ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2014


გოგოცა

დედამ თქვა, საბრალოს  რაც შვილი გარდაეცვალა , მის მერე თვალისჩინი წაერთვაო...
გათხოვებამდე ულამაზესი ქალი იყო, ტანმორჩილი, შავთვალწარბა და ეშხიანიო.
ოთხი  შვილი გააჩინა:    ორი ვაჟი და ორი ქალიო.

ამის გამო ჩემთვის გასაკვირი უამრავი რამ ხდებოდა ჩვენს უბანში:
გოგოცას  ყველაზე სუფთად ეცვა მთელ სოფელში, მასაც და მის მეუღლესაც,დაკერებული, დაკემსილი, ოდესღაც შავად შეღებილი, ახლა უკვე მზისგან  გადამწვარი და შეწითლებული, მაგრამ სუფთა.
საკურთხის კვერებს დააცხობდა და სანთელს აუნთებდა თუ არა, ბავშვებს გამოგვიტანდა და  ჩამოგვირიგებდა, სიხარულით გამოვართმევდით  ხოლმე, რადგან ისეთი გემრიელი იყო, ყველაზე ხელმადლიანი ქალის ნამზადი.

როცა მისი ჩვიდმეტი  წლის შვილის, ამირანის, წყალში დახრჩობის ამბავი მოსულა, ერთი კი შეუკივლია და გული წასვლია...მას მერე ორღობესა და შუკაში თვითონ კიარა, მისი ლანდი დადის...შავებში ჩაცმული,თავწაკრული.ისე, თვალებზეც რომ ეფარება ხილაბანდი.. ნელი , მოზომილი ნაბიჯით , თვალისჩინის გარეშე და მუდამ წელში მოხრილი.
რაღაცით სულ მუდამ რიდი გვქონდა მისი და ,სულო ცოდვილო, ეჭვით ვუყურებდით, ალბათ ხედავს თორემ, ასე ყველაფერი წესრიგში როგორ აქვს-თქო.
შვილები რომ დააოჯახა, გოგოები გაათხოვა ,  ქმართან ერთად მარტო დაიწყო ცხოვრება, საკმაოდ მოკრძალებულ სახლში.უფრო სწორად,ცოლ-ქმარმა შვილს სახლი დაუტოვა , სახლს გვერდით პატარა ფიცრული მიაშენა და იქ გადავიდნენ, ჩვენთვის გვირჩევნია, ჩვენ სულ უნდა ვიტიროთ და ემანდ, ახალგაზრდებს თავი არ მოვაბეზროთო.
  თუ გოგოცა მარტო იყო, ნელა დადიოდა და ნაბიჯებს ითვლიდა, მაგრამ როცა ქმართან ერთად ყანა-ვენახში სამუშაოდ მიდიოდნენ, ხელჩაკიდებული მიჰყავდა ...შრომობდნენ, არავის არაფერს ავალდებულებდნენ და არავის აწუხებდნენ.

მე ცნობისმოყვარეობა მკლავდა, მინდოდა გოგოცა ბებოს ოთახში შემეღწია და გამეგო, უსინათლო ქალი საჭმელს როგორ აკეთებდა.
ეს დღეც დადგა. მის შვილიშვილთან ერთად ვთამაშობდი, როცა მას დაუძახა: ბებო, წყალი მომიტანეო.

ვედროთი ჭიდან წყალი შევუტანეთ და იქვე დავჯექი.


ახლაც მახსოვს იქაურობის სუნი.სანთლის თუ რაღაცის. სინათლე არ ენთო, ამიტომ კარგად ვერაფერს ვხედავდი.თუმცა
კერასინკაზე დადგმულ კერძს,  ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი ირეკლავდა  და მადასაც მიღვიძებდა.

ჯერ ბუჯერთან მივიდა, ხელი მოაფათურა და როდინი ჩამოიღო, მერე ხელის ცეცებით ქვა მოძებნა და ტაბურეტზე დაჯდა.
როდინში დაჭრილი მწვანილი  ჩაყარა, მერე ნიორი დაამატა და დიდხანს, დიდხანს ნაყავდა. შემდეგ კოვზით  საკმაზი ქვაბში ჩაამატა და    როდინი და ქვასანაყი ისე  ოსტატურად გარეცხა, მერე კი ნარეცხი წყალი გარეთ გადააქცია, მე სახტად დავრჩი.
ბუხარში კეცები გადაეწყო და ზედ მჭადი ცხვებოდა.ჩემს იქ ყოფნაში სამჯერ მივიდა ცეცხლთან და  კეცი შეატრიალა.
მერე ცხელი მჭადები კეციდან ამოიღო და ტილოში გადაახვია.

---ბებიაო--- თაკოს წყნარად უთხრა-- მზადაა და თეფშები მოიტანეთ, გაჭამოთო.


მე სიტყვისუთქმელად გარეთ გამოვედი და სადილად არ დავრჩი, სახე ისე მქონდა აწითლებული, თითქოს რამე
დანაშაულზე წამასწრეს და შეცდომის გამოსწორებას ვცდილობდი.

სამჯერ შევესწარი,  შვილის საფლავზე თავდამხობილს და გარინდებულს.სამივეჯერ  შემეშინდა და გავერიდე...
ხანდახან,  თუ ახლომახლო არავინ იყო, ბავშვების ერთ -ერთ თავშესაქცევს საფლავების დათვალიერება წარმოადგენდა. ამირანის, გოგოცას შვილის ,  საფლავზე კი პატარა,  საფეხურჩატეხილი, კიბე  ჩვენ ინტერესს აღვიძებდა.
ჩატეხილი საფეხური მართლაც მეჩვიდმეტე იყო...


არასდროს უნახავს ვინმეს ნათლობასა და ქორწილში.არც ფერადი ჩაუცვამს რამე.

ლანდივით გაილია გოგოცა...
ლანდივით გაილია და ერთ დღესაც  სამუდამოდ გაქრა.
ალბათ შვილის გვერდით დაკრძალეს...არ ვიცი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები