ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დომენიკო20
ჟანრი: პროზა
21 დეკემბერი, 2013


მინიატურა

ერთი მაგიდა დგას ჩვენთან უბანში, ძველისძველი, დაფხავებული, დომინოს ტყაპუნით გამოლაყებული. აი ამ მაგიდის სკამებზე იდგა წუხელ შვიდი ახალგაზრდა, სამი გოგო და ოთხი ბიჭი. ოციოდე წლისანი თუ იქნებოდნენ. ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ. არაყი ქონდათ ნემიროვი თუ რაღაც ამდაგვარი და სქლად დაჭრილი ლიმონი. მეტი არაფერი. რაღაცეებს იხსენებდნენ, შაყირობდნენ, ბევრს იცინოდნენ. თოვდა გამალებული. ადრეც დამიწერია, კი არ ბარდნიდა, არა, წვრილად ცრიდა, აი კახეთის თოვლს რომ ეძახიან სინოპტიკაში გარკვეულნი, ორი სამი დღე რომ არ გადაიღებს ხოლმე. მერე ერთმა თქვა, მოდით ძმებო, ჩვენი მომავალი ცხოვრება და ურთიერთობა ამ თოვლიან ღამესავით სუფთა და კრისტალური ყოფილიყოსო და ამის მერე აი იმ დათოვლილ მაგიდაზე შეხტნენ  და ერთმანეთს ჩაეხუტნენ. კარგა ხანს იდგნენ ასე. შემეშინდა, მაგიდა არ ჩატყდეს და თავს რამე არ დამართონ მეთქი. თან მომეჩვენა, თითქოს რიტუალს ასრულებდნენ, ერთ სულ და ერთ ხორც ქცეულიყვნენ და თითქოს ფეხს არც კი აკარებდნენ მაგიდას. გრავიტაცია და სხეულის სიმძიმე გაეთიშათ და გეგონებოდა ჰაერში დალივლივებდნენ. ერთად შეჯგუფულ სახეებს ერთი საერთო ორთქლი ასდიოდა და ნისლიან ზეცას უერთდებოდა.
ბოლოს იქვე მოედანზე, ვეღარ გავარჩიე ფეხბურთს თუ რაგბს თამაშობდნენ გახვითქულნი. სიცოცხლესა და სიხარულს აფრქვევდნენ ირგვლივ. მხოლოდ, ბურთის მაგივრად ერთ-ერთი გოგოს შარფს ხმარობდნენ. ბურთივით დაემრგვალებინათ და ხან ხელს ხან ფეხს გაჰკრავდნენ, ბოლომდე იხარჯებოდნენ.
ცას წვდებოდა მათი ხალისი და ჟრიამული.
კარებში გოგოები ეყენათ, ადრე, ჩვენ დროს რომ იყო ისე...

ღამის სამ საათამდე ისმოდა მათი სიცილი და შეძახილები.

რაღაცნაირად თან დარდიანად, თანაც უდარდელად, სახეზე სევდანარევი ღიმილით ჩამეძინა და სიზმარი ვნახე, ვითომ მეტროს ვაგონში ვიჯექი, ოღონდ ეს მატარებელი რატომღაც უკანუკან მიდიოდა და იმავდროულად, სიზმრებში როგორც ხდება, ვიღაცა აბდაუბდა ტექსტს აცხადებდა: - "პატივცემულო მგზავრებო, მატარებელი უკან კი დაგორდა, მაგრამ გახსოვდეთ, უკვე გავლილი სადგური აღარასდროს იქნება, ტყუილად ნუ გექნებათ ამის იმედი"-ო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები