ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
27 დეკემბერი, 2013


მეეზოვე

    შორს, სადღაც შორს,  ტყეებს იქით,  წყალუხვი მდინარეების გადაღმა , იქ სადაც მზე იბადება ხოლმე  ჰორიზონტზე , ანუ აღმოსავლეთისკენ,  იყო ერთი პატარა ქალაქი,ლამაზი და კოპწია.
      ქალაქი ცხოვრობდა თავისი ჩვეულებრივი ცხოვრებით, ,იმ ქალაქში ციხეც იყო, ეკლესიაც, საბავშვო ბაღიც,სკოლაც, მერია, პოლიციის განყოფილება, ზოოპარკი (იქ ცამეტი მაიმუნიც იყო გალიაში.)ჰო და ამ ქალაქს მეეზოვეც ჰყავდა, ერთი მუნჯი და თავმდაბალი მეეზოვე.
        ეს მეეზოვე დიდი აკურატული ვინმე  გახლდათ,დილიდან საღამომდე დაჰქროდა ქალაქში და თავს არ ზოგავდა, ამიტომაც იყო, ქალაქი ბრწყინავდა!
          ქალაქის მოსახლეობა კი ტუტუცი და ბრიყვი , ბოროტი ადამიანებისგან შედგებოდა, ისინი , დიდიან-პატარიანად ბოროტობდნენ,  დიდები შაურმის ნარჩენებს პირდაპირ ქუჩაზე ყრიდნენ, აფურთხებდნენ ასფალტზე, ფანჯრებიდან ყრიდნენ საფენებს, სიგარეტის ნამწვებს, კოკა-კოლას ბოთლებს ან ძირს ანარცხებდნენ  და  ამტვრევდნენ, ან ყველგან შეჩურთავდნენ ხოლმე..ხეებზე, ბორდიურებზე,  ფანჯრებთან....  ბავშვები კი  სკოლიდან რომ გამოცვივდებოდნენ, მზესუმზირას აკნატუნებდნენ და ძირს ყრიდნენ, კანფეტებს და ნაყინს  სუსნავდნენ, ქაღალდებს  კი  შემოდგომის ქარს ატანდნენ......ჰო, მართლა!...ქალაქში შემოდგომა იდგა.
          ცუდი დღე დაუდგა საბრალო მეეზოვეს ....ჯერ ხომ ფოთლების ხვეტას  ვერ აუდიოდა, არა და რა ლამაზები იყვნენ ეს საძაგელი ფოთლები!  წითელი ფერიდან თეთრში ყველა გრადაცია....მაგრამ ის არ იყო მხატვარი.არა! ის უბრალოდ მეეზოვე იყო.
      ერთხელაც, საღამოს ის თავის პატარა სახლში დაბრუნდა,საშინლად დაღლილს ხელები უკანკალებდა, არც უვახშმია, ეგრევე დაწვა და ჭერს მიაშტერდა...უცებ  ჭერი გაცურდა.....ათასფრად აელვარდა! ის იღიმებოდა და ზმანებაში ხედავდა ყველაფერს კარგ და ლამაზს, ასე რომ აკლდა. 
      ესიზმრა, თითქოს მთის წვერზე  იდგა, ქვემოთ ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა,გრძნობდა რომ რაღაც უნდა მომხდარიყო,რაღაც კარგი ,მაგრამ ვერ ხვდებოდა მაინც რა..ასე იდგა ,სანამ ხმა არ ჩაესმა:
    -----გაფრინდი....გაფრინდი....
  მეეზოვე შეხტა, მიიხედ-მოიხედა მაგრამ რადგან გარშემო ვერავინ დაინახა, იფიქრა მომეჩვენაო,მაგრამ ხმა ისევ გარკვევით ჩაესმა
--გაფრინდიიიიიი......
    იმ ღამით საშინლად გაავდრდა...ქარმა იმატა, ფანჯრებს ებრძოდა და აზანზარებდა...დაღლილ მეეზოვეს კი არაფერი ესმოდა.....მას სინდისი სუფთა ჰქონდა, ამიტომ ტკბილად ეძინა ყოველთვის ...
    ---შენ ფრენა შეგიძლია, რატომ არ ფრენ?---- ჰკითხა ეშმაკური ღიმილით უცებ სიზმარში გამოცხადებულმა ვიღაც მოხუცმა .
---ფრენა?--- საოცარია.......გაიფიქრა მეეზოვემ... მაგრამ სიზმარში ყველაფერი შესაძლებელიაო იმას კი ხვდებოდა, ისიც რომ მას ლაპარაკი შეეძლო...და ახლა კი ფრენაც შესძლებია?
      .....გასწი ამ საზიზღარი ქალაქიდან შორს, არაა აქ შენი ადგილი! ......
      მეეზოვეს გაეღვიძა....ქარი ღმუოდა ფანჯრებს იქით,  ეს რა მომჩვენებიაო!... გაიფიქრა და ისევ ჩაეძინა.
დილიდან საღამომდე ისევ ხვეტდა და ასუფთავებდა ქალაქს...მერე  .გადაღლილი ბრუნდებოდა სახლში და ტახტზე გორავდა ...მაგრამ ის სიზმარი არ განმეორებულა და აი გაზაფხულზე, ....ისევ იგივე ესიზმრა, ვიღაც თეთრწვერა მოხუცი, ჯიუტად , მაგრამ ტკბილი ხმით უმტკიცებდა, ფრენა შეგიძლიაო.
      მეეზოვე უცებ გამოფხიზლდა,  ოთახში მთვარის შუქი შემოჭრილიყო , ფარდა ნელა ირწეოდა...... ოხვრით წამოდგა და უცებ რაღაცნაირად გაცურდა თითქოს....შეშინებულმა ხელები აიქნია , არ დავეცეო და ჭერთან კი აღმოჩნდა გამოკიდებული! ეს აშკარად არ იყო სიზმარი! მეეზოვე ჯერ შეშინდა, ძირს დაეშვა..მერე ისევ სცადა აფრენა, ამჯერად კარგად გამოუვიდა, სიხარულისგან  წამოიკმუვლა,  ნელა დაეშვა იატაკზე, თვალები დახუჭა და გონებაში მადლობას უხდიდა უცნობ მოხუცს....მერე დაწყნარდა და გაღიმებულს ჩაეძინა იატაკზე, ასე ტკბილად  ჯერ არ უძინია!
        დილიდანვე რკინიგზის სადგურზე გაიქცა და ბილეთის აღებას შეეცადა, მაგრამ მოლარემ თვალები გადმოკარკლა:
---რაოო?...საით მიბრძანდები? აბა მითხარი?...და თანაც,  მერე ქალაქს ვინ დაალაგებს?
      მეეზოვემ რაღაც ჩაილუღლუღა პროტესტის ნიშნად მაგრამ ბილეთი ვერ მიიღო, რადგან ისიც არ იცოდა სად უნდა წასულიყო,  თან ის ხომ  თავმდაბალი გახლდათ! აიღო ისევ  ცოცხი და მუშაობა გააგრძელა....


                          **                                                **                                              **
      იმ ღამით არა და  სამი დღის მერე    უაღრესად გაღიზიანებული იგივე  მოხუცი ესიზმრა! მოხუცი ხელებს აქნევდა და გაფრინდიო, გაფრინდიო.... ყვიროდა, მუშტებს კრავდა და ფეხებს აბაკუნებდა!
      მეეზოვეს გაეღვიძა...თითქმის გათენებულიყო, ჩაიცვა და ფანჯარა გააღო,  დიდხანს ფიქრობდა, მერე ხელები აიქნია და ნელა გაცურდა....გაფრინდა.
        იმ დილით ქალაქის მაცხოვრებლებმა უცნაური რამ დაინახეს, რაც ჯერ არ ენახათ !......ადამიანი  მიფრინავდა ქალაქის თავზე, თვალები მოწკურეს, დააკვირდნენ და მეეზოვე იცნეს
მთელი ქალაქი ფეხზე დადგა, გამოიძახეს  პოლიცია, ყაყანებდნენ,  თითებს ზემოთ იშვერდნენ,  მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიეღოთ.
და აი ქალაქის მერიც გამოჩნდა.....
 

                **                                                                        **                                                                                **


    მერი სასაცილოდ გამოიყურებოდა, შეცბუნებულს  და ახლად  გაღვიძებულს , შიშველ ტანზე ხალათი შემოეცვა,ხმა უკანკალებდა ...
--მოქმედი დემოკრატიული კანონების შესაბამისად....------ბურტყუნებდა დაბნეული---.....საგანგებო საბჭო...ხმათა უმრავლესობით....ადამიანის უფლებათა....
  მაგრამ ხალხი მერს აღარ უსმენდა,ღრიალებდა!
--ის მიფრინავს! შეაჩერეთ!
---ესროლეთ! მოკალით! არ გაუშვათ! შეხედეთ, მიფრინავს!!!!!....
      ერთმა პოლიციელმა  იმარჯვა,  იარაღი გადატენა, ხალხი ჩაჩუმდა, პოლიციელმა თოფი მომარჯვა , მერე დიდხანს უმიზნებდა.
    მეეზოვეს კი  არაფერი ესმოდა , ის  სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა, აი გასცდა სახურავებს, ხეებს... სამრეკლოს , ამ დროს პოლიციელმა  პირველად გაისროლა..მერე კიდევ... ხალხი გასუსულიყო,ქალაქის მერი ძირს ჩაჯდა,თვალებზე აიფარა ხელი
  ....როცა პოლიციელმა  მესამედაც  გაისროლა, მეეზოვე შეჩერდა წამით, ეტყობა ტყვია ზურგში მოხვდა , ხელები გაშალა...მერე უცნაურად გადაიხარა გვერდზე და სწრაფად დაიწყო ვარდნა..სულ სწრაფად და სწრაფად....  ხალხმა ვარდნის ხმა გაიგონა და ყველა იქით გაიქცა.
მხოლოდ ქალაქის მერი დარჩა მარტო  მოედანზე, ადგა, თვალებიდან ხელი მოიშორა, მერე ყური მიუგდო გაავებული ხალხის ღრიალს .....
----ხმათა უმრავლესობით---ჩაილაპარაკა მან  ჩუმად----ჰო და  დემოკრატიულად....



ს.ნ. 2013.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები