ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2013


წვიმასთან მოცეკვავის რჩევები

მოდი, ახლა ნუ დავიწყებთ დავას,
ძაღლი ფეხთან რომელს დაგვიწვება.
რა უეცრად გადაწყვიტა ქარმა
მეოცნებე ფოთლის დამიწება.
მოდი, ერთხელ შეიცვალე აზრი,
მოუსმინე წვიმასაც და ქარსაც.
ზოგჯერ სწორი გზაც კი აზიგზაგებს,
თუმცა, იცის არ გაუხვევს არსად!
მოდი, ყოფას დაუმტვრიე ჩარჩო,
მაჯისცემა გაუსინჯე განცდებს.
ისე, მართლა, ჩვენ შორის რომ დარჩეს,
არ გინდა, რომ შენს თავს ერთხელ გასცდე?
მიდი, ერთხელ დაარღვიე დოგმა,
გადაადგი ფეხი იმის იქით...
მერე რა, თუ შეგიღრინა "დოგმა".
ნუთუ, არ ჯობს მუდამ კუდის ქიცინს?..
ოდესმე თუ უცეკვია წვიმას
შენთან ერთად "ჩიჩოტკა" ან "ბუგი"?
მოუყევი საკუთარ თავს წვრილად,
ბავშვობაში ფეხჩარტყმული გუბე...
ჩამოხიე ეგ ფასადი შენს თავს,
შემდგარი თუ შესადგომი კაცის.
სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა,
დანარჩენი თვითონ იცი, აწი...
            13.12.13

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები