ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2014


უჰაერობა

თუ გამძლეობა- მოთმინების შეცნობა გინდა,
მოგიყვებიან, ცას რა უთხრეს, შენგან უჩუმრად.
შენ გამოთალე ცულის ტარი ფესვმაგარ ხიდან,
ტყემ - არ შედრკეო, ტოტიდან ტოტს წაუჩურჩულა...
შენ შენი საქმით წარმოჩინდი, ხე კი - ნაყოფით,
უფლის პირველი ტაძრებია გზებზე ხეები!
რით ვერ შეირგე, ბუნებამ რაც მოგცა სამყოფი,
ბუმერანგია შენი ყველა ამოხველება!..
უჰაეროა შენი ქვის და შუშის კედლები,
შენი თავის მეტს ვის აბრალებ მწარე არჩევანს...
ხეებს კი ცისკენ აპყრობილი შერჩათ ხელები,
რომ ჩუმი ლოცვით შენი მოდგმა გადაარჩინონ...
                        07.03.14
მსხვილი ხედით...

გაძვერი ათას ჟანგიან მილში,
თუმც, უცოდველი კრავის სახე გაქვს...
თვალების ფსკერზე დაახრჩვე შიში,
თავხედურად რომ თვალში ჩაგხედა!
არ გავიწყდება სიმდაბლე „ზევით“,
სიმაღლეს სულ აქვს ვარდნის სარჩევიც.
გახედნე აზრი და ფიქრის ზვრები,
სათქმელს კი არა, საქმეს გაჩვევდნენ...
რაც ახლოს იყო, ის გახდა შორი,
შორეული კი მოჰგავს შენიანს.
ეგ შენი ზურგიც შურის და ჭორის
დამსხვრევის მყარი განაჩენია!..
რა უსუსური იყავი როცა,
ეშმაკს დეტალში სულ ვერ ამჩნევდი.
გახსოვს, სიმწარით რომ გაგაოცა,
მრავაწერტილთან მარტო დარჩენამ...
მერე დიდ თამაშს მიჰყავი ხელი,
და სახელოში მალე კარტები,
გამოიყვანე ხვრელიდან გველიც,
თამაშ-თამაშით, ისე მარტივად.
ტუჩის კუთხემ კი უმატა ღიმილს,
ხან ანგელოზის, ხანაც მაცილის...
და ყველაფერი, რაც შენგან მიდის,
შენი სისუსტის მიაქვს ნაწილი...
          27.01.14



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები