ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დომენიკო20
ჟანრი: პროზა
18 მარტი, 2014


  ჩამოტვირთვა

იმიტომ, რომ... (Because )

                                                    Because the world is round it turns me on
                                                    Because the world is round...
                                                                                        John Lennon

------------------------------------------------------------------
თავი I

ვის შეუძლია თავი იმ ასაკში გაიხსენოს, როდესაც  ხანგამოშვებით გული მაგიდის ქვეშ შეძრომას გთხოვდათ, ზოგჯერ კი, თვალს რომელიმე კარადის თავისკენ გააპარებდით, რაიმე სიმაღლეზე აბობღებას ელტვოდით დროდადრო?

მე შემიძლია.

ჟრუანტელნარევი გრძნობა მეუფლებოდა ასეთ მომენტში. უცხო, ირეალურ სამყაროში გადანაცვლების ეფექტი ჰქონდა მაშინ ამ ყველაფერს.

ისიც კი მახსოვს, რომ ჩვენს ბინაში, ერთ-ერთი ძველი კარადის თავზე, რაღაც მართკუთხა საგანი იდო. უცნაურად გამოიყურებოდა. ზედ ათასი გაუგებარი სიმბოლო და ნიშანი დაეხატათ. სულ მაინტერესებდა რა ნივთი იყო ეს. იმდენად მწველი იყო ცნობისმოყვარეობა, რომ მარტო ამისთვის მიღირდა გავზრდილიყავი და ოდესმე იქ ასვლა მომეხერხებინა. ეს ოცნება შვიდი წლისამ ავისრულე. მე და პეტო ავძვერით კარადის თავზე. როგორი შიშით და სიფრთხილით შევეხე იმ საკრალურ ნივთს. მერე რის ვაივაგლახით ძირს ჩამოვიტანეთ და შემდეგ იქვე მდგარი მაგიდის ქვეშ შევათრიეთ. თეთრი სადენი ჰქონდა მიმაგრებული. თავს ძალა დავატანეთ და დენს მივუერთეთ. მიერთება იყო და რაღაც დატრიალდა. თხელი, ცისფერი ფირფიტა ახლდა მოწყობილობას. შემდეგ იმდენიც მოვახერხეთ, რომ რაღაც წვეტიანი ნაწილიც დავადეთ ამ ცისფერ ფირფიტას. შემდეგ დავიძაბეთ და დავდუმდით..  აბა მაშინ რა გვესმოდა ამ ქვეყანაზე. და რა ვიცოდით ბიტლზი რა იყო, ან ზეპელინი, ან დედამიწა მრგვალია თურმე და თავის ღეძის გარშემოც ბრუნავს. მაგრამ იმ დღიდან კარგა ხნის შემდეგ, მართლა აღმოვჩნდი სულ სხვა განზომილებაში, რომელიც აქედან ძალიან შორს, მაგრამ არ ვაჭარბებ და ნამდვილად არსებულა.. ხოლო თუ გაინტერესებთ რა მოხდა მას შემდეგ, რაც იმ ნემსმა და ფირფიტამ ერთმანეთი მოძებნეს, მისმინეთ მაშინ..

მეხუთე კლასში ვიყავით, პირველი ქურდობა რომ ჩავიდინეთ მე და პეტომ. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, საპირფარეშოს სიღრმეში მივიმალეთ და ბუნების კაბინეტს დავუდარაჯდით. ბარე ერთ საათს ველოდეთ სანამ, დამლაგებელი ოთახს მოწმენდდა. კაბინეტის გარეთ წყლით სავსე ვედრო იდგა და როდესაც ქალი ნარეცხი წყლის გამოსაცვლელეად წავიდა, სწორედ მაშინ ვიხელთეთ დრო და კაბინეტში შევიპარეთ. უფრო ზუსტად, პეტო იქვე კარების ზღურბლზე დავტოვე. ასე ხომ უკეთ გაიგონებდა დამლაგებელი ქალის ფეხის ხმას. მე კი კაბინეტის სიღრმისკენ წავიწიე. მახსოვს, მასწავლებლის მაგიდაზე სამმანეთიანების ძაფშემოხვეული დასტა და ბუფეტის ტალონებს მოვკარი თვალი. მაგრამ ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა. მერე სივრცეს თვალი მიმოვავლე და კუთხეში მდგარი ერთ-ერთი კარადას მივუახლოვდი. მთლად ვერ ვიყავი ჩემ სტიქიაში. თითქოს თავბრუც კი დამეხვა წამით. მაგრამ მაინც შეუპოვრად მივიწევდი წინ. მადლობა ღმერთს, კარადა ჩაუკეტავი დამხვდა. შემდეგ ამ კარადის მინებიანი კარი სუნთქვაშეკრულმა, ფრთხილად, ხელისკანკალით გამოვაღე და ზემოდან მეორე თაროს გავუსწორე მზერა. ვიცოდი კარგად, რომელ თაროზეც ინახებოდა. შავი სქელყდიანი წიგნი იყო. სწორედ იმ წიგნში მეგულებოდა, ის, რის მოპარვაც გვეწადა იმხანს. ამ წიგნზე გვეჭირა თვალი. პეტო უფრო მონდომებული იყო. სკოლაში ღამით ჩუმად შესვლის გეგმა ჰქონდა დაწყობილი. მე ჩემ გეგმას ვთავაზობდი. საბოლოოდ ჩემი გავიტანე და იმ კარადასთან ვიდექი უკვე. შემდეგ ამ ლამაზად ჩაწიკწიკებულ წიგნებში, მარცხნიდან მეექვსე წიგნი გამოვარჩიე, სხეული საბოლოოდ დავძაბე და აჰა, ხელში მეჭირა ეს სანუკვარი ნივთი. შემდეგ კაბინეტი ისევე ფეხაკრებით დავტოვეთ, როგორც შევედით. პეტოს მოთმინება არ ჰყოფნიდა. იქვე სკოლის სხვენში ავიდეთო, ჩუმად მანიშნებდა. მე კი კორპუსებს უკან რომ პატარა მინდორი იწყებოდა იქით ვექაჩებოდი. ჩემმა სიჯიუტემ გაჭრა ისევ და სკოლიდან შორს, ერთ მომცრო ველზე აღმოვჩნდით, მახსოვს. ეს ველი არ იყო დიდი, მალევე მთავრდებოდა და ქვემოთ თვალუწვდენელი საცხოვრებელი მიკრორაიონი იშლებოდა. აი სწორედ იმ ველის კიდეზე ვისხედით, კი არ ვისხედით, უფრო ცასა და დედამიწას შორის ვიყავით გამოკიდებული. მუხლებზე კი ჩვენი დიდი ხნის ნაოცნებარი საშუალო ზომის, შავი, სქელყდიანი წიგნი გადაშლილიყო, რომლის გარეკანზე, სატურნის დისკო, ატომის სქემა, ვულკანის ლავა და გრძელკისერა ანტილოპა გამოეხატათ.

რომ გამოვფხიზლდით და გონს მოვედით, მივხვდით რომ თავზე დაგვღამებოდა. მშობლები გვეძებდნენ თურმე. მილიციაც ჩართულიყო ჩვენს ძიებაში. მაგრამ ჩვენ არც მშობელი გვახსოვდა, არც სახლი, არც კარი და არც არაფერი. უსასრულო სამყაროში დავბოდიალობდით და ატომგულიდან დაწყებული, მზის სისტემის ცხრავე პლანეტა მოვიარეთ იმ დღეს, სად აღარ ამოვყავით თავი. მახსოვს იმაზე ვდაობით ბოლოს, მფრინავი თეფში თუ არსებობდა. ის მიმტკიცებდა, რომ არსებობენ და თავად ჰყავდა ნანახი წყნეთში. მე არ მჯეროდა მისი ნათქვამი და ვკითხულობდი, თუ მართლია, რად არ გვეტყვიან, იმ საიდუმლოს რად არ გვანდობენ, რომელსაც კიბოს მორჩენა ჰქვია..

დედა არ ყავდა პეტრეს. უდედოდ იზრდებოდა.

წლები რომ გავიდა და ცოტა წამოვიზარდეთ, მელომანებად ვიქეცით მე და პეტო. ბიტლზები შეგვიყვარდა. ვაფრენდით ამ ბიჭებზე. ბიჭებს ეხლა ვამბობ, თორემ იმ დროს კაცები იყვნენ ჩვენთვის. მე კიდევ არამიშავდა, ჩემ ჭკუაზე მაინც დავრჩი. პეტოს ჰქონდა გარეკილი.

პეტო მეზობელი იყო ჩემი.

პეტრე. პეტრუჩი.

ტოლები ვიყავით. ერთ სკოლასა და ერთ კლასში ვსწავლობდით. ერთ კორპუსსა და ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით. ამდენი წელია უკვე გასული და რომ ვუფიქრდები, მასზე ნიჭიერი და მრავალი ტალანტით დაჯილდოვებული ადამიანი, ჯერ არავინ შემხვედრია. კარიკატურებს და კომიქსებს ხატავდა წამში, ერთი ხელის მოსმით. რომ ვეტყოდი აბა, ეს ან ის დახატე მეთქი, ფრაზას არც დამამთავრებინებდა, მორჩა, მზად იყო. როგორ ახერხებდა ამას, დღესაც არ ვიცი. რა გინდოდა რომ მის ფანტაზიას არ მოეფიქრებინა. მერე უცებ გიტარას გადასწვდებოდა და "ჰეი ჯუდ"-ის აკორდებს აიღებდა. მღეროდა ზუსტად, სწორად უკრავდა, ნოტას ნოტაში აჯენდა. რის ინგლისური, უბრალოდ სიტყვებს ამსგავსებდა. ან სად სწავლობდა სიმღერებს ასე, ესეც არ ვიცი, არასოდეს არც მაგნიტოფონი ჰქონია, არც არაფერი. მე ვათხოვებდი ხოლმე ცოტა ხნით. კასეტიანი მაგნიტოფონი მქონდა, კარპატი თუ ვესნა ერქვა, მამაჩემს მოვუგე ნიძლავში. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რომ დამიბრუნებდა, პარფიუმის სუნით იყო მთელი ეს მაგნიტოფონი გაჟღენთილი. მერე რომ ვკითხე, დავშლი ხოლმე და ნაწილს ვუწმენდ ჩემი დის სუნამოთიო-ასე მიპასუხა. სხვაც უამრავი რამ იცოდა პეტომ, ბევრი რამ შეეძლო, სიმღერებს წერდა, ლექსებსაც. ყველაფერი გამოსდიოდა. დიდები კი არ ვყოფილვართ იმ დროს, ასე ცამეტის თუ ვიქნებოდით.

ჩვევა ჰქონდა ასეთი, უცებ გარინდდებოდა და რამე სასწაულს იტყოდა. ერთხელ მკითხა- იცი "ინდისკაი" რა არის? ცა არის, ცას ნიშნავს ინგლისურადო. მე გამიკვირდა, ცა კი ვრცელია და უსასრულო, თუმც არ შვენოდა ამხელა სიტყვა. მაგრამ დავიჯერე. ყოველთვის მჯეროდა მისი. ძმაკაცები ვიყავით მე და პეტო. მიყვარდა ეს ბიჭი. ცოტა კი იყო თავისებური და შინაგანად დახშული თითქოს. სულ რაღაცაზე ფიქრობდა პეტო. უცებ სადღაცა გაფრინდებოდა, წამიერად ფიქრებში დაიკარგებოდა, დაბრუნდებოდა მაშინვე ისევ და სასაცილო კითხვას დასვამდა. ერთხელ ასეთი რამე იკითხა: - შენი საყვარელი სიტყვა რომელიაო. რავი აბა, ბევრია-მეთქი და შენი? ჩემი-სტროუბერი, მარწყვს ნიშნავს, იქვე ამიხსნა.

გამოუცნობი ბუნება ჰქონდა. ასეთი რამეც უთქვამს პეტიტოს:

რა იცი, იქნებ სულ არ ვარსებობთ და სიზმარია ეს ყველაფერი, ან კიდევ სულაც, მხოლოდ ღმერთების წარმოდგენებში მოვიაზრებით..
და კიდევ, მარწმუნებდა, შორეული კოსმოსი პარალელური სამყაროებით ყოფილა მოფენილი და იქ თურმე ჩვენი ორეულები ცხოვრობდენ.

ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ცოტა უქროდა კიდეც, პეტოს.

მეზღაპრეც იყო პეტრუჩიო. რას არ მოიგონებდა. ლეგენდების შეთხზვა უყვარდა. ისეთ რამეს იტყოდა, მერე თავადვე იჯერებდა და მიმტკიცებდა აქა და აქ ამოვიკითხეო. ერთხელ მეუბნება, ლენონს, უემბლის სტადიონის ყველა ბილეთი უყიდია, მარტოდმარტო მისულა ამ სტადიონზე, სადაც რომელიღაცა ჯგუფის კონცერტი უნდა გამართულიყო და მარტო დამჯდარა ტრიბუნებზე, თან ოთხი ძაღლი ახლდაო. ოთხი ბულდოგი ეჭირა თურმე საყელურებით და რამე რომ ყოფილიყო ეგრევე მიუშვებდა ამ ძაღლებსო. ლენონზე ვიყავით გადარეულები. რაღაც ისტორიებს ვუგონებდით. ჯერ თავადვე ვიჯერებდით, მერე სხვებს ვაჯერებდით ამ შეთხზულ ამბებს. მე ვერა, მაგრამ პეტრემ თმებიც მასავით დაიყენა და სკოლის პერანგსაც ჩაუკეცა საყელო. ასე დადიოდა სკოლაში.

თითქოს უდარდელად მიდიოდა ბავშვობა.

მაგრამ ერთხელ,  კორპუსის წინ რომ პატარა ბუჩქები იყო დარგული, იმ ბუჩქებს ახტებოდა, მორბოდა, თან აქეთ, ზემოთ, აივნისკენ იყურებოდა. სადარბაზოში შემოვარდა და მეშვიდე სართულამდე ქოშინით ამოირბინა. გარეთ გავედი, საშრობთან დავხვდი. რა ხდება-მეთქი. “ლენონი მოკლეს” - აცრემლებულმა ძლივს თქვა სათქმელი. კიბეებზე ჩამოჯდა. ტიროდა. ვინ მოკლაო, რომ ვკითხე, არ ვიცი, ხუთი ტყვია ესროლესო, ათრთოლებული ხმით მითხრა. გამშრალი ვიდექი. ხმა აღარ ამოგვიღია. მერე გვერდით მივუჯექი. პეტოს თავი ხელებში ჩეაერგო და ქვითინებდა. მეც მეტირებოდა, მაგრამ ორივე ერთად ხომ არ ვიტირებდით. მე ვამშვიდებდი როგორც შემეძლო.

ღმერთი მოგვიკლეს მე და პეტრიკას. ჩვენი ღვთაება იყო ლენონი.

მერე თავის ბინასთან, საშრობის კარზე მისი სურათი დახატა. კი არ დახატა, მოწითალო ცის ფონზე ამოტვიფრა მისი სახე, დანა თუ რაღაც საჭრეთელი ჰქონია, არც ვიცოდი. და რომ დაამთავრა, წააწერა გაუკეთა თავზე:

"JOHNNY IN THE SKY".
რა არის ეს და ცა რატომღაა წითელი-მეთქი.
ცაშია მისი სულიო - "წითელი ცა კი, სისხლია მისი".

უცნაური ვინმე იყო პეტრუჩიო. ასეც ვეძახდი ზოგჯერ. ბევრი სახელი ჰქონდა. თვითონ რამდენნაირიც იყო, იმდენი. არ მახსოვს ორჯერ ზედიზედ ერთნაირად მიმემართოს, ხან რას ვუძახდი, ხან რას ვარქმევდი. მილიონ ვარიაციას ვუგონებდი მის სახელს.

მავზოლეუმივით მოაწყო მერე ის საშრობი პეტიტომ. ათასი ფოტო და პლაკატი გამოფინა კედლებზე. პლასტელინისგან მისი მრგვალსათვალიანი ბიუსტი გამოძერწა და შემაღლებულ სადგარზე დადგა.

მერე დაბადების დღეებსაც უხდიდა. არ გამორჩებოდა არც ერთი ოქტომბერი.

იმ ტრაგიკული ამბავის შემდეგ, სულ ჩაფიქრებულს ვხედავდი პეტროს. ვეღარც კი ვცნობდი. დასევდიანდა. მრუმე ნაღველი ედგა თვალებში. ერთხელ მითხრა, ლენონის საფლავი უნდა დავიხატო მკერდზე, ვიცი რანაირიც იქნებაო. თვითონვე დაამზადა რაღაც მოწყობილობა, „კრონა“ ელემენებზე მუშაობდა. ხომ ვთქვი, ყველაფერი ეხერხებოდა-მეთქი. წითელი ტუში ჩაასხა შიგ და სარკეში აპირებდა საკუთარი ხელით სხეულის მოხატვას. და სარკის წინ რომ დადგა, რომ ჩართო ეს დანადგარი და პასტის წვერი მკერდთან, გულის მხარეს რომ მიიტანა, ვეღარ გაბედა, გადაიფიქრა. ამის შემდეგ მისი მოზაიკის პორტრეტის შექმნა მოინდომა. დილით გავიდოდით და საღამოს ვხვდებოდით ერთმანეთს. ბრტყელ ქვებს, კენჭებს, ბოთლის ნამსხვრევებს ვაგროვებდით და იმ საიდუმლო აკლდამაში ვუყრიდით თავს.

წლები რომ გავიდა, საკუთარი ჯგუფი შექმნა და "The Johnny Boy" დაარქვა. რომელიღაცა კულტურის სახლში გამოდიოდნენ. მაუდის ფაბრიკის ხალხი მოყავდათ, კულტურულ ღონისძიებას ეძახდნენ თუ რაღაცას. გაოგნებული გამოვდიოდი მისი კონცერტიდან. არ მჯეროდა  მსგავსი რამ თუ შესაძლებელი იყო.

ერთხელ დავინახე მინდვრის ყვავილები ეჭირა ხელში. სადარბაზოსკენ მიიჩქაროდა. კარგად ვიცოდი, საითაც მიდიოდა. ხუთი წელი გასულიყო იმ ტრაგიკული დღიდან. საშრობში ავედით, აკლდამად რომ გადაექცია და ყვავილები იმ უზარმზარ პანოსთან დაალაგა მოკრძალებით. "ჯონიბოი" გვიღიმოდა მოზაიკის პანოდან, ცოცხალივით გვიმზერდა.
"Strawberry Fields". ასე უწოდა ამ ადგილს შემდეგ.
არ ვიცი საიდან გაიგო, მარწმუნებდა, ასე დაურქმევიათ იმ ადგილებისთვის, სადაც თურმე მისი ფერფლი იყო მიმოფანტული.

მერე მამაც გარდაეცვალა. ბინა გაყიდეს და სხვაგან გადავიდნენ, თვითონ და მისი უფროსი და. სადღაც იქით, აფრიკის დასახლებისკენ.

ასე გაიყარა ჩვენი გზები.

მერეც ხშირად ვფიქრობდი მასზე. მენატრებოდა. მაგრამ არ ვიცოდი სად იყო, ან სად უნდა მეძებნა. მაგრამ მჯეროდა გამოჩნდებოდა. იმ დღის დადგომას ველოდი ყოველი წლის შემოდგომაზე. საშრობთან, კიბეებზე ჩამოვჯდებოდი და ველოდი მის გამოჩენას. მაგრამ არა. ასე გავიდა რამდენი წელი. არც გამოჩნდა და მისი მნახველიც ვერავინ ვნახე.

მოვიდა ერთხელ.
ბევრი წლის მერე.
კიბეზე მძიმედ, სვენებ-სვენებით ამოდიოდა. ნასვამი იყო, გაუპარსავი. ტანსაცმელიც შელახული ეცვა. გადამეხვია. მივხვდი ვერ აეწყო ცხოვრება, საერთოდ როგორც ხდება, მრავალმხრივად ნიჭიერ ადამიანებს როგორც ემართებათ ხოლმე. აბა დღეს რა დღეაო მკითხა. ვიცი პეტრუჩიო რა დღეც არის-მეთქი.

ოქტომბრის თვე იდგა. ცხრა რიცხვი. იმ დღეს შევხვდით მე და პეტრინიო დიდ ხნის განშორების შემდეგ.

გრავიურასთან მივედით ახლოს. ბინის ახალ მეპატრონეებს კარები თეთრად შეეღებათ, მაგრამ ლენონის სახე არ წაშლილიყო. თითქოს რძისფერი ნისლიდან იყურებოდა დიდი მაესტრო. სახის ნაკვთები მაინც იკითხებოდა, მაინც შერჩენოდა ის ძველი ხიბლი და დიდება. ჯიბიდან ბრტყელი ბოთლი ამოიღო პეტომ.  შიგ დარიჩინის ჩხირები ეყარა. ფულს ვაგროვებდი, შოტლანდიურია, ჯონიბოის სხვას ვერ ვაკადრებდიო - ასე თქვა. ნათელში ამყოფოსო და ბოთლიდანვე მოიყუდა. მეც ვთქვი გაანათლოს-მეთქი. მერე ჩუმად ვიდექით. ბოლოს ეზოში ჩავედით და გათენებამდე ვისხედით ტროტუარზე. ბავშვობა მენატრებაო ამბობდა. გამიკვირდა, რა დროს ბავშვობის მონატრებაა, ჯერ ხომ ბავშვები ვიყავით ისევ. ის წლები ჯერაც არ მიფარებოდა თვალს. ნაადრევად დაბერებულივით ლაპარაკობდა.

დამშვიდობებისას თვალი თვალში გამიყარა და ასეთი რამ მითხრა-
- "არ ვიცი როდის, მაგრამ რადგანაც მიწა მრგვალია, კიდევ შევხვდებით ალბათ ერთმანეთს - აუცილებლად."

ის დღე იყო და ის დღე, ამის შემდეგ აღარც მინახავს. თითქოს ცამ ჩაყლაპაო, არვინ უწყოდა მისი ასავალ-დასავალი.
ბოლოს გავიგე, სახლ-კარი და რაც რამ ებადა გაეყიდა და უცხოეთში გადახვეწილიყო.

წასულა.

სანამ აქ იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ერთად ვიყავით თუ არა, მაინც ვგრძნობდი მის არსებობას, ერთი ჰაერით ვსუნთქავდით მაინც, ერთი ცისა და საერთო ენერგეტიკის ქვეშ ვიყავით მოქცეულნი. მისი სიახლოვეს ვგრძნობდი ყოველთვის. როგორც ტყუპები გრძნობენ ერთმანეთს დისტანციაზე, ან, როგორც მონათესავე სულები ირხევიან ერთმანეთის სიახლოვისას. ამით კი მორჩა, ამით დამთავრდა ეს ისტორია.
თითქოს ბავშვობის ნათელ ეპოქას, უცებ დაესვა დიდი წერტილი.






თავი II
მერე კი, წლების მერე, ისე მოხდა, რომ მეც იმავე მიმართულებას დავადექი, მის კვალს მივყევი, და ალბათ ჩემზეც იტყოდა ვინმე, ცამ ჩაყლაპაო თუ დედამიწამ. მეც გავქრი ვიღაცისთვის უცაბედად, მაგრამ თავად ხომ ვიცოდი სადაც ვბრძანდებოდი. ზუსტადაც რომ ცასა და მიწას შორის ვიყავი გაჩხერილი და დღე მიყოფდა პირს ეს მოთუხთუხე ქვაბი თუ ღამე, არა ვუწყოდი. თვალშეუწვდომი ნაგებობანი და მანათობელ დირიჟაბლთა ესკადრილია დამყურებდა ზემოდან. მიწაზე კი კრიალა ლიმუზინთა ნიაღვარში გათქვეფილს, გაბმულ სირენათა გნიასი თუ გამომაფხიზლებდა, სააქაოს დამაბრუნებდა. ათასი ფორმის მინა-სარკეთა წიაღში ირეკლებოდა ქალაქის თვალისმომჭრელი ეკლექტიკა და ქუჩის დრამერთა მგრგვინავი ექო ეხეთქებოდა გიგანტურ კედლებს.

ხოლო ზეცა კი იყო წითელი.

თუ ამ ქალაქში ყოფილა ვინმე, უმალ მიხვდება რასაც ვგულისხმობ. ღამით წითელი ფერი გადაჰკრავდა. ცას ბაცი სიწითლე გადაეკვრებოდა ხოლმე შეღამებულზე.

დიდი დრო გასულიყო.
მეხუთე წელი იწურებოდა.
სიმართლეს გეტყვით, ამ საკვირველებათა მიწაზე ფეხის დადგმისთანავე არ შევდგომივარ მის მოძიებას. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ერთ ქალაქში ვცხოვრობდით. სხვა არაფერი მსმენოდა მასზე. წარმოდგენა არ მქონდა სად, რომელ რაიონში დაედო ბინა. უზარმაზარი და უკიდეგანოა ეს ქალაქი. ესეც არ იყოს, სხვა თავსატეხიც გამაჩნდა ბევრი. ადაპტაცია და შეგუება, აზრზე მოსვლასაც რომ ეძახიან. უცხო არესთან მორგებას ნიშნავს. მერე იყო და ორი თვის თავზე, ეიფორიამ რომ გაიარა, რაღაცა შოკი დამატყდა თავს და დეპრესიაც კი შემომეჩვია. უნდა მერწმუნოთ, არ მექნებოდა ვინმეს მოძებნის შნო ან ხალისი. ჯერ საკუთარი თავი მყავდა საპოვნი.
პირველი წელი, ქალაქის ამ კუთხიდან იმ კუთხეში წოწიალსა და გადაბარგება-გადმობარგებას მოვანდომე. "ღარიბი ვიყავ როგორც იესო", არც არაფერი მქონდა სათრევი. ერთი ჩანთა და ვებერთელა გლობუსი ერთი, საბედისწერო ღამის ნადავლი, კანარსელ ზანგთა მოსაგონარი და ღამის კლუბის მრგვალი სიმბოლო. სულ ახალბედა ვიყავი მაშინ. აბა იმ კლუბში მემართებოდა, თუ დასამართი მქონდა რაიმე. მერეც ხომ ბევრჯერ აღმოვჩენილვარ იისფერ კვამლის ბლანტე ბურუსში და მსხვრევად შუქთა სამფლობელოში.
საბოლოოდ კი, “ბეი-რიჯს” ეძახდნენ, ერთ წყნარ იტალიურ უბანში დავსახლდი.
აქ, ამ უბანში, ვერ იხილავდით ვერც ცათამბჯენებს და მაღლა ცასაც ჩვეულებრივი ფერი დაჰკრავდა. სიმშვიდე იდგა დამცხრალ ვნებათა. მაგრამ დიდი ხიდებით დიდი მდინარის გადალახვა მიწევდა ყოველდღიურად, ცოდვა-მადლითა და ეშმაკისეულ ბრწყინვალებით მოცულ კუნძულზე დროებითი გადასახლება. დავადგებოდი ორი სამყაროს შემაერთებელ, რკინათაბაგირთა ვეება მონსტრს და რაღაცას ვგრძნობდი, რაღაც უჩვეულოს. მიჭირდა თითქოს მძიმე სამყაროს ზურგით ტარება. და რაც დრო-ხანი გამოხდებოდა, ეს უჩინარი წყეული ტვირთი, უფრო და უფრო მიმძიმდებოდა. თითქოს მთელი გალაქტიკა მაწვა თავზე და ლამის იყო დედამიწისთვის მივესრისე. დასაწყისისთვის ვუძლებდი თითქოს. მისია მქონდა. არ ივარგებდა ამ მისიაზე ხელის აღება და ერთ დღეს, მგონი სწორედ იმ ხიდზე შემომეყარა ის უჩვეულო გრძნობა და განცდა. თითქოსდა რაღაცა მიჯნას გადაველ და რამე საზღვარს, საზღვარს რომელიც წარსულს და აწმყოს კიდევაც ყოფდა და აერთებდა თითქოს იმავდროს. და თუ აქამდე როგორც ჯამბაზი, ზედ ამ უხილავ ზღვარზე ვეკიდე, იმ დღეს კი, იმ დღით, სულ სხვანაირი სახე მიეცა, გეგონებოდა, აი ახლა კი მართლა გათავდა, მართლა დაესვა წერტილი იმ წლებს, უღრუბლო დღეებს... და ნელნელა ულმობელ, თამაშის უმკაცრესი წესებით სავსე ნამდვილ, რეალურ ცხოვრებაში შევაბიჯე. კარგი ამბავი ის გახლდათ მხოლოდ, კი გადავლახე ეს ზღვარი, მაგრამ თითქოს ჯერ კიდევ გზაგასყარზე ვიმყოფებოდი. ერთბაშად და ბოლომდე არ მწირავდა განგება. იმ წარსულ დღეებს ახალი სიცხადითა და გაცილებით მძაფრი განცდებით მაახლებდა და იყო ამაში ბუნების მხრიდან რაღაც კეთილშობილური, რადგან მზოგავდა, მზით და სითბოთი გაჯერებულ კადრებს მიგზავნიდა, მიმსუბუქებდა არსებობას. და შვებას მგვრიდა ეს ყოველივე.  როგორც რაიმე ტკივილმომხსნელი ანესთეზია, იმ ნათელ დღეთა სიმსუბუქე შემოჭრილიყო ჩემს არსებაში და იქვე ვგრძნობდი, კვლავ ბავშვობაში დავფარფატებდი. მაგონდებოდა მთელი დღის ნარბენს და ღონემიხდილს, მშობლიურ სახლში, საკუთარ ჭერქვეშ, ეკრანის წინ რომ ვეთიშებოდი გარესამყაროს. ხოლო შემდეგ კი ძილ-ბურანში მყოფს, ხელს ჩამავლებდა ერთი გრძნეული, ანაზდად ზურგზე მომიკიდებდა და ძილეთისკენ გადამაფრენდა. ხოლო დილით კი მართლა მიკვირდა, როგორ მივედი ჩემ საწოლამდე, ან ვინ ჩამაცვა ღამის პიჟამა, ვინ ჩამაწვინა ფრთხილად საწოლში, ანდა საერთოდ, როგორ აღმოვჩნდი იმ გახამებულ თეთრი საბნის ქვეშ.
ეს ცხადზე ცხადი წარმოსახვანი კი აკეთებდნენ თავიანთ საქმეს, მაგრამ მე უფრო სხვა რამ მინდოდა. მსურდა რომ პირისპირ შევხვედროდი იმ დღეებს და ხელით შევხებოდი მათ. და ისიც ვიცოდი, რომ აქ, ამ ქალაქში მეგულებოდა იმ დღეთა ლანდი, ერთი არსება, რომელსაც ბევრი სახელი ჰქონდა და თავად იყო მრავალნაირი. იმდენი სახის, იმდენი ფორმის, როგორიც თავად ჩვენი ბავშვობა..

სწორად მიმიხვდით. პეტრუჩი იყო მისი სახელი.

ხოლო როდესაც შეღამებულზე იმ ზეატყორცნილ შენობათ შორის, ალისფერ ზეცას დავინახადი, მაშინ ამდევნებოდა პეტრუჩიოს სახე. და დიდი ხნის წინანდელი მისი ნათქვამი...
ასე თქვა ზუსტად:
-- "სიქსილიონი წელი რომ იფირინო წამში სიქსილიარდი კილომეტრის სიჩქარით, მაინც ვერ მიხვალ დასასრულამდე, ცა არასდროს მთავრდება არსად. ხოლო აქ, ჩვენთან დედამიწაზე, თუკი ერთ მხარეს ივლი მუდმივად, ისევ იქ მიხვალ სადაც იდექი, სადაც დაიწყე მოგზაურობა.
სულ პატარები ვიყავით მაშინ.
მერე გულაღმა წამოვწვებოდით და მზერას კოსმოსს გავუსწორებდით. ჟრუანტელს გგვრიდა იმის წარმოდგენა, რომ მართლა არ შეიძლებოდა სადმე ზღვარი ჰქონოდა ამ ყველაფერს. ასე ვმსჯელობდით, ვთქვათ გადიფრინე სივრცე უსაზღვრო და რამე კედელს წააწყდი ბოლოს. და რამსისქე შეიძლება ეს კედელი ყოფილიყო, ვკითხულობდი მე. ან ის კედელიც ხომ გასრულდება და იმის იქით, ხომ კიდევ რამე იარსებებდა, და იმის იქით - ამყვებოდა პეტრინიო, და იმის იქით - ისევ მე,  კიდევ და კიდევ, ბევრჯერ, ბევრჯერ, მართლა უსასრულოდ შეგვეძლო შევყოლოდით ამ თამაშს და მორიგეობით გვეძახა "იმისიქით" და "იმკედლისმერე", გაუთავებლად, და საბოლოოდ დავადგენდით ჭეშმარიტებას, რომ უსაზღვროა ჩვენი სამყარო, არც დასაწყისი ჰქონია უწინ, არც დასასრული ექნება მერე..

და იმ დროიდან შევუდექი მის მოძიებას.
მის სიახლოვეს ვგრძნობდი, ვიცოდი, თავს ვერ დააღწევდა დიდ ქალაქთა ეშმაკისეულ ცდუნებებს და სადმე ბოჰემასა და ჰიპური ცხოვრების მორევში დაინთქმებოდა. შეერეოდა მეგაპოლისთა გრიალს და როკვას. მაგრამ ხანდახან წარმოვიდგენდი, როგორ გაექცა აგუგუნებულ ქალაქთა ცოდვას და წყნარ პრერიათა სიღრმეებში ჰპოვა სულის სიმშვიდე.
ეს მაფიქრებდა.
მარტის თვესავით იყო პეტიტო. და მარტში იყო დაბადებული. როგორც სახელი, დღეში რამდენჯერ შეეცვლებოდა ხასიათი და განწყობილება. სხვა ვინმე იდგა თითქოს სცენაზე, თითქოს დემონი ჩასახლებოდა. მერე შეეძლო განრიდებოდა ამ ყოველივეს და გამქრალიყო სადმე უეცრად. გახიზნულიყო სადმე სოფელში, ან მაღლა მთაში დაკარგულიყო.
ვეძებდი ყველგან.
თვალების ცეცებით დავდიოდი ამხელა ქალაქში და სასწაულის იმედი მქონდა.
იქამდე კი ქალაქის მრავალი ბარი თუ პაბი მოვიარე. სადაც შევაბიჯებდი, წამსვე მუსიკოსებისკენ გამირბოდა თვალი, ცხადად მყავდა წარმოდგენილი, გრძელთმიანი პეტრუჩიო, გიტარით ხელში, ან მიკროფონთან მდგომი ვოკალი, ყველაფერი შეეძლო-მეთქი ადრეც გითხარით.
იმ ადგილებსაც ვსტუმრობდი ხშირად. საკრალურ ადგილს. გასხივოსნებულ აურით მოსილს. გადავივლიდი ტყეებს, ველებს და ტბებსაც უკან მოვიტოვებდი. და საცალფეხო ზღაპრულ ხიდებსაც. მივადგებოდი მაღალ ხეებით შემოჯარულ, ყვავილნარებით შემოსილ ადგილს, იდუმალებით გაჯერებულ ამ უცხო ალაგს და იქვე მერხზე ჩამოვჯდებოდი. ველოდი დიდხანს, დაუსრულებლად, სანამ დღე ღამედ გადიქცეოდა. არ ჩანდა პეტრო. არცერთხელ არ მოსულა. და არც შემშლია ვინმეში იგი, რომ გული წამით ამჩქროლებოდა.
ხოლო როდესაც იმედის ყოველი სხივი მინავლდებოდა, სახლში დაბრუნებული, დაქანცული და ბედთან შერიგებული, ტანსაცმლიანად მივეგდებოდი, ძილიც კი აღარ მეკარებოდა, წარმოდგენებში ვიკარგებოდი და ის დღეები მაგონდებოდა..
სულ სხვანაირად ვჭვრეტდით სამყაროს. და როგორც გვსურდა ისე დავსხამდით მზესა და მთვარეს. დღის განაწესსაც ჩვენ ვუწესებდით ციურ სხეულთა მორიგეობას. ოკეანეებსაც ჩვენი სურვილისამებრ მიმოვაქცევდით და მნათობდა ერთპიროვნული განმკარგავები ჩვენვე ვიყავით.
ერთხელ, მორიგი გარინდებისას, ასე თქვა პეტომ:
" თუ გინდა დღისით, მოწმენდილ ცაზე, მე დაგანახებ ვარსკვლავთა ციმციმს ".
-როგორ არ მინდა.
-მაშინ, მომყევი.
და წამიყვანა.
(მერე გამანდო ეს საიდუმლო, ბუნების წიგნში ამოეკითხა ამ უჩვეულო ხრიკის ამბავი. სწორედ იმ წიგნში, კაბინეტიდან რომ წამოვიღეთ).
რაღაცა ხვრელი ეპოვა ხევში, ვიწრო და ბნელი. ჭას მივამსგავსე. ჭა იყო მართლაც. კანალიზაცია გადიოდა ამ ჭაში და შიგ ჩამიყვანა. ბოლომდე, ძირის-ძირამდე ჩავყევით ამ ხვრელს. უკან მომყევი, არ გაჩერდეო ამომძახოდა. მეც მივყვებოდი, სხვა რა გზა მქონდა. და როდესაც თითქმის ფსკერამდე დავედით, ჭაში გამავალ ბინძურ მასებს თითქმის რომ შევეხეთ, მაშინ წარმოთქვა: --
"ახედე ზეცას ".
მე ავიხედე..
ღმერთო დიდებულო. მილიონი მნათობით, ვარსკვლავითა და ციური სხეულით მოჭედილიყო მთელი სივრცე. თან დღე კი იყო, მაგრამ ბნელოდა. თითქოს სინათლე-სიბნელის გასაყარზე ვიდექით და გეგონებოდა, ღამემ კარი გაგვიღო, თავის საძინებელში შეგვაჭყიტა, გამჭვირვალე პერანგი მხრებიდან ნელ-ნელა ჩაიცურა და წამით შიშველი წარდგა ჩვენს წინაშე. ცას ავყურებდი გაოგნებული. არ ვუჯერებდი საკუთარ თვალებს..
და დაიმორცხვა უეცრად ღამემ, მოხურა კარი იმ საძინებლის. თვალი სიბნელეს შეჩვეოდა და ალბათ ამის ბრალი თუ იყო, რომ ისე სწრაფად გაქრა ყოველი, ვით დაიბადა და გადაიშალა ჩვენს თვალწინ ეს იდუმალი, ადამიანთაგან დაფარული რეალობა.
(მას მერეც ხშირად დავნთქმულვარ ფსკერზე, რომ განმეცადა აღმასვლის ხიბლი და სიბნელეშიც მივლია რადგან, თუ არ ყოფილხარ უკუნის მსხვერპლი, ვერ შეიმეცნებ სინათლის ძალას)..
ლამაზ კადრებად ჩამიქროლებდა თვალწინ ბავშვობა და სასაცილო ახირებანი ამ უცნაური ადამიანის.
იქამდე გათამამებულიყო, ბუნების ფერებიც კი არ აკმაყოფილებდა პეტრუჩიოს. ღმერთებს ებრძოდა პატარა ბიჭი. მათ ხელში იყო, უფრო ლამაზად, მკვეთრი ფერებით რატომ არ შექმნეს ეს ყველაფერი. ამას დარდობდა და განიცდიდა. მომცრო შუშის პრიზმა დაჰქონდა თან. იმ შუშაში ვიყურებოდით გამუდმებით. იმ ლინზაში მზის სხივთა გარდატეხილ და დამსხვრეულ სპექტრის ფერებად აღვიქვამდით არე-მარეს. თავისთვის გადანახულ ჯადო ფერთა პალიტრას ვტაცებდით ბუნებას. ეს კი მეორე ქურდობა იყო. იმ წიგნის მერე ბუნების კაბინეტს გავცდით, თვითონ ბუნებას დავუდარაჯდით. ოღონდ წიგნი რა მოსატანია, თავად სამყაროს ვპარავდით ფერებს. თვითონ კი ასე ამბობდა პეტო: - ეს ფერები ნამდვილად არსებობენ, უბრალოდ სანამ აქამდე მოვლენ, ხუნდებიან და სიმკვეთრეს კარგავენ, იმიტომ, რომ მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უხდებათ და ჩვენამდე იმ თავდაპირველი სიკაშკაშით ვეღარ აღწევენო.
ერთხელ ვიხილე დაწყნარებული, ერთხელ თქვა მხოლოდ, თოვდა თბილისში -- "ოო, ეს კი მესმის, რად მინდა ფერი, ამ სითეთრეზე უფრო სასურველს ვერც ინატრებდა ადამიანი".
ის ცა კი ისევ იყო წითელი.
ვის აღარ ვკითხე, არვინ იცოდა, რა შეიძლება რომ ყოფილიყო ამის მიზეზი. ზოგი რაღაცა ინფრა გამოსხივებას ახსენებდა და თეორიებს იშველიებდა. ზოგი საერთოდ ვერც კი ამჩნევდა ამ საოცრებას და ვერც ხვდებოდა რას ვკითხულობდი. მერე ყველას შევეშვი და ჩემთვის ავხსენი ასე: - ალბათ ჰორიზონტებამდე გადაჭიმულ წითელ ნეონთა ნათება თუ იკრიბება-მეთქი ქალაქის თავზე და ამ სინათლეს თუ ირეკლავდა უძირო ზეცა. ასე ვფიქრობდი, ასე მინდოდა რომ ყოფილიყო, რადგან არ მსურდა ამ მოვლენის სხვაგვარი ახსნა. ათასგვარ მეცნიერულ ჰიპოთეზებსა და ვარსკვლავთა ინფრა ნათების თეორიას თუ სხვა განმარტებებს ვერ მივიღებდი, ვინაიდან მჯეროდა, რაც კი ხდებოდა ამ მზისქვეშეთში, აქ, ამ ორი მდინარის პირმშო, მიწის ამ მცირე ნაგლეჯზე იღებდა დასაბამს.
და ასეც იყო მე მგონი მართლა..

* * *
დღეები რბოდნენ. გადიქცეოდნენ უცებ თვეებად. შემდეგ კი წლებად მევლინებოდნენ.
ვერ ვპოულობდი პეტრინიოს.
იქ ყოფნის მცირე ხანიღა გახლდათ ჩემ განკარგულებაში. ბოლო ცდა იყო შემორჩენილი. ამ ბოლო ცდაზე მქონდა იმედთა, ყოველი ფსონი გაკეთებული. ამბების გამოგონების ოსტატი იყო-მეთქი პეტრო, ადრე გითხარით. მაგრამ ეს გამოგონილი ამბები შემდეგ ცხადდებოდა ყოველთვის. არ ვიცი, წინასწარმეტყველი და გულთმისანიც თუ იყო ყველაფერთან ერთად. ამის იმედი მქონდა. ვიცოდი რომ დადგებოდა დღე, მე მივიდოდი და ის იქ, სწორედ იმ ადგილზე დამხვდებოდა. ვიცოდი, რომ არ მიღალატებდა ინტუიცია. გამოჩნდებოდა, თუკი ცოცხალი იყო საერთოდ. ხანდახან მზარავდა კიდეც იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება გზა აბნეოდა და ალკოჰოლში ეპოვა შვება. ანდა ნარკოტიკს მიძალებოდა და სიცოცხლეც კი არად ჩეგდო. ბოლოს რომ ვნახე, არ მომეწონა მისი თვალები. მითხრა ოდესმე შევხვდებით ალბათ, თუმც აცრემლებულ თვალეთა სიღრმეში, უიმედობა, სასოწარკვეთა იკითხებოდა..

* *
სულ სხვა ქალაქში ვცხოვრობდი უკვე.
იწურებოდა ვადა იქ ყოფნის. ორიოდ კვირა თუ მეპყრა ხელთ და მომდგარიყო ბოლო ცდა კარზე. ბოლო იმედი. მე მეტი შანსი არ მექნებოდა და შეიძლება აღარც არასდროს, ვეღარასოდეს მენახა იგი. ის უცნაური, უსაზღვრო სევდის და დედამიწის მილიარდ ფერთა მატარებელი ადამიანი.
ოქტომბრის თვე იდგა.
ჩემი იმ ქვეყანაში ყოფნის ბოლო ოქტომბერი. წლის ამ დროის პენსილვანია ვისაც არ უნახავს, მას არ უნახავს თვით შემოდგომა და ფერთა გამა სულისშემძვრელი. ლურჯ ნისლთა სიმფონიაც არ უნახავს და პეტრუჩიოს შუშის პრიზმაში დამსხვრეულ სხივთა აელვარება. სხივების, რომელნიც პირველადი სახით, მთელი თავისი სიდიადით ეფინებოდა გარესამყაროს და ირეალურობის საბურველში შთანთქვდა ირგვლივ ყოველივეს. ნეტა მყოლოდა იქვე, ჩემ გვერდით და საკუთარი თვალით ეხილა, უთვალავ ფერთა ეს აფეთქება და შემოდგომის მელანქოლია. სულ იმას წუხდა, რატომ არ ჰყოფნის, ზეცას სილურჯე, ხოლო ხმელეთს კი მკვეთრ ათინათთა მონაცვლეობა..
ამ პენსილვანიურ ზღაპარში ყოფნის ბოლო დღე ღამდებოდა.
მეორე დილით მივემგზავრებოდი მაღალ შენობათა ქალაქში. იქ, სადაც დრამთა მგრგვინავი ექო ეხეთქებოდა გიგანტურ კედლებს, სადაც ნეონთა გამოსხივების იდგა მეფობა და ჭრელა-ჭრულა პარაპლანები სერავდენ ზეცას. მთელი ჩემი ავლა-დიდებისთვის თავი მომეყარა და თავით-ფეხებამდე მზადმყოფი, თვითმრინავის ბილეთებს დანანებით დავყურებდი. აქეთ მოვიჩქაროდი. აქეთ, სამშობლოსკენ. თუმც ვერ ვიყავი მთლად ბედნიერი, რადგან მეგონა ცუდს ჩავდიოდი. რომ ვღალატობდი დედინაცვალს და სახლიდან ჩუმად ვეპარებოდი. ვეპარებოდი იმ დედინაცვალს, რომელმაც ბევრი სითბო მანახა და არც სიმკაცრე არ დაუკლია. გამომატარა ათას ქარცეცხლში, რათა მეწვნია მარცხის სიმწარე, გამარჯვებების სიტკბოც მეგემა და მებრძოლადაც ვექციე ბოლოს.
ის დღეც გათავდა.
საოცარია, ღამე სიზმარში ვნახე პერტუჩი.
არასდროს მანამდე არ გამომცხადებია სიზმრად. არცერთხელ. მცირე ხნითაც კი არ მომვლენია ზმანებებში მისი სახება.
და დამესიზმრა იმ ღამით პეტრე.
ვითომ დიდები ვიყავით უკვე. გაშლილ ზღვაში ნავით მივცურავდით და დინებამ ამ ზღვის და მდინარისა შესართავამდე წაგვიღო. შემდეგ თავად მდინარეში შევცურეთ. საკვირველია, რომ ეს მდინარე ზღვას არ ერთვოდა. არა, პირიქით, ზღვიდან თავაღმა მირაკრაკებდა, უეთდებოდა მდინარეს წყალი. თავად მდინარეც ზემოთ გარბოდა, სათავისაკენ მიისწრაფოდა. წაგვიღო მერე. ჯერ ვაკესა და ტრიალ მინდვრებზე მიგვაქანებდა, შემდეგ ხეობებს შორის გვატარა, შემდეგ ქედებს და სალ კლდეებს შორის. ასე მივყავდით მაღლა და მაღლა, დათოვლილ მთებს და მწვერვალებამდე. და ბოლოს მიწიდან გამომავალ ერთ პატარა ნაკადულამდე მივედით, იმ წერტილამდე საიდანაც თავად ეს მდინარე იღებდა სათავეს და სადაც ყოველი, იყო ისეთი წმინდა და სუფთა.
დილით სიმშვიდე დამუფლებოდა. ვერ ვხვდებოდი რა, მაგრამ თითქოს რაღაც მიხაროდა. შემდეგ ეს უცნაური სიუჟეტი ამომიტივტივდა და კიდევ უფრო დავმშვიდდი. სიკეთის ნიშნად ჩავთვალე მახსოვს, ჩვენი ბავშვური საწყისებისკენ სიზმრისეული რბოლა და სწრაფვა.
დიდ ქალაქამდე მატარებლით ჩავედი.
იყო დრო, როდესაც იქით, საპირისპირო მიმათულებით მივდიოდი და ერთ გაბდღვრიალებულ, ალადინისეული ლამპარებით გაჩირაღდნებულ დაწესებულებაში გულისფანცქალით შევაბიჯებდი. ათასი ჯურის ხალხი ირეოდა. ვინ რას იგებდა, ვინ რას აგებდა. მილიონ დანადგარსა თუ სათამაშო მაგიდას გაუდიოდა წკრიალ-ბზრიალი. და იყო ირგვლივ გამეფებული, იმ მავედრებელ თვალთა ფეთება. არ დაგიმალავთ, მეც შევყოლილვარ აზარტის ვნებას, ბოლო დოლარსაც ჩავსულვარ კონში და წამიგია ბოლო დაიმიც. მაგრამ ეხლა საითაც მივემართებოდი, რომელი მოგება ან წაგება შეედრებოდა იმას, რაზეც ახლა მქონდა ფსონი დადებული. ან მოვიდოდა პეტრე, ან არა. ბოლო ცდა იყო. მე მეტი შანსი არ მექნებოდა. მეტ მოწყალებას არ გაიღებდა ალბათ ფორტუნა. ბავშვობას ვდებდი მწვანე ხავერდზე და პეტრუჩიოს ჯადოსნურ პრიზმას. ფირფიტას კიდევ, დიდი ხნის წინათ ნაპოვნ ფირფიტას, იმ სირფრიფანა ცისფერ თილისმას..


საღამო იდგა.
ოქტომბრის ნიუ-იორკული საღამო.
ადრე, სულ ადრე, ისევ და ისევ ბავშვობის წლებში, როგორი შორი, მიუწვდომელი, მეჩვენებოდა ქალაქი იგი.
ვერ წარმომედგინა, აქ წელიწადის დროები თუ არსებობდნენ.
და თუ იცოდა ზამთარი მკაცრი. ან შემოდგომა, ანდა თუ თოვდა და გაზაფხულზეც თუ ყვავილობდნენ მცენარეები. არც ის მეგონა, დილა, შუა დღე, ანდა საღამო თუ იქნებოდა. ვერც იმას ვიფიქრებდი, ხეებიც თუ იდგა აქ, ამ ქალაქში და ჩვეულებრივ, ჩიტიც თუ ხტოდა ტოტიდან ტოტზე. ჩემი წარმოდგენები სულ სხვა რეალობაში მოიაზრებდნენ ქალაქს და თავად სახელწოდება მისი, რაღაცნაირ შიშნარევი აღმაფრენასა და ინტერესს მგვრიდა ყოველთვის. ვერც ვიაზრებდი, ამხელა მონსტრი, დედამიწაზე თუ არსებობდა. პლანეტა მარსი, ან მზის სისტემის სულ სხვა პლანეტა იხატებოდა წარმოდგენებში და ამ პლანეტაზე ჰუმანოიდთა მიერ დაარსებული ქალაქი-კოლონია, სადაც სიცოცხლეც ხელოვნური იყო და სადაც მფრინავი თეფშები დასრიალებდნენ შენობებს შორის. და ადამიანებსაც უცნაური იერი ჰქონდათ, ასე მეგონა, სკაფანდრებით აღჭურვილნი დაიარებოდნენ.
ახლა კი, რა ვთქვა, სულ სხვანაირი ყოფილა თურმე. ჩვეულებრივი და მიწიერი. მთელი თავისი ხიბლით და ნაკლით. აელვარებულ, გაცისკროვნებულ ქუჩებთან ერთან, იყო სიბნელეც, ერთი შეხედვით უწესრიგობაც მეფობდა თითქოს. მაგრამ ცდებოდა ვისაც ეგონა, რომ ეს ქალაქი სადღაც შორს იყო, სხვა პლანეტაზე, სხვა სისტემაში. არადა აქვე ყოფილა თურმე, დასახლებული უბრალო ხალხით, სიკეთითა და სითბოთი სავსე. და ქაოსიდან დაბადებულ ჰარმონიასაც გამოარჩევდა მახვილი თვალი. რის სკაფანდრები და სულის ხუთვა, თუ კი ივლიდი ჩრდილოეთისკენ, ამ ცადშემართულ შენობებს შორის, კამკამა ჰაერს და მწვანე ბალახს, ტყეებს და ველებს, ტბებს და კუნძულებს წააწყდებოდი.
სწორედ ამ მიმართულებით მივდიოდი, ამ სანხებისკენ მვემართებოდი. მგონი გითხარით, ადრეც ბევრჯერ ვარ ნამყოფი აქეთ. გაგიმეორებთ და გეტყვით კიდევ, რომ ამ ადგილებს ვსტუმრობდი ხშირად. საკრალურ ადგილს. გასხივოსნებულ აურით მოსილს. გადავივლიდი ტყესა და ჭალებს და ტბებსაც უკან მოვიტოვებდი. და საცალფეხო ზღაპრულ ხიდებსაც. მივადგებოდი მაღალ ხეებით შემოჯარულ და ყვავილნარით შემოსილ მხარეს, იდუმალებით გაჯერებულ ამ უცხო ალაგს და იქვე მერხზე ჩამოვჯდებოდი. ველოდი დიდხანს, დაუსრულებლად..
დიახ, იმ შემოდგომის წყნარ და მშვიდ საღამოს, უკანასკნელად მივიჩქაროდი იმ ადგილისკენ. ბოლოჯერ უნდა მეცადა ბედი. დილისკენ, მგონი შვიდ საათისთვის ველოდი ბოინგს. თუ ის მელოდა. მოკლედ, აქეთ მოვფრინავდი. ამ გაურკვევლობის ბურუსითა და უიმედებოს ჯანღით მოცულ ქვეყანისკენ, რომელსაც მაინც სამშობლო ერქვა.
და თუ იმ ღამით არ მოვიდოდა, ვეღარასოდეს ვნახავდი მერე. თუმცაღა გეტყვით, კი მქონდა განცდა, რომ ბედი თითქოს ჩემ მხარეს იდგა და რაღაცნაირ აზარტსაც ვგრძნობდი. სიზმარი გახლდათ ამის მიზეზი.
იმასაც გეტყვით, ზუსტად ისევე, როგორც მანამდე, მრავალი წლის წინ, ამ ზეატყორცნილ შენობათ შორის, ცა კვლავ ალისფრად შეღებილიყო.
ხოლო ამ ცაში, არ ისე მაღლა და არც ისე შორს, მფრინავი ბურთი დალივლივებდა...
კარგად რომ დავაკვირდი ჩრდილოეთისკენ მიიწევდა ეს ბურთი, ჩემ მიმართულებას ემთხვეოდა მისი მოძრაობა და თითქოს ზედ თავზე მადგა ნათელი და გაოცებას არ ჰქონდა ზღვარი, როდესაც მხედველობა დავძაბე და ცხადად გავარჩიე, რომ ამ უზრმაზარ საჰაერო ბურთზე, მისი სახე გამოესახათ. ჩვენი, ჩემი და პეტრუჩიოს ბავშვობის ღმერთის სახე დაეხატათ ამ დირიჟაბლზე და წარწერა ქვემოთ, იუბილეს რომ მიანიშნებდა. იმ დღით სამოცი წლის გამხდარიყო, ჩვენი კერპი და ხატი ჩვენი.
არასდროს მჯეროდა იმათი, ვინც საკუთარი თავის გარშემო ნიშნების მთელ წყებას და გალერეას ქმნიან და თუ გამუდმებით არა, დროდადრო მაინც, მათი კარნახით მოქმედებს.
მაგრამ ვიდექი ფაქტის წინაშე. ეს ხომ მეორე ნიშანი გახლდათ, ღამისეული იმ სიზმრის შემდეგ.
სიმბოლოების უნივერსალურ ენაზე მელაპარაკებოდა სამყარო.
კიდეც მიკვრდა და არც ვიყავი გაკვირვებული. ვიცოდი რამეს მოიფიქრებდნენ, რამე სასწაულს, ორიგინალურს და გამორჩეულს. ის მაოცებდა მხოლოდ და მხოლოდ, ზედ თავზე მადგა მფრინავი ბურთი და თან ფეხდაფეხ მომდევდა თითქოს. გეგონებოდა ჩემ ფიქრებს ჩასწვდა, გულისნადები გაეგო ჩემი. და ოდნავდაც თუ გადამასწრებდა, გაიზრდებოდა თუკი მანძილი, გაჩერდებოდა მყისვე ადგილზე და ცის კაბადონს გაეკვრებოდა. მიცდიდა თითქოს. არ აპირებდა თითქოს გაქრობას. მე კი ნაბიჯს თუ ავაჩქარებდი, ისევ ამ მანათობელი ბურთის ქვეშ აღმოვჩნდებოდი. ბოლოს სისწრაფეს რომ მოუმატა, თითქოს მოსწყინდა ჩემთან თამაში და წინ წავიდა, დამშორდა ნელა, კარგა მანძილზე გაესწრო ჩემთვის. ვკარგავდი ნაღდად, უკვე აშკარად შორს წასულიყო, მხოლოდ წერტილად მოსჩანდა ცაზე. ის მაწყნარებდა, რომ კი გამცლოდა, არც ჩანდა თითქმის, თუმცა შვება კი მაშინ ვიგძენი, როცა დავრწმუნდი, იმ ადგილისკენ, "მარწყვთა მდელოსკენ" აეღო გეზი.
ერთი გზა გვედო, ერთი ბილიკი. მეც ხომ იქითკენ მივისწრაფოდი.
და მოვუჩქარე ნაბიჯებს უცებ. ჯერ ცოტა ნელა, მერე კი ჩქარა, და უფრო ჩქარა, უფრო და უფრო, და ვერც კი მივხვდი, გადაზრდილიყო ეს ნაბიჯები, იმ მანათობელ დირიჟაბლისკენ თავდაუზოგავ სრბოლაში თითქმის. აღარც შუქნიშნებს ვერიდებოდი, არც ინვალიდებს ეტლით მიმავალთ და მოურიდებლად მივაპობდი ბროდვეის სივრცეს. არ დაგიდევდით გზაჯვარედინებს და არც შუქნიშნებს. ყვითელ კებებსაც ზედ ვახტებოდი. უკან მომდევდა ინდოელ მძღოლთა წყელვა და კრულვა.
გავრბოდი.
მზერა თანდათან მიბინდდებოდა და ვერ ვხედადი თითქმის ვერაფერს. თვალთა არეში მხოლოდ ნეონთა ჩამოწელილი ფორმები ჩანდა და ბლეიზერთა ცივი ნათება და გათხაპნილი ციალი გლიმსთა. ხმა საკუთარი გულისცემის მესმოდა მხოლოდ. სხვა ვერაფერს და ვერვის ვხედავდი.
თავდავიწყებით მივრბოდი იქით. ჩამოვიტოვე მრავალი ქუჩა, მრავალი ბლოკი და ავენიუ. ცოტაც კიდევ და აი მინავლდა ქუჩის ქაოსი და მანქანათა გუგუნიც შეწყდა. აქ იწყებოდა სხვა რეალობა, სულ სხვა სივრცე და სულ სხვა აურა. და შევაბჯე თითქოს ზღაპარში. იდგა სიმშვიდე, და ნეტარება სუფევდა ირგვლივ. კიდევ ცოტაც და ფეხს შევადგამდი მრუდე სარკეთა სამფლობელოში, სადაც სხვაგავარად აღიქმეოდა და თავდაყირა იდგა ყოველი. ამ ცადაზიდულ შენობათ შორის, უზარმაზარი სიმწვანე იდო. და მერამდენედ, კვლავ გავიარე ეს მდელოები, და ბილიკები, ტბები, ველები და ხეთა ჯარი და მივადექი ისევ იმ ადგილს, რომელსაც ბევჯერ ვსტუმრობდი ადრე. მოლოდინით და იმედით სავსე.
ბნელოდა უკვე.
ის ბურთიც თავზე მეკიდა ისევ. იდგა სიჩუმე და მდუმარება, მხოლოდ სანთლების შუქთა ლაპლაპში იკვეთებოდა მოკვდავთა სახე და კრძალვა მათი და მოწიწება. შეჯგუფულიყვნენ იმ ერთ ალაგზე, ზოგი პირდაპირ მიწაზე იჯდა, ზოგი კი იდგა და ზეცისაკენ მიეპყრო მზერა. იმ მანათობელ ბურთს უყურებდნენ. იყო ცრემლიც და ჩუმი ტირილიც. და ყვავილები, ბევრი ყვავილი, ბევრი გვირგვინი და თაიგული. გარდა ამისა იყო სიცილიც და ნეტარებაც. სიმღერაც იყო და იმ ჯადოსნურ ბგერათა ფრქვევაც და ტკივილამდე ნაცნობ მოტივთა მონაცვლეობა.
დიახ, იქ გახლდით, "მარწყვის მდელოზე", დიდი მაესტროს ხსოვნის მექაში.
"Strawberry Fields"-ზე მივაბიჯებდი.
ვიცოდი, ვგრძნობდი იქ იქნებოდა, შინაგანი ხმა მამცნობდა ამას. როგორც ადრე და როგორც მრავალჯერ, კვლავ დავდიოდი თვალთა ცეცებით. ხვდებით მშვენივრად, ვისაც ვეძებდი. ვგრძნობდი იქ იყო. მჯეროდა ამის როგორც არასდროს. და ის ნიშანიც ხომ იქვე მყავდა, ცაზე ეკიდა.
აჰა, მომესმა ის ჰარმონია და კლავისინის ცივი ტონები. გახსოვთ, იმ ნემსმა და იმ ფირფიტამ ერთმანეთი რომ მოძებნეს უწინ? იქით წავედი. ხალხი ჯგუფებად შეკრებილიყვნენ. სხვა ბევრ ადგილზეც ისხდნენ ჰიპები. და თავზე როგორც ზეცის ნათელი, მოწნულ გვირგვინთა სითეთრე ედგათ. მღეროდნენ ჩუმად და კუპლეტებად გააჟღერებდნენ სიმღერის ტექსტებს. მაგრამ გეტყვით, რომ იმ ადგილიდან სხვა ჰარმონია ერწყმოდა ჰაერს. ძველი, ნაცნობი და ახლობელი ჰანგები იღვრებოდა.
შეჯგუფული და ერთმანეთს მიტმასნილი ხალახი გავარღვიე და რის ვაი ვაგლახით სიღრმისკენ წავიწიე. ვიღაც უკრავდა თავდავიწყებით და იმ მაგიურ სტყვებს წარმოთქვამდა, დიდი ხნის წინ მოსმენილს და ვერ გაგებულს. შემდეგ კი ნათარგმნს, მაინც ვერ აღქმულს და ვერ ჩაწვდომილს.
ლოცვასავით ჩამესმოდა ის მისტიური, თითქოს დაშიფრული ფრაზები, მეოთხედი საუკუნის წინ, უბრალო სიტყვების რახარუხად რომ მოგვეჩვენა პატარა ბიჭებს.
ხალხის მასა მოურიდებლად გავჭერი და მომღერალს მივუახლოვდი, გვერდით მივუჯექი. ძველისძველი კლავისინი ედგა წინ და ზურგს უკან გიტარაც ჰქონდა მოგდებული. თვალები დაეხუჭა და მღეროდა თავდავიწყებით. ვერც კი ამჩნევდა მის ირგვლივ ამდენი ადამიანის მოზღვავებას. ხალხიც აჰყოლოდა. მთელი ეს მასა, ერთ სულ და ერთ ხორც ქცეულიყო. მომაჯადოვებელ ხმათა ტონალობა ერწყმოდა გარემოს და ტემბრათა სინთეზით გაჯერებულიყო ირგვლივ ყველაფერი. მომღერალი ისე შთანთქმულიყო მუსიკაში, ჩემი მისვლაც კი არ გაუგია. ვაცადე ერთხანს და ბოლოს გულმა ვეღარ გამიძლო. ფრთხილად, ისე რომ ხელი არ შემეშალა, ძალიან ფრთხილად შევეხე, თავზე გადავუსვი ხელი.
ის კი მღეროდა თავდავიწყებით.
მერე უცაბედად გამოერკვა, გამოფხიზლდა, შემომხედა და თვალი თვალში გამიყარა. არ შეუწყვეტია სიმღერა. არც ზეწამოჭრილა და არც შლეგივით გადამხვევია. თვალები გაუფართოვდა, ენა დაება, თითქოს სიტყვებიც დაავიწყდა და პირიც კი გაუშრა წამიერად. ბოლოს გონს მოეგო და მღერა გააგრძელა.
ათრთოლებული ხმით მღეროდა პეტრუჩიო.
თვალი არ მოუცილებია, ერთხელაც არ გაუხედავსა კლავიშებისკენ. დაბნეული შემომცქეროდა და ვატყობდი უჭირდა დაკვრაც, სიმღერაც და გაფითრებულმა ხმადაბლა, ჩუმად, ჩურჩულით, ხმის კანკალით, უფრო ლექსის ფორმით წარმოთქვა ტექსტის ბოლო ფრაზა...
"სწორედ იმიტომ,
რომ დედამიწა არის წრიული
და არის მრგვალი,
ეს მანთებს გრძნობით
და სასიცოცხლო ძალასაც მმატებს.."
-ამბობდა იგი და ხმა თანდათან ეკარგებოდა, სულ უფრო ჩუმად, თითო ტონით ქვემოთ ეშვებოდა, თანდათან ხმა უდაბლდებოდა და ბოლოს გაჩერდა, დადუმდა, ვერც დაასრულა ტექსტი. და როგორც ორკესტრის დირიჟორს, იქ შეკრებილი ხალხიც მის ემოციებს აჰყოლოდა, მასთან ერთად მინავლდა მათი ხმაც, განელდა, მიილია და ბოლოს გაქრა კიდეც. სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. ირგვლივ სანთელები ელვარებდნენ. ყველა მე მომჩერებოდა, ჩემსკენ მოეპყროთ მხედველობა. ისიც მე შემომცქეროდა, მე მიყურებდა, თვალებში შემომცქეროდა პეტრუჩიო და ყველაფერი ერთდროულად იკითხებოდა მის გაოცებითა და მოულოდნელობით სავსე სხივში, უსაზღვრო სევდა, განცდა უზომო, ბედნიერება და უბედობა, სიხარულიც და მწუხარებაც. მერე კი გამოფხიზლდა თითქოს, გაურკვევლობის საბურველიდან გამოვიდა და თვალებიდან, სიყვარულით და რწმენით სავსე თვალებიდან, ჩვენი კრიალა ბავშვობის მოგონებებით გაჯერებული და დამძიმებული, წმინდა, გამჭვირვალე ცრემლი ჩამოუგორდა...

...ის ქალაქი კი იყო დიდი და უშველებელი.
ქალაქს თავზე უფრო უშველებელი წითელი ცა ეხურა. ამ ქალაქში თვალმიუწვდომი ნაგებობანი იდგნენ და ლაჟვარდებში მანათობელი დირიჟაბლები დაცურავდნენ. ჩვენ კი მიწაზე ვიყავით და ანთებულ, მოელვარე სანთელთა ნიაღვარს წაველეკეთ.  ათასი ფორმის მინა-სარკეთა სიღრმიდან გამოსჭვიოდა ქალაქის თვალისმომჭრელი მრავალფეროვნება. ჩვენს დანამულ თვალებში კი შორეული ბავშვობის წლების ნამსხვრევთა ბრწყინვა ირეკლებოდა. ხოლო მიწა და ზეცა იმ მისტიურ ბგერათა ჰარმონიაში გახვეულიყო, რომელიც ადრე, დიდი ხნის წინ, ღრმა ბავშვობაში, კარადის თავზე აღმოვაჩინეთ...
მერე დავკარგეთ.
და კვლავ ვიპოვეთ.
ვიპოვეთ, რადგან ვიყავით ერთად...

... და იმიტომაც ვიყავით ერთად,
რომ დედამიწა მრგვალია მართლა,
და ცა კი ლურჯი,
ასე განსაჯეთ წითელიც ზოგჯერ,
და რომ ვისხედით "მარწყვის მდელოზე"
ის ზეპელინიც ხომ იყო ცაში.
და "ღმერთის" სახეც წითელ ცის ფონზე,
და ერთ მხარესაც ხომ დავადექით,
ბოლოს ხომ შევხვდით საწყის წერტილთან.
და წარსულსაც ხომ შევეხე ხელით.
საკვირველი კი ის არის ალბათ,
რომ შეიძლება არც კი ვიყავით,
ან შეიძლება არც ვარსებობდით,
ან პარალალელურ სამყაროების
წარმოსახვებში ვხცოვრობდით მხოლოდ.
და ალბათ იქვე, სადმე მახლობლად
ბრუნავდა ნელა სატურნის დისკოც.
შორს კი, ძლიერ შორს,
ტრილიონობით კილომეტრს იქით
უკიდეგანო ტრამალთა მკვიდრი
ანტილოპათა რემა ფხიზლობდა.
და გაფანტული მოგონებანი
შეკრებილიყო ერთ მოზაიკად,
ჩვენი ბავშვობის ფერად ხატებად
და გრავიურად ეკიდა ცაში..
თავად ზეცა კი არ მთავრდებოდა,
იყო უძირო
უკიდეგანო
და უსასრულო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები