ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2013


გზა და მგზავრი

ყოველი გზა ხომ თავისთვის მიდის,
და არასოდეს ფიქრობს იმ მგზავრზე,
რომელსაც სადღაც ჩაუტყდა ხიდი,
და გავლილი გზა ზედ შუბლზე გასდევს...
ზოგჯერ რა რთული არის მგზავრობა,
როცა მუხლები უკვე სუსტია.
გზა კი თავისით შენთან არ მოვა,
„გზის გამოჩენას“ თუმცა, უცდიან...
სად დამთავრდება გზამ უკეთ იცის,
მგზავრისთვის ბოლო გზაა საძნელო.
როცა ნაწილი გახდება მიწის
და მაინც რჩება ცამდე მანძილი...
ყველა გზამ იცის, საითაც მიდის,
და არ აშინებს განი და სიგრძე.
მგზავრი კი ბოლოს ფასდება იმით,
გზამ მისი კვალი ნახა თუ იგრძნო...
                    25.12.13

***
ქარი გულცივად ლეწდა
სარკმლებს ეული სახლის.
ტოტებს შილიფად ეცვათ,
ქარს მაინც გვერდში ახლდნენ.
ქარი ლამობდა ახსნას
გადარევის და შფოთის.
წამით შეჩერდა ბაღთან
და ჩამოვარდნილ ფოთოლს
თავზე აღებულ ხელით
შენდობა სთხოვა თითქოს.
ეგდო ფოთოლი თხემით,
ხე კი იმტვრევდა თითებს...
        16.12.13

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები