მახსოვს ნესვი ჩამოგვიტანა აშხაბადიდან. მერე რუბიკის კუბიკები და „ტანგოს“ ბურთი მოსკოვიდან. ათას რამეს ცდილობდა ჩვენთვის. ადიდასის ბოტასები, რომელიც ოცნებად მქონდა გადაქცეული და მეგონა ვერასოდეს ვეღირსებოდი, მიშამ ჩამომიტანა კიევიდან და თითქოს ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი, დიდის ამბით, საზეიმო ვითარებაში გადმომცა.
მერე იყოდა, ადლერიდან ერთი ყუთი პეპსიკოლა უთრევია, დაგრეხილ ბოთლებში ესხა რაღაც შავი სითხე. სად იყო ან პეპსი, ან ფანტა მაშინ. სკოლაში დაგვქონდა ჩანთით და ყლუპ–ყლუპად ვასმევდით გამვლელ–გამომვლელს.
მამა არცერთს არ გვაკლდა იმხანად. მაგრამ ეს უცნაური კაცი, საკუთარ მამებზე უფრო მამად მიგვაჩნდა ბიჭებს. მე განსაკუთრებული პატივისცემის გრძნობა გამაჩნდა მის მიმართ, რადგან მის დამსახურებად ვთვლიდი, რომ როდესაც ყველა მწვრთნელმა ხელი ჩაიქნია ჩემზე, ერთწლიანი თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგად სწორედ მან მომიწესრიგა სუნთქვის გადაულახავი პრობლემა. ნიჭიერ ფეხბურთელად ვითვლებოდი იმ დროისთვის, უდიდეს იმედებს ამყარებდნენ ჩემზე. მხოლოდ ეგ კი იყო, ფიზიკურად არ ვიყავი ძლიერი. სუსტი ფილტვები და აქედან გამომდინარე სუნთქვის პრობლემა  დაუძლეველ ბარიერად ქცეულიყო ჩემი სპორტული კარიერის გზაზე.  მალე ვიღლებოდი. მიშას აღმოსავლური ორთაბრძოლების რაღაც  ვარჯიშების და მედიტაციის მთელი სისტემა ჰქონია ჩამოყალიბებული, ყვინთვასთან და ჰაერის შეკავებასთან რომ იყო დაკავშირებული. თბილისის ზღვისკენ წაგვიგდებდა ხოლმე მე და დედეს ყოველი ცისმარე დილას. აბა იქ იწყებოდა ჩემი ტანჯვა-წამება.  წამზომით ხელში იმდენს მაყურყუმალავებდა, ლამის იყო ლაყუჩები გამომესხა და წყალ-ხმელეთა ამფიბიად ვიქეცი.  დედე ისედაც მოცურავე იყო და მაშინ პირველად ვნახე, როგორ გადაცურეს ეს ამხელა წყალსაცავი მამაშვილმა. მოკლედ, იმდენი და ისეთები მავარჯიშა, ცოტა ხანში დაღლა და კი არა, დილიდან საღამომდე დოღის ცხენივით რომ მერბინა, პულსი არ ამიჩქარდებოდა. სპორტში ჩემს შემდგომ წარმატებებს სწორედ ამ კაცს ვუმადლოდი. ამის მერე საბოლოოდ ვაღიარე მისი განსაკუთრებულობა და საკუთარ მამისგან აღარც ვარჩევდი, მისი თითოეულ სტყვას თითქმის შეუვალ ჭეშმარიტებად აღვიქვამდი.  „ო, დიდო და ყოვლისშემძლე სენსეი-სან“- ასე მივმართავდი ხოლმე ნახევრად ხუმრობით და იმავდროულად პატივისცემის ნიშნად.

მინდვრის ქარივით თავისუფალი იყო მიშა. არც რაიმე სამსახური ჰქონია ოდესმე და არც არაფერი. მაგრამ არ ვიცი რა საშუალებით, არცერთ ჩვენს ახირებას აუსრულებელს არ დატოვებდა. კაცი იფიქრებდა, ყველასგან მალულად, ალადინისეულ ჯადოსნურ რამე ლამპარს თუ ფლობდაო, რომელშიც ჯინი ყავდა გამომწყვდეული და თითქოს ეს ჯინი თვითოეული ჩვენი სურვილის ასრულებაზე უარს ვერასდროს უბედავდა.   
  ქურთული ქორწილების სიმრავლე იყო იმ ხანებში და უმეტეს ასეთ ქორწილში მიშა თამადობდა. ერთგვარ პროფესიონალადაც კი ჩამოყალიბებულიყო. სათვისტომოში მჭერმეტყველის სახელი გავარდნოდა და შემთხვევები მახსოვს, როდესაც დაუქირავებიათ კიდეც სუფრის გასაძღოლად. ნამყოფი ვარ რამოდენიმე ასეთ ქორწილში, სადაც მას უთამადია. ნეფე-დედოფალს ყოველთვის ყანწით დალოცავდა. ორ ენაზე წარმოთქვამდა სადღეგრძელოს. ჯერ მშობლიურზე, შემდეგ ჩვენსაზე. ამბობდენ, ამ ტრადიციასაც მიშამ ჩაუყარა საფუძველი 60-იანების ბოლოსო. მას მერე ქურთების თითქმის ყველა ქორწილი ორენოვანი იყო. წარმოთქმულ სადღეგრძელოს, თან თარგმანი ახლდა ყოველთვის.
იოგიც იყოც. იოგას სწავლებას მისდევდა მოცალეობის ჟამს. ფეხს უცნაურად მოირთხამდა და დაუსრულებლად შეეძლო ერთი პოზაში ჯდომა. გაუნძრევლად, გატოკების გარეშე.
შემდეგ მკლავებზე აზიდვას იწყებდა.  როგორც წესი, ორას-სამას აზიდვას აკეთებდა ერთ ჯერზე, ერთი ამოსუნთქვით. ხშირად მინახავს ქუჩაში მდგარი, ირგვლივ კაცები რომ შემოეკრიბა და მათ ათასგვარ თემებზე ეკამათებოდა. რას აღარ ეხებოდნენ, რა საკითხებს არ განიხილავდნენ. ერთხელ ყური მოვკარი, ამტკიცებდა, თამარ მეფის საფლავი ჩრდილო კავკასიის რომელიღაცა რესპუბლიკაშიაო. მდინარის სახელი ახსენა. იმ მდინარის ხეობაში ძველი ქართული ეკლესიის ნაშთები, წარწერები და რაღაც გამოქვაბული უპოვიათო. ამბობდა, რომ ეს ტერიტორია, თამარის დროინდელი საქართველოს გავლენის არეალს განეკუთვნებოდა და გამორიცხული არ იყო, რომ თამარის საფლავი სწორედ ამ გამოქვაბულში აღმოეჩინათ..  მერე კი, რა შუაში იყო და უცებ, მოულოდნელად, ასფალტს განერთხმეოდა და მკლავებზე აწევას იწყებდა. თითქოს ახალი ენერგიით დაიმუხტებოდა ხოლმე. შემდეგ, ფეხზე წამომდგარი, ხელებს ერთმანეთზე გაატყლაშუნებდა და ვითომც არაფერი, მეტი შემართებით აგრძელებდა კამათსა და საკუთარ შეხედულებათა მტკიცებას. ხშირად ყოფილა ამგვარი მომენტები. ეს უცნაურობა ყოველთვის ერთ რამეს მიანიშნებდა, მეტი ენერგიით აპირებდა კამათში გადაშვებას, მეტი შეუპოვრობის მომასწავებელი იყო მისი ეს, ასე ვთქვათ, ორ სამყაროს, გონებრივსა და ფიზიკურ განზომილებებს შორის მყისიერი გადახტომა–გადმოხტომანი.

საბოლოო ჯამში, დაუდგრომელი და ამოუცნობი კაცი კი იყო მიშა, მუდმივად რაღაცის  ძიებაში მყოფი, მაგრამ რომ ვაკვირდებოდი, მაინც ასკეტურ ნატურას დაებუდებინა მისი ფსიქიკის სიღრმეებში. ორი სხვადასხვა ადამიანი სახლობდა ერთდროულად მასში. ერთი - სალი კლდესავით შეუვალი და გაუტეხელი, მეორე - წყაროს წყალივით მორაკრაკე და სანთლის ნაღვენთივით დამყოლი. რომელიღაც უცხოური ჟურნალიდან ერთი ფოტო მქონდა ამოჭრილი და ჩემს ოთახში, კედელზე ჭიკარტებით მიმაგრებული. ქვევით მინაწერიც ჰქონდა რაღაც. ერაყელი ქურთის პორტრეტი იყო. ტექსტი უცხო ენის მასწავლებელს ვათარგმნინე და გავარკვიე, რომ ბედის უკუღმართობას ლტოლვილად ექცია და უცხო მიწაზე, იორდანიაში გადაეხვეწა ეს კაცი. გუშინდელივით მახსოვს და თვალწინ მიდგას ამ ლტოლვილის ნახშირივით მინავლებული, შავი, ჩამქვრალი თვალები, რომელთა წიაღში, თითქოს სამყაროს ყველა სევდას ერთად მოეყარა თავი და კაენის დროიდან დღემდე მოყოლებული, კაცობრიობის თითოეული ცოდვა ერთბაშად დალექილიყო. მას ჰგავდა, ამ ლტოლვილს ვადარებდი მიშას. სულ მინდოდა მისთვის სურათი გადამეღო და იმ კედელზე გაკრული ფოტოს გვერდით მიმეჩინა ადგილი. ამ მიზნით, ერთხელ მამაჩემის მივიწყებული, ნაწილებად დაშლილი „ზენიტის“ აწყობაც კი განვიზრახე. ტყუილად ვეცადე, არ იმუშავა ფოტოაპარატმა. სიძველესა და დროის მსახვრალ ხელს წირვა გამოეყვანა მტვერსა და აბლაბუდებში გახვეული კამერისთვის.. მას მერეც ბევრჯერ მქონია მსგავსი მცდელობები, ფირზე გადამეტანა იეზიდის სახე. ვერცერთხელ ვერ მოვახერხე ეს სურვილი ამესრულებინა. ხან ფოტოაპარატი არ მქონდა, ხანაც მიშას ვერ მოვიხელთებდი იმ მდგომარეობაში, რომ იმ უცნობი ქურთი ლტოლვილის მსგავსი განცდები ჰქონოდა სახეზე აღბეჭდილი.

ეხლა ვფიქრობ და ვერაფრისთვის შემიდარებია, რაღაცას მაგონებს ბავშვობა. რაღაც ფერადს და კრიალას. კალეიდოსკოპი ხომ გინახავთ - მუყაოს მომცრო მილაკი. და თუ გინახავთ, ალბათ შიგნითაც ჩაიხედავდით, სადაც სარკეთა და ათასფერ მინა-ნამტვრევთა სიმრავლეს აღმოაჩენდით. გეხსომებათ როგორ იცვლებოდა, როგორ გარდაისახებოდა სხვადასხვა იდეალური სიმეტრიის ფიგურებად ამ ფერად ნამსხვრევებთა უწესრიგოდ მიმობნეული გროვა. დიახ, სწორედ ასეთი იყო ის წლები და ამ მბზინავ გამჭვირვალე მინათა შორის, თავისი განუმეორებელი ადგილი ამ კაცს, იეზიდს ეკავა, რომელიც თავად ქმნიდა მის ირგვლივ გასაოცარ მოვლენათა მთელ წყებას და თავადვე  გახლდათ  იდუმალი ფერებით გაჯერებული ერთი მთლიანი მოზაიკა.


* * *

იმ წლებიდან ბევრი რამ ჩამრჩა მეხსიერებაში, ბევრი რამ მაგონდება. თუმცა რაღა ბევრი, საბავშო ბაღიდან მოყოლებული თითქმის ყველაფერი, იმ ამბავთა  ყოველი დეტალი მახსოვს, წარუშლელი კვალი რომ დაატყვეს ჩემ ცხოვრებას. მაგრამ, ის ერთი ღამე მაინც შეუდარებელ ფრაგმენტებად აღიბეჭდა ჩემს ცნობიერებაში. ფრაგმენტებად კი არა, თითქოს მთელი სრულმეტრაჟანი ფილმი მქონოდეს ბნელ განჯინის დამტვერილ თაროზე გადამალული და დროდადრო, როდესაც დღის სინათლეზე გამოვიტან და გონების თვალს გადავავლებ, სითბო და სიცივე თითქოს ერთად შემოიჭრება ხოლმე სულში და სხეულში. სწორედ იმ ღამით გაამჟღავნა იეზიდმა თავისი ნამდვილი ოცნება და იქედან დაწყებული, გეგონებოდა რაიმე დიდ სანახაობას შევუერთდი და მისი მონაწილე გავხდი - ისეთი აზარტით დავიწყე მისი ამ ოცნების გულშემატკივრობა.

იშვიათია თბილისში თოვლი.
ხოლო თუ ღმერთი ნებას იბოძებს და ახლწელს წამოყრის ფანტელს, საერთოდ ღვთისწყალობად და სასწაულადაც შეიძლება მიიჩნიოს კაცმა ეს დამთხვევა.
მთელი ცხოვრება ვნატრობდი და ვოცნებობდი ასეთ დამთხვევებზე. სულ სამჯერ თუ ოთხჯერ გამიმართლა.
ის ღამე ერთერთი იყო.
ახალწელს ვხვდებოდით მასთან ჩვენები. მეათე კლასში ვიყავით, იმ წელს ვამთავრებდით სკოლას.
დღესაც თვალწინ წინ მიდგას ის თეთრი ღამე და კაცი, შავი ღვინით სავსე სასმისით ხელში. ის სახე ჰქონდა, ზუსტად ის თვალები, ჩემი ოთახის კედელზე გამოკრული უცნობი ლტოლვილის სახე და თვალები ჰქონდა. მისი მაშინდელი სიტყვა დღესაც ჩამესმის ყურში. ასე ამბობდა, მაინც, სიცოცხლის ფასადაც რომ დაჯდომოდა, მაინც ჩააღწევდა იქამდე. გრძნობებს ემძლავრათ და წყლიანი თვალებით, თავისსავე ღმერთს ევედრებოდა, იმ მიწის უნახავი ნუ გადამაბარგებ შენს სამფლობელოშიო. მხოლოდ ამ მიწის შეხებისას ვიგრძნობ თავს ბედნიერადო.  ვუყურებდი მის თვალებს და მართლა ვხვედავდი, მისთვის ამ მიწაზე ფეხის დადგმის ის ერთადერთი წამი იქნებოდა აბსოლიტურ ბედნიერებასთან შეხების წამი, თუკი მსგავსი რამ საერთოდ არსებობდა.  თოვლით, წარმოუდგენელი სილამაზითა და მაცოცხლებელი სისველით სავსე მიწიდან, გვალვებით გათანგულ და მზის მცხუნვარებით დამსკდარ მიწასთან შეხების ბედნიერებისკენ მიისწრაფოდა იეზიდი. და ისიც ცხადი იყო, ეს მისწრაფება არსებობაზე მეტს, თავად სიცოცხლეზე მეტს რომ ნიშნავდა მისთვის...

ჩვენ კი, ჩვენ რა, სხვაგან დაჰქროდა ჩვენი გონება და ფიქრი მაშინ. სულ სხვა მიმართულებით მიგვიწევდა გული. ყველა და ყველაფერი გვიყვარდა. იმავდროულად, ყველა და ყველაფერი გვძულდა და გვაღიზიანებდა. ამერიკასა და თავისუფლებაზე ვოცნებობდით. იქ გვეგულებოდა ის, რასაც ჩვენი სისხლის თვითოეული უჯრედი და ჩვენი სხეულის თვითოეული ატომი გაეჯერებინა.  და რაღაცას კი ვხვდებოდი, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ მესმოდა, ამ უთვალავფერიან  სამყაროში, რატომ აერჩია ამ კაცს მაინცდამაინც ის მოულოდნელობებით, ხიფათით სავსე, გამომშრალ, უწყლო და გვალვებით დაღარულ მიწათა მხარე.

ბევრ რასმე მივედ-მოვედეთ იმ სუფრაზე. ვითომ ბევრი რამ ვიცოდით და თითქოს ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულიყო ჩვენს თავზე, ისეთებს ვლაპარაკობდით. ეხლა რომ წარმოვიდეგენ, რა მაგრები -  არა, რა ნაღდები ვყოფილვართ იმ დროს. ყოველი ჩვენი წინადადება თავისებური დეკლარაცია იყო და სამყაროსადმი ომის გამოცხადებასავით გაისმოდა. ქვეყანა გვინდოდა ამოგვებრუნებინა. თავისუფლების სიოს პირველი ნაკადები შემოჭრილიყო მავთულხლართებით შემორაგულ გეტოს საჰაერო სივრცეებში. და თითქოს ჟანგიან ბორკილთა მსხვრევის ხმაც კი ჩაგვესმოდა მოზარდებს. ხმა, რომელიც არსებული რეალობისადმი ბოლომდე გაუცნობიერებელი შინაგანი პროტესტის გრძნობით გვავსებდა და მოქმედებისკენ მოგვიწოდებდა.
გაუცნობიერებელში კი იმას ვგულისხმობ, რომ იმდენად აბლანდულ-დახლართულიყო ძირითადი ღირებულებები ჩვენში, რომ მთელი მეათე კლასი ამობრუნებული „პაპკით“ ვიარე სკოლაში. თეთრ პირზე ამოვატრიალე ჩემი სასკოლო ჩანთა და იმ ბავშვობისდროინდელი შორეული ქვეყნით გამოწვეული ინპირაციის შედეგი იყო თუ კიდევ სხვარამ მიზეზი - თვალუწვდენელ ჰორიზონტებამდე გადაჭიმული უდაბნო და აქლემების  გრძელი მწკრივი დავახატინე თეთრი მარლისგან შეკერილ შიდა სარჩულზე ხოსეს. და კიდევ, სამგანზომილებიანი სვასტიკაც დავახატინე -მარადიული მოძრაობის და მზიური სიბრძნის  ნიშანი, ოქროსფერ ქვიშაზე რომ იყო გართხმული და ზედ ჩამავალი მზის სხივები რომ ეღვრებოდნენ. მხოლოდ, მისი ეს თავდაპირველი, მუდმივი მოძრაობის გამომხატველი მნიშვნელობა არც ვიცოდი და არც გააზრებული მქონია. მერე, რამოდენიმე წლის მერე გავიგე ამ სიმბოლოს ორიგინალური არსი, მანამდე კი მას ძლევამოსილი გერმანიის სიმბოლოდ განვიხილავდი და რაღაცნაირი აღმატებული განცდაც კი მეუფლებოდა, როდესაც ამ ნიშანს ვუმზერდი.  მაგარი კომპოზიცია კი გამოვიდა, ღმერთმანი. შედევრი იყო პირდაპირ. აქამდე ვინახავ ამ „პაპკას“, როგორც უდარდელი ბავშვობიდან, ბობოქარი ვნებებით აღსავსე ცხოვრებაში გარდამავალი უხილავი ბილიკის ხილულ და გაცხადებულ სიმბოლოს.


შუაღამეს დავიშალეთ.
გამალებული თოვდა. კი არ ბარდნიდა,  წვრილად ცრიდა, მშრალად, აი კახეთის თოვლს რომ ეძახიან სინოპტიკაში გარკვეულნი, ორი–სამი დღე რომ არ გადაიღებს ხოლმე, ისე.
მახსოვს, აივნიდან ნაქსოვი სპორტული ქუდი გადმომიგდო მიშამ. მზრუნველიც იყო ყველაფერთან ერთად. მარხილში შებმული, ოთხკუთხა ირმები იყო ქუდზე ამოქარგული, თეთრი, ასევე ოთხკუთხა ნაძვების და წახნაგოვანი თოვლის ფანტელების ფონზე. დარწმუნებული ვარ სპეციალურად შეარჩია. დახვეწილი ესთეტიც მრავალჯერ შემიმჩნევია ამ კაცში. არასდროს მავიწყდება ის ახალი წელი. ბედნიერება სრული სისავსით შემოჭრილიყო ჩვენში. მთელი ცხოვრება წინ გვედო. მომავალს რომ გავხედავი, დასასრული არ უჩანდა ამ ქვეყნად ჩვენს მოვლინებას. საერთოდ არც მჯეროდა დასასრულის არსებობის. მაგრამ ვგრძნობდი, იმ ღამეს რაღაც შეეცვალა ჩემში. იეზიდის წყლიანი თვალები და მისი ვედრება გამოვიყოლე იმ უჩვეულო ღამეს, რომელიც შემდგომში სამუდამოდ ამედევნა, დაუკითხავად შემოიჭრა, განზავდა და განიფინა ჩემი არსების თვითოეულ ნაწილაკში. ღამე, რომელმაც ბევრი რამ განსაზღვრა და განაპირობა, მაშინაც და მერეც. გაივლის წლები და იმ ღამის მისტერია აჩრდილივით ამედევნება, შემდეგ ეს აჩრდილი გახუნდება, გაფერმკრთალდება, მაგრამ მალე კვლავ ახალი შინაარსით აღივსება, უფრო მკვეთრ კონტურებს შეიძენს და მოსვენებას საბოლოოდ დამიკარგავს.

მე და დედე კი დილამდე დავბორიალობდით. ათას თემას შევეხეთ. ვამბობდით, რომ მაგარი იყო ცხოვრება და რა ბედნიერები ვიყავით რომ საქართველოში დავიბადეთ.
ასე გვეგონა მაშინ.
მე ახლაც ასე მგონია. ნოდარამ და მისმა ორმა დამ კი, ათი წლის წინ აიკრეს გუდანაბადი და ბებერ კონტინენტზე გადასახლდნენ. ხოლო უმცროსი ძმა, თურქეთში წავიდა. სტამბულში მონახა სათავისო საქმე.

მახსოვს ბევრი ვილაპარაკეთ. არ დაგვრჩენია მზისქვეშეთში განუკითხავი არაფერი და ბოლოს მამამისზე გადავერთეთ, მიშაზე. რა მაგარი კაციაო ვამბობდით. მერე იმის წარმოდგენას შევეცადეთ, როგორი იქნებოდა ქურთისტანში, აი იმ შორეულ ქვეყანაში რომ დაბადებულიყო. დედემ - ვერ იქნებოდა ასეთიო. იქ უდაბნოა და აქ, ამ ბუნებამ და ლანდშაფტმა (ეს სიტყვა იხმარა) თავისი ქნა, ქართველებიც სხვანაირები ხართ, მამაჩემიც და მეც თქვენ გგავართო. ასე მარტივად ახსნა - თუ ამას მარტივად ახსნა ქვია. მერე ისიც თქვა, რომ თამარ მეფეზე კითხულობს ნარკვევებს, მხარგრძელის ეპიზოდები აინტერესებსო. კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ. ძმობას ვეფიცებოდით ერთმანეთს. ერთ მომენტში თითების გაჭრაც მოგვინდა და სისხლების შერევა - ადრე რომ იცოდნენ ისე.  შუშის ნამტვრევს ვეძებდით, მაგრამ რას ვიპოვიდით, გადათეთრებულიყო ყველაფერი. შუშა და კენჭი კი არა, მანქანების თოვლით დაფარვასაც აღარაფერი აკლდა. თოვდა. ლამპიონთა ყვითლად მოციალე შუქზე ფანტელების სქელი ფარდა ჩამოწოლილიყო. მთვრალი და ბედნიერი ადამიანების შეძახილები ისმოდა შორიდან. მაშხალების ელვა გაკრთებოდა დროდადრო, ნისლის სქელ საბურველს არღვევდა და ათასი ფერით ღებავდა ზეცას. ზღაპარში გვეგონა თავი. და მართლაც ზღაპარში ვყოფილვართ, ახლა რომ ვფიქრობ. მერე დედემ მითხრა, რაც შენ დღეს გაიგე, ათი წელია უკვე ამას იძახის.  დაუჩემებია, რომ უკვე რამდენი ხანია ერთი და იგივე სიზმარი ესიზმრება, თითქოს ბავშვობისას მოიტაცეს, ძალით მოსწყვიტეს სამშობლოს და უცხო მხარეში წაიყვანეს. მას მერე სიზმრებში ყოველღამე ბრუნდება თურმე უკან  და ერთხელაც იქნება მართლა არ დაადოს თავი და იქითკენ არ წავიდესო, ხუმრობდა თუ სერიოზულად ამბობდა ამ ბოლო ფრაზას ნოდარა, ვერ მივხვდი.  ბედნიერ ვარსკვლავზეა მამაჩემი გაჩენილიო. რას გულისხმობ მეთქი, რომ ვკითხე -თვითონ თვლის ასე, ამბობს -„ჩემი თვითმფრინავი რომც ჩამოვარდეს, არ არსებობს, მაინც გადავრჩები, სანამ იქ არ ჩავალ, არ მოვკდებიო;"  აი ამაზე კი წავკინკლავდით, მაგრამ მთავარზე კი არ შევჩერდით, მთვრალურად გავუტიეთ და მე ვუმტკიცებდი, რომ გამორიცხულია, შანსი არ იყო თვითმრინავის ჩამოვარდნის შემთხვევაში ვინმეს გადარჩენის. ის მარწმუნებდა - თუ კუდისკენ ზიხარ, შეიძლება გადარჩეო.

შანსი არ იყო მისი გადარჩენის.
ოღონდ, ეს მერე, წლების მერე მოხდება.


მანამდე კი...
მანამდე კი, როდესაც ქარები დაბერავდნენ და  მაშრიყის მხრიდან ნაცრისფერ ღრუბლებს წამოასხავდნენ, ლოყებზე ჩამოისვამდა იეზიდი ხელს და პირს აღმოსავლეთისკენ იზამდა.
ლოცვას იწყებდა მშობლიურ ენაზე.
სახე გაუფითრდებოდა, თვალები დაენამებოდა და როცა ეს ქუფრი ღრუბელი პირს მოხსნიდა, ზეცას მიანდობდა იეზიდი სახეს  და მერე ვეღარც გაარჩევდი, მის ოდნავ ამობურცულ ყვრიმალებზე, რომელი ნამდვილი ცრემლი იყო და რომელი წვიმის წვეთი.
წვიმა უყვარდა.
ოღონდ, გრძნობდა, გარჩევა იცოდა, დასავლეთისა იყო თუ აღმოსავლეთის.
სახეს მიუშვერდა წვეთებს და თუ სიმძიმეს შეატყობდა, "ხოდე მაღალიაო" იტყოდა და საათობით შეეძლო მდგარიყო ღია ცის ქვეშ, სანამ თავით–ფეხებამდე ნანატრი სითხით არ გაიჟღინთებოდა.
როგორ არჩევ აი ამ წვიმების ამბავს-თქო, ერთხელ ვკითხე.
––"დასავლეთის წვიმა, ზღვების და ოკეანეების წვიმაა, შვილო, მსუბუქია და გამჭვირვალე. უდაბნოთა წვიმა კი მძიმეა, მასში ქვიშის კრისტალებს და მიუწვდომელ მხარეთა მტვრის ნაწილაკებს ვხედავო"- მიპასუხა

არ ვიცი, რას ხედავდა და რას არა, მაგრამ მაშინ კი ნამდვილად გვჯეროდა, რომ რომელიმე აღმოსავლელ მოგვთან, დერვიშთან თუ გურუსთან გვქონდა საქმე და არალეგალურ იატაკქვეშა ჯგუფის საიდუმლო, განდობილ წევრებად წარმოგვედგინა თავი. ბევრჯერ მიმხვდარვარ, რომ განუწყვეტლივ მას ვედრებოდი. თითქოს უჩინარი ძაფებით ვიყავით ერთმანეთთან დაკავშირებული და თითქოს ერთიან, საზიარო სუბსტანციურ გარსში ვიყავით გახვეულები  და რაღაცნაირად, ჩემი მომავალი ცხოვრების მოდელადაც მიმაჩნდა ეს კაცი, საკუთარ თავს კი მის თავდაპირველ პროტოტიპად აღვიქვამდი.
ამას თვითონაც გრძნობდა. ასაკში დიდი სხვაობის მიუხედავად, ჩემთან ურთიერთობისას ყოველთვის მოზიდული იყო და თავს მოშვების უფლებას არ აძლევდა.  როლში შედიოდა წამიერად, გეგონებოდა კინოფილმს უღებდა ვინმე უჩინარი რეჟისორი და ისიც მთელი, მთელი მონდომებით და უკიდურესი არტისტიზმით თამაშობდა ამ როლს. მე კი, მაშინვე ვხვდებოდი, რომ ვერასდროს გავხდებოდი მისნაირი და ჩემი ეს სურვილი, თავიდანვე აუსრულებლობისთვის იყო განწირული რადგან მისგან განსხვავებით, ჩემს ყოფას რისკი და აზარტი აკლდა, არ შემეძლო დასახული მიზნისკენ შეუჩერებელი სწრაფვა. პირველსავე დაბრკოლებაზე ყურებს ჩამოვყრიდი და შემდგომი მცდელობის ყოვლგვარი სურვილი მეკარგებოდა. ვერ გეტყვით დიდად მორწმუნე ვიყავი, ან რამე რელიგიური გრძნობები მძლავრობდა ჩემში, მაგრამ ფატალისტი გახლდით ბუნებით და ცხოვრებაში "მოსახდენი მაინც მოხდება"-ს პრინციპით ვხელმძღვანელობდი.

დრო კი თავის გზაზე მიიზლაზნებოდა.
კი, მიიზლაზნებოდა.
ეს მერე და მერე ვიტყვით, ცხოვრება რა სწრაფად გადისო, თორემ მაშინ, სანამ ჩვენი ბავშვური, შეურყვნელი გონება, ჯერ კიდევ არ იყო მოვლენათა განმეორებადი ბუნების მიერ გახუნებულ-გაფერმკრთალებული, ყოველი ხდომილება, ჩვენი ცხოვრების ყოველ ჩქამი, პირველადი სახით, სიახლის ხასხასა ფერებით აისახებოდა ჩვენს შემეცნებებში. ამიტომაც იყო, რომ სანამ დღე ღამედ გადაიქცეოდა, ერთი გაუთავებელი საუკუნე ჩაივლიდა და თითქოს არც სკოლის არდადეგები მთავრდებოდა არასდროს.

დრო კი მაინც გადიოდა.
და ცხადად ვხედავდი, ეს კაცი მართლა გამოუცნობ, უხილავ ძალთა მფარველობის ქვეშ იყო მოქცეული. ხიფათი და ფათერაკი იყო მისი მუდმივი თანამგზავრი. მაგრამ არ ვიცი რა  მანქანებით, ამ განსაცდელთაგან ყველგან და ყოველთვის უვნებელი გამოდიოდა. თითქოს ზებუნებრივი ძალები დადგომოდნენ დარაჯებად, მისი წინასწარმეტყველება ცხადდებოდა თითქოს - სანამ იქ, იმ მიწაზე არ დავდგამ ფეხს არ მოვკვდებიო, რომ დაიქადნა. ორჯერ დაიჭირეს უკანონო საქმიანობისთვის და მალევე გამოუშვეს. რამოდენიმეჯერ ავარიაში მოყვა. ერთხელ გველმა უკბინა კახეთში, ფეხს აჭრიდნენ, მაგრამ გადარჩა. ერთხელ, თბილისის ზღვის სიგრძეზე გადაცურვისას შუა წყალში კუნთი დაეჭიმა და იხრჩობოდა. დენსაც დაურტყამს. შუქი რომ ჩაქვრებოდა, რაღაც ხრიკი იცოდა ერთი ფიდერის მეორეზე გადაერთების. მერე მგონი საკუთრი უკვდავება მართლა ირწმუნა,  ვიღაცას დანიძლავებია და  დიღმის მხარეს, მტკვარზე რომ მილია გადებული, იმაზე გაუვლია ფეხით. მერე იმასაც ამბობდნენ, ტაშკენტში თუ ვეღარ ვიხსენებ სად, თვითმფრინავის რეისზე დააგვიანაო და იმ თვითმფრინავს ავიაკატასტროფა განუცდია, კასპიის ზღვაში ჩავარდნილა.
მოკლედ ტყუილ–მართალი, მითი და სინამდვილე ამ კაცის შესახებ, ისე იყო ერთმანეთში არეულ–აზელილი, რომ სად იწყებოდა ნაღდი და სად გადაიზრდებოდა ეს ყველაფერი მოგონილში -  ვეღარც ვარჩევდით.


* * *


წლები კი წლებს მისდევდნენ.
ათასმა წყალმა ჩაიარა. ათასი რამ იცვლებოდა. მერე იყო ომები. ერთი, მეორე, სამოქალაქო, სამამულო... არც ჩემთვის ჩაუვლია გვერდზე მთელს ამ დავიდარაბას. მთელი ეს ხანი, მე ჩემი ტვირთი ვზიდე და ამის გამო, მიშა დაკარგული მყავდა თვალთახედვის არედან. ისეც ხომ ხდება ხოლმე, რომ შენთვის ძვირფასიც კი მიგავიწყდება მიზეზთა გამო. ასე იყო მაშინაც. იეზიდიც გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან და მხოლოდ დრო და დრო თუ ამოტივტივდებოდა მისი სახე ჩემს მეხსიერებაში და მისი მთავარი ოცნების და მავედრებელი ცრემლების ამბავს შემახსენებდა.
ის ჩვენი "განდობილთა" საძმოც დაიშალა.
ვინ საით წავიდა, ვინ რომელ ნაპირზე გარიყა მზაკვარმა დროებამ.
ის ხანა, ბედნიერ მოგონებადღა შერჩენოდა ჩემს გონებას და უწინდებურად, მომავალს როცა გავხედავდი, დასასრულის პირველი ნიშნებიც გაკრთებოდნენ ხოლმე ჰორიზონტზე. ეს ის ასაკია, როდესაც ატყობ, რომ დრო უფრო სწრაფად და თავდაუზოგავად იწყებს საკუთრ წრფეზე სრბოლას. ერთხელ, ძმაკაცის დედას, ნანაიას (ქუთაისელია), ამგვარ თემებზე რომ ჩამოვუგდე საუბარი, დრო რა სწრაფად გადის-მეთქი, –– „აპაა ბიჯო, გადარეულები ყოფილარიენ, გრინვიჩი თუ რაცხეის მერიდიანი როა, იქინეო“.
ტიპიური ქუთაისელის განსახიერება იყო ნანაია.



თავი II


ოცდაოთხი წლის ვხდებოდი. აფხაზეთის ომი ახალი დამთავრებული იყო.
ვერ ვიტყვი, ამ პერიოდისთვის ბევრი რამ მქონდა ნანახი და თავს გადამხდარი, თუმცა, ასეც შეიძლება ითქვას, ჩემი ასაკის კვალობაზე იმდენი მაინც მქონდა ნანახი და საკუთარ ტყავზე გამოცდილი, რომ გარკვეული ფილოსოფიური წარმოდგენებიც შემქმნოდა ადამიანთა მოდგმაზე და ზოგადად, ცხოვრების რაობასა და მის ამოუცნობ პარადიგმებზე.
მთელი ჩემი ნაფიქრ–ნააზრევი, მარტივ ფილსოფიამდე დაიყვანებოდა. ასე ვფიქრობდი: თუკი იარსებებდა რაიმე საზომი საშუალება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დროის კონკრეტულ მონაკვეთში გაზომილიყო ნებისმიერი, რომელიმე უსახლკაროს ბედნიერების ხარისხი და თუ მიღებულ შედეგს, ლონგ-აილენდზე ან თუნდაც ტენერიფეს კუნძულებზე მცხოვრებ ვინმე მილიონერის ბედნიერების ხარისხს შევადარებდით, მრავალ მიზეზთა გამო აღმოჩნდებოდა, რომ იმ ენდორფინთა რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელნიც ჩვენს განცდებსა და ბედნიერების შეგრძნებებს განაპირობებენ, ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი ამ ორი ინდივიდისთვის, საბოლოო ჯამში, დაახლოვებით ერთნაირი იქნებოდა. ასე ვფიქრობდი, რადგან მიმაჩნდა, რომ დანამდვილებით ვერავინ იტყოდა, ვინ უფრო ბედნიერი იყო, ის უოლსტრიტელი მილიარდერი, რომელმაც წარუმატებელი ფინანსური ოპერაციის გამო, დღის ბოლოს რამოდენიმე მილიონი იზარალა თუ, ის მიუსაფარი, რომელმაც მთელი დღე ქუჩაში დაჰყო, ნამდვილი ადამიანები იხილა, ხელითაც კი შეეხო მათ და დღის დასასრულისთვის რამოდენიმე ათეულ დოლარსაც მოუყარა თავი. ანდა შევადაროთ რომელიმე მდიდარი ვაჭრის გაზულუქებული მემკვიდრე და მისი შინაარსგამოცლილი ვნებანი იმ მეომარის ვნებებს, რომელმაც წარმატებული საბრძოლო ოპერაციის შედეგად, რამოდენიმე მეტრით წინ წაიწია და სანგარში მჯდომს, ბრძოლებით დაღლილს და გათანგულს, მედდა ჭრილობებს უმუშავებდა. ანდა ვინ აწყავდა, მიზნისკენ ჯიუტად მავალი, უდაბნოს მწყურვალი მწირის სულიერ მდგომარეობას, რომელმაც, შორს, ცისა და ხმელეთის შესაყართან, მაცოცხლებელი ოაზისი დალანდა და ამ ყოველივეს იმ ადამიანის ფიქრებს შეადარებდა, რომელმაც მრავალი ნახა, მრავალიც გამოსცადა, ფინანსური იმპერია შექმნა და საოცნებოც არაფერი დარჩა.
ამაზე როცა ვფიქრობდი, ჩემეული „ფილოსოფიის“ ამ მიმართულებას რომ დავადგებოდი, განუწყვეტლივ იეზიდი მედგა თვალწინ. მისი გავლენას ვგრძნობდი და თითქოს ჩემშიც ორი დიამეტრალურად განსხვავებული არსება ჩასახლდებოდა. ადრეც გითხარით, თავად არ გახლდით მეთქი ჯიუტი და მიზანდასახული, პირველივე გაცუდებული მცდელობისთანავე ვწყვეტდი წინააღმდეგობას და ასე ვიწყებდი თავის მართლებას, რომ ბედნიერება, როგორც ასეთი, ბუნებაში სუფთა სახით არ მოიპოვებოდა და როგორც სხვა ყველაფერი, ეს მცნებაც ფარდობითობის ნიშნით იყო დაღდასმული. ამდენად ყოველი მცდელობა ამ მიმართულებით, მისი წმინდა და თავანკარა არსთან ზიარებისკენ სწრაფვა, თავისებურ წყლის ნაყვადაც კი მიმაჩნდა. უფრო თუ გავამარტივებთ - ვთვლიდი, რომ ბედნიერება, იმ პოტენციურ უბედურებათაგან თავის დაღწევა და არიდება იყო, რომელნიც მშიერი მგლებივით განუწყვეტლივ გარს გვივლიდნენ  და გაუმაძღარი სვავებივით მუდამ თავს დაგვტრიალებდნენ.
ჩემს ამგვარ შეხედულებათა ჩამოყალიბებაში, უდიდესი როლი სწორედ მიშას ეკუთვნოდა.
აკი მოგახსენეთ, მრავალ ფათერაკსა და ხიფათს ეთამაშებოდა მეთქი. სხვას ვის, თუ არა მას ევლებოდა გარს აზარტის სამოსში გახვეული ათასი უბედურება და მის თავზე შეიყრებოდნენ ხოლმე საავდროდ მოქუფრული შავი ღრუბლები, თუმცა ის ჩამრჩენოდა მეხსიერებაში, რომ ჩემგან განსხვავებით, ამ ადამიანს წინსწრაფვის დაუოკებელი ჟინი ამოძრავებდა და ალბათ სულაც არ მიაჩნდა, რომ ბედნიერება უბედურების არ არსებობაში უნდა გვეძებნა. იმ თოვლიანი ღამის ვედრება, როდესაც მან პირველად აღიარა თავისი ცხოვრების უდიადესი მიზანი, ჯერაც არ წაშლილიყო ჩემს მოგონებებიდან, და მისი თვალებიც ხომ გარკვევით ამბობდნენ, რომ ეს მიზანი მართლაც რომ სიცოცხლეზე ძვირად შეეფასებინა.  ისიც მახსოვს, ორბუნებოვანი ნატურა ჰქონდა-მეთქი იეზიდს რომ გითხარით, რადგან სულ მცირე ხანი იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერზე წამსვლელი და რამდენიმე წუთის წინ მორიგი სიგიჟის ჩადენის ჟინით შეპყრობილი კაცი, მყისიერად ასკეტად და მარტოსულად მოგვვლინებოდა, სხვა განზომილებაში გადაბარგებული, ფილოსოფოსოდ ქცეულიყო. ზოგადად, მე ამ ერთ არსებაში დავანებული ორი პიროვნებიდან, მეორეს, ფილოსოფოსს ვანიჭებდი უპირატესობას და ყოველთვის მსურდა სწორედ ასეთად მეხილა იგი, ჩაფიქრებული, გარინდებული, პირს რომ აღმოსავლეთისკენ  იბრუნებდა და საკრალური ჩურჩულის თანხლებით სახეს რომ თბილ წვიმებს მიანდობდა. ასეთი მიშა მომწონდა მე. მაგრამ ვგრძნობდი, მისი აზარტი მეც გადმომდებოდა და რაღაცნაირმა ცრურწმენის სენმაც კი დამრია ხელი. გულუბრყვილოდ, ბავშვურად ასე ჩავიფიქრე, რომ თუ იგი თავის ამ მიზანს მიაღწევდა, დიდხანს ვიცოცხლებდი, თუ ვერა და - ნაადრევად წავიდოდი ამ ქვეყნიდან, ახალგაზრდობაშივე გარდავიცვლებოდი. შემდგომში ეს ბავშვური თამაში ისე გავითავისე და ჩემთვის იმდენად რეალური შეიქნა, რომ თითქმის დანამდვილებით მჯეროდა, ჩემი სული მას ჩავარდნოდა ხელში და მისი წარუმატებლობა, საკუთარი სიცოცხლის ფასად დამიჯდებოდა. თან სანამ  თავს ამ „თამაშში“ ჩავაბამდი, დიდხანს ვიყოყმანე, ღირდა თუ არა მსგავს „მსხვერპლზე“ შეგნებულად წასვლა, რადგან შიში მქონდა და თითქოს ვიცოდი, ცუდს რასმე გადაეყრებოდა, კეთილად არ დასრულდებოდა მისი ამ მიმართულებით მისწრაფებანი.


* * *
რთული პერიოდი იდგა მეთქი, გითხარით. თბილისელ იეზიდთა უმრავლესობამ, ამ „ჟამიანობას“ თავი გაარიდა და ისევ ლტოლვილის სტატუსით, ევროპის სხვდასხვა ქვეყანას ჩაბარდა. ზოგმა რუსეთს შეაფარა თავი. მძიმე და სასტიკი ხანა იდგა. მეც ბევრჯერ გამკრა ბასრი ბრჭყალი ჭირთა მოძალებამ. ბევრი დავკარგე, ბევრი მეგობარი, ნათესავი, ახლობელი და შორებელი. წლების მანძილზე ნაშენები ბევრი კავშირი დაირღვა და ჩაბარდა წარსულს. ამ და კიდევ მრავალ მიზეზთა გამო, მე ჩემი ანგარიშები მქონდა არსებულ დროებასთან, მაგრამ რა გინდოდა რომ გექნა. ანდა როდის ყოფილა, შემოქმედს, თავისსავე შექმნილი გმირები ამხედრებოდნენ და უარი ეთქვათ ნაწარმოების, სიუჟეტის განვითარების მწერლისეულ ხედვაზე. ან მხატვრის მიერ შექმნილი ტილოდან, პერსონაჟებს ეწყოთ გადმოსვლა და თავის ნება-სურვილზე სიარული. მეც ასე, ბედს შეგუებული მივყებოდი ცხოვრების დინებას და სად გავირიყებოდი, რომელ წყალქვეშა რიფს ან მეჩეჩს მიმახეთქებდა ცხოვრება, აღარც მაინტერესებდა. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ მიშაზე გავიგე, მოსკოვში ყოფილა უკვე რამოდენიმე წელი. კარგად არისო, ასეც ითქვა. გული შემეკუმშა ეს ფრაზა რომ გავიგე. მე კი ვიცოდი რასაც ნიშნავდა ეს კარგად ყოფნა. ნათესავები ყავდა მოსკოვში, კანონიერი ქურდები და დარწმუნებული ვიყავი ერთ ალაგზე ვერ გაჩერდებოდა, მათთან დაიჭერდა კავშირს. ჩემი ეს შიში, შემდგომში დადასტურდა კიდეც და გული საბოლოოდ ჩამწყდა, თოთქოს მისი გარდაცვალება გამეგო ისე განვიცადე ეს ამბავი. ტყუილი ყოფილა-თქო  ყველაფერი - ვფიქრობდი. ეს კაცი მესახებოდა მიზნისაკენ შეუპოვრად მავალი ადამიანის ეტალონად, მისი მთავარი ოცნება თითქოს ჩემ საკუთარ ოცნებად ქცეულიყო და ვერ ვეგუებოდი აზრს, რომ  იეზიდს შეიძლებოდა აღარც კი ხსომებოდა უდაბნოთა წვიმა, ან ქვიშის კრისტალები და მიუწვდომელ მხარეთა მტვრის ნაწილაკები და მიწიერ, ამ ქვეყნიურ ეფემერულ სიკეთეებზე გაეცვალა მარადიული იდეალები. ესეც არ იყოს, ჩემი, ასე ვთქვათ „სიცოცხლის ხანგრძლივობაც“ ხომ მისი იმ მიწაზე ფეხის დადგმის პირდაპირპროპორციული გახლდათ.
ხელი საბოლოოდ ჩავიქნიე ყველაფერზე. უიმედობამ და დეპრესიამ მოიცვა მთელი ჩემი არსება.
ბოლოს ისიც გავიგე, ნორილსკში გადასულიყო მიშა საცხოვრებლად, იქ დიდი ფული ეშოვნა და უზარმაზარი სახლი ეყიდა.  აი ეს კი ბოლო ლურსმანი იყო ჩემი იმედების კუბოზე. მივხვდი, საბოლოოდ გათქვეფილიყო ქურდულ სამყაროში, გაგებული მქონდა, ნიკელის ბიზნესს აკონტროლებდა მისი ნათესავი ამ მხარეებში...


თავი III

2004 წლის აპრილი ან მაისი იდგა, როდესაც უსაშველოდ დიდი და უცნაური ნომერი დააფიქსირა ჩემმა ტელეფონმა. არც ვაპირებდი პასუხს, ვიღაცები რეკავდნენ აფრიკიდან და რაღაც გათამაშებაში გამარჯვებას მამცნობდნენ ხოლმე. ნომერს მაძლევდნენ რომელზედაც შემდეგ თავად  უნდა დაგერეკა - ვითომ მოგებული თანხის გასაფორმებლად. ჩვეულებრივი აფიორა იყო, კარგა გვარიანი თანხა იჭრებოდა სატელეფონო ანგარიშიდან. სად მიდიოდა ეს თანხა, ან სად ილექებოდა არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა. ერთხელ მოვტყუვდი და ჭკუა მქონდა უკვე ნასწავლი. ასეთ უცნაურ ნომრებს აღარ ვპასუხობდი. როგორც იქნა დადუმდა ზარი. ერთი კი შევიკურთხე და ის იყო მობილურის საერთოდ გათიშვას ვაპირებდი, რომ ზარი კვლავ განმეორდა. ევროპის და ამერიკის ნომრებს ვცნობდი, ეს კი არცერთს არ გავდა. გულმა ვერ მომითმინა, რამოდენიმე ლარის დედაც მეთქი და ზარს ვუპასუხე...
მისი გაბზარული, ტირილნარევი ხმა ძლივს ვიცანი. აეროპორტში სასწრაფო დახმარების მანქანით დახვედრას მთხოვდა. ნოდარა იყო, დედე, ჩემი ქურთი ძმაკაცი.
საიდან რეკავ, მოსკოვში ხარ მეთქი, რომ ვკითხე - არა, თურქეთში, სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაშიო. ენა დამება, რა ხდება-მეთქი, სანამ ვკითხე, მილიონი შიშინა ხმა და გაბმული ელექტრომაგნიტური ფონი ჩაერთო ჩვენს კავშირს შორის. ხმა ჯერ ალაგ-ალაგ ისმოდა, შემდეგ კი საერთოდ გაწყდა. ამის მერე რამოდენიმეჯერ შემოვიდა ზარი იგივე ნომრიდან, მაგრამ უშედეგოდ, ვეღარაფრით დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, არც ვიცი რამდენჯერ სცადა დღის განმავლობაში.
ელდამ და ჟრუანტელმა დამიარა თავიდან ფეხებამდე. არაფერი ვიცოდი რა ხდებოდა. ისიც ვერ დავადგინე რომელ საათზე უნდა დავხვედროდი, რომელ საათზე უნდა ჩამოფრენილიყო სტამბულიდან თვითმფრინავი. კარგა ხანს გამშრალი ვიდექი. პირველი რაც გავიაზრე, რა უნდა დამართოდა ახალგაზრდა ბიჭს, მის ძმას, პატიოსანი ადამიანი იყო, თან თავით ფეხებამდე ჯანმრთელი, შტანგისტი იყო, თურქეთის ჩემპიონიც გახდა ერთხელ. ავარიაში თუ მოყვა ან შტანგა თუ დაეცა მეთქი, ამას ვფიქრობდი. შემდეგ გონს მოვეგე, აზრებს თავი მოვუყარე და საინფორმაციოს, ჯერ აეროპორტის, შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის ტელეფონის ნომერი ვთხოვე. მეორე დილის ხუთ საათზე ჩამოდიოდა სტამბული-თბილისის რეისი.

აეროპორტის „Arrival“  განყოფილებაში დიდხანს მოგვიწია ლოდინმა. ავიალაინერი თურქეთიდან ჩამოფრენას აგვიანებდა. ბოლოს დაჯდაო გამოაცხადეს და შემოსაზღვრული ტერიტორია რომაა, აი იქ გავმაგრდი და მომლოდინე თვალებით მგზავრების გამოსასვლელს მივაშტერდი.
ჩემი არ იყოს, სხვა დამხვედრთაც კისრები წაეგრძელებინათ და ისეთი თვალებით მისჩერებოდნენ ამ გამოსასვლელს, გეგონებოდა საიქიოდან ამნისტირებული მამა-პაპა უბრუნდებოდათ დედამიწაზე.
როგორც იქნა კარები იყო თუ რაღაც გოფრირებული ფარდა გაიხსნა და მგზავრთა ნაკადმა დაიწყო გამოსვლა. სასწრაფოს მანქანა იქვე, ტაქსების სადგომთან გველოდებოდა. სახურავზე დამაგრებული მაშუქს, ყვითელ–ცისფერი ციალი გაუდიოდა, შუქი აეროპორტის შენობაში აღწევდა და ისედაც მძიმე სიტუაციას კიდევ უფრო დრამატულს ხდიდა. რეანიმატოლოგები თავით ფეხებამდე მზადყოფნაში იყვნენ.
უკიდურესად დაბნეული გახლდით, მაგრამ იმდენს კი ვხდებოდი, ვიღაც მოყავდა თურქეთიდან... მისი ძმა, სავარაუდოდ, მძიმე ან სულაც სასიკვდილოდ გადადებული ავადმყოფი. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, მიშას ვეძებდი, გული მიგრძნობდა და დარწმუნებული ვიყავი, ისიც აქ იქნებოდა და  სადაც იყო გამოჩნდებოდა. თვალებს ირქვლივ ვაცეცებდი. იეზიდს ვეძებდი. მჯეროდა, რომ იმ დღეს უსათუოდ შევხვდებოდი.
დღესაც ვერ ამიხსნია რამ მაფიქრებინა, რომ მომაკვდავ ავადმყოფს, მაინცდამაინც იმ გამოსასვლელიდან გამოიყვანდნენ, საიდანაც ჩვეულებრივ, ჩამოსული მგზავრები გამოდიან ხოლმე. დაბნეული და რეალობას სრულიად მოწყვეტილი კაცის ფიქრი იყო ეს.
ის იყო პირველმა ეჭვმა გამიელვა, რომ სასწრაფოს ექიმი მომიახლოვდა და რომელიღაცა შესასვლელიდან შევდივართო, მამცნო. მისმა თანმხლებმა პირმა კი, იქვე, სახელდახელოდ საშვი გამიფორმა. შემდეგ სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ მანქანაში ჩავჯექით, სპეცშესასვლელის მოძრავი ჭიშკარი გავიარეთ და პირდაპირ საფრენი ბილიკისკენ ავიღეთ გეზი.
თვითმფრინავს მივუახლოვდით. ბორბლებზე შემდგარი საკაცე შორიდანვე დავლანდე. ჩვენს მოლოდინში, იქვე, თვითმფრინავის ტრაპთან გაეჩერებინათ.
დედეც მალევე გამოჩნდა. ჩვენსკენ მოემართებოდა. მანქანიდან  ჩამოვხტი და მისი შემხვედრი მიმართულებით გავიქეცი. გული ამოვარდნაზე მქონდა. ყურებში კი წივილი და  რეაქტიულ მოტორთა გამაყრუებელი გუგუნი ჩამესმოდა... და  ყველაფერი მაშინ დადუმდა და დაიხშო, როდესაც დავინახე, რომ ჩემი ძმაკაცის ფეხდაფეხ, გორგოლაჭებიანი საკაცით, მის ძმას, ამირანს კი არა, თავად იეზიდს, მომაკვდავ იეზიდს მოაგორებდნენ. უფრო სწორად მის აჩრდილი მოჰყავდათ, გამხდარი, დალეული, ლანდად ქცეული, სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე მყოფი და სულთმობძავი. კინოებში რომ გინახავთ, აი ისე იყო ათას ხელსაწყოსა და აპარატზე მიერთებული. სახეს სანახევროდ ჟანგბადის სასუნთქი მოწყობილობა უფარავდა და ვიღაც ღვთისნიერი ედგა თავზე, პლასტმასის ბოთლი ეჭირა, მის ზემოთ, მის თავს მაღლა, რომლიდანაც რაღაც უფერული სითხე ჩამოედინებოდა და წვრილი, გამჭვირვალე მილაკით, სანახევროდ საიქიოს მყოფი იეზიდის ვენას უერთდებოდა..

ადგილობრივმა პერსონალმა თავისი მოვალეობა ბოლომდე პირნათლად შეასრულა და საკაცე სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსა. რეანიმობილის გულისგამაწვრილებელმა სირენამ გააყრუა იქაურობა. ის მექანიზირებული კარიბჭე უკანვე გამოვიარეთ და რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებას დავადექით.

მეგობრის მანქანით მივყვებოდით თავბრუდამხვევი სისწრაფით მიმავალ სასწრაფოს. დედე გახევებული იჯდა. მიტკლის ფერი ედო. სათქმელს ვერ ალაგებდა, ნიკაპი უთრთოდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ბოლოს ის გავიგე მისი ნათქვამიდან, რომ წელიწადნახევრის წინ, მოსკოვიდან თურქეთში ჩასულა მამამისი და სირიაში გადასვლა უცდია. დაუკავებიათ და ექვსი თვე თურქეთის ციხეში მჯდარა. შემდეგ გამოუშვიათ. მას მერე ყოველდღე ველოდებოდით მის დაბრუნებასო - ყვებოდა. მაგრამ არ ჩასულა იეზიდი, არ დაბრუნებულა უკან. მაინც მოუხერხებია სირიაში გადასვლა და როდესაც ამერიკამ ჯარები შეიყვანა ერაყში და საომარ ოპერაციებს აწარმოებდა იქაური რეჟიმის წინააღმდეგ, ამ არეულობით უნდოდა ესარგებლა და ხელახლა შეეცადა სირიიდან ერაყში გადაპარვას. ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფებაში უნდოდა გაწევრიანება. სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში აპირებდა ჩაბმას. ვერ შეძლო იეზიდმა საზღვრის გადალახვა. გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში სირიელმა მესაზღვრეებმა ერაყელი ლტოლვილის ყალბი დოკუმენტები აღმოუჩინეს, რომლის გამოყენებასაც აპირებდა ოჯახის ვითომ აქეთა მხარეს გადმოსაყვანად და საბუთების გაყალბებისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის კვლავ დაუპატიმრებიათ. წელიწადნახევარი გაუტარებია სირიის რომელიღაც საზღვრისპირა ქალაქის ციხეში. ორჯერ ჰქონია გაქცევის მცდელობა, ორჯერვე დაუჭერიათ და სიკვდილმისჯილთა საკანში გამოუკეტავთ. რვა თვე ყოფილა იეზიდი იმ საკანში, ყველდღე სცემდნენ თურმე. საბოლოოდ კი გაუსაძლისმა ყოფამ და თავის ქალის მძიმე ტრავმამ, სიკვდილის პირამდე მიიყვანა საწყალი. მის უბის წიგნაკში ჩემი ნომერი უპოვიათ და ბელგიაში დამიკავშირდა ციხის ადმინისტრაციაო. ასე ყვებოდა დედე. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და თავს იმითღა ინუგეშებდა, ამ მიწას მაინც მივაბარებო მის ცხედარს. .

გამშრალი, გაფითრებული ვუსმენდი. მხოლოდ მაშინღა მოვედი გონზე, პირში თბილი სითხე და უცნაური, მწკლარტე გემო რომ ვიგრძენი. სისხლი მდიოდა მოკვნეტილი ტუჩიდან.

არავის ახსოვს, როგორ გადავკვეთეთ ეს ამხელა ქალაქი. გადაუდებელი დახმარების განყოფილება წინასწარ მომზადებული დაგვხვდა. ბევრი დრო არ დაუკარგავთ, ფორმალობები უცბად მოაგვარეს და საკაცე რეანიმაციაში  შეაგორეს...
დერეფანში ვიდექით, ექიმთა საბოლოო განაჩენის მოლოდინში გულებს ბაგაბუგი გაუდიოდა. დროს მოძრაობა მკვეთრად შეენელებინა. რამოდენიმე საათის ლოდინი ასწლეულებზე გადაიჭიმა.
ბოლოს განყოფილების კარი გაიღო და სიღრმიდან ჩვენსკენ ცისფერხალათიანი კაცი წამოვიდა.
რეანიმატოლოგის უიმედო, შუშისებურმა მზერამ, ჩემი მავედრებელი თვალები გაიარა და უკან, კედელზე, სიგარეტის ნამწვთა შავი ნაკვალევის გვერდით, დამატებით ორი შავი წერტილი ამოწვა.

შანსი არ იყო მისი გადარჩენის.
მცირედი, იოტიოდენაც კი....


თავი IV

არ ვიცი, გითხარით თუ არა, სასწაულების არასდროს მჯერაოდა. მაგრამ, ხანგამოშვებით ფატალისტური განწყობებიც წამოყოფდნენ ხოლმე ჩემში თავს. „არგარდასავლელ“  საქმეთა გარდუვალობას ვამტკიცებდი.
იყო მომენტები როდესაც მიმაჩნდა, რომ რაც ხდება, ან რაც მომავალში მოხდება, ყველაფერს თვითნებური და შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. ეს ამბივალენტური განწყობა-გამოვლინებები, ხან ერთ მხარეს გადიზნიქებოდნენ, ხან მეორე მხარე დასჯაბნიდა პირველს, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში მეჩვენებოდა, რომ სამყაროში სრული ქაოსი მეფობდა და ამა თუ იმ მოვლენას, სხვა ხდომილებებთან არავითარი პირდაპირი კავშირი არ გააჩნდა, თავის მხირვ ეს ხდომილებებიც არაფერს განაპირობებდნენ და სხვა მოვლენათა რიგზე ასახვას არც არასდროს ჰპოვებდნენ.
თუმცა კაი ხანია იყო უკვე, რაც ერთი ეჭვი მღრღნიდა, მაწვალებდა და სასწორის პინას ერთი კონკრეტულ მხარეზე, ერთი მიმართულებით გადაწონიდა.
„პაზიკი“ ავტობუსები თუ გახსოვთ, უწინ რომ იყო, კომუნისტების დროს. აი იმ პაზიკის ავტობუსით, მახათას მთიდან ვეშვებოდით, ადრე, ადრე, - დაახლოვებით ოციოდე წლის წინ. ბენზინი ჭირდა მაშინ და მძღოლს ავტობუსის მთელი სალონი გაზის გრძელი, ცისფერი ბალონებით გამოეტენა.  დასაჯდომი არ იყო დარჩენილი მგზავრებით სავსე ავტობუსში, რომლის ქვეშ, ეს ბალონები არ იდო. მე სადღაც ბოლოსკენ ვიყავი შეყუჟული. კლაუსტროფობიული შიშები ისედაც მაწუხებდა და ამ ჩემი ცოდვით სავსე მძღოლს, უკანა კარი საერთოდ ამოექოლა, ‘’სვარკით“ დაედუღებინა და საერთოდ გაეუქმებინა უკანა ჩასასვლელი. ის იყო ნახალოვკისკენ მიმავალ დაღმართს დავადექით, რომ გამაყრუებელმა შიშინმა მოიცვა მთელი სალონი. ამას თეთრი, მტვერივით ნივთიერების ძლიერი ჭავლი მოჰყვა. ეს ხმა და ნივთიერების ფრქვევა იყო და აწივლდა მთელი ავტობუსი, აირია მონასტერი, ქალი, კაცი, დიდი პატარა პანიკამ მოიცვა და ვინ ვის ასწრებდა, ვინ ვის თავზე გადადიოდა რთული გასარჩევი იყო. როგორც გითხარით, მე სალონის ბოლოში ვიდექი. ყველა გზა მოჭრილი მქონდა. უკანა კარები საუკუნოდ, სამარადჟამოდ დაეხშო „წინდახედულ“ მძღოლს. ხსნა არსაიდან ჩანდა. წინიდანაც ვერავინ ახერხებდა ჩასვლას. ერთმანეთს უშლიდნენ ხელს. საცობი წარმოქმნილიყო. წამებიღა რჩებოდა და აფეთქების ხმა შეძრავდა მტკვრის მარცხენა სანაპიროს და სწორედ ამ დროს, ვერ გეტყვით, ვერასდროს ავხსნი რა მოხდა, ოღონდ უნდა დამიჯეროთ, სიტყვაზე უნდა მენდოთ, ავტობუსის გარეთ აღმოვჩნდი ძმებო, სულ გარეთ, გზის განაპირა მხარეს, ქვით ხელში, კარგა მოზრდილი რიყის ქვით ხელში, რომლითაც ამ პაზიკის შუშას ვამსხვრევდი და  გამონთავისუფლებული ჩარჩოდან, მგზავრებს სამშვიდობოზე გამოსვლაში ვეხმარებოდი.
არ ვიცი მეთქი, როგორ მოხდა ეს!  არ მაქვს პასუხი. ხშირად ვფიქრობ ამ შემთხვევაზე... ტვინი რომ გადამეღლება და პასუხს მაინც ვერ ვპოულობ, სხვა რაღა მრჩება და სასწაულს მივაწერ ხოლმე ამ ყოველივეს. თუმცა დიდი ხანი არ გაივლის და ხელახლა ვცდილობ ამ მოვლენის რაციონალურ გააზრებას, მაგრამ დღემდე უშედეგოდ. ახსნა ვერ მოვუძებნე ამ თავსატეხს.
ის კი რასაც ქვემოთ დავწერ,  მეორე შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ამოუცნობი ზებუნებრივი ძალების არსებობას მამცნობდა  და სამყაროს ირაციონალურობის აღიარებისკენ მომიწოდებდა.

ერთი თვე იწვა იეზიდი უგონოდ. რამოდენიმეჯერ თითქმის მოკვდა და ამდენივეჯერ დაუბრუნდა სააქაოს. ერთხელ ლამის დაკრძალვის ხარჯებიც ჩამოვწერეთ. სარიტუალო დარბაზის მოძიებაზეც კი მიდგებოდა ხოლმე საქმე, მაგრამ ყოველთვის ნაადრევი გამომდგარა ჩვენი ამ მიმართულებით საქმის მოგვარების მცდელობა. აი ის მისტიური მანქანები, ადრე რომ ვახსენე, მთელი სიმძლავრით აგუგუნებულიყვნენ, მის მფარველებად ქცეულიყვნენ და ყოფნა-არყოფნის საზღვარზეც, მაშინდელივით  ალბათ კვლავ რამე პრობლემები შექმნოდა იეზიდს, რამე ყალბ საბუთს თუ აღმოუჩინდნენ ხოლმე საიქიოს მცველები უწინდებურად.
არ ვიცი. აბა სხვას რას მივაწერო თუარა სასწაულს ის, რომ უკან ბრუნდებოდა მიშა... ფერზე მოდიოდა და სასიცოცხლო მაჩვენებლებიც ნორმას და ჩვეულ რეჟიმში შედიოდა.  ორმოცი დღის თავზე კი ცრემლი აკიაფდა მის თვალზე და წამოვიდა და წამოვიდა... აქეთ, ჩვენსკენ დაიძრა.
ვერ გეტყვით რა ნახა ამ ორმოცი დღის მანძილზე, სად იყო, სად იმოგზაურა, სამყაროს უსასრულო სივრცეების  რომელი სანახები დალაშქრა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ბრუნდებოდა იეზიდი, უკან გვიბრუნდებოდა და ჩვენ, დამკრძალავ ბიუროებსა თუ სარიტუალო დარბაზებში სირბილის ნაცვლად, აქ მის მშობლიურ ქალაქში, საავადმყოფოში რეანიმაციის  განყოფილების კართან ატუზულები  ვაღამ-ვათენებდით.




* * * *




ჩემი სახლის ფანჯრიდან თუ გაიხედავთ, უზარმაზარი სივრცე გადაგეშლებათ თვალწინ. მტკვრის დაბლობი მოსჩანს ხელისგულივით და ამ დაბლობის დასავლეთით ამოზიდულ უზარმაზარ მთგრეხილთა ცისფერი ზოლი.  ხოლო მხედველობის დიაპაზონს ცოტათი თუ დავამოკლებთ და მზერას აქეთ, უფრო ახოლოს გადმოვანაცვლებთ,  ნაცრისფერად აჩონჩხილ  კორპუსთა უსასრულო რიგს წააწყდებით.
ამ კორპუსებიდან  ერთ-ერთში მიშა ცხოვრობს, იეზიდი.

ჩვევად მექცა უკვე. დილით რომ ავდგები, ფარდებს გადავწევ და ფანჯარას გამოვაღებ, მისი კორპუსისკენ გამექცევა ხოლმე უნებლიედ თვალი.
მძიმედ წარიმართა მისი რეაბილიტაცია. უკვე სახლში იწვა, მაგრამ ერთი–ორჯერ  საავადმყოფოში მიბრუნება  შეიქნა საჭირო, თუმცა იქ დიდხანს აღარ აჩერებდნენ და ორ-სამ დღეში სახლში უშვებდნენ. ამიტომაც იყო, როგორც მძიმე პაციენტს დახედავს  რამდენჯერმე ღამის განმავლობაში თავზე მდგომი, მეც ისე შევავლებდი ხოლმე დილაობით მზერას მის სახლს, თვალი მისი საცხოვრებლის მიმართულებით გამირბოდა. იშვიათად ვნახულობდი.  ტვინის უმძიმესი ტრავმის შემდეგ, სრულ სიმშვიდეს საჭიროებდა. ექიმების მკაცრი მოთხოვნის შესაბამისად, ნათესავებს, მეზობლებს თუ მეგობრებს, ერთი სიტყვით – მნახველებს, მკაცრად აკრძალული ჰქონდათ მასთან სტუმრობა. ამიტომ თავს ვარიდებდი მის მონახულებას და დროდადრო შორიდან ვკითხულობდი.

ასე გავიდა რამოდენიმე ხანი.

იეზიდი ვითომ კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ რაღაცა მთლად ვერ იყო წესრიგში. გარესამყაროსთან საერთოდ გაწყვიტა კავშირი, აღარავის იკარებდა. ადამიანებთან კონტაქტს გაურბოდა. განმარტოვდა და სახლში გამოიკეტა. ხატვას მიჰყოო ხელი. უცნაურია, მაგრამ იმასაც ამბობდნენ მსოფლიო რუკებს  ხატავსო დილიდან საღამომდე.
და უდაბნოებს კიდევ...


მერე აღარაფერი მესმოდა იეზიდის. დედესგან გავიგე ბოლოს, ვერ არისო კარგად.  თითქოს ერთი ხანობა კი გამოკეთდა და ფეხზე დადგა, მაგრამ ახლა ყოველდღე უკან-უკან მიდისო და ისიც მითხრა, რომ თავის ქალაც კი აუხდიათ თურმე ბოლოს. ექიმები საიმედოს ვერაფერს გვეუბნებიან, ტვინის შეგუბება თუ რაღაც ტერმინი ახსენა, ის დაეწყოო..- ასე ამბობდა სასოწარკვეთილი...
გული მეწურებოდა, მაგრამ რას ვიზამდი, ან რა შემეძლო...
რამოდენიმეჯერ მოვინახულე. ბოლოს რომ ვნახე, იწვა, ლოგინად ჩავარდნილი დამხვდა. მკვდრისფერი ედო. თავის ტკივილები ჰქონდა საშინელი. არეულად ლაპარაკობდა... ცრემლმომდგარმა დავტოვე მისი ოთახი..

მერე კი ყველაფერი ისე გაქრა, თითქოს არც არაფერი ყოფილა ოდესმე და თითქოს მხოლოდ სიზმარში მქონდა ნანახი ეს ყოველივე.




თავი V

რამოდენიმე თვე იყო გასული. ვიცოდი, ჯერ ცოცხალი იყო. ცუდს მაშინვე გებულობს კაცი. მეც ყოველდღე ამ ცუდის მოლოდინში ვიყავი და გული რომ გადამეყოლებინა ჩანაწერების კეთებას მივყავი ხელი. დღიურების მსგავს ჩანახატებს ვაკეთებდი დროდადრო. შემდეგ გული ვერც წერას დავუდე და შევეშვი, თავი გავანებე. ცოტა ხნის მერე კი ძველი ნაწერები გადავქექე და აი ასეთ რამეს წავაწყდი. უფრო სწორად კიარ წავაწყდი, სწორედ ამ ჩანაწერს ვეძებდი და მივაგენი კიდეც.

აი ის ჩანაწერიც:

‘’ეს ბოლო ხანია, დილაობით მისი სახლის მიმართულებით რომ გამექცევა თვალი, ნარინჯისფერ, მცირე რამ მოძრავ წერტილს იჭერს ჩემი მზერა. რომ ვაკვირდები, ერთ ხაზზე, ერთ მარშრუტზე მოძრაობს ეს ჭყეტელა ფერის წერტილი. სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოყოლებული, ქვემოთ, ხევისკენ და მერე იგივე ტრაექტორიით უკან, საწყისი პოზიციისკენ.
ეს წერტილი, მოძრაობისას მთელს პერიმეტრზე, ხანგამოშვებით ერთ ადგილზე ჩერდება. ცოტა ხნით ასე დგას, უძრავად, და შემდეგ  უცნაური მოძრაობების კეთებას იწყებს“.

აი ასეთი ჩანაწერი გამიკეთებია 2007 წლის ივნისში.

ეს ჩანაწერი წავიკითხე და თითქოს გონება გამინათდა, ანდა როგორც დიდ ხნის უხმარ აკუმულატორს გააცოცხლებენ ელექტროშოკით, თითქოს მეც ისე, წამიერად ვიღაცამ მაღალი ძაბვის დენს მიმაერთა, არეულ-დარეული აზრები მწყობრში ჩადგნენ უცებ, დალაგდნენ და თვითოეულმა მათგანმა თავისი ადგილი მოძებნა.

ბინოკლი მჭირდებოდა სასწრაფოდ!!
ნახევარ სამეფოს ვცვლიდი ერთ ბინოკლში... რაღაცას ვგრძნობდი... რაღაც არაჩვეულებრივს, არაორდინარულს... რიგით მესამე სასწაული იბადებოდა ჩემს თვალწინ...
ბინოკლი ვერ მოვიხელთე და სხვა გზას მივმართე. როდესაც ეს წერტილი აქეთ, ჩემსკენ იწყებდა მოძრაობას და ისე მიახლოვდებოდა, რომ ავად თუ კარგად შემეძლო გამერჩია, სწორედ მაშინ ამოიზიდებოდნენ ვეება ნაძვები ჩემს ცხვირწინ და თვალთახედვის არეს მთლიანად მიფარავდნენ. ამიტომ რამე სიმაღლე მჭირდებოდა. რამე შემაღლება მინდოდა სასწრაფოდ და რაღა რამე, ხუთი სართული მედგა თავზე და გუდრონმოსხმული სახურავი, საიდანაც ის მონაკვეთი კიარა, მთელი ქალაქი ხელისგულზე მედო.
თვალი ვერ მოვხუჭე იმ ღამით. დილით რვა საათზე ვაპირებდი ადგომას და სახურავზე ასვლას. და როგორც კი ინათა, წამოვდექი, ფანჯარაში გავიხედე.
იქ იყო....
ნელ-ნელა მოიწევდა ჩემსკენ.
წყალიც არ შემისხამს პირზე, ისე შევუყევი კიბეებს სირბილით.
სახურავის კიდესთან მივწექი, მხედველობა დავძაბე და ნარინჯისფერი წერტილს დავაკვირდი. საკუთარი გულისცემის ხმა მესმოდა.
ერთი საათიც არ იქნებოდა გასული, „წერტილის“ პირველი კონტურები რომ გამოიკვეთა. ცოტაც და ადამიანის სილუეტი გამოისახა.  კიდევ ცოტაც და ცხადად დავინახე კაცი, რომელსაც მეეზოვის ნარინჯისფერი ჟილეტი ეცვა, ხელში ცოცხი ეჭირა, ტროტუარის გასწვრივ მოძრაობდა და ქუჩას გვიდა დიდი მონდომებით. მხედველობა კიდევ უფრო დავძაბე...
გული მაშინ კინაღამ ამომივარდა საგულედან, როდესაც ეს ნარინჯისფერი კაცი შეჩერდა, ცოცხი იქვე დადო ფრთხილად, მერე მიწას განერთხა და მკლავებზე აზიდვებს შეუდგა..
თვალებს არ ვუჯერებდი... დიღმის ჭალებიდან წამოსული, შემოდგომის ცივი, ქვენა ქარი უბერავდა, პირდაპირ სახეში მცემდა და ცრემლებად მღვრიდა.  შავი, დასვრილი ხელებით ვიწმენდდი ცრემლებს,  თვალებს ხან მოვხუჭავდი, ხან გავაღებდი. ვცდილობდი უკეთესად დამენახა ეს ყველაფერი, ვცდილობდი საკუთარი თავი დამერწმუნებინა, რომ არაფერი მელანდებოდა. რომ მართლა ცხადში ხდებოდა ის, რაც ხდებოდა და არა მძაფრი ქვეცნობიერი სურვილებით გამოწვეულ ღამისეულ ზმანებებში.

რეტდასხმული დავბრუნდი სახლში. სარკეში ვიყურებოდი, ნუთუ ეს სინამდვილეა თქო - საკუთარ თავს ვეკითხებოდი.
შემეძლო მაშინვე გავქცეულიყავი და ახლოდან მენახა, მაგრამ გავჩერდი, თავი შევიკავე, არ ავყევი ემოციებს.

..იმიტომ რომ, ზუსტად არ ვიცოდი, არ ვიყავი დარწმუნებული, მხოლოდ ვვარაუდობდი, რომ სწორედ ის იყო... მომზადება მჭირდებოდა. წინასწარი დაზვერვის გარეშე, პირველივე ჯერზე მინდოდა ამ სასწაულის ახლოდან ხილვა და ჩემი ვარაუდის გამართლება. მისი ფოტოფირზე აღბეჭდვა მქონდა განზრახული, სხვა არაფერი. მხოლოდ, ადრინდელისგან განსხვავებით, ის გაელვება მინდოდა დამეჭირა, როდესაც მივუახლოვდებოდი და არა ნახშირივით მინავლებულ თვალებს, არამედ მეორე მიშას და ათწლეულების წინანდელ, იმ მოუსვენრობის ცეცხლით ანთებულ მზერას გადავაწყდებოდი. 

შორიდანვე ვიცანი.
კი, ეჭვის ნატამალიც აღარ დამრჩა. ასეც ვიცოდი. ყოველგვარ ეჭვს, თან რწმენა ახლავს ყოველთვის.  სხვა შანსი არ არსებობდა!... არც არასოდეს არსებულა...
და როცა მივუახლოვდი, რაღაცნაირად შეკრთა, შეცბასავით...
ჯინსები და ყვითელი ბოტასები ეცვა. წელზე კი, ქამრის ის ძველი, ვერცხლისფერი, ვეფხვისთავიანი ბალთა უბზინავდა. ჩემს წინ შავი, გრუზა ულვაშებიანი იეზიდი, თითქოს დამფრთხალი მიშა იდგა და გაუბედავად მიღიმოდა.
მერე უცებ ხელები გაინთავისუფლა, ცოცხი დაუდევრად მიაგდო, ჩემსკენ გამოექანა და გადამეხვია, გულში ჩამიკრა. დიდხანს ვიდექით ასე. დიდხანს, ალბათ ათიოდე წამი, დროის უმცირესი მონაკვეთი, რომელიც  აღარ  დასრულდა და ასე განსაჯეთ უსაშველოდ ბევრი რამეც  დაიტია ამ ათიოდე წამმა...

იმ დილით ერთადერთი სურათი გადავუღე. მხოლოდ, ღილაკის კაჩხაკუნებით მის თავალებში იმ საუკუნოვან სევდასთან ერთად, მთელი ცხოვრება რომ დავდევდი და ვერასოდეს მოვიხელთე, სიცოცხლის ჟინის  ნაპერწკალიც დავატყვევე, ის წამი დავიჭირე, სადაც ამ ადამიანის ორი ბუნება ერთმანეთს შეხვედროდა, ერთურთში გადაზავებულიყო და შემოდგომის მზეღრუბლიანი დილის შუქჩრდილად  ეფინა ნაავადმყოფარ სახეზე. ერთადერთი რამ ვკითხე იეზიდს - რა ხდება მეთქი... ის ყოვლისმომცველი კითხვა გავუმეორე ცხრამთასიქიდან დაბრუნებული რომ მკითხავდა ხოლმე წლების უკან.
შეკითხვა დამთავრებული არ მქონდა,  თვალები უმალ ჩაუქრა, მერე თავი გააქნია და არაფერი, არაფერი არ ხდებაო, - ასე მიპასუხა. მეტი მეც არაფერი მიკითხავს. არც თავად უთქვამს რამე. გნახავ მეთქი, ერთი ეს ვუთხარი და უკან გამოვბრუნდი. სულის მოთქმა მინდოდა. განმარტოვებას მთხოვდა ბოლომდე დაცლილი და დახარჯული სხეული.

ან ყველაფერი ან არაფერი, გახსოვთ ალბათ - ასე იტყოდა ხოლმე მიშა. უაზროდ მეჩვენებოდა ბავშვობაში ეს ფრაზა. დიდი დრო დასჭირდა შემდეგ, ამ ფრაზის ქვეცნობიერ, გონებისმიღმიერ აზრს რომ ჩავწვდომოდი. წერასატანილი კაცის სიტყვა იყო ეს. კაცის, რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებდა და ამ მიზნის მისაღწევად საკუთარი სიცოცხლეზეც კი შეეგდო სასწორზე. არ დაგიმალავთ, საკუთარ თავს კი ვგლოვობდი, მაგრამ მაინც გამიხარდა მისგან ეს პასუხი - არაფერიო, რომ თქვა, რადგან ხომ გითხარით, იმთავითვე ცუდს მეუბნებოდა–მეთქი გული. მაშინვე ვგრძნობდი, ვგრძნობდი კიარა,  თითქმის ვხედავდი, რომ ერთხელაც იქნებოდა, თავის ქალას ახდიდა „რუსულ რულეტად“ ქცეულ ცხოვრებასთან, მისი ეს თავზეხელაღებული შეთამაშება. კიდევ ის მიხაროდა, ამ ორსახიან, ორბუნებოვან ადამიანში, მეორეს, ჩემს ფავორიტ ასკეტს და მარტოსულს რომ ემძლავრა, საბოლოოდ რომ განშორებოდა  ამა სოფლის ვნებებს და ცდუნებებს, საბოლოოდ დამცხრალიყო და განდეგილისეულ სიმშვიდეს რომ დაესადგურებინა მასში.

რამოდენიმეჯერ შევხვდი მას მერე. არაფერი უთქვამს. ცოტას ლაპარაკობდა. ძირითადად იმას ამბობდა, რომ არ უნდოდა ვინმეს სარჩენი გამხდარიყო. როგორც კი თავი უკეთესად ვიგრძენი, სამსახურის ძებნას შევუდექი და ვიპოვე კიდეცო. დღეში სულ რაღაც სამი–ოთხი საათი თუ ვმუშაობ. ფულს რომ თავი გავანებოთ, ჯანმრთელობისთვისაც ასე უფრო სასარგებლოა და სახლში უსაქმოდ ყოფნას, ისევ ეს მირჩევნიაო. ყოჩაღ, მართლა რა მაგარი ვინმე ხარ, მაინც როგორ გამოძებნე საკუთარ თავში ამხელა ძალა და სიკვდილს კლანჭებიდან მერამდენედ დაუსხლტი–მეთქი – ასე ვაგულიანებდი და იმავდროულად ჩემს მიერ სიცოცხლესთან დადებულ სანაძლეოს მწარე მარცხზე ვფიქრობდი. მაგრამ ამაზე უფრო, ერთ რამეზე მწყდებოდა გული. ხვდებით ალბათ რაზეც. ისე წავიდოდა ამ ქვეყნიდან, იმ შორეულ უდაბნოთა მიწას ფეხს ვერ დაადგამდა, საკრალურ ოცნებას რომ ვერ აისრულებდა და ბედნიერების უზენაეს წამს რომ ვერ ეზიარებოდა იეზიდი.
ეს მაწვალებდა. ეს იყო რომ მტანჯავდა და გულს მიგლეჯდა ნაწილებად.

თვეები გადიოდა. ის ნარინჯისფერი წერტილი ჩემი ოთახის ფანჯრიდან გადაშლილ ხედს მთლიანად შერწყმოდა, ლანდშაფტის ორგანულ ნაწილად ქცეულიყო. დილით ფარდებს რომ გადავწევდი და ფანჯარას გამოვაღებდი, თავალი უკვე არა მისი კორპუსისკენ, არამედ ამ შეუმჩნევლად მოძრავი, ჭყეტელა ფერის წერტილისკენ გამირბოდა.. 


* *

და როდესაც დადგა დილა, ალბათ მეორასე, აღარ გამოჩნდა ნარინჯისფერი წერტილი ჰორიზონტზე. აღარ დაუყვა ჩვეულ ტროტუარს, არც აზიდვები ყოფილა იმ დღით. ჯერ გავიფიქრე წვიმაა ცოტა, ცრიდა პატარას და ეს თუ არის მიზეზი-მეთქი, მაგრამ მომდევნო ერთი კვირის მანძილზეც არ გამოჩენილა იეზიდი. შემდეგ კი საერთოდ სხვა ვინმე მოვიდა მის ადგილზე. ვიღაც ახალგაზრდა ქურთის გოგო. მაგრამ ეს ჩემთვის ვერაფერი ნუგეში იყო. სად არის მეთქი რომ ვკითხე, დაიბნა, სათქმელს ძლივს მოაბა თავი და ბოლოს ესღა ამოღერღა- ‘’არ ვიცი, მაგის ცოლს კითხე...’’

- შემოდი შვილო, მოდი..- დამწუხრებული სახით შემიძღვა სახლში ზადე.
-სად არი, რა მოუვიდა?
-დაჯექი, გეტყვი, ყველაფერს გეტყვი, დაჯე..

ბოლოდან მინდოდა დაეწყო. ის მაინტერესებდა, ეხლა, ამ წუთისთვის სად იყო იეზიდი. ან თუ იყო ცოცხალი საერთოდ.
-ეხლა სად არი, ეხლა??!! რამოდენიმეჯერ შევაწყვეტინე ამბის მოყოლა.
-მოიცა შვილო, გეტყვი, ჯერ მოიცა.. - ცდილობდა ყოველი დეტალი ზუსტად გადმოეცა, თანმიმდევრობით.

და მითხრა... ასეთი რამ მოყვა... შიგადაშიგ ცრემლს გაურევდა, თავს ვერ იკავებდა. ცოტა უჭირდა ქართულად, გასაგებად, დალაგებულად ამბის გადმოცემა. მშობლიურ მოტივებსა და ინტონაციებს გამოურევდა ლაპარაკში.

-‘’ერთი წლის წინ, როცა უკვე ფინთათ იყო, მაგის ბიძაშვილი მოვიდა... ნახვა უნდოდა. ერთათ გაიზარდნენ. მერე არ ვიცი რა უთხრა, რა არ უთხრა, რა ილაპარაკა ეს კაცი, მაგის მერე აიღო და უკვე კარგად გახდა. ორკვირაში თუ სამკვირაში ადგა და ქალაქში წავიდა. მერე მოვიდა. მაგის მერე სუ გახარებული იყო, სუ მუდამ ვიღაცას ტელეფონზე ურეკამდა“.
„მაგის მერე აიღო და კარგათ გახდა, სუ გახარებული იყო, ვიღაცას მუდამ ტელეფონზე ურეკამდა“.
დიახ, ასეთი რამ თქვა ზადემ.
ხან ტიროდა, ხან იცინოდა. მერე ყავის მოდუღებას შეუდგა. ორჯერ გადმოუვიდა, გაზქურაზე დაიქცა და გაითხაპნა. ვიღას ახსოვდა ყავა და ცეცხლი. თავად არ ვიცოდი მეტირა თუ მეცინა და ვაჩქარებდი, წამდაუწუმ ‘’მერემერეს“ ვუყვიროდი. ზადე კი ამ გათხაპნილი ყავის ლაქებს ჩაჰკირკიტებდა და ამბის მოყოლას განაგრძობდა.
შენ ეხლა, ნაღდად გზას ხედავ-მეთქი მაგ ყავაზე, გავეხუმრე კიდევაც. რაღაცას წინასწარ ვხვდებოდი და ნელ-ნელა ხასიათი მიკეთდებოდა.

ვერასოდეს აღვწერ რა ხდებოდა იეზიდის გონებაში, ან მისი ტვინის სიღრმეებში რა პროცესებს დაედო სათავე, როდესაც იმ საბედისწერო დღეს,  მასთან მისი ბიძაშვილი მივიდა და უთხრა:
|“ ამერიკული ფირმაა ეგეთი, ხალხს აგროვებს და სამუშაოდ ერაყში მიჰყავს. გუშინ ვიყავი, სამხედრო ბაზაზე დამგველები უნდათ, კარგად იხდიან, მაგრამ არ მიმიღეს, არასდროს გამიკეთებია ეგეთი რამე, ცოტა ხანი მაინც უნდა გქონდეს ნამუშევარი, მთელი თბილისის „დვორნიკები“ მანდ იყვნენ. დიდი ხანი იქნება ეგ ფირმა. ეხლა მერიაში უნდა წავიდე, ცოტა ხანი მუშაობა უნდა დავიწყო, ქუჩა უნდა დავგავო“.

ადამიანის ფსიქიკის გასაოცარი უნარის შესახებ, ორგანიზმის თვითგანკურნების პროცესში როგორ არ გამიგია. მაგრამ მე, როგორც უდიდესი სკეპტიკოსი, მაინც იჭვნარევად ვუმზერდი ამგვარ ‘’მეცნიერულ გარღვევებს“. უფრო ფსევდო-კვლევებად ვთვლიდი მსგავს ნაშრომებს და სენსაციის მოყვარულ, მალემრწმენ ადამიანებზე გათვლილად მივიჩნევდი ამ ყოველივეს. ახლა კი რა ხდებოდა,  საკუთარი თვალით ვხედავდი მოვლენას, რომელიც თავდაყირა აყენებდა მთელ ჩემს ამ ურწმუნოებას, კაცისა და იდუმალ ძალთა უშუალო კონტაქტის მოწმეს მხდიდა და იმ ამოუცნობ ფენომენთა არსებობას კიდევ ერთხელ მიდასტურებდა, რომელნიც სამყაროს უსასრულო ნისლეულობებიდა იღებენ დასაბამს, გამოივლიან  რა მილიარდობით გალაქტიკას, მზის სისტემის საზღვრებში შემოიჭრებიან და ადამიანის ტვინში, ყოვლისშემძლე, ჯადოსნურ იმპულსებად გარდაიქმნებიან. იმპულსებად, რომელნიც ერთხელ დაბადებულ ოცნებებს, გარდაუვალი ახდენისკენ მიმართავენ და ამ ოცნებებს ადრე თუ გვიან უცილობელი აღსრულებისთვის გაწირავენ.


სამ კვირაში ფეხზე დამდგარა იეზიდი.
მერე იმდენი მოუხერხებია რომ განცხადება დაუწერია - იქ, სადაც საჭიროა. სამოცდაათს მიტანებულს, დაბადების თარიღის გადაკეთებაც მოუსწრია და ერთ დღესაც მეეზოვის უნიფორმით, ნარინჯისფერი ჭყეტელა ჟილეტით გამოცხადებულა სახლში.

იმ დღიდან მოყოლებული ყოველი დილის ექვს საათზე, ეზოს დაგვას იწყებდა იგი. ერთ ხაზზე, ერთ მარშრუტზე მოძრაობდა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოყოლებული, ქვემოთ, ხევისკენ და მერე იგივე გზით უკან, საწყისი წერტილისკენ.  დიდი მონდომებით, პატიოსნად ასრულებდა თავის საქმეს იეზიდი. დროდადრო შეჩერდებოდა და მეეზოვისთვის უცნაურ ქმედებას, მკლავებზე აზიდვებს იწყებდა. სუფთა ჰაერზე ვარჯიშს უთანხმებდა მიზნისკენ შეუჩერებელ ლტოლვას. შვიდი თვე არ ყოფილა გასული, რომ გამოუძახებიათ და გასამგზავრებელთა სიაში შეუყვანიათ.
...და წასულა ერთ კვირაში, გაფრენილა აღმოსავლეთით, გამომშრალი და მზისგან დახეთქილი მიწებისკენ, ქვეყნისკენ რომელიც შორია და რა ათასი დღე, მთელი ცხოვრება უნდა იარო თურმე, იქამდე რომ ჩააღწიო...

და როდესაც წარმოსახვას გავაძლიერებ, წარმოდგენებში რომ გადავიჭრები, ნათლად ვხედავ, თითქოს კინოს ვუყრებდე რამეს, როგორ ტოვებს იმ ამერიკულ ბაზას იეზიდი და მისი ორმოცწლიანი ოცნებისკენ იღებს გეზს. ოცნებისკენ, რომლამდეც ოდესღაც ასე შორი იყო, ხოლო დღეს კი, ერთი ხელიგაწვდენაღაა დარჩენილი...
და იმისთვის რომ შეეხოს  ხელით, ივლის მრავალს და შეუჩერებლად, თუ გინდა ფეხით ან ბედუინთან მონახავს ენას, შეუერთდება აქლემთ ქარავანს და ივლის ასე, დღითა თუ ღამით, ნება-ნება და სვენებ-სვენებით. ბოლოს კი იქით, სადაც ცა არის ისე დაბალი, ხოლო მიწა კი ნანატრი ისე, ჩამოხდება, ჩამოქვეითდება, დაიჩოქებს და დამსკდარ ტუჩებით, არა წყალს, არამედ გავარვარებულ მიწას დაეწაფება. წვიმაც ხომ იცის ათასში ერთხელ იმ მხარეებში. დაელოდება ამ თქეშს და დელგმას, დამაშვრალ სახეს მიანდობს ზეცას, აღარ მოუწევს განასხვავოს ცის ეს წყალობა ოკეანეთა წვიმათგან რადგან, დიდი პოეტის ეს დასასრულიც ხომ გახსოვთ კარგად:
‘’ ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც ეჯახებიან ღრუბლებს ღრუბლები. ამ შეჯახებას მოაქვს ქუხილი, ქუხილს კი ცეცხლი, რომ ცეცხლის შუქით გზა გაინათონ წვიმებმა ბნელში. ხოლო წვიმები კლდესაც რეცხავენ და კაცის გულსაც... და როგორც ბროლის მაღალ ტაძარში, მთელი ქვეყანა შედის წვიმაში“....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები