ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2014


მიყავდა ცოლად

ეხატა ზეცას რძისფერი რკალი,
რეკდნენ ზარები, კიოდა მოლა
და მაჰმადიანს ქართველი ქალი,
ცოლად მიყავდა,
მიყავდა ცოლად...
დააწვა მწუხრი შამქორს და დიდგორს.
უცოდველს ხელში შერჩა ტალახი.
და იმ დღეს ერთად დადუმდნენ თითქოს,
ჩვენი ღმერთი და მათი ალლაჰი.
შექონდა ამინდს თავისი წვლილი:
წვეთავდა წვიმა როგორც გუაში.
შეჩერდა რაღაც მომენტში წყვილი,
მეჩეთისა და ტაძრის შუაში.
განგება, ზოგჯერ უაზროდ მკაცრი,
გაძლევს საბაბს და მიზეზებს სამტროს.
საქართველოში, ქართველი კაცი,
ხელებშეკრული გლოვობდა სატრფოს.
ჩვენკენ მზე იყო ცივი და მიმქრალ-
-სხივებს შთანთქავდნენ ხარბად ხეები.
ელოდებოდა შორეთში იმ ქალს,
ოქროს ქვიშა და სასახლეები.
წავიდა... პირველ ჭიკჭიკზე მერცხლის,
მაგრამ უსულო, თითქმის ფიტული
და ოცდაათი დატოვა ვერცხლი,
ქართულ მიწაზე მიმოფანტული.
ეხატა ზეცას რძისფერი რკალი,
რეკდნენ ზარები, კიოდა მოლა
და მაჰმადიანს ქართველი ქალი,
ცოლად მიყავდა,
მიყავდა ცოლად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები