ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: იუმორისტული
29 ოქტომბერი, 2013


...არა იყო გვარი მისი...

ბებიაჩემი უსწავლელი ქალი იყო, მაგრამ ხშირად დაჯდებოდა და დედაჩემის მოტანილ გაზეთებს დაუწყებდა კითხვას, ამომარცვლით, აი ასე: სა-ხალ-ხო  გა-ნა-თლე-ბა...მე ყურს ვუგდებდი და კითხვა ასე  ვისწავლე, სრულიად პატარამ. ბებიას,  კითხვა რომ არ იცოდა, ამით არაფერი დაკლებია, თონეში მჭადის  გამოცხობის დიდოსტატი იყო და ფხალი და ლობიო უგემრიელესი გამოსდიოდა.  ექვსი შვილი გაზარდა და ყველას უმაღლესი განათლება მიაღებინა...ხოდა, იმას ვამბობდი, გაზეთებს კითხულობდა და არ მახსოვს სათვალე დასჭირვებოდეს.  რა სათვალე, მოხუცებულობაშიც კი ნემსში თვითონ უყრიდა ძაფს და ჩვენ გვიკემსავდა.
(ჯანმრთელი ქალი იყო და მე ვის დავემგვანე , ასეთი უნიათო, სწორედ ეს უხეთქვას გულს ჩემ ქმარს...)

  მამაჩემი თევზაობის მოტრფიალე  იყო....ყვირილისა და ჩოლაბურის შერთულში რო ჩაკიდებდა კუნჭულას და დილით თევზით  სავსე ამოჰქონდა, სიხარულით ბავშვივით ჭყლოპინობდა ზრდასრული კაცი. თუ კუნჭულა არ გაუმართლებდა, მერე ბადეს გადააგდებდა , წელამდე წყალში შევიდოდა და უთევზოდ სახლში მაინც არ მობრუნდებოდა....სახლში, მუდამ გვქონდა თევზი და  ჭამას ხომ გვაძალებდნენ ,  სასარგებლოაო.  სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში იმდენი "რიბნი ჟირი" მაქვს ნაყლაპი, თევზი აღარ მიყვარდა, მაგრამ მაინც ბევრი ნედლი თევზი მხვდებოდა დაძალებით, სულ წვერა  და  ქაშაყი, გადარჩეული და
ფხაგამოცლილი.
ჩემს დას ალერგიაც კი ჰქონდა ამდენი თევზის შემხედვარე და ამბობდა, ისეთ ოჯახში უნდა გავთხოვდე, თევზი რომ ეჯავრებოდეთო.
    ვიცი, თევზი და E  ვიტამინი თვალების მხედველობას აუმჯობესებს...თუმცა როცა ექიმებმა
ეს ფაქტი დაადგინეს, კომპიუტერის ეპოქა  ვარაუდშიც არ იქნებოდა, თორემ ახლა ყველა მედიცინა უძლურია ....აბა მე, ასეთი კარგი მხედველობის ადამიანს რა ჯანდაბა დამეტაკა, ასე  "ნორჩად "  თვალს რომ დამაკლდა...
არადა ბავშვობაში , როცა თვალის ექიმთან წამიყვანეს, გადაირია ექიმი, ასეთი მხედველობა იშვიათიაო...( რა იცოდა,
იმ ექიმმა,  ცალ თვალზე რომ ფირფიტა ამაფარა, ის  ჩუმად როგორ  მოვიხსენი და ყველა ასო და მონახაზი წინასწარ დავინახე)

    ვინ იცის, შუაღამემდე კომპიუტერს ბებიაჩემიც რომ მიჯდომოდა, იქნებოდა ჩემსავით თვალდათხრილი...

    მაგიდაზე ჩემი დედამთილის სათვალე დევს ხოლმე და, ბოლო დროს, დიდი სიამოვნებით შევაპარეთ მეც და მეუღლემაც... ხანდახან ცხვირზე ჩამოვისკუპებთ ხოლმე და კომპიუტერს მივუჯდებით...ჯერ აშკარად არ მჭირდება და ექიმთან მისვლას ვაჭიანურებ...თუმცა მოსახდენი მაინც მოხდა:

  რამდენიმე კვირის წინ, სკოლაში მაგვიანდებოდა...აბა ჩქარა, ჩქარაო, ყვირის მეუღლე, აგიყვანთ , დროზე გამოეტიეთო...მეც მეტი რა მინდოდა.  სახლის წინ, წინკარში , ჩემი ფეხსაცმელების ნაკადი  აწყვია, ერთ ერთში ფეხები უცებ ჩავყავი და მანქანაში მოვკალათდი.
  სამასწავლებლოში ისე შევედი ,  არაფერი შემიმჩნევია...მივდივარ გულარხეინად, მაგრამ როგორც კი ჩამოვჯექი,
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
ახალგაზრდა გოგონაა ჩვენი ინგლისურის მასწავლებელი,  ბავშვობიდან სათვალეს ატარებს.  შევამჩნიე, მოიხსნის, გაიკეთებს, მერე ჩემს ფეხებს დააცქერდება და იშმუშნება....ვერაფერს ვხვდები. ზარის დარეკვამდე წუთებია დარჩენილი
და სად მაქვს სხვისი უხერხულობის გააზრების  დრო. მერე უცებ შეთქმულება შევნიშნე, ერთად შეჯგუფდნენ და ...

---ქალბატონო ლალი---შემომკადრა ყველაზე გაბედულმა---- ფეხზე ცალ-ცალი  გაცვიათ ფეხსაცმელიო

უცებ დავიხედე ფეხებზე და რას ვხედავ, მარჯვენაზე შავი და ბანტებიანი ჩუსტი მაცვია, მარცხენაზე კი მუქი ლურჯი, სადა ქოში...
ჯერ გაოცებისგან დავიბენი....ფეხები  სად წამეღო არ ვიცოდი, "ფეფოს" ფისოსავით,  და მერე ისეთი სიცილი წამსკდა, გული კინაღამ შემიღონდა...
რაღას ვიზამდი, სახლში დავრეკე და დახმარება ვითხოვე....რომელი წამოგიღოთო? შემეკითხნენ...რა მნიშვნელობა აქვს რომელი იქნება,  ცალი ორივესი აგერ მაქვს--თქო,  ახლა ამაზე ჩავბჟირდი...

  რამდენიმე დღე დარცხვენილი დავდიოდი, მგონი მოსწავლეებს არ შეუმჩნევიათ მეთქი, გულს ვიმშვიდებდი .  იმაზე აღარაფერს ვამბობ, ერთხელაც სხვადასხვა საყურე რომ მეკეთა და მოდას  რომ დავაბრალე.....მაგრამ ერთ დღეს ჟურნალში ნიშნის ჩაწერაზე რომ გავწვალდი და უჯრაში  ექვსიანი ლამაზად ვერ მოვათავსე , კი ვიკადრე და სათვალე შევიძინე...
შეძენით კი შევიძინე, მაგრამ ახლა მაგის მოვლა გამიხდა სადარდებელი. მის პატრონობას იმდენი დრო და "ოცობოდია" დასჭირდა, აზრადაც რომ არ მომივიდოდა...დამჭირდება კომპიუტერთან და გავრბივარ სამეცადინო ოთახში.. იქ დამჭირდა და აქ გამოვრბივარ...სკოლაში წაღება დამავიწყდება და ვარ იმ დღეს ბრუციანი თხასავით...მოკლედ , გადავწყვიტე და სულ ცხვირზე დავისკუპე...ასე უფრო არ დამეკარგება მეთქი....ხოდა, რომ ვარ ასეთ დავიდარაბაში და ფიქრებში, მივდივარ გზაში და ვფიქრობ:

-----არა, ჩემი საქმე მთლად კარგად ვერაა, თორემ სულ ახალი გამოწერილი სათვალე მაქვს და უკვე ჩემი თვალის ზომა აღარაა ...აბა რას გავს ეს?  მარჯვენაში კარგად ვხედავ, მარცხენაში ცუდად...ესაა საქმე? თან მარჯვენა თვალზე რაღაც სიცივეს ვგრძნობ...
  ეს რაღას უნდა ნიშნავდეს?

  თვალზე სიცივე ალბათ ანთების ნიშანია...მე თუ ახლა ანთება დამემართა, მერე ვიღას და რაღას დავაბრალო...მცივა ცალ თვალზე აშკარად....თითი შევახე  ჩემ სათვალეს და თითი თვალში  მეტაკა.  ჩარჩოს ერთ მხარეს  მინაა და მეორეში ფაფუ, აღარაა მინა...თურმე მივდივარ და მივკუნტრუშობ ბეცი ინდაურივით , ისეთი სათვალით, მეზობლის მათიკოს რომ აცვია ხოლმე ცალცალი კალოში...


    ქუჩაში სიცილი რომ ვერ გავბედე, იქვე ახლოს სკამზე  ჩამოვჯექი და იმდენი ვიცინე,  თვალებთან ერთად ყველა ორგანო
ამტკივდა...თვალებიდან კი სიცილისგან  კურცხლები  მცვიოდა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები