ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2013


  ჩამოტვირთვა

მდუმარე ქალაქი (რუსთავს)

დუმილი სრული და ქსელივით დახლართულ აზრებს,
არ უჩანს ბოლო... თოვლია და სითეთრე ერთობ.
თამბაქოს ღერებს - ერთმანეთში ჩაწყობილ ვაზნებს,
ვეწევი ისე, რომ ერთ ნაფაზ სიკვდილსაც ვერ ვთმობ.

დაბორგავს ქარი (გაყვითლებულ ხეთა დალაქი)
ბინდდება ნელა, გეგონება ზეცას მიშრობენ
და უფრთხილდება, ყოველ ღამით, ჩემი ქალაქი
სიჩუმეს ისე, თითქოს სადღაც სძინავს ღვთისმშობელს.

სასწაულია ღმერთი ფანტელს ციდან რიყავდეს,
არ გეშინოდეს სიმაღლის და მაღლიდან ვარდნის.
რა ადვილია ჩემს ქალაქში ვინმე გიყვარდეს,
უყვარდე ვინმეს, როცა ასე საოცრად ბარდნის.

აქ ყველა კუთხე, ყველა ეზო მოჰგავს კელიებს
და ყველა ქუჩას ჩემი სახლი ქვია სახელად.
ვერ გავექეცი, ვერ გამექცა, ვერ შეველიეთ
მე და ქალაქი თითო ლექსით გრძნობის გამხელას.

და მერე მთებში უკუნეთის შეხამებისას,
დადიან ფრთხილად, არ გათელონ თოვლი შიშობენ.
უფრთხილდებიან დუმილს ისე შეღამებისას,
რომ ჩემს ქალაქში უსათუოდ სძინავს ღვთისმშობელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები