ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2014


გაფრენა წვიმაში

წვიმს, ჩემს საფრენ ბილიკზე ნისლია,
მწყინს, ფიქრი გამექცა საძილედ.
ამინდმა განაჩენად ისმინა,
წვიმის მონოლოგი ხანგრძლივი.
დგას, ნისლი თავდაკარგულ ქალივით,
მგავს, გაურკვევლობაში ამინდი.
ხომ არ აჯობებს, რომ დავლიო,
და ნისლთან დანისლული გავიდე.
ცრის, შეკრულია აქვს ცას პირი,
ვცლით დარდს მე და ბოთლი, ვმკურნალობ...
წვიმაში აფრენას ვაპირებ,
და ნისლებში დაკარგვას, უბრალოდ...

***
გამოგონილი მიყვარს რატომღაც,
იქ ისე ხდება, როგორც მინდოდა.
უფრო სავსე ვარ, როცა მარტო ვარ,
დავფეხშიშველობ ფიქრის მინდორზე...
სული კი ჭიდან მაწვდის სათლებით
იმ წყალს, წვიმისგან რომ არ აიმღვრა...
არასდროს ითხოვს თავის მართლებას,
იქ რომ, ისე რომ, სულ სხვანაირად...
თავთან ბაასიც სულ არ მბეზრდება,
ვიცით ორივემ უკვე რანიც ვართ!
მხოლოდ მაშინ თუ ამიზეზდება,
როცა ატყობს, რომ თავს ვერ დავიცავ...
ჩემს წარმოსახვას სულ აპრილი აქვს,
არ ცნობს ცვალებას დროის, სეზონის.
რეალობა კი მიცქერს პირღია,
შავ-თეთრი შურით კარის მეზობლის...
                  12.03.14

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები