ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უგლავა ალექსანდრე
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2014


ჩემი მეგობარი სხვანაირია

ჩემი მეგობარი სხვანაირია…
ჩემი მეგობარი მზეს აბლაბუდას აცლიდა ყოველ დილით,
მის ცისარტყელას ას შვიდი ფერი ჰქონდა .
სარეცხის თოკებზე დამკვდარი ზეწრები ხიბლავდა და
სხივჩამდგარი ფანჯრის მინები.
,,მის ნაჩუქარ ვარდებს ყოველთვის სიგარეტის სუნი ჰქონდა”-
იხსენებს ქალაქის ასაკის მეძავი.
ტუჩებზე აჭკნება ჩურჩული:
,,გავიყინები.”
სახლში სულ ისეთი მარტო იყო, კატაც კი სახლში ჰყავდა. . .
და რცხვენოდა სიმარტოვის…
კი არ თოვს.
ან ქარი კი არ ქრის და ქრის და. . .
არც ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.
წვიმს.
მიუყვება ჩემი მეგობარი ასფალტის ბილიკს,
ბილიკზე თეთრი ცხენი აბია და ასფალტზე ბალახი არ ამოდის. . .
საბელს ხსნის და გზას აგრძელებს.
დაოსებული თეთრი რაში ადგილიდან არ იძვრის.
ჩემი მეგობარი სხვანაირია და სხვანაირად არ გამოდის. . .
,,გალუმპულ ვარდებსაც სიგარეტის სუნი აქვს"-გაეფიქრება გასაშიშვლებლად გამზადებულ მეძავს. . .
,,მოდი ჩემთან!”-ტუჩებში ყვავილობს ვნებიანი ჩურჩული.
დუნდება, იცლება და ბრუნდება. . .
ასფალტის ბილიკზე მკვდარ თეთრ ცხენს ყვავები ძიძგნიან. . .
დახეთქილი აქვს ნორჩ ბალახს ასფალტი მოღიამწვანოდ.
ჩემი მეგობარი სხვანაირია.
მიწაზე ეცემა და ძოვს.
ყვავები აღარ გრძნობენ იმას, რამაც თეთრი ცხენი მოკლა.
არ თოვდა.
აღარც წვიმდა.
ჩემი მეგობარი მზეს აბლაბუდას აცლიდა,
მის ცისარტყელას ას შვიდი ფერი ჰქონდა...
ჩემი მეგობარი სხვანაირია
მე და თქვენ არ გვგავს
ფართოდ გახელილი თვალები და საფეთქელზე დიდი ხვრელი აქვს. . .
სარეცხის თოკებზე დამკვდარი ქათქათა ზეწრები ხიბლავდა და სხივჩამდგარი ფანჯრის მინები,
ცეცხლმოდებული იდეების ქაოსი და ful house.
ტუჩებზე ალპება განწირული ჩურჩული ქალაქის ასაკის მეძავს:
,,ვიყინები!”
ღამე თავის ბნელ საცეცებს კეცავს. . .
და ამოდის აბლაბუდაში გახვეული მზე. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს