ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
10 თებერვალი, 2014


აუდიტი, ანუ ჩამიხედეთ...

 

ცოტაც და ახალი წელი  შემოაბიჯებდა დედამიწაზე... მოსწონდა სამასახურში აუჩქარებელი ნაბიჯებით მიმავალ აუდიტორული ფირმა `გურგენ პლუსის~ სერთიფიცირებულ აუდიტორს ამირან ფარტენაძეს  წლის ეს მონაკვეთი -  ყველაფერი იცვლებოდა და სხვადასხვაფერდებოდა ამ დროს, გზებიც, ქუჩებიც, სახლებიც  და ადამიანებიც კი ცოტათი  უფრო კეთილნი და სახემღიმარნი ხდებოდნენ... 
ახალი  წლის  შეხვედრას მეუღლესთან,  თაკო ნიორაძესთან ერთად ბაკურიანში აპირებდა. სამი თვეც არ იყო გასული რაც დაოჯახდნენ. პრაქტიკულად თაფლობა-ნექტრობის  თვის გაგრძელება გამოვიდოდა. უკვე დაჯავშნული ჰქონდა სასტუმროს ნომერი, სამ დღეში წასვლაც ჰქონდა დაგეგმილი.  დიდად არც ის ანაღვლებდა, ბაკურიანში თოვლი იქნებოდა თუ არა, მთავარია თაკოსთან ერთად იქნებოდა, რომლის ყოველი დანახვა ისევ ისე გვრიდა ჟრუანტელს, როგორც მაშინ, პირველად რომ დაინახა და გაქვავდა... 
მობილურმა დარეკა, ალბათ თაკოაო, – გაიფიქრა.  კონტრასტი. უფროსი, ანუ ბატონი გურგენი  რეკავდა... სასწრაფო საქმეაო...
დედამიწას უცხოპლანეტელები დაეხსნენ და თავს უშველეო, რომ ეთქვა ვინმეს,  არ ეწყინებოდა ასე... ან სად უნდა ეშველა თავისთვის, ჩემი ბედი  რომ ვიცი ყველა პლანეტა გადავსებული დამხვდებაო, გაიფიქრა... თან მარტოც ხო არ გაიქცეოდა... თან უნდა წაეყვანა თაკო; თაკოს მშობლები;  საკუთარი მშობლები; კლასის ძმაკაცები და ძმაქალები;    ის კაცი, ბოლო სიგარეტი რომ მისცა ძალიან რომ ეწევინებოდა; მეზობლის კატა, რომელიც ლამის ყოველდღე სადარბაზოში ხვდებოდა და  მეხუთე სართულამდე აცილებდა კრუსუნ-კრუსუნით;  ჯოკონდას სურათი; ჩემპიონთა  ლიგა და პრიმერა დივიზიონი... 
სიის გაგრძელება არ აცალეს...  შეკვეთა გვაქვს, შპს `თეთრი ნათების~ სრული აუდიტი უნდა ჩაატარო, უფროსი ჩემი მეგობარია. თვითონ ლონდონშია,  ფირმის მოგებამ მოიკლო და მიზეზი აინტერესებს. მოკლედ ერთ კვირაში დასკვნა გვჭირდება, ახლა მხოლოდ შენ ხარ თავისუფალი,  ოფისში რომ მიხვალ მდივანი მისამართს და ყველა საჭირო დოკუმენტაციას მოგცემს.  დღესვე შეუდექი საქმეს და აბა შენ იციო, - ავტომატ კალაშნიკოვივით მოაყარა. ერთი კი  ამოიკნავლა, საშობაო შვებულება ხო მერგება, ორ დღეში ბაკურიანში ვაპირებდი წასვლას, სასტუმროში ადგილი მაქვს დაჯავშნულიო,  მაგრამ ბატონ გურგენს მობილური გაეთიშა უკვე...
წეღან თუ მშვენიერი ეჩვენებოდა ყველაფერი, ახლა მოიღრუბლა თითქოს, თუმცა ცაზე ღრუბლის ერთი ნაფლეთიც კი არ ჩანდა.  დღეს ოცდასამია. ერთი კვირა ზუსტად ახალი წლის წინა დღეს იწურებოდა.  როგორ აეხსნა თაკოსთვის,  წასვლა გადაიდოო, - ამას ჯავრობდა. საიდან გამოტყვრა ახლა ეს თეთრი ნათება.  თუ თეთრია, ნათება რად უნდაო, - ფილოსოფიურად დაიწყო მსჯელობა - ალბათ ნერვულ შეტევაზე... `თეთრი ნათება, თეთრი მატება, თეთრი თრითინა, თეთრ თრთვილზე თრთოდა, თეთრი თრითინა, თეთრ თრთვილზე თრთოდაო~ -  დაუსრულებლად იმეორებდა გუნებში და  ჯანდაბაში აგზავნიდა ყველა სამსახურს თავთავიანთ უფროსებიანად...
იფიქრა მეუღლესთან ხო არ გადავრეკოო, თუმცა ახალი ამბის თაკოსთვის თქმა საღამოსთვის გადადო, იქნებ იქამდე რაიმეს ჭკვიანურ მიზეზი მოვიგონო (აქ ცოტა ეჭვი კი შეეპარა), ორ დღეში რატომ ვერ ვახერხებთ წასვლასო.
ამირანს იმ ამირანის სახელი კი ერქვა, ღმერთებს რომ ცეცხლი  მოჰპარა და ადამიანებს ჩამოუტანა, მერე კიდე წერა-კითხვაც ასწავლა და ვინდოუსის გადაყენება, მაგრამ მთლად მასავით  გამბედავი ვერ იყო, ამიტომ  უფროსს ვერ შეკადრებდა, თუმცა ახლა  უფროსის ჩუჩელა რომ შეხვედროდა სადმე ცემაში გაბერავდა,  მით უმეტეს ჩუჩელები  ხელის შემობრუნებას ვერ ბედავენ და ვერც პატრულში დარეკვას.
`თეთრი ნათების~ ოფისი კომუნისტების დროინდელ დაბალჭერიანი, ექვსართულიანი შენობის მეხუთე სართულზე მდებარეობდა.  გზაში ფიქრობდა, რადგან თეთრ ნათებაში მივდივარ,  ალბათ გაჩახჩახებული დამხვდება ყველაფერიო. პირველ სართულზე სადარბაზოს ფანჯრები არ ჰქონდა და ბნელოდა. სანამ სიბნელეს თვალს შეაჩვევდა,  ფეხი რაღაცას გამოსდო და კინაღამ წაიქცა.  მერე მობილურზე შუქი ჩართო.  ვიღაცას სამშენებელო მასალა დაეწყო. ძლივს გაიკვლია გზა. ლიფტზე წარწერა მიეკვრათ, - არ მუშაობს.  კიბე მოძებნა, რომელზეც რატომღაც  შავად შეღებილი რკინის კუთხოვანები იყო დამაგრებული. სწორედ მაშინ დარეკა კვლავ მობილურმა. ბატონი გურგენი იყო, სად ხარო, ეკითხებოდა. წყვდიადშიო, -  უპასუხა გამწარებულმა. წყვდიადში რა გინდა, `თეთრ ნათებაში~ არ გაგაგზავნეო, - იმან. მეც გავგზავნო ერთ ადგილას და ვაგინო ახლა, ხო არის ღირსიო, გაიფიქრა,  მაგრამ ვინაიდან ხელფასი ჰქონდა დეკემბრის თვის ასაღები,  გინება გადაიფიქრა და  თეთრ ნათებაში ვარ უკვე, ოღონდ ჯერ პირველ სართულზე ვარ და სადარბაზოში ბნელაო, -  უპასუხა.  ყოჩაღო. რა შუაში იყო ყოჩაღ, როცა ბნელა, ის კი აგრძელებდა, - თუ კარგად და დროულად  შეასრულებ სამუშაოს, პრემიასაც გამოგიწერ საახალწლოდ  და  აბა შენ იციო. 
ამირანმა უცებ წარმოიდგინა რომ ამერიკაში შორეული  ნათესავი აღმოაჩნდა, საჯირითოდ წასული და იქ დარჩენილი, აწ გარდაცვლილი, რომელმაც მემკვიდრეობა დაუტოვა მილიონი დოლარი და ამერიკაში წასასვლელი გზის ფული (საბუთებზე ხო უნდა მოეწერა ხელი). ეს ამბავი ახალი  გაგებული აქვს და  ბატონი გურგენის კაბინეტში ირონიული  მზერით შედის, პრემიას ხელფასთან ერთად  ირონიული ღიმილით უგდებს მაგიდაზე, თან ეუბნება: ამ საღამოს ელ-კლასიკოა, მზესუმზირა იყიდე, ტელევიზორთან დაჯექი და ისიამოვნეო... კიდე რამეს არ წამოვკრა ფეხი და კისერი არ მოვიტეხოო, - უცებ დაბრუნდა ოცნებიდან. 
კიბეები ასე თუ ისე განათებული იყო  ფანჯრებიდან შემოსულ  შუქით... მეხუთე სართულზე რკინის ლითონის ცხაური დახვდა და  ხის კარები, თან ორი წარწერა: `სანამ დაკაკუნებთ, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხეთ, აქ გელიან?~ და მეორე:  `ნუ დააბრახუნებთ, ზარი დარეკეთ~. ბრძანებებს მიჩვეულმა აქაც უსიტყვოდ დააჭირა ღილაკს ხელი.  ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის აჟღერებამ ცოტა ხასიათი  გამოუსწორა. ჯერ იფიქრა, მეჩვენებაო, მერე გაყვა ოცნებებს და უცებ წარმოიდგინა ცხრამეტი მაისია, ლისაბონის სამოცდახუთ ათასიან სტადიონ `ესთადიუ დუ ბენფიკაზეა~  და ელოდება გასახდელიდან როდის გამოვლენ  ფინალისტები...  თუმცა ისიც არ იცის ფინალში ვინაა... რეალი,  ბარსელონა თუ ბაიერნი. ამ სამიდან ერთი აუცილებლად იქნებაო,  თუ ორი მთლად კაი, მითუმეტესო პლეიოფებში სამივე აცდა ერთმანეთსო...    არის რაღაც ბუნებაში ისეთი რასაც შეუგრძნობლად ხვდები, ელ-კლასიკოზე ვფიქრობდი და  რადგან ჩემპიონთაA ლიგის  ჰიმნის ხმა გავიგონე ანუ ბარსას-რეალის ფინალი გველოდება. ამათ ფინალში გასვლაზე  ფსონი ხომ არ დამედო, ნეტა კუში რამდენიაო...
ამასობაში მუსიკა დამთავრდა და კარიც გაიღო. ლისაბონიდან უცებ დაბრუნდა რეალობაში – ისევ რეალი. მაღალმა და სარივით გამხდარმა კაცმა, რა გნებავდათო... ავტომატურად კინაღამ უთხრა, თბილისის `დინამო~ მინდოდა მენახა ჩემპიონთა  ლიგის ფინალშიო, მაგრამ მოთოკა ოცნება და  უთხრა რაც ნებავდა, იმანაც - გელოდებოდით,  მობრძანდითო...
`თეთრ ნათებაში~ აშკარად ეტყობოდათ გულზე არავის არ დახატვია მისი გამოჩენა. მოჩვენებითი შინაურულობით დახვდნენ. ერთი ნახევრადბნელი, თუმცა ჩათბუნებული  ოთახი გამოუყვეს  და დამხმარეც მიუჩინეს – მეორე ბუღალტერი, ალბათ ასე ოცდაათ წლამდე მეტად სიმპატიური და ხორცსავსე ქალბატონი  სალომე. პირველ ბუღალტერს მაღალი წნევა და რამდენიმე დღე  წოლითი რეჟიმი აქვსო, - ასე აცნობეს.
მთლად წესრიგში რომ არ იქნებოდა საქმე, თავიდანვე მიხვდა... როცა უფროსი თავის კომპანიის აუდიტს თვითონვე ატარებს, ანუ ვიღაცას არ ენდობა... ახლა კიდევ წნევიანი მთავარი ბუღალტერი...
მარტო რომ დარჩნენ, სალომეს პირველი  კითხვა, თითქოსდა ხუმრობით ნათქმი,  რა საჭიროა ყველაფრის გამოკვლევა, თავის მტვრევა,  ინვენტარიზაციის,  ცვეთის და სხვა ათასი დავიდარაბის დეტალური აღწერა. არ სჯობდა  პირდაპირ მოეწერა ხელი საბუთებზე, რომ კომპანიაში ყველაფერი  რიგზე იყო, მით უმეტეს, რომ ახალი წელი  მოდიოდა...
`მაგრე არ არის შვილოსაო~, - ამირანმა გაიფიქრა. თქმით  კი არაფერი თქვა. კიდე რომ გაუმეორეს კითხვა, მოყვა, რომ განსხვავება კარგად ჩატარებულ აუდიტსა და ზერელს შორის იგივეა, რაც განსხვავება ორ ადამიანს შორის, რომელთგან ერთი  მონადირეა, რომელიც  დაჭაობებულ, ეკალ ბარდებიან ადგილზე ყინვასა და ქარაშოტში  ნადირობს გარეულ ქათამაზე და მეორე მყიდველი, რომელიც  ჩათბუნულ სუპერმარკეტში  ყიდულობს  ბროილერის ქათამს,  გაყინულს და დაფასოებულსო, მაგრამ სალომე ამ პასუხმა უფრო დააბნია, მით უმეტეს დიდად  არც ნადირობა უყვარდა და არც მარკეტში გაყინული ქათმის საყიდლად სიარული...
პირველმა  დღემ ნორმალურად  ჩაიარა. თუ არ ჩავთვლით სალომეს გადამეტებულ ყურადღებას და უფრო მეტად ყურადღება მისაქცევ ჩაცმულობას.  სალომეს კაბა მოკლე კაბაზე მოკლე და ღრმადეკოლტეანზე ღრმა იყო და რომ არა მეუღლეზე ღრმად შეყვარებული ამირანი, ალბათ სხვას მის ადგილზე სალომეს მკერდის ნათება თეთრი ნათების აქტივებს და პასივებს კი არა თავსაც კი დაავიწყებდა, მაგრამ  ამირანი საბუთებს ჩაჰკირკიტებდა და დიდად არ დაგიდევდა სალომეს ეცვა რამე თუ დედიშობილა უჯდა თავის მაგიდას. 
მეორე დღეს ამირანი ყველაზე ადრე გამოცხადდა.  მხოლოდ იგივე, სარივით  დარაჯი დახვდა ოფისში. რა მოღრეცილი მზერა აქვსო, უცებ გაიფიქრა, უცებ მიხვდა რატომაც, დარაჯი ძალიან გავდა ბატონ გურგენს, ნეტა ძმები ხომ არ არიანო, ისიც კი გაიფიქრა, მაგრამ კითხვით არაფერი უკითხავს, მით უმეტეს იცოდა, რომ ბატონ გურგენს ოფიციალური დოკუმენტებით ძმა არ ჰყავდა.  დარაჯმა, სახელად მურთაზმა,  სამუშაო ოთახი  გაუღო და ამირანმაც გაარძელა წინა დღით დაწყებული საქმიანობა...  ამასობაში სალომეც მოვიდა...
-    უი, მომასწარით?!
-    ასე ვთქვათ...
სალომე თავის მაგიდას მოუჯდა კომპიუტერი ჩართო და ფეის ბუკის გვერდი გახსნა, თან ღიღინებდა... `კარს მოგვადგა შემოდგომაო~...
-    ყავას ხო მიირთმევთ?
-    ა, ყავა... არ იქნებოდა ცუდი!? – ენაზე კი იკბინა ამირანმა, ეს რა წამომცდაო,  მაგრამ მართლა უნდოდა ახლა ყავა, შრომის უნარიანობას ამიმაღლებსო. ამასობაში `შემოდგომადან~  სალომემ უცებ დააზამთრა და `ჯინგელ ბელზზე~  გადავიდა, ოღონდ მხოლოდ რამდენიმე ტაქტი... 
-    როგორს ამჯონინებთ, ნალექიანი, უნალექო...
-    ა, ნალექიანი... …
-    მეც ნალექიანს ვსვამ! მაშინ უფრო იოლად ვხვდები, რომ ყავას ვსვამ. თან მხოლოდ აფრიკული... ხო იცით ყავას სამშობლო აფრიკაა...
სალომე ცოტა ხნით დაელოდა, იქნება ამირანმა  რაიმე მიპასუხოსო, მაგრამ ამაოდ, თვითონვე გააგრძელა.
-    არადა ადრე ბრაზილია მეგონა?!
-    მერე რა, მე მაგალითად ბრაზილია მეგონა ფეხბურთის სამშობლო... – წამოცდა ამირანს, არადა ცოტა ხანში ინანა და  ლამის ენაზე იკბინა...
-    უი ფეხბურთი არ მიხსენო, ჩემი პირველი ქმარი ფეხბურთის გიჟი იყო და მეორე კი საერთოდ ფეხბურთელი...
ამირანმა ისღა გაიფიქრა, ნეტა რამდენი ქმარი ყავსო, თქმით კი არაფერი უთქვამს...
-  შოკოლადს რომელს ამჯობინებთ?
-    ა, შოკოლადი... ანუ  `თეთრ ნათებას~ მაღაზიაც  აქვს...
-    კი...  შოკოლადზე გკითხეთ?
-    რა ვიცი, სულ ერთია... ანუ მაღაზიაშიც მოგვიწევს წასვლა...
-    გეკადრებათ ბატონო ამირან, დღეს სტუმარი ხარ შენ ჩემი... – ვაჟა გაიხსენა სალომემ. 
-    სტუმარი არ ვარ,  აუდიტორი ვარ და მევალება მაღაზიის შემოწმება... – შეუვალი და კაცრი იყო ამირანი, აუდიტი და პოეზია ერთმანეთს ვერ გუობენო, ფიქრობდა, თუმცა ერთხელ ციფრების ჰარმონიასა და ბუღალტერიაზე სამას ფურცლიანი პოემის დაწერაც კი გადაწყვიტა, თუმცა მხოლოდ გადაწყვიტა, მეტი არაფერი...
-    ისე ამბობთ, თითქოს აუდიტორი არ შეიძლება იყოს სტუმარი, თან მე შოკოლადზე მაღაზიაში აპირებდით გასვლას მეგონა! – გადაიკისკისა სალომემ...
-    მაღაზიის აღწერა დაგვჭირდება... – თქვა ამირანმა,  სალომე  კი ამასობაში მომცრო სადუღარაში  ყავას ყრიდა და თან `თუ ჩემი ხარ ეს ბეჭედი ვისიაო~ ღიღინებდა...
-    მაღაზიის საბუთები რომელ საქაღალდეშია ხო, ვერ მეტყვით?!
-    არის სადღაც მანდ, დაისვენეთ ცოტა, ყავაც მოდუღდება მალე... შოკოლად `ალპენ-გოლდის~ ფილაც გვაქვს, ვაიმე, გაცინოთ, რა მაგარი რამე ვნახე ფეისბუკზე, არა რა ფინანსისტს არასდროს არ შევიყვარებ... გოგოს წერილი გამოუქვეყნებია, ძალიან ლამაზი ვარ  და გავიცნობ მამაკაცს, ვინც წელიწადში ხუთას ათას გამოიმუშავებსო. ვიღაც ფინანსისტი კი  წერს შენ წამგებიანი აქტივი ხარ, რადგან დრო რომ გადის სილამაზე შენი იკლებს, ჩემი აქტივები კი მზარდია, შენი მხოლოდ ქირით აყვანაზე  შემიძლია დაფიქრებაო... მისმენთ,  ბატონო ამირან... საძაგელი...
-    ბატონო?!
-    ეს იმ ფინანსისტზე ვამბობ, ქირით აყვანა მომინდომა...
-    ბოლო ინვენტარიზაცია როდის ჩაატარეთ?
-    ზუსტად ვერ გეტყვით...
-    ახალი ივენტარიზაცია იქნება ჩასატარებელი...
-    დაისვენეთ ცოტა, ბატონო ამირან, ახალი წელი მოდის...
-    ზუსტად  ახალ წლამდე უნდა მოვასწროთ ყველაფერი...
... სახლში დაბრუნებულ ამირანმა საახალწლოდ საჩუქრად გადანახული ოქროს ძეწკვი მიართვა მეუღლეს, თანაც საუბარში  შეაპარა,  ბაკურიანში წასვლა ცოტა ხნით გადაიწევს, მაგრამ ახალ წელს აუცილებლად ბაკურიანში შევხვდებითო.  თაკოს ისე მოეწონა საჩუქარი, ახალ ამბავზე დიდად არც უნაღვლია, ის კი თქვა,  იქნებ ახალ წელს მაინც მოვიდეს თოვლი, სულ მზიანი ამინდებია ინტერნეტშიო. რადგან ოჯახური კონფლიქტი თავიდან აირიდა, ისე რომ ახსნა განმარტებებიც არც დაჭირვებია, მერე ერის გამრავლების პრობლემაა მისახედიო, თაკოს შეაპარა და როგორც აღმოჩნდა არც ის იყო ამის წინააღმდეგი...
დიდი ბრძოლებისა და ვნებათა  ღელვების შემდეგ ცოტა ხნით დავისვენებო და კომპიუტერს მიუჯდა,  ფეის ბუკზე  საკუთარი გვერდი რომ გახსნა, სალომეს გზავნილი  დახვდა, მეგობრებში დამიმატეო...  თხოვნა უპასუხოდ დატოვა, თუმცა იმას კი მიაქცია ყურადღება, რომ თურმე ერთი საერთო მეგობარიც ჰყავდათ, ჯგუფელი ნინაკა გუდაძე, ჭორიკანთა დედოფალი, ყველაფრის მცოდნეს რომ ეძახდნენ უნივერსიტეტში.
ნინაკა ხაზზე იყო, მოიკითხა, მერე წამოცდა,  სალომეს საიდან იცნობო... ბავშვები დაგვყავს ერთა ცურვაზე, ორ ქმარს გასცილდა, ბავშვი ყავს, ირაკლი, ზუსტად არ ვიცი  რომელთან, ის კი არა ზუსტად მგონი თვითონაც არ იცის,  არ ამას ვხუმრობო, ისე კაი გოგოა,  კისკისა, ხალასი და ახლა რაღაც ფირმაში მუშაობს, იმ ფირმის მთავარ ინჟინერთან კახასთან აქვს რომანი, ხშირად სტუმრობენ წყნეთში  იმ მთავარი ინჟინრის დაჩასო... მერე ნინაკამაც ჰკითხა, შენ საიდან იცნობო. ამირანს არ დაუკონკრეტებია... 
ისევ მურთაზმა გაუღო კარები, მონჯღრეული მზერით. შეეჩვია კიდეც მის მზერას. ცოტა ხანში  სალომეც მოვიდა... ყავა თუ არ დავლიე, თავი მისკდება.  ნამდვილად მაგნიტური დღე არის.  ინტერნეტში ვნახე, მზეზე აფეთქება მომხდარა, ეეტყობა იქაც ააღწიეს ტერორისტებმაო, იცინოდა... ყავას ხო დალევთო... ყავას რომ სვამს მაშინ ჩუმად არის  და სჯობს დავთანხმდეო, ამირანმა. ამასობაში სალომე, ბიტლზების `ესტუდეის’ ღიღინი დაიწყო,  უცებ წამით შეწყვიტა და ბატონო ამირან,  საბუთებში ისე კარგად იხედებით და თქვენ ჭიქაში ჩახედვაც გეცოდინებათო...
ესღა  მაკლდა, ახლა  ყავაზე ვუმკითხავოო, თავიდან ეს იფიქრა, მერე უცებ ნინაკასთან გუშინდელი საუბარი გაახსენდა და...
სალომემ ღიღინი მაშინ შეწყვიტა, წყნეთში  გიწევს ასვლაო ამირანმა რომ უთხრა, იქ ასო კ გელოდებაო... შეიძლება კოტე, მაგრამ აი ასო ა ჩანს აგერ  და კახა უფრო  გამოდის, ან კახაბერიო... თან სალომესკენ აპარებდა თვალს, რომელიც აქამდეც არ იყო ლოყებღაჟღაჟა, ახლა კი ლამის  მიტკლის ფერი ედო, ამას თუ გული წაუვიდა, მერე რა ვუშველოო, ერთი პირობა კი იფიქრა ამირანმა, მაგრამ უკან დახევაც არ გამოდიოდა ახლა და გააგრძელა და გააგრძელა ინფორმაციების დახვავება...  აგერ აუზი, ვიღაცასთან ერთად დადიხარ, ის ვიღაცა პატარაა, ალბათ ბავშვიო... ირა იკითხება, მაგრამ ბიჭი უფროა, რადგან ყალიონი უჩანს გვერდითო.მოკლედ ირაკლი ქვიაო.
ვაიმე, მოვკლავ იმას, ამას წინათ სიგარეტი მოეპარა ჩემი და ეწეოდა, ბავშვია ჩემიო, სალომემ. ფერი მობრუნებოდა უკვე...
შემდეგ დღეს სალომე სამსახურში არ მოსულა, მურთაზი დაეხმარა ინვენტარიზაციის ჩატარებაში... ორი დღეც მაღაზიაში მუშაობდა. არც იქ ჩანდა სალომე, ნეტა კარგად ხო არისო, - ფიქრობდა ამირანი. თაკომ არ გამიგოსო და ცოტა მოენატრა კიდეც სულ მოღიღინე სალომე...
ბოლო დღეს ისევ ცენტრალურ ოფისში უწევდა  მუშაობა... იმ დღეს აპრებდა სამუშაოს დამთავრებას. დანაკლისი კი იყო, მარა ისეთი კატასტროფული არა, `თეთრი ნათების~ უფროსს  რომ ენერვიულა, მით უმეტეს ლონდონში.  კარი ჩვეულებრივ მურთაზმა გაუღო. მერე სამუშაო ოთახში შევიდა და პირველი ვინც დაინახა, სალომე იყო,  სალომესთან ერთად კი  ხუთი გოგო, ყველას ხელში თითო შეკვრა ყავა `პელე~ და `ალპენ გოლდის~ შოკოლადის ფილა ეჭირათ... …   



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები