ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
26 ნოემბერი, 2013


ციდა ამბების მოზაიკა

  ციდა ამბების მოზაიკა


          მოგონილი ამბავი

ქალაქის ერთერთი უსახური გარეუბნის ეზოში, სადაც ცამეტი წლის დენოლა ცხოვრობდა, ახალგაზრდა მხატვარმა სახელოსნო შეიძინა. ამან მთელი ეზოს ცხოვრება შეცვალა, რადგან ეზოს მაცხოვრებლები სიახლეებს შეჩვეულები არ იყვნენ. დენოლა ჯერ შორიდან უჭვრეტდა ოდნავ ჭაღარაშერეული, გამხდარი, გრძელხელება კაცის უჩვეულო ფუსფუსს, რომელსაც საღებავებით დასვრილი წინსაფარი ეკეთა. მერედა მერე შეეჩვია და ხატვის პროცესსაც ესწრებოდა. ყურადღებით უმზერდა,  როგორ ამაგრებდა ტილოს მოლბერტზე, როგორ ფარავდა რაღაც ნივთიერებით, როგორ გადაჰქონდა ესკიზიდან ტილოზე ფიგურები და როგორ ცოცხლდებოდა ნახატი.მხატვარი გრაციოზულად, დინჯად მოძრაობდა როგორც ილუზიონისტი.ის ენაწყლიანი იყო და პატარა გოგოს ხატვის დროს დიდი მხატვრების უცნაურ ისტორიებსა და ხელოვანთა ბედზე უყვებოდა. გოგონასათვის, იმ ასაკში, როცა მკერდის ბორცვები უჩნდებათ და ქალურ საიდუმლოს ეზიარებიან, ეს ახალი სამყაროს აღმოჩენას უდრიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მხატვრის ავტორიტეტი თანდათან იზრდებოდა და კერპად სხეულდებოდა.
  ერთხელ სახელოსნოს კართან მისული დენოლა გაშეშდა. ის რაც მან იხილა, სრულიად გამაოგნებელი იყო. მისი კერპის  წინ სრულიად  შიშველი ქალი იჯდა და გამომწვევად ეწეოდა სიგარეტს..მისი მოსვლა არც შეუნიშნავთ. ტკბილად მუსაიფობდნენ. ზურგით მდგარი მხატვარი მხოლოდ მაშინ შემობრუნდა, როცა შეურაცხყოფილმა გოგომ გაუაზრებელი პროტესტის ნიშნად ხმაურით მიიხურა კარი.
  ამის შემდეგ სახელოსნოში აღარ გამოჩენილა.ამბობენ, პირველივე შემხვედრ მამაკაცს გაჰყვა და მალევე გაშორდაო.
  ეს ამბავი გრძელხელება მოხუცმა მხატვარმა მიამბო. არ ვიცი, რამდენად მართალია. როცა ყვებოდა, თვალები უელავდა. იქნებ მოიგონა კიდეც. ხანდაზმულებს სჩვევიათ ასეთი ამბების შეთხზვა.


          მოლოდინი

  ხვარამზე ერთ თითქმის მიტოვებულ სოფელში ცხოვრობდა. დაკონკრეტება რა საჭიროა, ასეთი სოფელი ბევრია მთაში. მშობლები ადრე გარდაცვლოდა. უახლოესი მეზობელი, მისივე დაქვრივებული ბიძაშვილი ხევგაღმა სახლობდა. ერთგულებდა თავის მამაპაპეულ კერას, უვლიდა ერთადერთ ძროხა სანდუას და ცხოვრობდა შეგუებული ადამიანის თავდაჯერებული სიმშვიდით, თუ შეიძლება შეგუება დაერქვას იმას, რაც უპირობოდ შენი ხვედრია.
  ერთხელ მის სახლს ზურგჩანთიანი მგზავრი მოადგა და კარზე მიუკაკუნა. ხვარამზეს არ მოეწონა, მაგრამ შინ შეიპატიჟა, რადგან მთაში სტუმარი ღვთის კაცია. კაცი მარტოხელა ტურისტი აღმოჩნდა, ძალიან შორეული და ასევე ძალიან იდუმალი ქალაქიდან. ფეხით ევლო და ღამის გათევა სთხოვა, საფასურსაც შეჰპირდა. ხვარამზემ კოპები შეიკრა, ფულზე ლაპარაკი არ მოეწონა. სუფრა გაშალა. კაცმა კონსერვი ამოიღო, რაღაცნაირად ლამაზად, მოხერხებულად გახსნა და ხვარამზეს თავაზიანად შესთავაზა. ცოტას ლაპარაკობდა დაღლილი ჩანდა. ჟიპიტაურზე უარი თქვა- არ ვსვამო. რაღაც უცნაურად, გემრიელად გამოსთქვამდა სიტყვებს.
ხვარამზემ ლოგინი გაუშალა. თავად სუფრა მიალაგა და ისიც დაწვა გვერდით ოთახში. შუაკარი მაგრად ჩარაზა. მაგრამ იმ ღამეს თვალზე რული არ მიჰკარებია. ბავშვობის შემდეგ პირველად ეძინა ჭერქვეშ სხვასთან, თანაც უცხო ადამიანთან ერთად. ხანგამოშვებით ეჩვენებოდა, რომ კარს ვიღაც აწვალებდა, ხანაც იატაკი უცნაურად ჭრიალებდა. ქარიც რაღაც სხვანაირად, საეჭვოდ უბერავდა. მალი-მალ გახედავდა კედლის ხალიჩაზე დაკიდებულ პაპისეულ ხანჯალს და რაღაცისთვის ემზადებოდა.
დილით ადგა გაცრუებული იმედისა თუ მოსალოდნელი ხიფათის აშორების სიხარულის გაურკვეველი განცდით.  ქათმები დააპურა. კაციც გამოვიდა ეზოში. თავაზიანად მიესალმა. დასვენებული და გამოძინებული უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. ხვარამზემ დოქით ხელპირი დააბანინა, ქათქათა პირსახოცი მიაწოდა. მერე ისაუზმეს. კაცმა მადლობა გადაიხადა, ჩქარობდა.ხელი რომ ჩამოართვა, დაიხარა და მარჯვენა ხელის ზურგზე ფრთხილად შეახო ტუჩები. ხვარამზე გაწითლდა და ხელი გამოგლიჯა. მიხვდა, უხეშად გამოუვიდა.
  კაცს გაეღიმა, შებრუნდა, ნახვამდისო- თქვა და გზას დაადგა მძიმე, დაჯერებული ნაბიჯით.  ქალი კარგახანს გაჰყურებდა, როგორ ეფარებოდა თვალს მისი კუს ბაკანივით ზურგჩანთა.
  ქალი, რომელზეც გიამბეთ, ჩემი გარემამიდაა. არც მთიელია და არც ხვარამზე ჰქვია. მაგრამ დღესაც ერთ მიტოვებულ სოფელში ცხოვრობს, დღესაც მარტოა, უკვე სამოცდაათს გადაცილებული, დღესაც გასცქერის გზას და იმას ელის ისევ- ზურგჩანთიანს.


        დედების ამბოხება
  ეს გულისშემძვრელი ამბავი იმაში გვარწმუნებს, თუ როგორ შეიძლება არანორმალურ სიტუაციაში ჩვეულებრივი, ბანალური ამბავი საყოველთავო ვნებათაღელვის საგანი გახდეს. არც კი მახსოვს ვინ მიამბო. ის კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად მოხდა.
  საქმე ეხება გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების ბოლოს გულაგის ქალთა ბანაკში მომხდარ ამბოხებას. ასეთი რამ მაშინ იშვიათად ხდებოდა, ისიც ქალთა საპატიმროში. ამ ბანაკში რეპრესირებული პოლიტიკოსების ცოლები იყვნენ დაპატიმრებული, რომელთა ქმრებიც ან დაეხვრიტათ, ან , უკეთეს შემთხვევაში, გადაესახლებინათ. ბანაკსაც ასევე ერQქვა- სამშობლოს მოღალატეთა ცოლების ბანაკი. „მოღალატეთა” ცოლები განათლებული, წიგნიერი ადამიანები იყვნენ. მათ უმეტესობას სახლში ბავშვები ჰყავდა დატოვებული, ზოგს ნათესავების, ზოგსაც ბავშვთა სახლების (ასეთები მაშინ მრავლად იყო) ამარა. ახლობლებისთვის  მათი შეკედლება სარისკო იყო. დედებმა თითქმის არაფერი იცოდნენ შვილების ბედზე, რადგან მიწერმოწერა აკრძალული ჰქონდათ.
და აი, ერთ დღეს სრულიად სპონტანურად, ყოველგვარი დაგეგმვისა და წინასწარი მომზადების გარეშე აჯანყებამ იფეთქა. ქალები მინებს ამსხვრევდნენ, გისოსებს ჯამებს ურტყამდნენ, კარებზე ფეხით აბრახუნებდნენ. სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ისტერიული კივილი. ეს იყო ლეკვებწაგვრილი ძუმგელთა სასოწარკვეთილი მისტერია. ხელმძღვანელობა უძლური აღმოჩნდა. ცენტრიდან  სასწრაფოდ ჩამოვიდა საგანგებო კომისია. დაიწყო გამოძიება. ბანაკის უფროსი დააპატიმრეს სამსახურებრივი გაუფრთხილებლობის ბრალდებით. ბოლოსდაბოლოს შინსახკომის მესვეურები  იძულებული გახდნენ კომპრომისზე წასულიყვნენ: შვილებთან მიმოწერა წელიწადში ორჯერ ნებადართულ იქნა.
გაინტერესებთ, რაში მდგომარეობდა ე.წ. „სამსახურებრივი გაუფრთხილებლობა”,  ანუ რა იყო ამბოხების რეალური საბაბი?
  ბანაკის უფროსის ხუთი წლის ბიჭუნა ავად გამხდარიყო. მაღალი სიცხე არ უვარდებოდა. ცენტრში გამგზავრება დროს მოითხოვდა. მაშინ სასოწარკვეთილმა მამამ გადაწყვიტა პატიმარი პედიატრისთვის მიემართა. ასეთი რამდენიმე აღმოჩნდა. ვინაიდან პატიმრის გაყვანა ბანაკსგარეთ ინსტრუქციით აკრძალული იყო, გადაწყვეტილება მიიღეს , ბავშვი შეეყვანათ ზონაში. სწორედ აქ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: დედები, რომელთაც არაფერი იცოდნენ თავიანთი შვილების შესახებ, და ბავშვი  დიდიხანია საერთოდ თვალითაც არ ენახათ, უცხო ბავშვის დანახვაზე ისტერიკაში ჩავარდნენ. რეაქცია სასოწარკვეთილ კივილში გადაიზარდა.
  სრულიად უწყინარი მიზეზი- თეთრი, სიცხისაგან ლოყებაწითლებული ბავშვის გამოჩენა დედობაწართმეული ქალების სამკვიდრებელში ამბოხების მიზეზი გახდა.


        საოჯახო რელიქვია

  ჩემი ახლობლის, ბადრი დარსანიას ნაამბობი:
  საქმე ჯერ ბოლომდე არეული არ იყო, მე, დაიამ და მშობლებმა დრანდა რომ დავტოვეთ. აფხაზებმა იცოდნენ მილიციაში რომ მქონდა ნამუშევარი  და მეძებდნენ. ეჭვი ქონდათ, იარაღი მექნებოდა. ბებია და ბაბუაჩემი იქ დავტოვეთ. ბაბუა მოხელე კაცი იყო, რა გინდა ხისგან რო არ გაეკეთებინა. ყველა იცნობდა სოფელში, პატივს სცემდნენ. თანაც ავად იყო, იწვა. მე ხელს ვინ მახლებსო, ამბობდა.
მერე კი იცი, რაც მოხდა. წავედი რუსეთში. ჩემს ერთ გორელ ძმაკაცს კალბასნი ცეხი ჰქონდა კრასნოდარში. რაცხაფერად ავეწყე.
  ხოდა იმას გიყვებოდი, მოწილე გვყავდა ერთი რუსი- გენკა კურგინი, დელავოი ბიჭი იყო, გადაკვრა უყვარდა ცოტა. ადგილზე საქმეებს ის გვიგვარებდა, კომუნისტების დროს ნაჯდომიც იყო. ხოდა ერთ დღეს იმის სახლში ვართ ბიჭები- ეგ გენკა, გორელი გელდიაშვილი და მე. ვოტკას ვსვამთ, პატარა ზაკუსკა გვაქვს. შევხედე, ჩაი მოიტანა იმის ცოლმა. პატარა ხის ყუთში დევს. ლამაზი მოხატული ყუთია, ჩუქურთმებიანი. . ბაბუაჩემი აკეთებდა ასეთებს. ერთი, განსაკუთრებით კარგი გამოუვიდა და ოჯახში საშაქრედ ვიყენებდით. მახსოვს ჩემი პატარა დაია ჭკუდიას უძახდა.  თან ვსვამ, თან იმ ყუთს ვუყურებ, ვატყობ, სასმელი აღარ მეკიდება. ყველაფერი წარმომიდგა. ბაბუაჩემი ეგრევე ლოგინში ჩაკლეს, რასაა რომ სიმულიანტობო. ბებიას და ერთ მეზობელს ცელოფანში გახვეული დაუმარხავთ სახლის უკან. მაშინ ჯერ კიდევ ეგონათ, გადმოსვენებას შევძლებთო.
გენკას ქალი რომ გავიდა, სახურავი ავხადე. მარჯვენა კუთხეში, სადაც ბაბუა თავის სახელს ტვიფრავდა, ეწერა: „შუდუს ხელობა 1975”. ცუდად გავხდი. გენკა უკვე კარგად არის. ვეკითხები, მეთქვი ეს საიდან? ის მეუბნება: ოთხმოცდაათიანებში ბენზინის ბიზნესი მქონდა. ვლადიკავკაზში ჩავაკითხე პადძელნიკს და იქაურ ბაზრობაზე ვიყიდეო, მაშინ ამისთანები კაპიკებში ეყარა, ბოევიკები აბარებდნენო ტრაფეინნი საქონელს.
უცებ წამოვდექი. მაგიდას ფეხი ვკარი. ყუთს ხელი ვტაცე, გადმოვაპირქვავე, ხმაურით დავახურე თავი და გამოვედი. კურგინი გაშტერდა. გელდიაშვილი გამომყვა- რა გჭირს, დათვერიო? ერთი მაგათი-თქვა, შევიგინე და წამოვედი.

          ნაღვლიანი კლოუნი

  მართალი გითხრათ, არცკი ვიცი, ეს ისტორია ვინმემ მიამბო, თუ თავად ვნახე სიზმარში. კაცმა რომ თქვას, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ისაა, რომ დამაფიქრებელია და მინდა თქვენც მოგიყვეთ.
  წარმოიდგინეთ პროვინციული ქალაქის იაფფასიანი სასადილო. დილა უკვე გადასულა. მოწყენილობა და უსუფთაობაა გამეფებული. სასადილო თითქმის ცარიელია, ორი კაცი მისჯდომია მაგიდას, ერთმანეთის პირისპირ სხედან. . ერთი, მოწყენილი უგემურად ილუღნება, მეორე, ხალისიანი- მადიანად მიირთმევს.ჩუმად სხედან. მერე ის ხალისიანი იწყებს:
  -უკაცრავად, აქაური არ უნდა იყოთ. არა?
  -დიახ, ამ დილით ჩამოვედი.
-მერე, როგორ მოგწონთ ჩვენი ქალაქი?
  -ასეთი ქალაქები ბევრი მინახავს. ისინი ტყუპებივით ჰგვანან ერთმანეთს. ყველგან მტვერია და მოწყენილობა.
მასპინძელს არ მოეწონა ეს შეფასება, მაგრამ არ შეიმჩნია.
  -გეტყობათ ხშირად მოგზაურობთ.
  -საკმაოდ. მაწანწალობა ბედისწერად მექცა.
  -აჰ! მაპატიეთ, რაიმე პრობლემა ხომ არა გაქვთ?
  -რატომ მეკითხებით?
  -რაღაც შეწუხებული ჩანხართ.
  -არაფერი, გმადლობთ!
ჩუმდებიან. მერე ისევ ენერგიული იწყებს:
  -ყველაფერი კარგად იქნება.
  -როგორთუ კარგად?
  -რა ვიცი, უბრალოდ ასე იტყვიან ხოლმე. ყოველთვის უკეთესს უნდა ელოდეს კაცი, მე ასე მგონია, კარგის მეტი რაა, მთავარია აღმოჩენა შეძლო.
  -თქვენ ფიქრობთ, რომ ცხოვრება ამის საფუძველს იძლევა?
  -რატომაც არა.
-მაინც რა?- ეღიმება ნაღვლიანს, ისე, ბავშვის გულუბრყვილობაზე რომ ეცინებათ ხოლმე.
  -აი, თუნდაც ის, რომ მშვენიერი ამინდი გვაჩუქა ბუნებამ,- ყოჩაღად აგრძელებს ენაწყლიანი.
-კიდევ?
  -კიდევ, ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. ესეც ხომ რამეა...
  -კიდევ?
  -კიდევ, ჩვენთან ამ დილით მოხეტიალე ცირკი ჩამოვიდა. აქაურ ბავშვებს ზეიმი აქვთ. უბრალო საქმეა- ცნობილი კლოუნი ჯერალდინო გამოდის- სიცილის ჯადოქარი- ხომ გსმენიათ?
  ნაღვლიანი კაცი დუმს. მერე თავს ასწევს და თითქმის ჩურჩულით ამბობს:
  -ჯერალდინო მე ვარ!...

      2013 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები