ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: პოეზია 3 იანვარი, 2014
== სურო-რეალისტური==
თუ გამომესხა სხეულზე სურო, თუ მიწასთან ვარ გულით ჩაზრდილი, ან ცას როგორღა უნდა ვუყურო, ან როგორ ვზომო მისკენ მანძილი.
ხანდახან, ორთქლის თბილსაბურველი თამაშით როცა ამიხვევს თვალებს, მომეჩვენება რომ სასურველი სულაც არ მკლავს და სულ არ მაწვალებს; მაგრამ, გაფანტულ ნისლებში ჩნდება ნაჯახის ბასრი და მჭრელი პირი, მე რომ მგონია - ეგაა შვება,- ფესვებდაკლული ვზივარ და ვტირი ბოლოს.
არადა, ფესვის ბორკილასხმული მათგან სიშორეს ვოცნებობდი და წარმოვიდგენდი მაღლა ასული როგორ მოვჩანდი დედამიწიდან.- უფრთო ფრინველი, ან სულაც რომ ვთქვათ, ცისარტყელებად ცაში გაჭრილი, ან, სულაც ფრანი და ძაფის ბოლოს შენი ნაცნობი ხელი გაწვდილი- ცისაკენ... ჩემკენ... და სითბოსაკენ. ხელი, რომელიც მე, ფრანს გაშვებულს- გეზებისმიმცემ ქარებს მიმიზნებს; თან მოსალოდნელ საფრთხეს მაშორებს. დაბრუნებაში დარწმუნებული შენს ხელთან - ვყვები მეც ამ თამაშებს აზრმიუცემლად, გონის გარეშე თან ვიცი, მზერას რომ ვერ ამაცდენ.
მაგრამ, გაფანტულ ნისლებში ელავს ნაჯახის ბასრი და მჭრელი პირი, და რისი შველა, რო-მე-ლი შვება - ფესვებდაკლული ვზივარ და ვტირი.
თუ გბეზრდებოდა, თუ იღლებოდი, თუ ფრენის შემდეგ უნდა გაგეშვი - ვყოფილიყავი მე მიწის სურო,- თვალებში მტვერით, ნამის გარეშე.