ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2013


ჯონათანს....ტატოს

"ჩვენ გვეშინია ნანადირევთა სულების"
აბორიგენი



მე ყოველ ღამე მესიზმრება
უცხო მიწის აბორიგენი.
როცა ნადავლით დატვირთული
და ბედნიერი ბრუნდება სახლში
მის პირველყოფილ ტანს ეზმანება
მამონტის კეთილი, ზანტი სული
რომელიც ნისლიდან გამოდის და
მიდის მზისაკენ.
და მისი დიდი, თბილი სხეული
ექცევა ბოლოს მზის დისკოში
და ნელა, ნელა უერთდება უკვდავ სინათლეს.
კაცი კი დიდხანს ვერ იმშვიდებს
წარმართი რწმენით და სინანულით
სავსე გულსა და აშლილ ფიქრებს.

--------------------------------------------
და უამრავი საუკუნის შემდეგ
მე ვიღვიძებ და ვფიქრობ:
შენ ჩემი სული ისე დაგტანჯავს
როგორც წარმართ მონადირეს
ნანადირევის მწარე ზმანება.
ამიტომ ახლა თავს მოგაჩვენებ
ვითომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ
და შენს მიერ მოკლულიც კი დაგიფარავ
წვალებისაგან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს