| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 17 ნოემბერი, 2013 |
პალატები სულ თეთრია... ღამითაც კი. ოთახში სამნი ვართ: დათა თუთაშხია, სტალინი და მე, ნაპოლეონი... ახლა იმათ სძინავთ. ხო, ვინმე გამოჩურჩუტებულს, აი თუნდაც იმასავით, მეოთხე პალატაში რომ თმაგაბურძგნული ვირია, რამე არ შეეშალოს. გუშინ სეირნობისას რომ ამეტორღიალა, ვაჰ, ნაპოლეონ, უნდა შეგჭამოო. მიიღო კიდეც, ჯერ ერთი ვაფეთე - კისერში, მერე დამედევნა, თან მეძახოდა, იმპერატორო, არ გრცხვენია, გამირბიხარო. დროული უკან დახევა სულაც არ არი მარცხი და სირცხვილი! თან ხო მაინც აღიარა, რომ იმპერატორი ვარ და არა ნამცხვარი. მერე სვეტს ამოვეფარე და რომ გამისწორდა, ფეხი დავუდე. ჰაერში ლამის სამი ჩიკორგალა გააკეთა და მეტლახს გლიჯა ცხვირ-პირი... მერე სანიტრებმა გაგვაშველეს. ხო რას ვამბოდი, ვინმეს ნამცხვარში არ ავერიო, ეეე... ნაღდი ნაპოლეონი ვარ, ახლა წმინდა ელენეს კუნძულზე ვარ, დღე-დღეზე ჩემი მილიონ ასოც ათასიანი არმია მოვა და გამანთავისუფლებს... მერე დიადი მიზნები მაქვს, რასაც ჯერ არ ვამხელ... ჩვენს ოთახს პოლიტიკოსების ოთახს ეძახიან, სტალინი კიდე ჰო, დათა რა პოლიტიკოსია... Yყველაზე საინტერესო ის არის, აქ ამ კუნძულზე და ჩვენთან ამ სასახლეში დათას უფრო მეტ პატივს სცემს, ხალხი, ვიდრე მე ან სტალინს... არა და მე და სტალიონმა მსოფლიოს ლამის ყველაზე დიდი იმპერიები შევქმენით, დათა კი ერთი წიგნის გმირია მხოლოდ და მხოლოდ... ადრე ჩემს ოთახში ვინც იყო, მგონი მაღაზიაში წაიყვანეს, იმიტომ რომ ზეთისხილის ზეთი ვარო იძახდა, არადა არ უჯერებდნენ. წაიყვანეს, თუ წავიდა არ ვიცი, იმიტომ რომ ერთ დილით მისი საწოლი თავისუფალი დამხვდა. თუმცა გრამატიკულად, თუ ზეთი იყო, ე. ი. წაიღეს... ქალი რომელიც დედას მეძახის, მისი შვილი ვგონივარ, სამ დღეში ერთხელ მოდის, რაღაცეები მოაქვს, ძირითადად საჭმელი, ხან ტანსაცმელიც. მოდის და ტირის, რა მოგივიდა შვილო ესო... ქალბატონო, ვეუბნები, ნუ წუხდებით, თუ ისე გიყვარვართ როგორც ნაპოლეონი, თუნდაც ნამცხვარი, კიდე ჰო, მაგრამ მე ხო თქვენი შვილი არ ვარ?! ამას რომ ვეუბნები ტირის... ყველაზე საკვირველი ის არის, წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც ახლა ვარ, სადღაც ატლანტიკის ოკეანის სამხრეთით მიგდებული, კვირაში ერთხელ როგორ ახერხებს ჩამოსვლას... ჩემი ჯარი რომ აქედან გამიყვანს და საფრანგეთში დავბრუნდები, მინდა მინისტრებს ეს ქალი მოვაყვანინო და ერთ ლამაზი სასახლე ვაჩუქო, ტელევიზორით სადაც სულ სასაცილო გადაცემები და ამბები იქნება და თან ვთხოვო, რომ არასოდეს არ იტიროს... ხო კიდე მინდა პროდუქტით სავსე მაცივარი ვაჩუქო, იმიტომ რომ ძალიან იხარჯება ისე, რომ არავინ ავალებს. კიდე მინდა კარგი ფსიქოლოგი დავუქირავო, რომ მიხვდეს ბოლოს და ბოლო მე ნაპოლეონი ვარ... ერთხელ სხვა, უფრო ახალგაზრდა ქალი იყო მოსული - ორი ბავშვით. საცოდავი, მგონი შიზოფრენია აქვს. მეო შენი ცოლი ვარ და ესენი ჩვენი ბავშვები არიანო. ბავშვებიც მამა-მამაო, იძახდნენ, კარგად არეპეტიცია ამ ქალმა ეტყობა... მე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უარვყავი და ტირილით წავიდნენ... მერე არც მოსულან... ხო კვლავ რომ აღვადგენ ჩემს იმპერიას, ამ დეგენერატ სანიტრებს ყველას ციხეში ჩავსვამ, ნულოვანი ტოლერანტობა, მაგათ მივაყოლებ ექთნებს, ბოლოს ექიმებს, ერთის გარდა - ჟოზეფინა, რომელსაც თავი ნათია ექიმი ჰგონია... მგონი გაგიჟდა, თუმცა მე მაინც მიყვარს... იმიტომ რომ მხოლოდ მას აქვს ვარდის სურნელი. ახლა ხო პალატაში ბნელა. ჯოზეფინას, ანუ ნათია ექიმს სადღაც კუნძული ბოლოს სახლში სძინავს, მე ასეც კი ვგრძნობ მის სურნელებას... ახლა უნდა დავიძინო, ჩემი მილლიონ ასოცათასიანი არმია დავთვალო: ერთი, ორი, სამი... …
* * * - სამოქალაქო სამართლის საქმეთა გამომძიებელი, გიგა მაკარაძე.… - ლევორ ლაბაძე, ისტორიის მასწავლებელი, - რა ხდება სკოლაში უნდა სწავლა ბავშვებს? - ზოგს უნდა, ზოგს არა - როგორც ყოველთვის... - მაინც როგორი თაობა მოდის, სულ სხვა, ინდიგო ბავშვები იბადებიანო სადღაც წავიკითხე... - კი ასეა, არიან არაჩვეულებრივები, გამორჩეულები, არიან ჩვეულებრივებიც... - მიყვარდა ისტორია, მგონი ერთადერთი საგანი, რა ფიზკულტურის მერე მიყვარდა ისტორია იყო, განსაკუთრებით დავით აღმაშენებლის ეპოქა, დიდგორზე ავსულვარ რამდენჯერმე, ბუსუსები მაყრის, როც ვგრძნობ, რომ ამ მიწაზე დავით აღმაშენებელი დადიოდა და იბრძოდა და შეიძლება ჩემი რომელიმე წინაპარიც... თქვენ როგორც ისტორიკოსს, რომელი ეპოქა მოგწონთ? - ნაპოლეონის... - გასაგებია, მოდით ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ... ანუ თქვენ და გურამ შავდიას … გქონდათ ერთი კომპანია, თქვენი იყო წილის სამოცი პროცენტი, შავდიას ჰქონდა ორმოცი პროცენტი, თან შავდია იყო დირექტორი... - ზუსტად ასე იყო, ოღონდ მე ვიყავი ჩემი მეგობრის, დავით კიპაროიძის წარმომადგენელი კომპანიაში და კომპანია კიპაროიძემ დაარსა... - შავდია ამბობს მე დავაარსეო, ლაბაძე ინვესტიციებს დამპირდაო და სამოც პროცენტიანი წილი იმიტომ მივეციო... - გჯერათ თქვენ რომ კაცი თავის დაარსებული კომპანიის სამოც პროცენტიან წილს სხვას დაპირებებში მისცემს?! - მაინც რა დაპირდით? - რა უნდა დავპირებულიყავი, ნაქირავებში ვცხოვრობ. კომპანია დააარსა დავით კიპაროიძემ. შავდია იყო კიპაროიძის დანიშნული დირექტორი. - დავით კიპაროიძე და გურამ შავდია რა არიან ერთმანეთის... - დავით კიპაროიძე არის შავდიას ბავშვის ნათლია... - ანუ შავდია არის კიპაროიძის ნათლიმამა ... Gგაგიჟდები კაცი, უკვე ნათელმირონებიც არ ინდობენ ერთმანეთს. შავდია როდის გაიცანი? - იმ დღეს, როცა კიპაროიძემ შემომთავაზა ვყოფილიყავი მის წარმომადგენელი კომპანიაში და მე დავთანხმდი. - კიპაროიძე რა არის თქვენი... - ჩვენ თხუთმეტი წლის წინ ერთად ვმუშაობდით ერთ სკოლაში, ის პროგრამისტი იყო, მერე ბიზნესში, წავიდა თუმცა ჩვენი მეგობრობა გაგრძელდა... როცა დავოჯახდი, ჩემი მეჯვარე იყო... ჭირია თუ ლხინია ჩემს გვერდით დგას. - ანუ გამოდის შენ გაუყიდე წილი მეგობარს? - მე არ გამიყიდია, შავდიამ გაყიდა წილი, ისარგებლა მინდობილობით. მე და შავდიას შორის არ დაძრულა არც ერთი სიტყვა, რომ წილის გაყიდვას ვპირებდი. ან როგორ გავყიდდი იმას რაც ჩემი არ იყო... იცით რა იქნებოდა გამართლებული? მე რომ დამეპირებინა გაყიდვა ამ წილის, შავდიას უნდა გავეჩერებინე, კაცო, რას აკეთებ, მეგობარს ღალატობო?! ან მეორე რაც უნდა ექნა, კიპაროიძისთვის უნდა ეთქვა, შენი მეგობარი წილის გაყიდვას აპირებს და რა ვქნაო... - ინდობილობაზე რატომ მოუწერე ხელი? - მე ვერ წარმოვიდგენდი რომ მინდობილობაში წილის გასხვისებაზე იქნებოდა საუბარი. - წერა ხო იცი?! - ვიცი! - კითხვაც ხო იცი?! - ვიცი! - მერე წაგეკითხა, ის მინდობილობა! - ვიცი, რომ უნდა წამეკითხა, მაგრამ ახლაც ვთვლი, რომ ადამიანებმა არ უნდა დაკარგონ ერთმანეთის ნდობა. - ისტორიკოსი ხო ხარ, იცი რომაელები რას ამბობენ... - კეისარმა, მოვედი ვნახე და გავიმარჯვეო... - მაგის გარდა ისიც თქვეს ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო... - ანუ არ ვენდოთ ადამიანებმა ერთამენთს და დავჭამოთ მგლებივით... - მგლები სუსტ თანამოძმეს არ ინდობენ?! - ანუ ნდობა ჩემი დანაშაულია და სისუსტე? - წაგეკითხა ის მინდობილობა! - გასაგებია არ წავიკითხე, რადგან მე ისევე ვენდობოდი შავდიას, როგორც ვენდობი ჩემს მეგობარს... ვთვლიდი, რომ თუ ჩემი მეგობარი ენდობა შავდიას, რატომ არ უნდა ვენდო მე?! - ალიენდე იცი? - სალვატორე ალიენდე? ჩილეს პრეზიდენტი, რომელსც ძვირფასი კოსტუმები და ღარიბებია უყვარდა... - კი, ანეკდოტი იყო ძველი, ალი ენდე კომუნისტებსო... ხოდა მიიღო პინოჩეტი... ხოდა რას ითხოვ ახლა... - არაფერს გარდა ერთისა, ის მონდობილობა გაუქმდეს და წილი დამიბრუნდეს, ფულს უკან დავუბრუნებ შავდიას , ამ წილს კი თავის პატრონს...
* * * - იმპერატორო, გაიღვიძე... - გავიღვიძო, რომ მანიქაშა ვჭამო?! - მაშინ იძინე... … ვხვდები, რომ ჯემალა სანიტარი მაღვიძებს... სანიტრებიდან მხოლოდ ის მეძახის იმპერატორს, მე მას ინდიელ ბელადებს რო ეძახიან, იმ პონტში, ეშმაკის წაღას ვეძახი. უბრალოდ მომეკვიატა და ასე დავუძახე... არ წყინს... ხალისობს კიდეც. ანუ ფეხებზე ჰკიდია რას დავუძახებ, წაღაა რა... თვალს ვახელ... სტალინი ფანჯარაში იყურება... ოკეანეს უყურებს და ვერ ხვდება. ეს ყველაფერი ირგვლივ, მტვრიანი ქალაქი, დეკორაციებია... ამას რომ ვუხსნი, არ სჯერათ... დათასაც გაუღვიძია, მაისურით ზის საწოლზე, ჩემგან ზურგით და რაღაცას თავის თავს ელაპარაკება, ოღონდ ჩუმად, მაგრამ მე მაინც მესმის: რა ქენი გუდუნა ეს... მეგონა იმ ვირს რო ვეჩხუბებოდი, მხარს დამიჭერდა, ყურიც არ შეუბერტყია ჩემი ფეხები, იდგა და მიყურებდა... დათა,A რად არ დამეხმარე-მეთქი, რომ ვკითხე, არავის საქმეში არ ვერევი მეო, ასე მითხრა, არადა ყველამ იცის ბოზს რომ გამოესარჩლა ფოთში და თითი წააკვნიტეს. თუმცა ახლა ათივე თითი აქვს, ალბათ ამოუვიდა, ისე როგორც მე თმა ამომდის, ან ხელი რომ მქონდა გადაყვლეფილი და კანი რო თავიდან გამეზარდა... სიზმარი მახსენდება, ის ქალი მოვიდა, გიჟი, შვილი რომ ვგონივარ... თმებზე მეფერებოდა და ისევ ტიროდა... მე კი ვატერლოოს ველზე ვიდექი, ას ზარბაზანს ისე ვატრიალებდი, როგორც ერთ პისტოლეტს, კეგლის გრუზებივით ეცემოდნენ ძირს ინგლისელები... მერე კი ყველაფერი აირია... გენერალ გრუშის ვუგზავნიდი წყევლა-კრულვას, ამ გამოტვინებულმა ბლუხერი ვერ შეაჩერა, უფლება მისცა მისი არმიით ველინგტონს შეერთებოდა. ისე აუარეს გვერდი, როგორც გარინჩამ პირველ ვარჯიშზე ნილტონ სანტოსს. მეორე გამოტვინებულმა და გრძელმა გენერალმა ნეიმ, ნახევარი ესკადრონი ხრამში ჩაჩეხა, თუმცა ნეის ვაჟკაცობაში ეჭვი არ მეპარება, ეშმაკმა დალახვროს ყველა ის კარტოგრაფი, ვინაც ხრამი არ დაიტანა ვატერლოოს ველის რუკაზე... ციხეში უნდა ამოვალპო მზვერავები, ხრამი რომ ვერ შეამჩნიეს. ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ ღმერთმა მიმატოვა იმ დღეს... კოკისპირული წვიმა მაშინ მოვიდა, როცა ყველაზე უფრო მჭირდებოდა მშრალი მიწა, ჩემი არტილერია რომ გადამეადგილებინა.. მაგრამ ღმერთმა მიმატოვა და დავმარცხდი... თუმცა ვინმემ არ იფიქროს, ნაპოლეონი საბოლოოდ დამარცხდა, მოვიდეს ჩემი ჯარი... ჯერ ამ გამოტვინებულ სანიტრებს უნდა მივხედო... - როგორა ხართ? – მესმის ხმა კარიდორიდან, ჯოზეფინა მოსულა, ნათია ექიმი... თავიდან ბოლომდე დამიარა ამ ხმამ... მილიონ ხმაში შემიძლია უცებ გამოვარჩიო... ცხენები რომ ჭიხვინებენ, არტილერია რომ ჰყეფს ცოფიანი ძაღლივით და მეომართა კიჟინა იკლებს მიდამოს, ჯოზეფინას ერთი ბგერას შეუძლია ეს ყველაფერი წამში ჩაახშოს. აი ახლა ავდგები და მოვწესრიგდები, წვერიც უნდა გავიპარსო... ესპანეთიდან გამოგზავნილი ხუთპირიანი ჟილეტით, მიყვარს ესპანელები... იმიტომაც გავამეფე იქ ჩემი უფროსი ძმა, ჟოზეფი... თუმცა რუსებთან რომ ომი წავაგე კინწისკვრით გამოაგდეს... აბა ის იყო ომი, მოსკოვი ცრემლებს დავაჯერე და ავიღე. მერე რუსებმა ვერა, ყინვამ დამამარცხა...
* * *
- მამაო, კაცმა მომატყუა, რომელსაც ვენდობოდი... - მითხრა მრევლმა შენი ამბავი... - მამაო, დავდივარ და ვფიქრობ, რა დავაშავე ასეთი განსაცდელი რომ გამომიგზავნა უფალმა, გავგიჟდე ლამის... მე მომატყუა, თავის ნათელ მირონს უღალატა... - შვილო ღალატი ახლა არ დაწყებულა, იქედან დაწყო ძმა რომ ძმას უღალატა, გაიხსენე კაენი და აბელი... - მეც მოღალატე გამხდა, მოტყუებით მინდობილობას მომაწერინა ხელი, სადაც თურმე წილის გასხვისების უფლებას ვაძლევ, ჩემი მეგობრის წილი გამიყიდა... ჩუმად ფული გადმომირიცხა... - ანუ ოცდაათი ვერცხლი... - არა ექვსი ათასი ლარი... - ერთი და იგივეა. აიღე, შვილო ჩემო, ის ფული? - როგორ ავიღებდი რაც ჩემი არ იყო, სახელფასო ანგარიშზე რომ ვნახე დარიცხული, მაშინვე დავურეკე ჩემს მეგობარს... - რა გინდა, პირნათელი ყოფილხარ მასთან... - ეს წილი ბევრად მეტი ღირებულების ყოფილა მამაო, ლამის გააკოტრდეს ჩემი მეგობარი ჩემი ხელწერილის გამო... - ყველა განსაცდელს უფალი გვიგზავნის, შვილო ჩემო, უნდა ძლიერი იყო, რომ განსაცდელი დაძლიო... ადამიანის ცხოვრება იმით იზომება, ვინ რამდენი ტვირთი ატარა ქვეყნად... … - მამაო, შეიძლება შემომაკვდეს ის კაცი სადმე თუ შემხვდა... - სულს წაიწყმედ, შვილო ჩემო, უფალმა იუდას აპატია ღალატი... - როგორ თუ აპატია... - იუდა თავს რომ იხრჩობდა, ხე დადაბლდა, ხის ტოტები დაბლა დაიწია, ისე რომ ფეხებით წვდებოდა იუდა მიწას, მაგრამ ფეხებია აწია იუდამ, ასე ფეხებაწეულმა მოისწრაფა სიცოცხლე...
* * *
- სამოქალაქო სამართლის საქმეთა გამომძიებელი, გიგა მაკარაძე.… - საფრანგეთის იმპერატორი, ნაპოლეონ ბონაპარტე... - ბატონო შავდია, ხუმრობის დრო არ გვაქვს! - მერედა ვინ გითხრათ, რომ ვხუმრობ?! - მაშინ თქვით თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი! - სიმართლეს გეუბნებით, მე საფრანგეთის იმპერატორი, ნაპოლეონ ბონაპარტე ვარ...
12.11.2013 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგი იყო! ძალიან. +5 კარგი იყო! ძალიან. +5
6. "ჩემი ჯარი რომ აქედან გამიყვანს და საფრანგეთში დავბრუნდები, მინდა მინისტრებს ეს ქალი მოვაყვანინო და ერთ ლამაზი სასახლე ვაჩუქო, ტელევიზორით სადაც სულ სასაცილო გადაცემები და ამბები იქნება და თან ვთხოვო, რომ არასოდეს არ იტიროს... ხო კიდე მინდა პროდუქტით სავსე მაცივარი ვაჩუქო, იმიტომ რომ ძალიან იხარჯება ისე, რომ არავინ ავალებს. კიდე მინდა კარგი ფსიქოლოგი დავუქირავო, რომ მიხვდეს ბოლოს და ბოლო მე ნაპოლეონი ვარ... " - ეს ადგილი იყო საოცრად შთამბეჭდავი, იშვიათად მინახავს და განმიცდია სევდისა და იუმორის ასეთი ნაზავი, ეს ფრაზა რომ იტევს. კარგი იყო, ღრმა, სევდიანი და მხიარული. "ჩემი ჯარი რომ აქედან გამიყვანს და საფრანგეთში დავბრუნდები, მინდა მინისტრებს ეს ქალი მოვაყვანინო და ერთ ლამაზი სასახლე ვაჩუქო, ტელევიზორით სადაც სულ სასაცილო გადაცემები და ამბები იქნება და თან ვთხოვო, რომ არასოდეს არ იტიროს... ხო კიდე მინდა პროდუქტით სავსე მაცივარი ვაჩუქო, იმიტომ რომ ძალიან იხარჯება ისე, რომ არავინ ავალებს. კიდე მინდა კარგი ფსიქოლოგი დავუქირავო, რომ მიხვდეს ბოლოს და ბოლო მე ნაპოლეონი ვარ... " - ეს ადგილი იყო საოცრად შთამბეჭდავი, იშვიათად მინახავს და განმიცდია სევდისა და იუმორის ასეთი ნაზავი, ეს ფრაზა რომ იტევს. კარგი იყო, ღრმა, სევდიანი და მხიარული.
5. არა, მოღალატე გაგიჟდა... თუმცა სევდიანია მაინც, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაგიჟდა ...
არა, მოღალატე გაგიჟდა... თუმცა სევდიანია მაინც, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაგიჟდა ...
4. გამოდის რომ მოკლა ის მოღალატე და გაგიჟდა?...როგორ დამასევდიანე...:( 5 გამოდის რომ მოკლა ის მოღალატე და გაგიჟდა?...როგორ დამასევდიანე...:( 5
3. მოვალ აქ და მშვიდად წავიკითხავ, ჯერ ისევ ახალაიას ლექსის გავლენის ქვეშ ვარ...:))) მართლა... ლორია გამიხარდი...:-* მოვალ აქ და მშვიდად წავიკითხავ, ჯერ ისევ ახალაიას ლექსის გავლენის ქვეშ ვარ...:))) მართლა... ლორია გამიხარდი...:-*
2. ძლივს არ ვეღირსე ამ გვერდზე ნაწარმობს
ფინალი მაგარია!
ძლივს არ ვეღირსე ამ გვერდზე ნაწარმობს
ფინალი მაგარია!
1. ლევან ლორია, რა კარგი მწერალი და რა კარგი ადამიანი ხარ შენ!
რამდენი ადამიანური ტრაგედიაა ამ ნოველაში, რა მსუბუქადაა მოთხრობილი უმძიმეს თემაზე, გააღიმებს მკითხველს, მერე ის ღიმილი ტუჩებზე ეყინება და ...
უამრავს, უამრავჯერ უწერია ამ თემაზე, ამ სიუჟეტზე (რომელიც მე ძალიან არ მიყვარს), დიდი შანსი იყო ახლა აქაც, ბანალურობის დაღი არ დასმოდა, მაგრამ იყოჩაღა ავტორმა :)
ლევან ლორია, რა კარგი მწერალი და რა კარგი ადამიანი ხარ შენ!
რამდენი ადამიანური ტრაგედიაა ამ ნოველაში, რა მსუბუქადაა მოთხრობილი უმძიმეს თემაზე, გააღიმებს მკითხველს, მერე ის ღიმილი ტუჩებზე ეყინება და ...
უამრავს, უამრავჯერ უწერია ამ თემაზე, ამ სიუჟეტზე (რომელიც მე ძალიან არ მიყვარს), დიდი შანსი იყო ახლა აქაც, ბანალურობის დაღი არ დასმოდა, მაგრამ იყოჩაღა ავტორმა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|