ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პროზა
15 ოქტომბერი, 2013


ორმოში

თამაზი ძველ, დაზიანებულ, პარკეტაცვენილ იატაკზე გულაღმა გაშოტილიყო და ბათქაშდახეთქილ ჭერს უაზრო, თითქმის უსიცოცხლო გამომეტყველებით შეჰყურებდა. პატიმართა გაუთავებელი, უსასრულო ყაყანი ერთმანეთში ირეოდა. დრო თითქოს გაყინულიყო, გათოშილიყო. საგნებს თავდაპირველი მნიშვნელობა დაჰკარგოდათ. მესამე დღეა, ის და ნარიმანი მძაფრი, უკიდურესი მოწოდებებისა და პროკლამაციების გავრცელების გამო ტყვედ აიყვანეს. ნარიმანი ზედმეტად გათამამდა და მოწინააღმდეგის ბანაკში შევიპაროთო, დაიჟინა, _ თუმცა თამაზს გული სულ სხვას უთქვამდა. შეცდა, მეგობრის გუმანს რომ დაუჯერა. სხეული თანდათან ეფიტებოდა. პატიმრებისათვის განკუთვნილი ულუფის დანახვაზე გულს აზიდებდა. თითქმის არ ეძინა. დღისით თუ წასთვლემდა ცოტას. ბედისწერის გარდუვალობის მუდამ სჯეროდა. ამიტომ თავსდატეხილ უბედურებას თამაზი ნარიმანზე უფრო მეტად ეგუებოდა.
ყოველდღე ახალ-ახალი, დაჭრილი და ნაცემი ტყვეები შემოჰყავდათ. საკნების სიმცირის გამო ციხიდან ქურდები გაეთავისუფლებინათ და მათი ადგილები პოლიტპატიმრებს ეჭირათ. ადმინისტრაციას ტყვეებისათვის სასტიკი შინაგანაწესი ჰქონდა, ნებისმიერი ბრძანების შეუსრულებლობისას ციხის უფროსს პატიმრის დახვრეტის უფლება ჰქონდა. მკაცრი რეჟიმის პირობებში ტყვეები ლამის რობოტებად ქცეულიყვნენ. ყოველ მითითებას უსიტყვოდ, იმპულსურად ემორჩილებოდნენ. თამაზი გრძნობდა, რომ მასაც უნდა გაეთავისებინა ახალი სინამდვილე, როგორც ფატალური საფრთხე, და ისიც სხვა პატიმრების მსგავსად მოქცეულიყო. ტყვეთა უმთავრესი საფიქრალი ის იყო – ფიზიკურად გადარჩენილიყვნენ და ამ ჯოჯოხეთიდან გაეღწიათ.
ნარიმანის ახირებული თვისებები უმკაცრეს რეჟიმთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. თამაზი აფრთხილებდა, გონს მოეგე, რაიმე არ შეგეშალოს, თორემ არავინ დაგინდობსო. ამას ნარიმანიც გრძნობდა, მაგრამ თავის დაუდევარ ბუნებას ვერ ერეოდა. მრავალწლიანი მეგობრობა ავალდებულებდათ ერთმანეთის გვერდით ყოფნას და თანადგომას. ისინი, ბავშვობიდან მოყოლებული, განუყრელად ერთად იყვნენ.
იმ ღამით ნარიმანს გვიან ჩაეძინა. მშობლიური ძველი უბანი, სახლი, ასანთის ღერივით სუსტი მეუღლე და შვილები ესიზმრა. ისინი ახლა შორს იყვნენ. მათ შორის დრო უმიზნოდ, უაზროდ გამწყდარიყო.
გამთენიისას ხმა გაისმა, პატიმრებს უხმობდა. ორიოდ წუთის განმავლობაში ტყვეები ეზოში ერთ ხაზზე მწყობრად ჩამწკრივდნენ. ნარიმანი არ ჩანდა. ციხის უფროსი სიბრაზის ნიშნად აწეულ წარბს ათამაშებდა. ნარიმანის გვარი ცივი ხმით ამოიკითხა. თამაზი გაფითრდა. ტყვეებიც შეცბუნდნენ.  ციხის უფროსმა პატიმრები მიატოვა და შენობისკენ გასწია. ნარიმანს მშვიდად, ღრმა ძილით ეძინა. უფროსი თავს წაადგა და წიხლი წაჰკრა, დამფრთხალმა ტყვემ თვალები დააფეთა.
_ ნებივრობ, ძაღლისშვილო?! _ დასჭექა მან.
ნარიმანი ძილ-ბურანიდან ვერ გამოსულიყო და თვალებს იფშვნეტდა, _ ესეც შენ გამოსაფხიზლებლად! _ და პატიმარს სახეში შეაფურთხა. ნარიმანმა გაუაზრებლად, მთელი ძალით ფერდში მუშტი ჰკრა. ციხის უფროსი დაბარბაცდა. კედელს მიეყრდნო. გაფითრებულმა იარაღი იშიშვლა, წამიც... სასხლეტს თითს გამოჰკრავდა და ყველაფერი დამთავრდებოდა. ნარიმანი უმალ გამოერკვა, მიხვდა, არ დაინდობდა. ციხის უფროსმა ლულა დაუშვა და ტყვეს კარისაკენ ანიშნა. სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაუარა. პატიმარმა იგრძნო, რომ უფროსმა, რაღაც გაცილებით მზაკვრული და შემზარავი ჩაიფიქრა.
_ გამომყევი! _ უბრძანა ტყვეს. ნარიმანი უსიტყვოდ გაჰყვა. მის დანახვაზე ტყვეთა რიგმა შიშისაგან სიმწყობრე დაკარგა. გაფითრებული მეგობრის დანახვისთანავე თამაზს ფერი დაეკარგა, მუხლებში სისუსტე იგრძნო.
_ დატოვე რიგი და გამომყევი! _ უბრძანა თამაზს ციხის უფროსმა. ორივესთვის გაუგებარი რჩებოდა, რა ედო გულში.  გაურკვევლობა ხომ გაცილებით ამძაფრებს საშინელების შეგრძნებას.
დიდხანს იარეს. ბოლოს უფროსმა მეგობრები მიწაყრილთან, ადამიანის სიმაღლის ორმოსთან შეაჩერა.
_ ჩადი!! – დამსჯელის სიტყვებმა ჰაერში შოლტივით გაიწივლა. ნარიმანი მუხლებზე დაეცა, თან რაღაც პატიების მაგვარს ლუღლუღებდა.
_ დაემორჩილე ბრძანებას, თორემ თავის ქალას აგხდი!
ნარიმანი ორმოში ჩახტა. ციხის უფროსმა მზერა თამაზზე გადაიტანა და წაისისინა:
_ წააყარე!
თამაზი გაქვავებულივით იდგა და ნაბიჯითაც არ წახრილა ნიჩბისაკენ.
_ წააყარე _ მეთქი მიწა, ძაღლისშვილო, თორემ გაგათავებ!
თამაზი კვლავ არ იძვროდა. პაუზა, რომელიც რამდენიმე წამს გაგრძელდა, ტყვეებს საუკუნედ ეჩვენათ. ნარიმანი განცვიფრებული თვალებით აჰყურებდა მეგობარს. შიში და გაოცება თანაბრად იკითხებოდა მის სახეზე. ციხის უფროსმა იარაღი შემართა და ტყვეს ისე გაუმეორა:
_ წააყარე!
თამაზმა უარის ნიშნად თავი გააქნია. სახეზე შიში თითქმის გაჰქრობოდა და მხოლოდ ზიზღი ეხატებოდა.
_ ამოდი! _ უბრძანა ციხის უფროსმა ნარიმანს. თავისუფალი ხარ!
ნარიმანი სწრაფად ამოძვრა ორმოდან.
_ ჩადი ორმოში! _ მოულოდნელად მიუბრუნდა თამაზს ავისმომასწავებელი ხმით.
_ წააყარე! იგივე ცივი ხმით გაუმეორა ახლა უკვე დამფრთხალ და გაოგნებულ ნარიმანს. იგი დაიბნა; დრო არ ითმენდა, გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიეღო. ნარიმანი ხან თამაზს შეჰყურებდა, ხან – ციხის უფროსს. ნელა, გაუბედავად წასწვდა ნიჩაბს. ჩვეულებრივზე მძიმე ეჩვენა, კინაღამ ხელიდან გაუვარდა. სიცოცხლის გადარჩენის სიხარულმა უეცრად ყველა გრძნობა გადაფარა. პირველი ბელტი და... სწრაფი მოძრაობით დაიწყო მიწის წაყრა. ციხის უფროსი გულგრილად, უემოციოდ აკვირდებოდა. თამაზს უკვე სუნთქვა უძნელდებოდა. ცოტაც და...
_ შეწყვიტე!
ნარიმანი შეკრთა, მოულოდნელობისაგან დაიბნა.
_ ამოდი! _ უბრძანა თამაზს. ის ძლივსძლივობით ამობობღდა. ციხის უფროსი ნარიმანს მხარში სწვდა, ხელით ორმოსკენ მიუთითა და უხეში ხმით უთხრა:
_ სწრაფად ისევ ორმოში! ამოყარე მიწა.
ნარიმანი კვლავ მუხლებზე დაეცა, ფეხსაცმელზე კოცნა დაუწყო. ეხვეწებოდა, სიცოცხლე ეჩუქებინა მისთვის. ციხის უფროსმა ლულა პირთან მიუტანა. ნარიმანი სასწრაფოდ ჩახტა ორმოში და მიწის ამოყრა დაიწყო.
_ წააყარე! _ მშვიდი ხმით მიმართა ახლა ციხის უფროსმა თამაზს.
ტყვე წუთით გახევდა, მერე თითქოს სხეულში მორიელებმა დაუარესო, უჩვეულოდ შეინძრა, ყინულივით ცივი, არაამქვეყნიური სახით ნიჩაბს დასწვდა...  მიწის მოზრდილი ბელტები ნელ-ნელა ეფშვნებოდა ნარიმანს თავზე. კარგა ხანს ისმოდა პატიმრის ტირილი და ლუღლუღი, ვიდრე მისი ხმა ხროტინისმაგვარ ხრიალში  გადავიდა და მიჩუმდა.
                                                                                                    1994 წელი.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს