ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2014


კიდევ ზოგი რამეები თებერვლიდან და ახლებიც ... (02/03 2014)

კაფეში დილით

პირველი სტუმრის მომლოდინე მიმტანი გოგო,
ცხელ-ორთქლ-ამდინარ ყავის ფინჯანზე,
ცივ თითებს ითბობს.

04.02.2014

    თბილისი

აქ,  გაზაფხულის პირველი მაცნეა -
თურმე სუფსარქისი.
ქარი ცივი და გამთოშავი, არაფრის მაქნისი.

07.02.2014


            წიგნის ფურცლებიდან გამოვარდნილი
                              ძველი ფოტოსურათის გამო

რომ არ ველოდი,
გაიელვა ეულმა ფიქრმა -
სადღაც სულს მიღმა -
აიშალნენ არვედ ლანდები.

14.02.2014

                        ***

„ეს გაზაფხულიც ჩაივლის ეგრე“...
ტრადიციულად, -
როგორც ყოველთვის,
მწვანე შემოსავს მინდორში ნერგებს,
ხანაც იწვიმებს,
ხან გადაიღებს.
მიწა თავისას საბოძვარს იღებს...
ჩვენ კი ვზივართ და ტრადიციულად,
სახეზე ვირგებთ
სხვადასხვა ნიღბებს.
„ეს გაზაფხულიც ჩაივლის ეგრე“...

15.02.2014


                  ერთმა მწერალმა ქალბატონმა მკითხა,
                  როდის  და  რატომ წერო? - ასე ვუპასუხე:

როდის? - რა გითხრათ...
როცა მქრქალი მთვარით ვიხარი,
როცა მიღმიერს არ მაცილებს
ყოფის ტიხარი.
რატომ? - არ ვიცი,
ალბათ სულში "მე" ვერ ვიცანი.

16.02.2014

                        ***
                    „...იქ, სველ ქვიშაზე,  „მარადისი“  დავწერე  ასჯერ
                    და  ზღვას  მივანდე,  ყორნისფერი  ფიქრი  სიკვდილზე...“
                                                                                      ტაკუბოკუ

თითქოს რაღაცა ძაფივით გაწყდა...
და წავიშალე,
როგორც სილაზე ნაფეხური მოქცევის ტალღით.

18.02.2014


              ***
                          "მა...მე აღარ მაქვს ნატკენი მუხლი"...

მოგონებების მწარე ბურუსი სულში გაჯირჯვდა.
კივილი უხმო -
"მა...მე აღარ მაქვს ნატკენი მუხლი"...
სადღაც, სულ შიგნით,
შეიკუმშა თითქოს ტკივილი.

20.02.2014

              ფუჯივარა-ნო კინცუნეს გავლენით

თოვს.
ფიფქების ქორო მდუმარედ მღერის -
და ცისკენ მიხმობს.

21.02.2014


                    დღეს დილით (23 თებერვალს) წამოთოვა.
                    არა ისე კი არა,  როგორც ამ ორიოდე კვირის წინ,
                    მაგრამ მაინც... წვრილად ფერფლავდა. შორს
                    მთაწმინდა ილანდებოდა, თეთრ, მოცისფრო ბურუსში გახვეული...

გათოვდა!
მთაწმინდის ფერდებზე  გრძნეული ბურუსი,
ხეებთან კამათით ნელ-ნელა თვრებოდა.

23.02.2014

                                    ***

გუშინ ბაღიდან მომიტანეს პირველი კვირტი...
ღამე გაშლილა!
აღარ მეგონა, ზამთრის სევდას თუ რამ  წაშლიდა.

02.03.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს