ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან ეული
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2013


"ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ"...

შენ ახლა გიდევს თავი ბალიშზე
და გძინავს მშვიდად. აუღელვებლად,
მე კი, მტანჯავენ ტკბილი ფიქრები,
სიყვარულისგან თავბრუ მეხვევა.
რაც მეტად ვფიქრობ, რაც მეტად გნატრობ,
მით უფრო მეტად ვცილდები მიწას.
თუ დამთანხმდები და შემიყვარებ,
შემოგატარებ მთელს დედამიწას.
რატომ საზრდოობ ფუჭ იმედებით?
რატომ აღმერთებ ვიღაცა „ტურფას“?
რატომ მამხნევებ ტყუილ სიტყვებით:
„გულს ნუ გაიტეხ, მიენდე უფალს“?
შენ ხომ ჩემსავით ვერვინ გაგიგებს,
ვერ მიგიხვდება უსიტყვო სათქმელს,
ვერ განუგეშებს ჭირსა და ლხინად,
ვერც შენს სახელზე დაანთებს სანთელს...
ალბათ წესია დაუწერელი
შენს მოტრფიალეს ზურგი აქციო,
ხოლო ის, ვისაც არ ედარდები
- სალოცავ კერპად გადააქციო.
მწარე სიმართლეს თვალს გავუსწორებ,
ბრძოლის ველიდან არ გავიქცევი,
ხმალს არ გავუშვებ ხელიდან მანამ,
სანამ სისხლისგან არ დავიცლები.
არც სიკვდილისას შევწყვეტ სიცოცხლეს,
ვერ დამაკავებს კუბოს ფიცრები,
მე ავიჭრები სულ მაღლა, ცაში
და შენთვის წვიმად გადავიქცევი...
რატომ არ გინდა გესმოდეს ჩემი,
გრძნობათა მორევს თავი მიანდო
ყური დაუგდო ჩურჩულით ნათქვამს
- მე შენ მიყვარხარ, ადამიანო!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები