ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2013


ლექსები აფხაზეთზე

აფხაზეთო

”ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
  ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“.
                    შოთა ნიშნიანიძე


მგოსნის ამ სიტყვებს დაუჯერე და
ნიშნიანიძეს ენდე.
ქართველთა არის დამსახურება,
რომ მოაღწიე დღემდე.
გწამდეს ერთობის... უსაქართველოდ
მკერდდაგლეჯილი მთა ხარ.
ლექსს წაგიკითხავ გალაკტიონის,
თვალით როდესაც გნახავ.



სოხუმში

სოხუმში მუხის ხე წაიქცა,
უბნობენ აფხაზი ბიჭები,
ქართველთა სახლებიც დაიქცა,
შრიალიც არ ისმის ფიჭვების.
სოხუმში ტიტებიც დამჭკნარა,
ვერავინ გაჰფანტა იჭვები,
მდუმარედ შეისვა ხვანჭკარაც,
უდროოდ წასული ბიჭების.







როცა...

როცა სიზმრად ტყვიებდახლილ სოხუმს ვხედავ -
აფხაზების სირცხვილითაც ვიწვები,
გულს მაწვება მონატრების ჩუმი სევდა,
უფრო მტკივა გაყიდული მიწები.
როცა სიზმრად ტყვიებდაკრულ სოხუმს ვხედავ -
თვალწინ მიდგას დედა აცრემლებული,
სანთელს ვუნთებ თეთრ გიორგის - ნათლის მხედარს,
რომ წყლულები იქნეს გამთელებული.




ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში როცა...
(თამთა გრიგოლიას)

ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში როცა -
აფხაზურ პალმებს ჩავეხუტებით,
ისევ აღვავლენთ ქართულად ლოცვას,
ძმებს აღარასდროს გავებუტებით.
ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში როცა -
სიხარულის ზარს დარეკს ბედია,
მიწას ვაჩუქებთ უამრავ კოცნას,
ეს სიცოცხლეზე უფრო მეტია.










თუმცა ოც წელზე მეტი გავიდა...


(1991 წელს სოხუმში ვისვენებდი მშობლებთან ერთად... მას შემდეგ სოხუმი თვალით აღარ მინახავს).


თუმცა ოც წელზე მეტი გავიდა -
კვლავ თვალწინ მიდგას სოხუმის ხედი,
ჩვენი ცხოვრება სხვა გზით წავიდა,
შორს გაგვიფრინდა მშვიდობის მტრედი.
თუმცა ოც წელზე მეტი გავიდა -
სოხუმს პალმები კვლავაც მელიან,
უაფხაზეთოდ ჩრდილიც არ მინდა,
უაფხაზეთოდ ყოფნა ძნელია.


სიზმარშიაც ვერ წარმომიდგენია!

რადგან გავჩნდით სიყვარულის მხარეში -
ეს ქვეყანა ღვთის წყალობით ჩვენია!
საქართველო აფხაზეთის გარეშე
სიზმარშიაც ვერ წარმომიდგენია!
თუმც გრძელდება არაკაცთა თარეში,
არ გამქრალა დაბრუნების იმედი,
სევდას ვხედავ ჩემი მოძმის თვალებში,
შეგვრჩენია სიყვარული მცირედი.
მჯერა: ღმერთი არ გაგვწირავს ქართველებს,
ილორს თავზე დაადგება ნათელი,
როცა დრო ჩვენს დაჭრილ გულს გაამრთელებს
გაიხარებს აფხაზიც და ქართველიც.
რადგან გავჩნდით სულის ჩამდგმელ მხარეში -
ეს ქვეყანა უფლის მადლით ჩვენია!
საქართველო აფხაზების გარეშე
სიზმარშიაც ვერ წარმომიდგენია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები