ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
30 იანვარი, 2014


" მარჩენალი" გიტარა

ჩვენ  სამნი თბილისში რომ ჩავბარგდით, ლებლოგინ---კომპიუტერგიტარიანად, იმაზე მოგიყევით ჯერ?
პირველი დღეებია... რაც გვქონდა,საჭმელი,  გადავჭამეთ და ერთ დღესაც,უბრალოდ წავიხემსეთ...

კაცზე ნახევარი ბოთლი პივა და სამად- სამი კარტოფილი...ეგ ჩვენი სამხარსაუზმევახშამი  რომ მივიღეთ, ქალაქში გასვლა მოგვეპრიანა.დავუყევით ნუცუბიძეს, მერე ვაჟაზე ჩავედით და ხის ძირში დავეყარენით. ალიკა უგიტაროდ და უქუდოდ არსად დადიოდა, რადგან ეს ნივთები  ბავშვობიდანვე შემოეზარდა. მერე  მაგრად დაცხა და ქუდი მოიშვლიპა.
ღიღინღიღინ....  სიმღერა დავიწყეთ.
ხაზეიკა სულ გვიშლიდა, რა გამღერებთ ამ შუაღამეზეო და რადგან ხმამ თავისუფლება იგრძნო, ამოხეთქა...(ანკი რას  გვამღერებდა, მგლოვიარედ იყო...როცა ბინა მოგვაქირავა,მისი უცოლო მაზლის სული ისევ იმ ოთახში ტრიალებდა და ჯერ გზამართალს არ წასულიყო.  დასაფლავების დროს დანთებული საკმევლის სუნი კი ცხვირში გვიღიტინებდა )
ხო, რაზე ვიძახდი?  სიმღერის დაწყება  ისე დაუგეგმავად მოხდა, რომ როცა  პირველი ორმოცდაათთეთრიანი ქუდში ჩავარდა, ერთმანეთს  სიმღერის შეუწყვეტლად,  გაკვირვებით გადავხედეთ.
ჩვენ ვმღერით  და აზარტში შევდივართ...ხურდამ კიდევ გაიჩხრიალა, ახლა უკვე ლარიანმა. ( არაქართველის იყო შემონაწირი...)
თანდათან  უფრო მეტად  სპორტული ინტერესი გვამღერებს:
---ნეტავ რამდენი გახდება...
გავჩერდით, სული მოვითქვით...ალიკამ ახალი წამოიწყო...ავყევით ჩვენც...
25 ლარამდე ვიშოვეთ...ასე უდვილად ფული არასდროს გვქონია... გაასწორა.  იქვე ახლოს სახინკლეში ჩავედით, პივა და ხინკალი შევუკვეთეთ და ბეჭებში გავიმართეთ...ალიკამ  გიტარა  სკამთან  მოიდო და ხინკალს ეცა...
---იმღერებთო?---გვეკითხება გვერდით მჯდომი...
----შევჭამთ და ახლავეო---ალალად ეუბნება ალიკა.
(კაცი ალალი და უბოროტო რომ იქნება, ცუდს არ სხვისგან ელოდება)
---მიდი, აბა, სანამ წავალო----ჭამა ვინ გაცადა. 


    ...ზეცას შახენეო, აპარეკა----დიდხანს არ დააყოვნა ალიკამ. ხმა ყელში აქვს მობჯენილი და არასდროს უნდა ბევრი ხვეწნა.
ყველას დამკვრელები ვგონივართ  და შეკვეთებს გვაძლევენ...
ბიჭებო, კიდევ ჩამოდითო...---გამხიარულდა საზოგადოება

    იქ მეტად არ ჩავსულვართ, მაგრამ სამი კვირის თავზე  პაკიპუკას დაბადების დღეზე წასასვლელად ფული რომ გვინდოდა,
კიდევ გავახურეთ...გიტარა.
ბაღის კუთხეში ჩავხრიგინდით , დავჯექით და ქუდი, ვითომ ისე რა, დავდეთ....
წამოვიდა ხურდები, მარა რა წამოვიდა...40 ლარამდე მოიღუნა.(სიმბოლურ საჩუქარს და გზას კი ეყო.)

    სახლში მოსვლისთანავე ჩვენი მარჩენალი გიტარა ხაზეიკის დანჯღრეული კარადის თავზე შემოვდეთ, და
აშკარად გვეტყობა, რომ ყველანი  ვეფერებით...მარჩენალი ძროხა რომ ყავდა ბებიაჩემს, იმას არ ეფერებოდა ეგრე...

    სოფლიდან თბილისში ჩასულს ფული  სხვას ვის და  როდის ჰქონია, ჩვენ გვქონოდა...დილით  ალიკა ილიაში გარბოდა ,
სანდრო სამედიცინოში და მე გეპეიში,  გზაც არ ვიცოდით ხეირიანად და ამ დროს  ფულის შოვნის მუღამი დავიჭირეთ...
  სწავლა ვიღას ახსოვდა...ლექციებიდან მოვიდოდოთ და "საშოვარზე"  გავდიოდით

  მე  რომელ კორპუსში რომელი ლექცია მიტარდებოდა, ეგეც ვერ ვისწავლე ხეირიანად და ერთხელ, გეპეის წინ რომ ძეგლი  დგას, იმაზე  მეკითხება  ვიღაცა , ვისი ძეგლიაო?

---რობერტ გეპეის ძეგლი---ვამბობ დაუფიქრებლად...
ერთი კი გამომხედა და უკანმოუხედავად წავიდა...


მალე ყველაფერი წაგვიმწარდა....საგნები ჩაუბარებელი დაგვრჩა.
სოფელში ალიკას დედისთვის ვიღაცას უთქვამს,შენი ბიჭი მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდაო.დედამისი გაბრაზებული ჩამოვიდა და ნამსხვევებად იქცა 400 ლარიანი გიტარა...
    მერე ვიჯექით და ვგლოვობდით ჩვენს მარჩენალს.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები