ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2014


ნაფცქვენები

ტკივილნაკვები, ეული სულის
აღსარება და შვებაა ლექსი,
ირიბი სიტყვის სიცხადით თქმული.
ჩნდება და მოძღვრს - მკითხველს მოელის.

მსაჯულო, კრძალვით შენდობას შეგთხოვ,
რომ სიფრიფანა, სუსტი ფანტელი
თემებს, გაცვეთილს ადამის შემდგომ
მეც ჩემდა წილად შემოვაფრცქვენი:

        გაზაფხული
დიდებულივით ჩაიფინა
გულისპირში მზემ
ღრუბლის ქათქათა ხელსახოცი.
და ლუკმა-ლუკმა მიირთვა თოვლი.
ტკბილ ძილს გაექცა დედამიწა,
გამოიფიზლა
და ნეტარების  ჟრუანტელმა 
გამთბარ სხეულზე
ყოჩივარდებად
და იებად და გადაურბინა.

          ზღვა
ავხორცის ჟინით მიმოატარა.
ფაფუკ სხეულზე სატრფომ თითები.
ოდნავ აღელდა ქალწულის მსგავსად.
მერე თანდათან მზით ნაფერები
მოითენთა და მიწვა ნაპირად.

            ღამე
ცამ მოიხადა მზის ხელსაქმე -
შუქის პირბადე და უთვალავი
თვალით – ვარსკვლავით
შესცინა მიწას.

            ქარი
ზეციერი მამის სუნთქვაა
ჩემი სათავე.
როცა დაფარულ სიკეთეს ხედავს,
შვებით, მსუბუქად ამომისუნთქავს.
მაშინ სიო ვარ, საამური.
სუსტის დაჩაგვრა,
ობლის წყენა
მძიმე ოხვრის ქარიშხლად მაქცევს.

            უფალი
მას, ვინაც გვიძღვნა მიწა და ცა
ნამინანქარი
ვინც სოლომონზე დიდებულად
მორთო შროშანი,
სხვას რაღასა ვთხოვთ სასწაულად
ჩვენ, გულით ბრმანი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები