ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: იუმორისტული
24 დეკემბერი, 2013


აბდაუბდას დროა

    ერთი კვირაა ისეთი ყინვებია,  გუშინ  ბირჟისკენ რომ ჩავიარე, გადაფურთხებული  ძირს შარიკივით ეყარა...მეც  დილით როგორც კი ვდგები, პირს თოვლით ვიბან , ვიცვამ ჩემს ძველ "დუბლიონკას"  (  დენიკინი რომ გარბოდა,  დარჩენია და ახლა  მე მაცვია) და გავრბივარ, როგორც ყინვის დროსაა  შესაძლებელი, ანუ ნელნელა მივკირჩხინობ.  იღრინება და  სინანულით მიყურებს მეზობლის ძაღლი, თვალზე წირპლი და ცრემლი აქვს, ბრაზობს ,  ერთხელაც რომ ვერ მიკბინა...მე არც იმდენად სულელი ვარ, ახლოს ჩავუარო და კბილი გავაკვრევინო... ისიც მეყოფა მისმა წინამორბედმა კოჭი რომ გამომჭამა.
(არა , მაინც რა სულელები არიან ძაღლის პატრონები. მეც მყავდა ლეკვი და ვიდრე ყველა ნასკი, ჩუსტი და აბაზანაში ძირს დაყრილი საცვლები არ დამიხია და შემიჭამა, მისი მოცილება ვერ მოვიფიქრე. მერე, როცა ზარალი სერიოზული აღმოჩნდა, ვიკადრე და გაზის ინკასატორს გავატანე საჩუქრად...)

      სკოლისკენ მიმავალმა  ჩემი უბნის  მაღაზია უნდა გავიარო.  ჯანტიკო ამ დილაუთენიაც ადგილზეა, ჩემსავით ძველი დუბლიონკა აცვია ,(მეორადის მარინამ აჩუქა) ვეფხისტყაოსნიდან აფორიზმებს ხმამაღლა გაჰყვირის და თან სიცივით კანკალებს.როცა ამ უბანში  პირველად  ჯანტიკო  ვნახე, გულში გავიფიქრე  ---ნეტავ კიდევ ვინმემ იცის ეს აფორიზმები მეთქი?  ახლა მისი "უგზოუკვლოდ "განათლება აღარ მიკვირს და მის თავდახრილ მოსალმებაზე, მასწავლებელს გაუმარჯოსო, არ ვბრაზდები...სულ ადრე, როცა მე და ჩემი სამი შვილი  ერთად მივდიოდით, გიზუნიები  მოდიანო, ხმამაღლა გაჰყვიროდა.  ერთხელ ვუსაყვედურე,  გიზუნიებს რომ გვეძახი,  მწყინს ჯანტი მეთქი...გაიგონა და დამიჯერა...ახლა ლექსებს ყვება და ჩემს მიმართ მეტ ყურადღებას არ ავლენს.

  ჯანტი ამ ქალაქის კოლორიტია. სიგარეტის ფულს მაღაზიის გამყიდველების მიხმარებაში  აძლევენ  და თავისზე ოდნავ მეტად  ავადმყოფ  ძმას პატრონობს.

    სკოლაში შესვლისას ფეხი რომ არ დამიცურდეს, ხეებს ვეკიდები და აპრიალებულ დერეფანში  პირდაპირ სრიალით შევდივარ.

  დირექტორმა, აუცილებლად გამოაცხადეთ კლასებში,ამ კვირას  მათემატიკის კონკურსია და მსურველებმა შვიდლარნახევარი უნდა გადაიხადონო.  გამარჯვებულებს საჩუქრები და ფულადი  ჯილდოები გადაეცემათო.
მეც გაკვეთილის დაწყებამდე  ბავშვებთან  სიტყვასიტყვით ვიმეორებ, გამარჯვებულებს მოგების შანსი აქვთ მეთქი...


-----რას მოვიგებთ, მასწავლებელო?---მეკითხება ლუკა.
-----მოგებით ვერაფერს, მაგრამ წავაგებთ შვიდლარნახევარს---ჩუმად, მაგრამ ისე, რომ მეც გავიგონო, პასუხობს გუგულაშვილი.
იცინის მთელი კლასი და მეცინება მეც.
-----ნუ იცინით და არ დამანახოთ თქვენი ზურგები---ვბრაზდები და კედლისკენ მიტრიალებული ბიჭების  ბეჭებზე ვაკეთებ აქცენტს.
შემოტრიალებით კი შემოტრიალდება ბექა, მაგრამ პირი  ღია  აქვს,  ენაზე  კევი აქვს გადაჭიმული და გნარავს თვალებს.
---მაგნაირი ენის დანახვას ზურგი დამენახა, კი ჯობდა---ვამბობ და ისევ ღიმილი უვლის მთელ კლასს.

  მასწავლებელო ,  გათბობა არ გვაქვს, დენი არააო, იბუზებიან ბავშვები.
ვინც ამნაირი გათბობის სისტემა მოიგონა, ჭკუა აქვს  ახლა იმას? დენიც უნდა, გაზიც და წყალიც.სამივე ერთად კი დიდი ხანია არ მინახია.სამივე სიკეთეს ერთდროულად,  ჩემს  ბავშვობაში უტოპიურ სოციალიზმს უწოდებდნენ და  ზოგი მეოცნებე კიდევ კომუნიზმს. ახლა ეს სიტყვა რომ ვახსენო, ვიცი , ახსნას მომთხოვენ და გამაცდენინებენ გაკვეთილს.  ამიტომ ენას კბილს ვაჭერ , ბავშვებთან , ამ მასობრივი ოცნების ფონზე , კიდევ ერთი ილუზიის ხსენებას  ვერიდები  და მათემატიკაზე საუბარს ვიწყებ.


---ბაქტერია ყოველწამში ორმაგდება, მისით ჭიქა კი 20 წუთში ივსება...რამდენ წამში აივსება ნახევარი ჭიქა?
---ბაქტერია თუ გაორმაგდება ყოველ წამში, თორემ ფული კი    არ გაორმაგდება ჩემს ჯიბეში---ქოთქოთებს ჯეჯგვი.  გული წყდება, რომ ბუფეტში  ლობიანი გაძვირდა და  მის  ღლავივით დაღებულ პირს  სამი არ ყოფნის ერთდროულად.
  მალე თქვენ გეშველათ, როგორც ჩვენ გვეშველა,  ზარი დაირეკა.  გაკვეთილები  35 წუთიანია , უამინდობის გამო.

---პროექტი რომაა მითითებული, გაკვეთილის ბოლოში, შეასრულეთ და მაილზე გამომიგზავნეთ , ეგ იქნება თქვენი დავალება---ჯურნალს ჩავებღაუჭე მე. (ერთხელ კლასში დამრჩა  და მანდატურებმა  ოქმი გამიფორმეს .)
---დენი არ გვაქვს მასწავლებელო და როგორ?---მომაძახა ფორჩხიძემ, ---და რომც მოვიდეს, არ ჩაურიცხია დედაჩემს ამ თვეში და ინტერნეტი არ მაქვს.
---წუხელ კარგად ბიბინობდით მთელი ოჯახი ფეისბუქზე?---არ დავინდე მე.
----მეზობელთან ვიყავით, მასწ---ამოთქვა საბრალოდ.
----არაა ეგ ჩემი საქმე, მეზობლიდან გამომიგზავნე---არ ვაპირებ უკან დავიხიო

    რაც სკოლაში ვმუშაობ, ხელფასის დღე მიყვარს ყველაზე მეტად და "ფანჯარა". ზოგი ახალგაზრდა მასწავლებელი  შუალედს ეძახის, მე  "ფანჯარა"  უფრო  მომწონს.  რა ჯობია, სკოლაში, როცა გაკვეთილი არ გაქვს, დაჯდები სამასწავლებლოში, დაუჯდები კომპიუტერს, შეხვალ ურაკპარაკზე (ფბ დაბლოკილია)  და დააკომენტარებ, ვინც რა დაწერა და გამოაქვეყნა წინა ღამით...პაწა  გულს გადააყოლებ და მერე უფრო ენერგიულად არ შეხვალ შემდეგ გაკვეთილზე?  მოტივიც მეტი გაქვს და სტიმულიც...ანდა ყავას დალევ (ცხელ მდუღარეს) და გამოიკეთებ გუნება- განწყობას...

ხელფასის დღეც მიყვარდა, მაგრამ ახლა გადამიყვარდა.  ჩემს ვალებს თუ  ვინმე ჩემს  ხელფასს ამყოფნებს, ნობელის პრემია ეკუთვნის,  " ჩემი ოჯახის გადარჩენის, ეკონომიკის აღორძინებისა    და შემდგომი არსებობისათვის " რომაა  დაწესებული.
მე აბა ამ  თავისტკივილს ვერ ვუძლებ და ვითრგუნები.

წავედი ახლა, თოვლს  ნაძვის ტოტი მოუტეხია სკოლის  ეზოში და მისგან დიდი ნაძვის  ხე მოურთავთ დირექტორსა და ორგანიზატორს.  ჩემი სურვილები უნდა ჩამოვკიდო, მაინც ყველგან ყველაფერი ჰკიდია და ბარემ ეგეც ეკიდოს...






   


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები