ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2013


ჩემგან აღმოსავლეთით

***
მან ერთხელ მითხრა: რა საჭიროა შუქი სახლში, სადაც მიხვალ კეთილი გულით. შენ გაანათებ.

მან ერთხელ მითხრა: იცი, იზრდება ძალიან შორს, მიუსავლეთში, ერთი ვაშლი. ამ ვაშლის ვარჯის ,  მეასე ტოტის,  ასმეერთე განშტოების ერთი ნაყოფი  მოსხმულა შენთვის.
წადი, იარე!
აფრიკაა თუ ევრაზია.
წადი, იფრინე!
აზესკნელდი და ჩაქვესკნელდი.
წადი, იცურე!
არ დატოვო ზღვა და მდინარე.
თუ გინდა მთელი გალაქტიკის ყველა მთვარე შემოიარე.
ამასობაში დაიკვირტა,
დასკდა,
დაცვივდა,
გამოიკვანძა და იმ ხეზე შენთვის დამწიფდა.
წადი, იარე!
ისიც ივლის. ოღონდ სხვა გზებით .
უნდა  იცოდე , დღეს თუ არა, ხვალე შეხვდებით.
და შენ იგემებ ნაყოფს ხისას, შენთვის გამოსხმულს.

მან ერთხელ მითხრა:ყველა კაცი ხედავს გულიდან.
(როცა ვუთხარი, რომ სამშობლო მომწონდა მისი)
იყო მოხუცი. სამი შვილი გაგზავნა ქალაქს.  ერთს მოეწონა იმ ქალაქში თურმე  ვაჭრობა.
მეორეს_ქალი.
მესამემ კიდევ,  მეჩეთებში  დაცვითა მუხლი.
და თუ ამ მტვერში, ნანგრევებში შენ იპოვი რამე ღირებულს, მხოლოდ და მხოლოდ იცოდე რომ გულის ბრალია.

მან ერთხელ მითხრა: ბევრნაირი არსებობს კაცი.  იშვიათია კაცი იყოს ციცინათელა.
როცა კარგად ხარ, არ ჩანს , მაგრამ თუ კი დაბნელდა  დაიწყებს ციმციმს.
ვერ გაგინათებს მაგრამ მისი ერთი ღიმილი,ერთი სიტყვა, ერთი  შეხედვა 
ყველაფერს უდრის.


მასთან მივედი და ჩაქრა შუქი.
მასთან მივედი და  სანატრელი ხილის ნაყოფი დამხვდა ლანგარზე.
მასთან მივედი . ჩამოტეხილი, თეთრ ქაღალდში გამოხვეული, გამომატანა  მისი წილი აღმოსავლეთი.

მე ახლა ვიცი,  რისთვის მიქრის მატარებელი.
მე ახლა ვიცი, მთვარე ღამით რატომ ამოდის.
მე ახლა ვიცი , რატომ დადის ხალხი ქუჩაში.
უახლოვდება, მიდი-მოდის , მგზავრობს,  აგზავნის...  თითქოს ქაოსში მოძრაობდეს ყველა კაცი ... ყველა საგანი. ეს მხოლოდ თითქოს...
სინამდვილეში ყველაფერი ისე გამოდის...  ლაგდება  ჩვენთვის

მივხვდი რომ ჩემგან აღმოსავლეთით ის დარჩენილა, რაც დასავლეთით დიდი  ხნის წინ წაიღო წყალმა.
პირისპირ ვდგებით.
ჩემი დასავლეთი_შენი აღმოსავლეთია.
შენი  დასავლეთი_ ჩემი აღმოსავლეთი.

თვალი დავხუჭე_თვალწინ მიდგას ციცინათელა.
გავახილე _ დაგინახე შენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები