ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
6 იანვარი, 2014


ბედუინი (ნაწილი XXII ფენეკი)

                                                                 
                                                                                                                            " შენ ხარ მაღალი, ჩუმი და... სხვისი.
                                                                                                                              და მე მეშლები მშობლიურ ცაში. 
                                                                                                                              ჩემს ნაფეხურებს, მე კარგად ვიცი, 
                                                                                                                              ქვიშაში ცხელი სამუმი წაშლის. 
                                                                                                                              მე დამეღალა თვალები ცქერით
                                                                                                                              და დავიღალე, - რად არ იცვლები...
                                                                                                                              რატომ ხარ ასე თეთრი და ცხელი,
                                                                                                                              უფრო კეთილიც - ხომ შეიძლები? "
                         
                                                                                                                                          ტარიელ ჭანტურია
                                                                                                                                                                                                                                                             
       
ცხელი შუადღე შუბისტარზე შემოჯდა  და სულისშემხუთავად დაცხა.  მზე ზენიტზე იწევდა. ჩვენი თავწაკვეთილი ჩრდილები  მოკლდებოდნენ,  მაჯლაჯუნებივით მორბოდნენ და  ფეხებში გვებლანდებოდნენ.

      ალ კაბირმა ჩრდილოეთს  დაკვირვებით გახედა და ქარავანი შეაჩერა. კარგა ხანს გარინდული იდგა და ჰაერს ყნოსავდა. აქლემის დაჩოქება მანიშნა და  თვითონაც სწრაფად ჩამოქვეითდა.  ჭენებით დაღლილ აქლემებს დასვენება მართლაც ჭირდებოდათ. მეც  ძლივს ვიმაგრებდი თავს უნაგირზე.  რაც ტუარეგებს თავი დავაღწიეთ,  ალ კაბირს ერთი წუთითაც არ უძინია, თუმცა მის მოძრაობაში დაღლის ნიშანწყალიც  არ იყო.  მხოლოდ თვალებზე ემჩნეოდა უძილობის და ჩუმი ნერვიულობის კვალი. მისი ნათელი მზერიდან ახლა  ბინდთან შერეული სიჯიუტე მკაცრად ჟონავდა.  შეკრული შუბლი უგუნებობაზე მეტყველებდა. წუხანდელი ცხად-სიზმარით დაზაფრულს,  არც მე მქონდა  საუბრის სურვილი.

        მხოლოდ ჯადარი იყო ანცობის ხასიათზე. არც დაღლა არ ეტყობოდა და არც  უხასიათობა. იმედიანად იდგა და პატრონს კისერმოღერებული შესცქეროდა. ქალის თმასავით ნაზი და  მუხლამდე ჩამოშლილი ფაფარი  ქვიშის მტვრით ჰქონდა დაფარული. რაკი იგრძნო რომ ვჩერდებოდით სხეული ფრთხილად  შეიბერტყა და პატრონს ფრუტუნით მიუახლოვდა. ალ კაბირმაც ანაბსიები მისცა და შუბლზე მოეფერა.

დიდი წვალებით, მაგრამ თვითონ, ბეუდინის დაუხმარებლად დავაჩოქე ჩემი აქლემი. ჯანმრთელ ფეხს დავეყრდენი და უნაგირიდან გადმოვძვერი.

          აუტანლად მცხელოდა, შეხვეული ფეხი და მხარი  საშინლად მექავებოდა. მარილიანი ოფლით დახეთქილი  ტუჩები აუტანლად მწიწკინდა.  საშინლად მინდოდა სახვევების შემეხსნა და ალ კაბირისკენ გავაპარე თვალი.  აქლემების მოვლით გართულ ბედუინს ჩემსკენ არც მოუხედავს.  ნელა შევიხსენი სახვევი. შესიება დამცხრალიყო, ფეხი „თავისთავს“ დამსგავსებოდა, მაგრამ  სისხლჩქაცევებისგან კოჭთან საშინლად იყო ჩაშავებული. ტკივილით აღარ მტკიოდა  მაგრამ მასზე დაყრდნობას ვერ ვბედავდი.  ჯანსაღი სხეული  ველურ ბუნებაში გადარჩენის მთავარი შანსი იყო, მე კი ფეხიც დაზიანებული მქონდა და მხარიც.  რამე რომ მომხდარიყო და უდაბნოში მარტო დავრჩენილიყავი, ამ მდგომარეობაში ორ დღესაც ვერ გავატანდი ცოცხალი.  ჩემმა უმწეობამ გამაბრაზა,  ჩაშავებულ სახსარს თვალი ავარიდე და ცას შევაჩერდი.

        თეთრი და ცხელი ციდან ავისმომასწავებელი სიჩუმე მოედინებოდა.  ჩრდილოეთიდან ყვითელი ღრუბელი მოიწევდა. მიწა და ჰაერი სიყვითლით იყო გაჟღენთილი.  თითქოს ბუნება ავადმყოფობდა და ყვითელ ცხელებას ნელნელა ეძლეოდა. აქა იქა მოდებული, გადამხმარი ბუწკვეტა ბუწკნარი უსიამოდ ეგებებოდა უდაბნოს  ცხელ ნიავს.  ჰაერი ნელნელა ყვითლდებოდა. ახლა ცაც თეთრ-ყვითელი იყო და უდაბნოც, ჰორიზონტის გამყოფი ხაზი გაქრა. ზღვარი წაიშალა.  ცა და დედამიწა  ერთმანეთს შეერწყა  და ერთ სხეულად იქცა.  გარემო ისე გაყვითლდა, თითქოს  ვან გოგის პალიტრიდან „მისი ყვითელი“  იღვრებოდა  და ყველაფერს ღებავდა.

        ბედუინმა აქლემებს უნაგირები მოხსნა  და  მიუშვა.  ისინიც ტაატით მიადგნენ გადამხმარი ბალახის ღეროებს და უგემურად დაუწყეს წიწკნა.

        ალ კაბირმა  აქლემზე აკიდებული ბარგიდან თექის დახვეული ფარდაგები ამოალაგა, მხარზე თოკები გადაიკიდა, ქვიშის ოკეანეში კუნძულივით შემაღლებული ადგილი ამოარჩია,    მოკლე-ტარიანი ბარი აიღო,  ხელში მსუბუქად შეატრიალა და ორმოების ამოღება დაიწყო.    ჩემდა გასაოცრად, დიდი ჩარდახის მოწყობას აპირებდა.  ტარს ბოლო მოხსნა, წვეტიანი ხიშტი გაუშიშვლა, ერთიმეორის მიყოლებით  ორმოებში ჩაასო და წრეზე მოატარა და ჩარდახის აწყობას შეუდგა.

        ქვიშაში ჩარჭობილი ბარი ისე ჰგავდა ბავშვის სათამაშოს, ვერც კი მიხვდებოდი რომ ნამდვილი იყო.  მისმა დანახვამ ისტორიის  გაკვეთილი გამახსენა. ირმა სურგულაძე, ჩვენი საამაყო და თბილისში ცნობილი ისტორიის მასწავლებელი იმ დღეს იულიუს კეისარზე გვიამბობდა. იმ დღეს პირველად გავიგე,  რომ დიდ კეისარს სწორედ ამ  პატარა რკინის ნაჭერმა მოუტანა მხედართმთავრული დიდება. მისი მითითებით ეს იარაღი სანგრების მოსაწყობად, ალყაშემორტყმული ციხესიმაგრეების  საძირკვლებში გვირაბების გასათხრელად, ბრძოლის ველზე ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების ხელდახელ მოსანგრევად და შესანიღბად გამოიყენებოდა.  საველე პირობებში მოხერხებული და გამძლე ჭურჭელი იყო საკვების გასაცხელებლად და ხორცის შესაწვავად, ხოლო ხელჩართულ ბრძოლაში - ისეთი მრისხანე ცივი იარაღი, რომ  მისი ერთი მოქნევით კაცის შუაზე გაპობა შეიძლებოდა. ეს ნივთი, ომებში ცოცხალი ძალის შენარჩუნების საშუალებად იქცა და სერიოზული კვალი დატოვა სამხედრო ხელოვნებაში. დრო თანდათან ხვეწდა. ხან ლითონი იცვლებოდა, ხან ტარის სიგრძე, ახალ-ახალი ფუნქცია ემატებოდა, მისი დაკეცვაც შესაძლებელი გახდა,  მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული,  სამარადჟამოდ დამკვიდრდა  სამხედრო შეიარაღების მსოფლიო არსენალში.   
 
      "უწყინარ" იარაღს თვალი ავარიდე და ალ კაბირს გავხედე. ისევ მომტაცა თვალი იდეალურად გათვლილმა თითოეულმა მოქმედებამ, არცერთი ზედმეტი ნაბიჯი, არანაირი დაბნეულობა, ძველებურად ზუსტი და მოზომილი მოძრაობა.

    - „მშვენიერი მოცეკვავე იქნებოდა, იდეალური“, - გავიფიქრე და გაკვირვებული  მივაჩერდი. 
       
      ბედუინი ჩარდახის გამართვას ჩქარობდა. კარგად მოთელილი თხელი, შავი თექის  რგოლები ერთმანეთის მიყოლებით მიწაზე  მიგორავდნენ და  სწრაფად შლიდნენ  კალთებს. ცოტა ხანში ჩემს თვალწინ ალუმინის მსუბუქ და მტკიცე საყრდენებზე თოკებით დაჭიმული  ბედუინური  შავი კარავი გაჩნდა და ალ კაბირმა „ჭერს“ შუასაყრდენი შეუდგა.  კარავს სამხრეთის კალთა თავისუფლად ეკიდა,  ჩრილოეთისკენ კი „ჭერი“ პირდაპირ მიწაზე ჩამოდიოდა და სამაგრებზე მაგრად იყო მიბმული.   

ალ კაბირს არ ეამა მოხსნილი სახვევი, ჩემს ჩაშავებულ ფეხს დააცქერდა  და კარვისკენ უსიტყვოდ მანიშნა.  გაღვივებულ ნაღვერდლებზე ჩემს მიერ „შერისხული“ ბარი პირაღმა,  ტაფასავით დადო და ზედ თეთრი სითხით სავსე  ლითონის ტოლჩა შემოდგა.

კარავი ტიხრით ორად იყო გაყოფილი.  თექა  ისე მჭირდოდ იყო მოთელილი, რომ სინათლე  არ ატანდა. "არწივის" გამოქვაბულის შემდეგ  „ჭერქვეშ“ აღარ ვყოფილვარ და სიმყუდროვის და დაცულობის შეგრძნებამ სიმშვიდე მომგვარა.
       
    - ნილნა, ამინდი ფუჭდება. მგზავრობა შეუძლებელი გახდება. ჩრდილოეთიდან  ყვითელი ქარი წამოვა და  ქვიშიან  წვიმას მოიტანს. გარეთ ნუ გამოხვალ.  კარავი წყალს არ ატარებს,  ვერც ქარი შემოატანს, არც ქვიშის ნაყარი შეგაწუხებს.  მოსასხამი მოიხვიე და სხეულის თანაბარ ტემპერატურას  შეინარჩუნებ. შესასვლელს თექა  ჩამოაფარე და  საყრდენზე თოკით დაამაგრე აი ასე.- მიჩვენა როგორც უნდა დამემაგრებინა თოკი. 
    - მდევარი?
    - ქვიშიანი ქარი ყველაფერს წალეკავს. ტუარეგებს ყვითელი წვიმის ეშინიათ და ამ დროს დიდ რიტუალს აწყობენ.
    - მაშინ... იქნებ დაიძინო. დიდი ხანია არ გიძინია .... ახლა მე ვიფხიზლებ.
    - კარვიდან თუ არ გახვალ, დავიძინებ. საჰარაში წვიმა ძალიან  საშიშია. ღვარცოფი რომ მოვარდეს, შეიძლება  შველა ვერ მოვასწრო და ორივე დავიღუპებით. 
    - არ გავალ, გპირდები.
    - ხანდახან ხელებით მიწას მოუსმინე.
    - ეგ როგორ?
    - ქარის ხმაურში სხვა ხმას ვერ გაიგონებ. ამიტომ ხელისგულები მიწას დაადე. ასიოდე ნაბიჯის მანძილზე თუ ვინმე მოგვიახლოვდება  ვიბრაციას იგრძნობ  და  გამაღვიძე. ცხელი რძე უნდა დალიო, სიცხით და ქარ-წვიმით გამოწვეულ  ტემპერატურის რყევას აგატანინებს. 
    - რძე... საიდან?
    - აქლემის რძეა, ძალიან მარგებელია. სხეულში წყალს და სითბოს ინარჩუნებს, ბევრ დაავადებას კურნავს, უამრავ ფერმენტს შეიცავს, იმუნიტეტს აძლიერებს და კიბოსაც არჩენს თუ ყოველდღე გარკვეული დოზით მიიღებს ავადმყოფი.
    - არც შენ მიირთმევდი ნაირ-ნაირს ყოველდღე.
    - მე მიჩვეული ვარ აქაურ ჰავას და საკვებს. შენთვის მძიმეა საჰარას კლიმატი. აქამდე ცოცხალი რომ ხარ საკვირველია. ახლა ქარი ამოვარდება  და მზად უნდა დავხვდეთ.  დასიცხული ხარ, ქარ-წვიმა შვებას მოგგვრის, მაგრამ მოსასხამი არ მოიხსნა. არ გაცივდე და ავად არ გახდე და ფეხიც  ისევ უნდა შეიხვიო. როგორც კი ქარი ჩადგება, ისევ გზას დავადგებით.
      თავის დაქნევით უსიტყვოდ დავეთანხმე. 

      ალ კაბირმა  "თავის ნახევარში"  ჯერ ბარგი შეიტანა, მერე აქლემები შეიყვანა,  ჯადარს ჩემს მხარეს, „ტიხართან“ მიუჩინა ადგილი და  თექის „კარი“  სამაგრებზე დაამაგრა.  ჯადარის ფრუტუნზე მივხვდი, რომ თვითონ ცხოველებს შორის მოთავსდა  და აქლემს ზურგით მიეყრდნო.

    რძეს  მკვეთრი გემო ჰქონდა და  მოყვითალო ფერი დაჰკრავდა. მეჯავრებოდა რძე. სულ იძულების წესით მასმევდნენ და ახლაც  ძალისძალად ვსვამდი. მაინც ვერ მივიყვანე ბოლომდე.  გვარიანი წილი ჩავტოვე და ლითონის ჭიქა კარვის კუთხეში მივწიე. 

ქარმა წამოუბერა და მხუთავი სიცხე ისე უცბად გამომაცალა სხეულიდან რომ ერთბაშად შემცივდა. კარვის კალთა მაგრად დავაბი, მოსასხამში გავეხვიე, წვიმის მოლოდინში, ჯადართან ახლოს, ტიხართან გვერდულად მივწექი და გაშლილი  ხელისგული მიწას დავადე.

    ჩრდილოეთის ქარი ნელნელა ძლიერდებოდა, ღმუილს უმატებდა და უდაბნოდან ახვეტილ ქვიშას დაუნდობლად გვაყრიდა. კარვის კალთა ჩრდილოეთიდან ისე გამაგრდა, თითქოს ქვიშა კი არა,  ტონა ბეტონი მოაყარეს გარედან. ქარი გაუჩერებლად გრიალებდა.  ღმუილში, - ყმუილი,  გამყინავი კივილი და სტვენა გაურია. წამით მეგონა, ჯოჯოხეთის კარი გაიღო და  განწირულმა  ხმებმა  ერთბაშად ამოხეთქეს.  ასეთ ხმაურში  ძილი ნამდვილად წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ბედუინი არ შემომხმიანებია, არც ჯადარი შერხეულა. აქლემებიც უცნაურად გარინდულიყვნენ.  კარვის მეორე ნახევარში ისეთი დუმილი იყო ჩამოწოლილი, თითქოს სულიერი არ ჭაჭანებდა. 
      ქარის წივილ-კივილს და გრიალს „ჭერზე“  წვიმის მძიმე და მსხვილი წვეთების დაცემის ხმა შეუერთდა. უდაბნოში წვიმა წამოვიდა და ისე აშხაპუნდა, რომ კოკისპირული ნამდვილად აღარ ეთქმოდა. ცოტა ხნის წინ სიცხით გათანგულს და შეწუხებულს,  ახლა ყოველ ამოსუნთქვაზე თბილი ანაორთქლი ამომდიოდა პირიდან. რძეს ხელი წავავლე.  ცხელი აღარ იყო, მაგრამ სითბო გვარიანად ქონდა შერჩენილი და ორიოდე ყლუპი კიდევ მოვსვი.
   
        მოულოდნელად „ჩემი კარი“ რაღაცამ თუ ვიღაცამ გარედან ჩამოკაწრა. ფხაჭუნი არა და არ ჩერდებოდა და წკმუტუნიც მოჰყვა. დაჭიმული თოკი ოდნავ მოვუშვი თუ არა, კარავში მთლად სველი, ქვიშაში ამოგანგლული  კატისხელა უცნაური ცხოველი შემოძვრა და თან ორი პაწია, გალუმპული თეთრი კნუტიც მოიყოლა. 

      ცხოველი ჩემს დანახვას არ ელოდა და შეკრთა, ამოიწკუტუნა და ისევ გარეთ გასვლა დააპირა მაგრამ წვიმამ ისე მძლავრად დაუშვა, რომ გადაიფიქრა და ჭოჭმანით ისევ ჩემსკენ მობრუნდა. კარგა ხანს შეშინებული მაკვირდებოდა. რაკი არ ვინძრეოდი და თავს არ ვესხმოდი,  იქვე ჩაიცუცქა და კუნტებს უხმო... მაგრამ ისინი უკვე ჩემს რძიან ჭიქას მისდგომოდნენ.  ცხოველს  შვილების დაცვის ინსტიქტმა უბიძგა, ნელნელა დაიძრა და ჩემსა და კნუტებს შორის ჩადგა. პატარები ლამის რძიან ჭიქაში ცვიოდნენ, გემრიელად ისლუპებოდნენ, ცხვირპირი რძით მოეთხვარათ და ჩემგან განსხვავებით სულაც არ იწუნებდნენ მის უცნაურ გემოს.

      ცხოველი  ხან შვილებს შესცქეროდა ხან მე. კატაზე მომცრო ტანისა იყო, ვეებერთელა ყურები ჰქონდა, ზურგზე ოდნავ ჟღალი ფერი დაჰკრავდა, მუცელი  და ფეხები ქათქათა თეთრი ბეწვით ქონდა დაფარული, თათები ქვემოდანაც ბეწვით შემოსილი.  თავის მოყვანილობა,  წაწვეტებული ცხვირი და ფუმფულა კუდი მელიას ამსგავსებდა,  მაგრამ მელა ნამდვილად არ იყო. იდგა და ძალიან ჭკვიანი თვალებით მიცქერდა.  მისმა მზერამ, ჩემი სიამის ფისო გამახსენა,  რომელიც  ახლა ალბათ დედაჩემზე იყო მიკედლებული.  მიყვარდა ჭკვიანი ფისო, გაშლილ წიგნში ცხვირს რომ ჩამიყოფდა და ჩემთან ერთად აზრიანად  ჩააჩერდებოდა ხოლმე სტრიქონებს,  ხან ტელევიზორზე შემოჯდებოდა, გრძელ კუდს ეკრანზე ჩამოკიდებდა და აქეთ-იქეთ აქანავებდა, - აქაოდა ჩემზე უკეთესი  ამ ყუთში ვინ უნდა დაინახოთო...მოგონებამ გული გამითბო.

          კნუტებს მთლიანად დაეშროთ ჭიქაში ჩარჩენილი რძე და გატიკნულები დედას მისდგომოდნენ. ცხოველმა მადლიერი კმაყოფილებით და გონიერი მზერით  შემომხედა და ჩემგან რაც შეიძლება მოშორებით, კედელთან  კატასავით მიწვა, წინა თათები გაშალა, ზედ თავი ჩამოდო, ვეებერთელა ყურები ჩამოუშვა, თვალები მოჭუტა და გაირინდა. პაწიები წკმუტუნ-კრუტუნით მიეკრნენ, მიეხუტნენ, ზურგზე წამოგორდნენ, თათები  და ყურები განზე გადაყარეს და დაძინეს.

        ცხოველის სიახლოვემ და კუნტების არხეინობამ  დამამშვიდა. ამ პაწია სულიერებს სულ არ ადარდებდათ რა ხდებოდა გარეთ. მათ შემხედვარეს,  აღარც მე მაშფოთებდა ქარის ჯოჯოხეთური ორკესტრი და  ყვითელი წვიმის კოკისპირული შხაპუნი. სტიქია თავის ნებაზე ბობოქრობდა, მაგრამ  ჩვენს „სახლში“ ვერ აღწევდა. გარეთ დატრიალებულ გრიგალს და ღმუილს, -კარავი სიჩუმის  ყრუ კედლით  ებრძოდა  და  შიგნით არ უშვებდა. აქლემების და ცხენის სხეულის სითბოს, ჩვენიც დაემატა და  კარავში  მყუდროებამ დაისადგურა.  გუშინდელი სიზმარიც ისე საშიში აღარ მეჩვენა... ჩემი  დიდყურა სტუმარი ფხიზელ თვლემას მისცემოდა,  ნელნელა  შრებოდა  და  ლამაზი ბეწვი თვალდათვალ უფუვდებოდა. 

        თვალი დავხუჭე და საჰარას  მივუგდე ყური. ბუნება გმინავდა, ღმუოდა, კიოდა და ტიროდა. ადრე არასოდეს მიგრძვნია ქარის, წვიმის და ჭექა-ქუხილის ნამდვილი  ძალა.  თბილ კაფეს შეფარებულ მეგობრებს, სახლებში შეყუჟულებს ან ბიბლიოთეკას შეკედლებულებს სულაც აღარ გვაინტრესებდა რას გვეუბნებოდა ცაზე მოძალებული ღრუბელი, ქუჩებში ავად მოთარეშე ქარი და  ასფალტზე მოცეკვავე აბეზარი წვიმა.  მხოლოდ თოვა მოგვწონდა, ფანტელების რომანტიულობა  გვხიბლავდა და ფიფქებში მოხეტიალე შეყვარებულებს ღიმილით ვადევნებდით თვალს. 
       
      ქალაქის  ფუსფუსსა და ქაოსში, - მზე მხოლოდ მზე იყო,  რომელსაც უნდა ენათებინა. ქარი  - მხოლოდ ქარი და წვიმაც - მხოლოდ წვიმა. დღის ფუსფუსისგან ქალაქს  ღამე ათავისუფლებდა,  მთვარესაც კი მაშინ ჰქონდა რომანტიული ხიბლი, თუ  ცაზე ავიხედავდი და ეს რომანტიკაც მხოლოდ დაძინებამდე გრძელდებოდა.  მეორე დილიდან კი ამინდის პროგნოზივით ყველაფერი თავიდან იწყებოდა. 

      მაგრამ ახლა, ყოფით წვრილმანებს მოშორებული და  ზეცას  შეტოვებულ საჰარაში უმწეოდ გამოკიდებული, სულ სხვაგვარად ვგრძნობდი ქარს და  წვიმას, აუტანელ სიცხეს და სიცივეს,  მზეს, მთვარეს...  აქ  ყველაფერი "მთავარი" გამხდარიყო, ცოცხლობდა, სხეულიანი და სულიანი - სუნთქავდა, მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა და  ჩემგან მთელ ყურადღებას და  უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა. 

    კარვის მეორე ნახევარში ისევ სიმშვიდე იდგა. ალ კაბირს ეძინა. მხოლოდ ჯადარი თუ მოინაცვლებდა ხანდახან ფეხს. საჰარაში მომქანცველი მგზავრობისგან დაოსებული ქარავანი ისვენებდა და თვლემდა. ჩემი ანგარიშით უკვე მოსაღამოვებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქარი ისევ ღრიალით დათარეშობდა, წვიმაც გადაუღებლად ჩქეფდა და  „სახურავზე“ ნაკადებად  იღვრებოდა. ქარის ხმაურით შევწუხდი და დავიღალე,  ჯანსაღი მკლავი თავქვეშ ამოვიდე თვალი მივლულე, მაგრამ მკლავზე რაღაც ფაფუკი რბილად მომედო და გამომაფხიზლა.

      კნუტებს  სუნსული აეტეხათ და დარბოდნენ. მთლად აიკლეს "ჩემი ნახევარი“, ერთმანეთს ეთამაშებოდნენ, ეჭიდავებოდნენ და  მალაყებს გადადიოდნენ.  აღარ მერიდებოდნენ.  ჩემზეც გადაირბინეს რამოდენიმეჯერ, საფრად მიყენებდნენ და ერთმანეთს ემალებოდნენ, მერე უცბად გადმოხტებოდნენ და ერთმანეთს აშინებდნენ. ძლიერმა სურვილმა მომიარა, ხელი მეტაცა და გემრიელად მოვფერებოდი, მაგრამ  პაწია ველური მტაცებლები ადვილად  არ დამმორჩილდებოდნენ,  შეშინდებოდნენ,  დამკბენდნენ ან დამკაწრავდნენ  და ალ კაბირს ახალ თავსატეხს გავუჩენდი.  ამიტომ ისევ გაუნძრევლად ვიწექი და მზერით ვეფერებოდი  საშინლად გაცელქებულ კნუტებს, რომლებსაც პაწია ფუმფულა კუდები პალმასავით გაეშალათ, დაუსრულებლად ანცობდნენ, ვეებერთელა ყურებს ძლივს დაათრევდნენ და ღილივით შავ თვალებს გულწრფელად აჭყეტდნენ...

    დედა კატამ თავი წამოწია და  ყურები დაცქვიტა. მისმა მოძრაობაზე ხელისგულები მიწას დავადე, მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი. სამაგიეროდ ცხოველი ადგა მთლად დაიჭიმა და ყურები დაძაბა. ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა პაწია თავზე ამოზრდილი,  პარაშუტივით ვეებერთელა  ყურებით რომ გულიანად გამეცინა. მაგრამ მას ყურადღება არ მოუქცევია აღმოსავლეთისკენ შებრუნებული უძრავად იდგა. რამოდენიმე წამი ასე დაჭიმულმა და გარინდულმა გაატარა.  ისევ შევეხე მიწას ხელისგულებით, მაგრამ ისევ  ვერაფერი „გავიგონე“.

კნუტებმა ცელქობას თავი ანებეს  და დედას მიეყუჟნენ. კატა ფეხზე ადგა და აწრიალდა. „კარს“ ეცა და მოფხოჭნა. დაჭიმული თოკი ოდნავ მოვუშვი თუ არა, გარეთ გაძვრა და შვილებს უხმო.  რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა, უკან ისე მოიხედა თითქოს დაბრუნება თუ გამომშვიდობება უნდოდა, ცოტა ხანს მიცქირა,  მაგრამ  შემდეგ კნუტები აიყოლია და დასავლეთისკენ  წაცუნცულდა. შემეცოდნენ ქარს შერჩენილი ჩემი დიდყურა სტუმრები, მაგრამ ვიცოდი რომ  აღარ მობრუნდებოდნენ. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ საფრთხე იგრძნეს და აქაურობას იმიტომ გაეცალნენ. 

გარეთ  გავიხედე. კარავი მთლიანად დაეფარა ქვიშას და უდაბნოსგან აღარაფრით გამოირჩეოდა. წვიმას გადაეღო. დაღამებულიყო. ღრუბლიანი და უმთვარო ღამე იდგა. კატის გაქცევამ დამაფიქრა და ალ კაბირის გაღვიძება გადავწყვიტე. 

პირველ დაძახებაზევე აიშალა კარვის ტიხარი. ალ კაბირი,  ბედუინის შავ მოსასხამში იყო გახვეული,  თავი და სახე  შავი ბურნუსით ჰქონდა შებურული.   
    - რა მოხდა? 
    - მგონი ვიღაც გვიახლოვდება.
ალ კაბირმა ხელი დაადო მიწას და ცოტა ხანს გაუნძრევლად გაჩერდა. 
    - არაფერი ისმის. ხომ არ მოგეჩვენა?
    - იცი, სტუმარი მყავდა...
ბედუინი მკვეთრად გასწორდა წელში და გაკვირვებული დამაცქერდა.

    - კატა იყო. ჰო, კატა, ძალიან დიდი ყურები ჰქონდა და შავი თვალები. მთლად გალუმპული ორი პაწია შვილით კარავში შემოძვრა. კნუტებს შიოდათ, ციოდათ, ჩემი რძე დალიეს, გაშრნენ და ითამაშეს.  თითქმის მთელი დღე ჩემთან გაატარეს, ნახევარი საათის წინ კი კატამ ყურები დაცქვიტა და აღმოსავლეთისკენ შებრუნდა, აწრიალდა და კნუტებიანად წავიდა.  ალბათ საფრთხე იგრძნო... ამიტომ გაგაღვიძე.
    - შენთან ფენეკი იყო თავისი ლეკვებით?
    - ფენეკი? 
    - უდაბნოს მელაა. ძალიან ფრთხილი და გონიერია. აგრესიული მტაცებელია,  მით უმეტეს თუ ლეკვებიც ჰყავს.  ალბათ ქარიშხალმა და წვიმამ გზაში მოუსწრო, სორომდე ვერ მიაღწია და თავი შეგაფარა. ადამიანებს არ უფრთხის, მაგრამ ახლოს არ მიდის და არც საათობით რჩება მათთან. 
    - ფენეკი... რა უცნაური ცხოველია.
    - უცნაური?  რატომ ?!  შენ ხომ მას  ბავშვობიდან იცნობ,  ფენეკი "პატარა  უფლისწულის" მოშინაურებული მელიაა. 
    - დე სენტ - ეკზიუპერი?  მფრინავი, გაფუჭებული თვითმფრინავით საჰარაში რომ დაეშვა და ვარდის მოყვარულ ვარსკვლავ-ბიჭუნას გადაეყარა...  ის მელია, პატარა უფლისწულის მეგობარი, - ფენეკი იყო ?
    - და თვითონ გთხოვა  - მომიშინაურეო ხომ?  ფენეკი კეთილ ადამიანს  სწრაფად გრძნობს, თან მისი ლეკვები გამოგიკვებავს...  შენი მარტო დატოვება არ შეიძლება ნილნა, მაშინვე რაღაც უნდა გადაგხდეს თავს. - ძალიან თბილად გაიღიმა ალ კაბირმა.
 
    - საოცარია... - გაოგნებული ვიდექი და ზღაპრიდან ცოცხლად მოსულ ჩემს დიდყურა სტუმარზე ვფიქრობდი.
    - ფენეკი ასეთ ამინდში მყუდრო თავშესაფარს არ მიატოვებდა. კარგია რომ გამაღვიძე. ახლავე უნდა წახვიდე.  წყალი წაიღე  და აქაურობას გაეცალე. დასავლეთისკენ იარე და თუ მშვიდობაა მალე დაგეწევი. - ალ კაბირმა ჯადარს ზურგზე  თექა გადააფარა, ერთი ხურჯინი გადაკიდა,  შიგ წყალი და თბილი საბანი ჩადო, თავი დახარა და ცხენზე შესაჯდომად ჩვეულად მუხლი მომაშველა. აღვირი მოვიმარჯვე და ცხენზე გავსწორდი.   
    - წადი ნილნა, ნუღარ ჩერდები, გაიქეცი! - ალ კაბირმა ცხენს გაშლილი ხელით უბიძგა გავაზე.

      ჯადარმა ამოიფრთქვინა, ლაგამი მოხრა და საჰარას ქარები მუხლში ჩაიდგა.  უკან მოვიხედე, ბედუინი  უძრავად იდგა და ჩვენ გვიცქერდა. იმ წუთში,  რაღაცით ძალიან ჰგავდა საჰარაში ჩარჩენილ  საოცარ მფრინავს, რომელიც ბავშვობაში, პატარა უფლისწულის და მისი მოშინაურებული მელია - ფენეკის ამბავს მიამბობდა. 

    ცხენი ჩრდილოეთიდან მოწოლილ ქარს არ ეპუებოდა და ჭენებით მიქროდა. უკან ვიხედებოდი, მაგრამ კარავს და ბედუინს ვეღარ ვხედავდი.  ცხენის გაოფლიანება არ მინდოდა, ამიტომ იორღაზე გადავიყვანე.  გზად შემოყრილი მაღალი დიუნა ამოვარჩიე. სამხრეთიდან შემოვუარე ზედ ფრთხილად დავიწყეთ ასვლა. ქარისგან ქვიშის მთა გვიცავდა და ზემოთ სწრაფად მივიწევდით. მწვერვალთან ახლოს დავიბანაკეთ. ქარი ძვლებში ისე მივლიდა, თითქოს გამჭვირვალე ვიყავი, მთლად მაკანკალებდა. მოსასხამზე საბანი მჭიდროდ შემოვიხვიე, მუხლებზე ჩავიჩოქე, ცხენს მკერდზე მივეხუტე და  აღმოსავლეთს მივაჩერდი. ცივ, ქარიან და ბნელ, უმთვარო ღამეში  ამაოდ ვცდილობდი რამის გარჩევას. 

    - „იქნებ დილამდე ქარი ჩადგეს და რამე დავინახო. თუ მდევარი დაგვეწია აქედან უფრო ჩქარა შევამჩნევ.“  - გავიფიქრე, ცხენის ზურგზე  გაფენილი თექის კვანძები შევამოწმე. „არ შეცივდება!“ - დავრწმუნდი და ჯადარის მკერდს მივეხუტე. სიცივე ძვალ-რბილში მივლიდა. სახსრებში  ყინული გაჯდა, მხარი და ფეხი აუტანლად მტეხდა. მთლად გალურჯებული და გახევებული  შევხვდი განთიადს. ქარი არა და არ ჩერდებოდა, ისევ გრიალებდა და ყვითელ ღრუბლებს სამხრეთისკენ  ერეკებოდა.
 
    მზის ამოსვლას მოუთმენლად ველოდი.  მაცოცხლებელი სითბო ჰაერზე მეტად მჭირდებოდა. როგორც იქნა აღმოსავლეთისკენ ინათა და მზემ ამოიწია. მეგონა გავთბებოდი, მაგრამ უფრო ძლიერად შემამცივნა. კბილს კბილზე ვაცემინებდი, გონება მებინდებოდა.  ფიქრი აღარ შემეძლო. ცხელება ვიგრძენი და ოფლმა დამასხა, თავბრუ დამესხა და ცხენის ფეხებთან მივწექი. პირი აუტანლად მქონდა გამშრალი,  დახეთქილი ტუჩები მეწვოდა, საშინლად მწყუროდა, მაგრამ წყლის დალევის თავი არ მქონდა. 
    მთლად გადაყვითლებული  ჰორიზონტის ბოლოში დიდი წერტილივით დასმული მზე, - თვალებში ჩამრჩა. ყვითელმა ღრუბელმა  ამიტაცა და სადღაც რწევით გამაქანა.   
...
    - ნილნა, გონს მოდი, შემომხედე! -  ვიღაცის  ხელი შუბლზე მედო. 
თვალი გავახილე და გონებაარეული შევაჩერდი ჩემზე დახრილ ადამიანს. 
    -  ძლივს გიპოვე, ჯადარმა მომიყვანა შენამდე... მაღალი სიცხე გაქვს.

პასუხის და მოძრაობის თავი არ მქონდა. მთელი სხეულით მაკანკალებდა. ბურანში ვადევნებდი თვალს როგორ შლიდა  ქვიშაზე ქეჩას შავებში ჩაცმული კაცი, როგორ აღვივებდა ნაღვერდალს და როგორ თუხთუხებდა  რძე გახურებულ სპილენძის ლანგარზე. ვიღაცამ ხელში ამიყვანა, ქეჩაზე მიმაწვინა და საბანი გადამაფარა. ლოცვის ხმა მესმოდა. ვიღაც, ყურანის სურას გაბმით კითხულობდა და  საიმედო ხელი ნელნელა მასმევდა ცხელ და ტკბილ აქლემის რძეს. 

თვალის გახელა როცა შევძელი უკვე ღამე იყო.  ქარი ჩამდგარიყო. თბილად მეხურა, სიცივის მაგივრად ცხელება მივლიდა და  ყველა სახსარი მტეხდა.  ფეხი ისევ მჭიდროდ მქონდა შეხვეული. ჩემი გადახურებული ტვინი მახინჯად აღიქვამდა ფიქრებს,  წითლად მოღადღადე ნაღვედლებს, აქლემებს, ჯადარიც კი როგორღაც გაწელილი მეჩვენებოდა და ყველაფერს მრუდე სარკეში ვხედავდი. 

ალ კაბირი  კერიის მეორე მხარეს, დაჩოქილ აქლემზე მიყრდნობილი იჯდა. მუხლზე იდაყვი შემოედო და წარბშეკრული დაძაბულად ფიქრობდა.  ჯადარი პატრონთან იდგა. აქლემებს გრძელი კისრები მაღლა აეზიდათ და  რიტმულად იცოხნებოდნენ. ჩვენი ბარგიც იქვე,  მიწაზე ელაგა.

მოულოდნელად ბედუინი ფეხზე წამოდგა ბოხჩაში რაღაც მოქექა, ამოიღო და ხელში გაშალა,  დახედა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი. ღრმად ამოისუნთქა და ჩუმად ჩაილაპარაკა: 
    - მხოლოდ ალლაჰმა უწყის როგორ იმოქმედებს.  შვიდიოდე დღეში ფარაფრაში ვიქნებით, იქნებ არცაა საჭირო?!  მაგრამ სხვა გამოსავალიც არ არის!

ცოტა ხანში მობრუნდა,  შუბლზე ტილო გამომიცვალა, მაჯა გამისინჯა.  საბანი ამომიკეცა და ჩემს გვერდით დაჯდა:   
    - როგორ ხარ ნილნა...
    - გავცივდი, მაღალი სიცხე მაქვს, ისევ უმწეო ვარ, ისევ  სათრევი! 
    - არა უშავს.  ამაღამ აქ გავათევთ, მეც აქვე, შენს გვერდით ვიქნები.  მალე კრიზისი დაგეწყება და ოფლი ავადმყოფობას გამოდევნის. გამთენიას კარგად იქნები, აღარც თავისტკივილი შეგაწუხებს. 
        სიცხისგან თვალები მეხუჭებოდა. პასუხი აღარ გამიცია. უხმოდ დავლიე ცხელი  რძე.

მთელი ღამე ბორგვაში და ბოდვაში გავატარე, ხან ლომი მელანდებოდა, ხან მგელი, ხან ფენეკი და ხან ტუარეგები, წამოდგომას და გაქცევას ვცდილობდი, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა და ისევ მიწაზე ვეცემოდი. ხანდახან შუბლზე სველ ტილოს ვგრძნობდი, ტუჩებთან ლიმონის სიმჟავეს და კიდევ იმას რომ ვიღაც საწოლზე ჩემს დამაგრებას ცდილობდა.
    - შენს ენაზე ლაპარაკობ?  არ მესმის, არაბულად მითხარი! ძალა მოიკრიბე, გონს მოდი!  - წუხდა  ჩემთვის კარგად ნაცნობი და თანაც უცნობი ხმა და  კიდევ, ვგრძნობდი რომ  საიმედო და მტკიცე თითებს, - ჩემი მაჯა ისე მაგრად ეჭირა, რომ თვით სიკვდილიც კი ვერ გამოგლეჯდა ხელიდან. 

        დილის მზე ოფლისგან და სიცხისგან დამწვარ ქუთუთოებზე დამეფინა. თვალი გავახილე თუ არა, პირთან  წყლის სისველე ვიგრძენი. 
      - მაშალაჰ ნილნა, მგონი გადარჩი! იმაზე ცუდად იყავი ვიდრე მაშინ, პირველად რომ გნახე. მთელი ღამე  სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ბეწვის ხიდზე დადიოდი, ვიღაცას ეძახდი, ალბათ შველას ითხოვდი ... ლამაზი ყოფილა შენი ენა, მუსიკასავით ალერსიანი... 
    - ვინ დაგვეწია წუხელ? 
    - ანტილოპების რემამ გადაიარა, სამხრეთიდან მოვიდნენ, ქარ-წვიმისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ, ისეთი სისწრაფით მოქროდნენ რომ კარავი ვერ შენიშნეს და ზედ გადაირბინეს.
    - მადლობა ღმერთს... - ვცადე წამოვმჯდარიყავი, მაგრამ გვერდზე გადავქანდი და ისევ საბანზე მივწექი. 
     
ჩუმად ვისაუზმე აქლემის რძეში მოხარშული სიმინდის ფაფით. პიტნიანი ჩაიც ბოლომდე დავლიე. თითქოს უნდა მოვღონიერებულიყავი,  თავიც უკეთ უნდა მეგრძნო, მაგრამ პირიქით მოხდა. თავბრუ დამესხა, ყველაფერი  დატრიალდა, მიწა ამობრუნდა და ჰორიზონტისკენ დაიძრა. მზე, ყვითელი ლაქასავით ელიფსზე გაიწელა და ატივტივდა.

    - მაპატიე...! - ექოდ მომესმა დაგუდული სიტყვა, გახურებულ შუბლზე ტუჩები  შემეხო.  რაღაც დავილუღლუღე, მაგრამ აზრს და ბგერებს თავი ვერ მოვუყარე, მხოლოდ ის ვიგრძენი რომ რძით სავსე ჭურჭელში, ცხიმიან ლაქად გატყაპნილ ყვითელ მზეზე  გულაღმა ვიყავი გაწოლილი...

...
        გონს რომ მოვედი, გარშემო სრული სიბნელე და სიჩუმე იყო გამეფებული. საბანში ყელამდე ვიყავი გახვეული, თავი მთლიანად  მქონდა შეხვეული  და თექის ფარდაგზე ვიწექი. საშინელი სიმარტოვის გრძნობა დამეუფლა.  თითქოს ჩემთვის ცნობილი სამყარო აღარ არსებობდა და მე, ისეთ უსასრულო სიბნელეში ვიყავი ჩაკარგული, სადაც აღარც კოსმოსი არსებობდა და აღარც გალაქტიკები. რამოდენიმეჯერ ბედუინს დავუძახე. არავინ გამეპასუხა.
      მარცხენა ხელი საბნისგან გავითავისუფლე, სახიდან საბურავი მოვიშორე და ხელი სიბნელეში მოვატარე. ჩემს ზემოთ თავისუფალი სივრცე იყო, საბანი მოვიცილე და ფეხზე ავდექი. ჭერად თექა მეხურა, მაგრამ ისე იყო გაქვავებული რომ ძვრაც ვერ ვუყავი. ხელის ცეცებით მოვსინჯე მიწა ფეხქვეშ და ხელში ტყავის გუდა მომყვა. წყალი იყო. ერთი ყლუპი მოვსვი და ისევ დავიწყე ყველაფრის ხელით მოსინჯვა. 

      თავი საშინლად მტკიოდა, პირი ისე მქონდა გამშრალი, რომ მსოფლიოს ყველა მდინარე ერთად -ვერ დამილბობდა გამხმარ ყელს, თავბრუ მესხმოდა, თვალით ვერაფერს ვხედავდი და გულზიდებას ყელში ძლივს ვაჩერებდი.  ერთადერთი რაც უხვად მქონდა ეს ჰაერი იყო, სრულიად თავისუფლად ვსუნთქავდი. სივრცეში ხელის ცეცებისას კედლებს წავაწყდი. ჩემს სამყოფელს კედლები ჰქოდა, გაქვავებული ქვიშის კედლები. ისიც აღმოვაჩინე რომ ჩემი სივრცე მართკუთხა  იყო. ჩემზე ორი მტკაველით მაღალი და ორი გაშლილი მკლავის სიგანე. ვერაფრით ვხვდებოდი სად ვიყავი  ან,  როგორ აღმოვჩნდი აქ. გამახსენდა რომ ავად ვიყავი და მაღალი სიცხე მქონდა, რომ ბედუინი ხან რძეს მასმევდა, ხან ლიმონის ჩაის და ბოდიშს მიხდიდა...

კიდევ ერთხელ მოვატარე ხელი გარშემო და ნელნელა გონებაში ჩამეხატა ჩემი ადგილსამყოფელი.

უცებ რაღაცას მივხვდი და თან ვერ მივხვდი, უფრო სწორად არ მჯეროდა... ვერ ვიჯერებდი, ან რომელი ჭკვათამყოფელი დაიჯერებდა... 

    - ეს ხომ საფლავია! საფლავში  ვარ, ეს ჩემი საფლავია! დამარხული ვარ!  ბედუინმა დამმარხა?!..  ესე იგი მკვდარი ვარ?!.. იქნებ ავადმყოფმა და სიცხიანმა გონება დავკარგე, -  მკვდარი ვეგონე და დამმარხა... ახლა რა მეშველება, აქედან როგორ უნდა გავაღწიო, ცალი ხელით რა უნდა ვქნა!  თუ მკვდარი ვეგონე, წყალი რატომ ჩამატანა?  მკვდარს, თანაც საჰარაში, წყალი რად უნდა...  ესე იგი ცოცხალი დამმარხა?!  იცოდა რომ ცოცხალი ვიყავი და მაინც დამმარხა!..  დარწმუნდა რომ ოაზისამდე მაინც ვეღარ მივატანდი, აღარც თავი გაიწვალა, აღარც მე გამაწვალა და დამმარხა... ახლა რაკი „მე აღარ ვარ“  მისი ცხოვრებაც დალაგდება, ტუარეგები ისევ დაუმეგობრდებიან, ჰილალეს გულსაც მოიგებს და პოლონელსაც ცუდი სიზმარივით მოიშორებს თავიდან!

მხოლოდ მე, მე წავაგე... მე ვარ ცოცხლად დამარხული! მე ვარ ცოცხალი მკვდარი!  როგორ ვენდე, როგორ...ეს რა სისულელე მომივიდა!  ოჰ, ეს  ქალის ჭკუა!  რაში ჭირდებოდა ჩემნაირი  ტვირთი!  ზედმეტი ბარგი და თავისტკივილი. ეს ხომ საჰარაა,  ყველაზე დიდი უდაბნო, ყველაზე სიკვდილიანი ადგილი. აქ ხომ ყველაფერს უსარგებლოს და ზედმეტ ტვირთად ქცეულს თავიდან იცილებენ, მხოლოდ ყველაზე საჭიროს და აუცილებელს იტოვებენ...

რატომ დამმარხა! დაენებებინა თავი და  წასულიყო თავის გზაზე!  მოვკვდებოდი თუ მოვრჩებოდი, აფთარი დამძიძგნიდა თუ სვავი  - რა მისი საქმე იყო... ახლა საკუთარ საფლავში უნდა მოვკვდე?!  ვის გაუგია საკუთარ საფლავში სიკვდილი...

ღმერთო! ან ის შეიშალა ან  მე შევიშალე ან, ახლა ვიშლები ჭკუიდან ან  უკვე მკვდარი ვარ და  ეს ჯერ კიდევ არ ვიცი!..  გაოგნებულმა  მუხლებზე დავიჩოქე.

საზარელმა შიშმა და უმწეობამ, სიცოცხლისთვის ამდენი ბრძოლის შემდეგ, -ასე უბრალოდ მოსულმა აღსასრულმა, საოცარ სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. ბედუინის საქციელით გამოწვეულმა წარმოუდგენელმა წყენამ, - სული შუაზე გამიფარტა. ვერ ვიჯერებდი, რომ ცოცხლად  დამმარხა კაცმა, რომელმაც ნახევარი საჰარა იმისთვის გამომატარა რომ გადავერჩინე ?!  ისტერია დამეწყო, მტკივანი ხელი დამავიწყდა, ფრჩხილებით ვფხაჭნიდი კედლებს. ვეჯაჯგურებოდი „ჭერს“. ვკიოდი, ვტიროდი  და აქეთ იქით ამაოდ ვაწყდებოდი საფლავის კედლებს.

მალე დავიღალე, მოვეშვი, ემოციებისგან დაცლილი და გაქვავებული მოვიკუნტე და ჩემი საფლავის კუთხეში დავჯექი. დროის შეგრძნება გამიასკეცდა, ვგრძნობდი რომ პირდაპირ ჩემს სხეულში მიედინებოდა. რამოდენიმე საათი გავიდა. შემცივდა. როგორც ჩანდა ზემოთ ღამე დადგა. საბანში  გავეხვიე. შერჩენილი სითბოს დაგროვება მინდოდა. არ მინდოდა სიკვდილი მისი ჩვეული გზით, სიცივით შემოსულიყო სხეულში. წყლის გამოზოგვა მხოლოდ ტუჩების  დასველებით გადავწყვიტე.  ჩემი ნივთებიდან მხოლოდ ფეხსაცმელებიღა შემომრჩენოდა. ჩემი დანა ვინატრე, სულ მცირე იმედი მაინც მექნებოდა რომ აქედან გავაღწევდი. ახლა ისიც არ მქონდა. სანამ ჰაერი მეყოფოდა, უნდა მებრძოლა, აქედან თავი უნდა დამეღწია... მაგრამ როგორ?!- ამაზე წარმოდგენა ნამდვილად არ მქონდა... 

უცებ ერთი უცნაური კითხვა გამიჩნდა და სულ პაწია იმედი სადღაც, გულის უკან მიიკუჭა... რატომ იყო ჩემი საფლავი მიწით ამოუვსებელი, რატომ ჰქონდა ჩემს "სარკოფაგს" ჭერი?!  იქნებ ბედუინს საფლავის  მიწით ამოვსების დრო არ ჰქონდა, ჩქარობდა  თუ დაეზარა? იქნებ აქ,  ადამიანის დამარხვის ასეთი წესი არსებობდა, რაზეც მე არაფერი ვიცოდი?.. ან რატომ ჩქარობდა ?!  იქნებ  რამე სხვა მოხდა? იქნებ უნდა მობრუნდეს და აქედან უნდა ამომიყვანოს? - შეუჩერებლად მიტრიალებდა გონებაში. "ნილნა უნდა მენდო, ბრმად უნდა მენდო, გზაში ბევრი უცნაური გადაწყვეტილების მიღება მომიწევს, არ დაფრთხე, არ გაიქცე თორემ ორივე დავიღუპებით!" - გამიელვა გონებაში მისმა ხმამ. იქნებ მართლაც რაიმე ჩაიფიქრა?...
     
      ჩემი ანგარიშით კიდევ ექვსიოდე საათი გავიდა... მაგრამ არსაიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. არავინ არ მოდიოდა ჩემს გადასარჩენად. სასოწარკვეთამ იმატა. იმედი,  სახლში  დაბრუნებაზე ჩემი ოცნებასავით - ნელნელა ქრებოდა. მაინც  ველოდი, რომ მოვიდოდა და აქედან ამომიყვანდა.  კიდევ ერთი იმდენი დრო გავიდა, მაგრამ არავინ მოსულა.  თანდათან ვრწმუნდებოდი რომ მიმატოვა,  სულში დაბადებული ტკივილი ნელ ნელა ძლიერდებოდა და ისე ღრმად მესობოდა რომ განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. მოუნელებელი  ის იყო, რომ  სწორედ მისი ხელით ვიყავი ცოცხლად დამარხული. ადამიანმა,  საკუთარ თავზე მეტად რომ ვენდობოდი, - ლამის უკვე სამშვიდობოს გასული, მაგრამ ავადმყოფი და  უმწეო, -  თავიდან მომიცილა, შუა საჰარაში ცოცხლად დამმარხა და დედამიწიდან უკვალოდ გამაქრო!

          მოულოდნელად ჩემს საფლავში რაღაც ამოძრავდა...
    - " ალბათ ვირთხაა, ეგღა მინდა, რომ ცოცხლად გამომხრას...მაგრამ  საიდან შემოძვრა?!" - ფეხსაცმელი გავიხადე და ვირთხის მოსაგერიებლად მოვემზადე, მაგრამ შიშველ ფეხზე, ძალიან ფაფუკი და თბილი ფუმფულა კუდი  მომედო.
          ეს ვირთხა არ იყო. ცოტა ხანში კიდევ ერთი კუდი ვიგრძენი ხელზე...
ნაცნობი წკუმტუნი მომესმა და ფუმფულა კუდმა ჩემს საბანზე ამობობღება გადაწყვიტა... ძალიან ფრთხილად გავწიე მისკენ ხელი და პირველი რაც მომყვა, ეს იყო დიდი, ვეებერთელა ყურები. ცოტაც და ფუმფულაკუდიანმა დიდყურამ, - ხელისგული ამილოკა. 
      -„ფენეკი - ის პატარა ლეკვია გუშინ რომ მესტუმრა. მიცნო... ალბათ აქვე სოროა და სუნით მიპოვა, დედაც აქ იქნება."

სულ ახლოს "კედელთან" გამაფრთხილებელი ღრენანარევი წკმუტუნი გაისმა. 
    - „დედა ფენეკი“,  აქვე, გვერდით ყოფილა. თუ  სოროს გამოვთხრი, არც ჰაერი მომაკლდება და სინათლეც შემოაღწევს. ახლა მშვიდად უნდა ვიყო.  არ უნდა გავაბრაზო და შევაშინო...ამასობაში იქნებ რამე მოვიფიქრო...“

        ლეკვები წკმუტუნით  გაქრნენ.  მელა ჰაერს ყნოსავდა. რაკი ღრენა შეწყვიტა, მივხვდი რომ მანაც „მიცნო“.  ხელისცეცებით  დავიწყე იმ ხვრელის ძებნა, საიდანაც მელა შემოძვრა. მალე მივაგენი ხელისგულისოდენა ხვრელს, თურმე ეს იყო ჩემი მთავარი საჰაერო, აქედან შემოდიოდა ჰაერი.  როგორც ჩანდა  „ზემოთ“ გათენებულიყო და ფენეკი სოროს დაუბრუნდა.  ღამეს უნდა დავლოდებოდი, მელა სანადიროდ  რომ წავიდოდა,  როგორმე  ხვრელის გადიდება უნდა მეცადა.
 
    თითქოს უნდა გამხარებოდა საჰაერო რომ ვიპოვე,  მბჟუტავი იმედი რომ გამიჩნდა და  დიდი წვალების შემდეგ იქნებ აქედან კიდევაც გამეღწია, მაგრამ წყენისა და სასოწარკვეთისგან ძალაგამოცლილს სიხარულის თავი არ მქონდა. არც ჩემი გეგმა იყო ადვილად შესასრულებელი. ფენეკის "სახლის ნგრევას"  რომ დავიწყებდი, პატრონი შეიძლებოდა თავს დამსხმოდა... 

      უსიამო გრძნობამ მიკბინა გულზე. 
ველური მტაცებელი, თავსხმა წვიმასა და ქარში რომ შევიფარე, -  სიკეთით თავისებურად მიხდიდა სამაგიეროს. ახლა მე ვიყავი მასთან შეფარებული, მისი დაუპატიჟებელი  სტუმარი და  თავს არ მესხმოდა. მისი სორო - ჩემი გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო,  როგორც გუშინ ჩემი კარავი  -  მისი პატარა ოჯახისთვის.  ეს პაწია ცხოველი, თავისი საქციელით  იმდენად მაღლა იდგა იმ ადამიანებზე, ვისაც საჰარაში გადავეყარე, რომ  მსხვილი ცრემლი უხმოდ გადავყლაპე.

            მე, ისევ მარტო და ისევ ჩემი თავის ამარა ვიყავი. 
ისევ ისე ვიწყებდი, როგორც საჰარაში ჩემი დაკარგვის პირველ დღეს.
ოღონდ მაშინ, ჩემთვის საფლავის გათხრაზე ვფიქრობდი. ახლა კი, საფლავიდან თავის დაღწევა უნდა მეცადა.

როგორც მაშინ, ახლაც მხოლოდ ორი რამ მქონდა... წყალი და იმედი. 
                                                   
                                                                                              (იხილე როგორ გაგრძელდა)

-------------------------------------------------------------------------------------------------

© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები