ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2013


მაისის წვიმაში

დღე და ღამე ერთმანეთს მისდევს
სევდით და ღიმილით
და ისეთი თანმიმდევრობით
სარძევე კბილებს რომ იცვლიდა
ასკინკილა ჩემი ბავშვობა.

"თაგვო, თაგვო,
ჩემი ჭიანი კბილი შენ..."
და ასე შემდეგ,
სახურავზე გააქვს წკაპანი
წკიპურტებივით მოგონებებს
მაისის წვიმის.

დღემდე ასეა.
მძიმედ მოსული, გულგამოხრული,
უფერული საღამოები
მინდა, სულ ბოლო სართულიდან მოვისროლო.
თაგვებს კი არა,
სადარბაზოს ვირთხებს ავუგდო საჯილდაოდ.
სასთუმალთან კი,
მხოლოდ ის დღეები დავილაგო
საღამურებივით უთოს სითბო რომ შერჩენიათ.
დილა კი,
საღი კბილების ღიმილით მომიყვანოს
საათის ტიკტიკმა
და ტიტინმა პატარა შვილის,
რომელმაც არ იცის,
რომ სახურავზე სხვა სამყაროა,
ხოლო სარდაფში
ერთხელ მაინც მოუწევს ჩასვლა
და იმის აღქმა,
რომ უბით მხოლოდ თეთრ ზაზუნებს დაატარებენ,
ხოლო ნაცრისფერს
ფერებს შორის ღამურების ატყვია დამღა...

რა დამღლელია ეს ყოველივე,
თუ რუხ ღამეებს არ დაჰყვება
გარიჟრაჟის ჟღალი არშია.
თუ დღის სინათლეს მონატრებულ
ჟანგიან ლექსებს,
სულ ერთხელ მაინც,
ტანზე სველი კაბა არ ცმიათ.

"არ გამიცივდე მაგ წვიმაში,
სულელო გოგო!"
და ასე შემდეგ
სახურავზე გააქვს წკაპანი
წკიპურტებივით მოგონებებს
მაისის წვიმის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები