ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დომენიკო20
ჟანრი: პროზა
20 იანვარი, 2014


რელიეფურ გლობუსთა თავისებურებანი


ყველა არ ბრუნდება.
ისინი მიდიან და სამუდამოდ რჩებიან. აქ გულებს ტოვებენ. და შემდეგ, მხოლოდ ამ მფეთქავი გულების მეშვეობით თუ ცოცხლობენ-ზოგი ცოტა და ზოგი კი დიდხანს.
მე დავბრუნდი.
თუ გაინტერესებთ ამ დაბრუნებაზე მოგიყვებით. ფერად კადრებად, მოკლედ და ფრაგმენტების სახით წარმოგიდგენთ ამ ამბავს.

კარგი, მაშინ ასე დავიწყებ. ორიოდე კვირის ჩასული ვიყავი ამ ქვეყანაში. მეგობრები დამხვდნენ. უკვე წელიწადზე მეტი ჰქონდათ იქ გატარებული. ლეგალიზაციის ამბავშიც წინ იყვნენ წასულნი და ჩემთან შედარებით გარემოსთანაც უფრო მეტად ადაპტირებულნი ჩანდნენ. ნაცნობ-მეგობრებიც ბევრი შეეძინათ, ჩვენები, თბილისელები.
ის, რაც ეხლა უნდა მოგიყვეთ, მათთან არაფერ კავშირშია. მაგრამ მაინც გეტყვით, რომ იმ დღეს ერთერთის დაბადების დღე ყოფილა და რა თქმა უნდა მეც აღმოვჩნდი წვეულებაზე. ვიმხიარულეთ, ბევრი ვისკიც შეისვა და ჯადოსნურ კვამლთა ბურუსი და თავბრუსხვევაც არ აკლდა საღამოს.
დეკემბრის თვე იდგა. 1998. თოვდა ნიუ-იორკში.
გრანდიოზული გეგმები მქონდა დაწყობილი. რაღაც ებრაული ორგანიზაცია იყო, "ნაიანა" თუ რაღაც ამდაგვარი. წინა დღით დავურეკე და მეორე დღისთვის შეხვედრა გვქონდა დათქმული. კარგი ადვოკატები ყავდათ. ლეგალიზებას გიხერხებდნენ არც თუ ისე ძვირად - რამოდენიმე ათასი გიჯდებოდა საქმე.
ამ ქვეყანაზე გული მქონდა აცრუებული, აქეთ გამოხედვაც აღარ მინდოდა და დარჩენას ვაპირებდი, ამერიკელობა მქონდა გადაწყვეტილი. პრინციპში ხელსაც არაფერი მიშლიდა, მშვენიერი სასტარტო პირობები გამაჩნდა და რაც მთავარია, უაღრესად მოტივირებული გახლდით. გადაწყვეტილი საკითხი იყო. თითქმის ყველა საჭირო საბუთი ხელზე მქონდა.
მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, თუ როგორც არი ეგ გამოთქმა, არ ვიცი, გინდ ბედისწერა დაარქვით, გინდ პარადიგმა, ან გნებავთ სულაც პეპლის ეფექტი. ზუსტად იმ წუთსა და იმ წამს შეიცვალა ჩემი მომავალი, როდესაც შუა ფართისას, "აჯესკოსა" და ერთმანეთის მეორე ოთახში გადაპატიჟება გაყვან-გამოყვანობის დროს გავიფიქრე, მშვენიერ ხასიათზე ვარ, მეტი აღარც დალევა მინდა, აღარც მოწევა და აღარც არაფერი, მოდი გავალ ქუჩაში, თოვს, ცოტას გავისეირნებ, მცირეხნით მარტო დავრჩები საკუთარ თავთან, იქნებ მთელი სიმძფრით გავაცნობიერო და გავისიგრძეგანო, სად ვიყავი ორი კვირის წინ და სად ვარ ეხლა, თავი სად ამოვყავი-მეთქი.

გეცოდინებათ, მცირეოდენი დოპინგი და ტონუსში ყოფნა ხელს უწყობს გარემომცველი სამყაროს განყენებულად, განსხვავებულად გაგებას, გარკვეულწილად საკუთარი სხეულიდან დროებით გამოსვლაში გეხმარება და მოვლენებს გვერდიდან, თითქოს უცხოს თვალით დაგანახებს. რიგ შემთხვევებში ასეთი აღქმები  რეალობასთან და ზოგადად ჭეშმარიტებასთან უფრო ახლო დგანან, ვიდრე სრულიად ფხიზელი კაცის მიერ დანახული, ყოველდღიურ რუტინასა და პროზაულობაში დანთქმული სინამდვილე.

Ocean Parkway-ზე იდგა ის საცხოვრებელი საიდანაც გამოვედი და რომ გამოვედი , ქვემოთ ჩვენი აპარტამენტისკენ დავუყევი პროსპექტს. ღამის ორი საათი იდგა, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო ქუჩაში. არც მანქანები, არც არაფერი. ლამის მუხლებამდე თოვლი დევს და ისეთი გამალებული ბარდნის, გეგონებოდა ცამ პირი მოაღო და თუ რამ ნალექის მარაგი გააჩნდა, გინდა თუ არა, იმ ღამეს უნდა დაეხარჯა. მანამდე ვერც წარმომედგინა ნიუ-იორკში თოვლი თუ იცოდა. ნელა მივსეირნობდი. სვენებ-სვენებით. სამნი ვიყავით. მე, ნირვანა და ეიფორია. სიგარეტს ვეწეოდი. ადრეც დამიწერია, თითქოს დრო-სივრცის დერეფანში გავძვერი და თბილისის ღვთისა და კაცისგან მივიწყებული, ჩაბნელებული კვარტალებიდან, ათასი ნათებით გასხივოსნებულ ქალაქში მოვხვდი მეთქი. ახლაც მსგავსი განცდა მქონდა.
ამ პროსპექტის მკვეთი რამოდენიმე ქუჩა უნდა გამევლო სანამ ჩემ სახლს მივადგებოდი. შუქნიშნების ტყუილ-უბრალო კაშკაში იდგა გზაჯვარედინებზე. და ბოლო, Ditmass avenue იყო რომ უნდა გადამეკვეთა და ჩემ წინ, წითელზე, უზარმაზარი შავი შევროლეს ჯიპი გაჩერდა. არც არავინ და არაფერი უშლიდა ხელს რომც არ გაჩერებულიყო. გითხარით სულიერის ჭაჭანება არ იდგა-მეთქი ქუჩაში.
ჰოდა ვხედავ, ზრიალი გაუდის ამ ჯიპს შიგნიდან, თუფაქი იყო თუ ვიღაც სხვა რეპერი, ისეთ რეჩიტატივს ურტყავს, კვადრო დინამიკებიდან ბასები დაჭრილი ლომივით გრგვინავენ-მანქანას სულ დრიგინ-დრიგინი აქვს ატეხილი. ოდნავ ჩაწეული მინებში მარიხუანას სულისწამღები კვამლი გამოედინება და მე ჩემი არ მაკლდა, ეს კიდევ თავისას მიმატებს. არც ისინი იყვნენ ნაკლებ დღეში, მანქანაში მსხდომი ოთხი ბრუკლინელი ზანგი ერთმანეთზე გადადის, ბოლო ხმაზე აჰყოლოდნენ  თუფაქს და იდგა ერთი მადაფაქას და ფოქიუ ბიჩის ძახილი.
ჩემი გზაა, ფეხით მოსიარულეთა მწვანეს მიჩვენებს შუქნიშანი. თითქმის მანქანის წინ ვდგავარ, ცხვირი პირდაპირ ჩემ ფეხებთანაა გაჩერებული და არ ვიცი რამ დამკრა თავში, (უფრო ზუსტად, როგორ არ ვიცი, ისეთ განწყობაზე ვარ, მოსისხლე მტერს ჩავეხუტები და ყველა ცოდვას ერთბაშად შევუნდობ), არც შიში, არც რამე მსგავსი არ დამუფლებია, არანაირ წინდახედულობის გრძნობას არ უმძლავრია, იმიტომ, რომ მეგონა თავად ტანკში ვიჯექი და რომელი ჯიპი ან მისი ეკიპაჟი დამაკლებდა რამეს, ხომ გითხარით ასტრალში ვიყავი გასული. ჰოდა, უფრო რაღაცნაირმა კეთილგანწყობის მომენტმა იფეთქა და მანქანას წინ კი არ გადავუჭერი, უკნიდან, უკანა მხრიდან შემოვუარე და ისე გავაგრძელე გზა. მივდივარ და თან რაღაცნაირ აზარტში ვარ, თავგადასავალი მინდა რამე, ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ, ერთი სული მაქვს და დარწმუნებული ვარ, აი ეხლა დადუმდება ეს ზათქი და რაღაცას მომაძახებენ. თან მსმენია ბრუკლინელი ზანგები საშიში ხალხიაო, თავიდანვე გამაფრთხილეს, მათთან საქმის დაჭერას ერიდე ბრატ, შენი ამბავი რომ ვიცით, სატანაც რომ იყოს, თუ ხასიათზე ხარ, არ მოერიდები და ხელგადახვეული ივლი ყველას დასანახად და მაღალ მატერიებზე გაუბავ ბაასსო. ისე აგიხდეთ ყველა სიკეთე, ამის გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ წამში სიჩუმემ დაისადგურა და ზურგიდან მესმის:
-Yo nigga !!!
აჰა, ამას ველოდი, ხო გინდოდა, ესეც შენი თავგადასავალი მეთქი გავიფიქრე, მოვტრიალდი და what's up nigga?-ჩვენებურად რომ გადმოვთარგმნოთ, რა ხდება ძმა, რაშია საქმე-მეთქი.
Come over here, man!! (მოდი აქ-ო), მკაცრი ტონით მომმართა უკანამ.
ფანჯარა ბოლომდე ჩაეწია. ხელში COLT-45 ლუდის ბოთლი უჭირავს, 13 გრადუსიანი ლუდია, ზანგები ეტანებიან. თან ის ამბავია, ეხლა ამათ ყურებიანი ქუდის არ იყოს, რამე შარი არ ამიტეხონ, რაო ჩვენი ძმა, წინიდან არ კადრულობ გავლას, თუ რა ბაზარია, უკნიდან რა პონტში მოგვიარეო, რავი, მიზეზსს ათასს მოგიგონებენ.
მივუახლოვდი.
რა ხდება ძმა, რამე პრობლებაა?-
ერთმანეთს გადახედეს. მერე ერთმა წინა ფანჯარა ჩაწია, მოწევო, მკითხა და სიგარაში გახვეული, ნახევრამდე დაყვანილი დოპი გამომიწოდა.
-Man, let me tell you this, man you've got yourself man, that move was a cool move bro...ბრუკლინური აქცენტით მეუბნება.
(მაგარი დვიჟენია იყო ძმი შენი მხრიდანო, მთლიანდ ფლობ საკუთარ თავსო)
ხო, იასნია, ბაზარიარარი, სპასიბა ძმა მეთქი  და ცალყბად გავუღიმე.
დაჯეო უკანამ, მანქანის კარი გამიღო.
მეტი ხო არ მინდოდა, ამაზეც, ბაზარი არ არი მეთქი და წამის უსწრაფესად მანქანაში შევხტი.
-წამოხვალ ჩვენთან?
ისე ვიყავი, იმის იქით მივდივართო რომ ეთქვათ, გავყვებოდი. იასნა, წავედით, რა კითხვაა მეთქი.
დავიძარით.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მანქანა კონი აილენდის ერთ-ერთ უბანში შესრიალდა.
რაღაცა კლუბს მივადექით. მხოლოდ წინიდან კი არ შევედით, ჩემნაირად უკნიდან მოუარეს ამ შენობას და უკანა შესასვლელიდან, აი კინოებში რომ გინახიათ, მაფიოზები რომ სარგებლობენ სათადარიგო გასასვლელით, იქიდან შევედით.
"Dexter Brother's Club"-ასე ერქვა ამ ადგილს.
კლუბში ფეხის შედგმა იყო და ნეტარებამ თმის წვერიდან რომ დაიწყო და დამიარა, იატაკი გაარღვია და ნიუიორკის მიწაში გაატანა.
არაამქვეყნიურ ფერთა ციალით და ერთმანეთში მონაცვლეობით იყო მთელი კლუბი გაჟღენთილი. არ ვიცი როგორ აღგიწეროთ, იასამნის და იისფერი სპექტრი გადადიოდა ერთმანეთში. შემდეგ ერთურთს ერწყმოდნენ, მერე ისევ ცალკევდებოდნენ, მერე რაღაც მომენტში თითქოს ათიათას ნაწილად იმსხვრეოდნენ და ეს ნამსხვრევები ჯერ იატაკს ენარცხებოდა, წამში კი რაღაც ჯადო მანქანა ისევ ერთად შეკრავდა ბროლის უმცირეს ნაწილაკებად ქცეულ ამ გამოსხივებას და თავზე ლურჯ სინათლედ დააღვრიდა იქ მყოფთ. (შემდეგ აღმოვაჩინე, მუსიკის ტონალობის ცვალებადობაზე ყოფილა მიბმული მთელი ეს ლაზერთა ფრქვევა და ტრიდე ამბავი). ფანკს და ჩილაუტს, კოსმო ამბიენი და ტრამპეტ ჯაზი ენაცვლება. და სურნელი დგას გასაოცარი-ყავის, ვისკის, მოსაწევის, კენზო-შმენზო პაკორაბან-კოკოშანელის.
კიდევ ეს მინდოდა? აჰა,ესღა მაკლდა, გავიფიქრე, უამისოდაც მეშვიდე ცაში ვიყავი გაჭრილი და ფრთოსან ანგელოზთა დასთან მქონდა აუდიენცია.

-აბა სმენა იყოს და გაგონებაო, დასძახა ერთმა, აი დოპი რომ მომაწოდა იმან.
მუსიკა გაჩერდა. მთელი ეს ზანგობა მე მომაწყდა და ატყდა თეთრ კბილთა კვესება. რომელიღაცა ქართულ ზღაპარშია, დევები სტუმრად სახლში რომ ადამიანს მიიყვანენ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა. ერიჰაა ვფიქრობ, შარში ვარ, ესენი ან ამაშენებენ ან აქვე გამატყავებენ და დაბალ ცეცხლზე მომხარშავენ, ან კიდევ უარესს მოიფიქრებენ რამეს.
-დაკალით საკლავი და წამოაგეთ შამფურზე შველიო, საუკეთესო ვისკი მიართვით სტუმარს!!დრენქრომი და სპიდბული არ დაინანონოთ ამ კაცისთვის და ჰავანურ სიგარაში გაუხვიეთ კალიფორნიული აპპერ კლასის ჰაიდროუ-ო ბრძანება გასცა ერთერთმა იმ ოთხთაგან.
ავოეეე... ჩიირს! ჩიირს!!-ო, აბა იქ ატყდა ერთი გნიასი და ველქომ ბრადერის ძახილი. ვინ არის, რა კაცია, ჩვენი შიშით ძირს ჭიანჭველას ვერ გაუვლია, მაღლა ფრინველს, პოლიციის გარდა, არაზანგს აქ ჯერ ფეხი არ დაუდგამს და ეს თეთრი ადამიანი სად გიპოვიათ, ან აქ რატომ მოგიყვანიათო.
ოოო... ეს არი, ვინც არიო, ამ ჩემმა ზანგებმა. ამან დღეს ისეთი ჩაგვიტარა, ალალია მისთვის ყველაფერიო. ესე და ესეო, გზა წინიდან კი არ გადაგვიჭრა, აეგრე, უკნიდან მოგვიარა და ამით ჩვენდამი პატივისცემა გამოხატაო.
ატეხეს ვაუ ვაუს ძახილი, გეგონებოდა, მართლა რამე მაგარი და განსაკუთრებული ჩამედინოს.
მერე მოდგნენ და ყველაფერი გამომკითხეს, რა კაცი ხარ და საიდან მოსულხარო. თან სასმელს ყლურწავნენ და ათასი "სანელებლებით" შეზავებულ სიგარებს ექაჩებოდნენ. მეც ხან რას შემომთავაზებდნენ, ხან რას. თავიდან არგენტინელს მიმასგავსეს. ჯორჯია როგორც კი ვახსენე, შენ ატლანტელობის არაფერი გეტყობა, სხვა ჯორჯია კიდევ თუ არსებობს, მაგდენი აღარ ვიცითო.  მეთქი გეოგრაფებს თქვენ არ გავხართ, მარა, რუკა ან რამე ამდაგვარი ხო გაქვთ სადმე გადანახული მეთქი -ვკითხე. რუკისა რა გითხრათ და გლობუსი გვაქვს ერთი, გლობუსის უნახავს გაგხდისო. დავაი მაიტათ მეთქი. და მოიტანეს. უფრო სწორად შემოიტანეს, ოღონდ, შემოიტანეს მაგრამ რა შემოიტანეს.. ისეთი იყო, ორიგინალს ზომებში დიდადაც არ ჩამოუვარდებოდა. კარებში ძლივს შემოატიეს. უზარმაზარი, უსაშველოდ დიდი, მანათობელი. თან ეს ნაკეთობა ჩვეულებრივი არ გეგონოთ, არა, რელიეფური იყო, ნეიროქირურგის სიზუსტით ნამუშევარი. მთები, ზღვები, უდაბნოები და ოკეანეები, მთელი ეს ამობურცულობა-ჩაზნექილობანი, ყველაფერი უმცირეს ნიუანსებამდე დახვეწილი დეტალიზაციით იყო აღნუსხული და დატანილი ამ გლობუსზე. თურმე ელემენტებზე მუშაობს და თავის ღერძის გარშემო 24 საათში ერთ სრულ ბრუნსაც ასრულებ.
ცხვირწინ დამიბზრიალეს ეს საოცარი ქმნილება და პირველი საითაც თვალი გამექცა კავკასიონის ულამაზესი მთათა სისტემა იყო, რომელიც, არასდროს მანამდე ასე ნათლად და სრული სისავსით წარმოდგენილი არ მქონია. პირველად ვიხილე ეს საოცარი ხედი, რომელიც თურმე მართლა ორ ზღვას შორის გადაჭიმულიყო ძმებო, აი ზუსტად ისე, ნიკოფსიიდან დარუბანდამდეო, ჩვენში რომ იციან თქმა. შავ ზღვას კი რატომღაც პონტოს ზღვა ეწერა. ასე თვალსაჩინოდ პირველად ვნახე ეს სურათი.
და ჩემებოო.. წამიღო მარა რა წამიღო.. ვისკის და კალიფორნიულს თავისი გაეტანა და ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს გრავიტაცია დავძლიე, ჰაერში ავიწიე და დედამიწას სრულიად მოწყვეტილი, ატმოსფეროს ვიყავი გაცდენილი, თითქოს სტრატოსფეროში დავლივლივებდი და ზემოდან, კოსმიურ სივრცე-სანახებიდან დავყურებდი ნამდვილ ჯორჯიას, საქართველოს, დედამიწის ამ უმცირეს, ჩრდილოეთის მხრიდან ბუნებრივი საზღვრით, ყინულოვანი მთებით შემოჯარულ ალაგს. გეუბნებით, იმდენი რამე გამასინჯეს იქ, იმ კლუბში, რომელ ერთს დავაბრალო აღარც ვიცი, თითქოს იქამდე უცნობი მეექვსე თუ მეშვიდე გრძნობა ჩამრთოდა, რადგან საუკუნეთა სიღმეებში ჩაკარგული რადიო-ტალღათა ხმა გადმოდიოდა ჩემზე, და რომელი ჯაზი ან ტექნო, ყურებში ცხენთა ჭიხვინი და ფლოქვების თქარა-თქური ჩამესმოდა, ცოტა გვერდზეც კი გავდექი, ასე მომეჩვენა, რკინათა ჯახის ნაკვესები ჩემსკენ ცვიოდა და ზედ მეყრებოდა. ხოლო კლუბის ილუმინაციის სულიწამღები იისფერი ნათება დათოვლილ მთებს უწყვეტ ნაკადად დაედინებოდა, და არ ვიცი სასმელში ლსდ შემირიეს  თუ კიდევ რა, ლურჯ ზღვას ისეთი ფერი დაჰკრავდა, ბუნებაში მსგავსი ფერი არც არსებობს და ვერც აღგიწერთ. ერთი პირი ისიც გავიფიქრე მართლა ციური, ღვთისმშობლის მადლი ხომ არ გარდმოვიდა ამ დალოცვილზე-თქო-რას არ გაფიქრებინებს ალკოჰოლის და კანაბისის ნაზავი.
კაი ხანი ვიდექი ასე. ანდა რა ვიცი, კაი ხანი ვიდექი? შეიძლება სულაც ორი წუთი იყო. რამდენმა რამემ გამირბინა თვალწინ დროის ამ მცირე მონაკვეთში, ამას ცალკე მოგიყვებით. მერე ზეცას უცებ და ერთბაშად მოვწყდი, თავისუფალი ვარდნით წამოვედი, მეწამულ ღრუბელთა ელვა და ჭექი გამოვიარე, ატლანტიკას გადავუფრინე და იქით, მეორე ნახევარსფეროში დავეშვი დედამიწაზე. და დაშვებაც არ ერქვა ამას. უფრო დავენარცხე-მეთქი პლანეტას, მინდოდა მეთქვა. თვალებში მილიონმა ნაპერწკალმა ფეიერვერკივით იფეთქათა და წამით მზერა დამიბინდა. წარმოიდგინეთ ძმებო, თან ზანგთა როხროხი ჩამესმის და მოჩვენებების ღამე მქონდაო, მგონი გითხარით, მაგრამ რის მოჩვენება, დარწმუნებული ვიყავი, თითქოს ციდან მართლა ცხრა მთას იქით და მართლა გრძნეული დევების სამფლობელოში ჩამოვარდი, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა და თითქოს ეს უზარმაზარი გლობუსი ჯადოსნურ სარკედ ქცეულიყო, რომელშიც ეს საშიშროება ცხადზე უცხადესად ირეკლებოდა. ეიფორიამ უკან დაიხია, გაქრა, და შიში დამეუფლა, რდგან ნათლად წარმოვიდგინე (ფხიზელი კაცი, მსგავსი სიცხადით ვერასდროს გადაიჭრება წარმოსახვებში), რომ თითქოს დროისა და სივრცის ის გვირაბი რომლითაც აქ, ამ ქვეყანაში მოვხვდი, ვიღაცას დაეხშო და სამუდამოდ ამოექოლა, უკან წასასვლელი ყველა გზა მოჭრილი მქონდა და აღარასოდეს, ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი სამშობლოში, რომელიც აი აქ, აქვე მედო, ცხვირწინ, რამოდენიმე მტკაველი თუ მაშორებდა, და თან ისეთი ლამაზი იყო, მგონი ხელიც კი გადვუსვი სათუთად, ფრთხილად, დანანებით..
მოფერებით გადავატარე ხელი ალაზნის ველიდან მოყოლებული, ვიდრე კოლხეთის დაბლობამდე..
იქით წასული ბევრი მინახავს, უკან დაბრუნებული არავინო, გზაგასაყართან მდგარი უკბილო დედაბერის ჩიფჩიფი და ზღაპრისეული ეს ფრაზა ჩამესმოდა მთელი ამ დროის განმავლობაში...
Yo Yo, come back man, don't leave us, what's wrong with you, ენა ხო არ დაგიჭიროთ, რა გჭირს რა გემართებაო, ერთმა შემანჯღრია, არ იუ ოკეი?-ო
არაფერი ძმა, გავედი ეხლა, უნდა წავიდე, სადაცაა გათენდება და წამიყვანეთ ძმურად და ისევ იმ შუქნიშანთნ დამტოვეთ, სადაც ჩვენი გზები გადაიკვეთა და ჩემი მომავალი გამოიჭედა მეთქი, ესღა ამოვღერღე და გასასვლელისკენ წავლასლასდი..

არ დამიჯერებთ, მაგრამ მაინც გეტყვით, იქ, იმ დექსტერ ბრაზერს კლაბში, ზუსტად იმ დროს და იმ წამს, როდესაც ამ გლობუსს ვუმზერდი, სწორედ მაშინ გავიფიქრე, წადი თქვენი ნაიანაც, თქვენი ლეგალიზაციაც და თქვენ პერმანენტ რეზიდენტობასაც არ გავკარი-მეთქი?

ეგეც შენი ბედისწერის, წინასწარ განსაზღვრულობისა და სამყაროს მკაცრი დეტერმინიზმის ამბავი.

ის დღე იყო და იმის მერე ერთხელაც არ გამიფიქრებია, ამერიკაში დარჩენა აზრადაც აღარასდროს გამივლია. გამუდმებით აქეთ მეჭირა თვალი, აქეთ, პონტოს იისფერი ზღვისა და ცისფრად დათოვლილ მთათა შესაყარისკენ. აქეთ მეჭირა თვალი, ოღონდ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან, როდესაც კლუბს ვტოვებდი, რას ისურვებო, აქედან რამე საჩუქარი უნდა წაიღო, ჩვენს სახსოვრად და მარადჟამ მოსაგონრადო.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რას ვისურვებდი და იქიდან ხელს რასაც გამოვაყოლებდი..

იმ ჯადოსნური ღამის შემდეგ მრავალი წელი დავყავი უცხო და ამ მართლა საოცარ მიწაზე. მრავალი შტატის მრავალ ქალაქ-სოფელში დამიდია ბინა და თავშესაფარი. ცოტა მოუხერხებელი სათრევი კი იყო, მაგრამ ყველგან თან დამქონდა, არასოდეს გვრდიდან არ მომიცილებია. ხან აქეთ შემოვაბრუნებდი, ხან იქით. ძირითადად და უმეტესწილად კი ისეთ მდგომარეობაში ვაჩერებდი, რომ ბრუკლინელ დევთა ნაჩუქარ, ულამაზეს პლანეტა დედამიწიდან ორზღვას შუა გადაჭიმული, მშვენიერი კავკასის ხედი შემომცქეროდა, პირდაპირ თვალებში მიყურებდა და თავისკენ მიხმობდა.

დიდხანს, რამოდენიმე წელი მიხმობდა თავისკენ. ზამთარ-ზაფხულ, დღითა და ღამით, გამთენიისას თუ შებინდებულზე, მხიარულებისა და სევდის ჟამს, კარგად თუ ავად ყოფნისას. ცოტას კი ვუძლიანდებოდი, მაგრამ მაინც დამარცხა, ბოლოს მაინც დამიმორჩილა, მაინც ჩამიყვანა თავისთან, თავისი მაინც გაიტანა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები